1. ნინო ხარატიშვილი, მერვე სიცოცხლე
ეს წიგნი რვა ნაწილისგან შედგება. მართალია, რომანი 1196 გვერდს მოიცავს, მაგრამ მკითხველი - გერმანელი იქნება, პოლონელი თუ უკვე ქართველი (რაკი, როგორც იქნა, ეს წიგნი აქაც გამოიცა), - ამ ტექსტის კითხვისას რაღაცა მაგიის ძალით ივიწყებს თავის სუბიექტურ, ემპირიულ დროს და "მერვე სიცოცხლის" დროით და რიტმით იწყებს ცხოვრებას, მისი დრო "მერვე სიცოცხლის" დრო ხდება და, როგორც კარგ რომან-საგებს "ჩვევიათ", ცხოვრების მოსაწყენი პროზა თითქმის სრულიად შთაინთქმება მხატვრული სინამდვილის ექსპანსიურობით - ექვსი თაობის შვიდნაწილიანი, თითქმის ასწლიანი ქრონიკით, სადაც ბიოგრაფიები და ისტორია საბედისწეროდ, ხშირად ტრაგიკულად არის ერთმანეთზე გადახლართული.
Your browser doesn’t support HTML5
მარსელ პრუსტი წერდა ერთგან, რომ თუკი მისი ტექსტის წაკითხვა სურდა ვინმეს, ის ობიექტური (თუ სუბიექტური) დროის დაკარგვას უნდა შეგუებოდა, რადგან ახლა, მისი წიგნის კითხვისას, მხოლოდ ერთი დრო თუღა არსებობდა - ამ ტექსტის დრო, და სხვა არაფერი: ან ცხოვრობ ამ წიგნით ან არა, ან დაიბრუნებ დროის მიერ განქარვებულ წარსულს, (შესაბამისად, საკუთარ თავს), ან საბოლოოდ დაკარგავ (როგორც წარსულს, ასევე საკუთარ თავს).
"მერვე სიცოცხლე" სწორედ ამ პრინციპის მატარებელია: ესაა საკუთარი თავის, ერთგვარი ისტორიული მე-ს გახსენების მცდელობა, იმ მთავარი ამბის, რომელიც თითქოსდა გაქრა მეხსიერებიდან (ყოველ შემთხვევაში, უდავოდ გაქრა ისტორიის სახელმძღვანელოებიდან), მაგრამ არ გამქრალა სიზმრებიდან, ფსიქიკიდან, სულიდან და მითებად ქცეული მოგონებებიდან.
"მერვე სიცოცხლის" ისტორია ერთი დიდი, ოღონდ ახლებური ნოეს კიდობანია, სადაც ან ყველა ერთად გადარჩება, ან აღარავინ - ნოეს წყვილების ჩათვლით...
რომანის მერვე ნაწილი ცარიელი ფურცლით სრულდება, რომელიც ბრილკამ, წიგნის ერთ-ერთმა მთავარგა გმირმა, ანუ მთხრობელის მთავარმა მსმენელმა-სუბიექტმა უნდა შეავსოს თავისი სიცოცხლით, აკი ამიტომაც აქვს ქვესათაურად რომანს "ბრილკასთვის", რადგან ეს შვიდი ნაწილი, უპირველეს ყოვლისა, სწორედ მისთვის, მის მიერ საქართველოს თუ ზოგადად არათავისუფალი მეოცე საუკუნის აღმოჩენა-გააზრებისთვის არის მოყოლილი.
ბრილკა - ახალი თაობაა, ახალი გმირი, რომელმაც დამოუკიდებლად, თუმცა სხვათა გამოცდილების შესწავლა-ატანით, გამქრალთა თუ გარდასულთა გახსენება-აღდგომით და მათი ხელახლა მოპოვებით უნდა შეძლოს არსებობა, რადგან სხვანაირად ვერ შედგება მისი მერვე სიცოცხლე. ან სხვაგან შედგება და არა ამ რთულ და აბნეულ საქართველოში.
ბრილკა ჩემთვის ორიათასიანელთა თაობაა - ბენდიერებისთვის და თავისუფლებისთვის განწირული ბავშვები, რომელთა შორის არის ის გოგოც, ვისაც ერთი თვალი დაუბრმავეს 2019 წლის 20 ივნისს, ვისაც ასე უხეშად და უსამართლოდ მოხვდა აგრესიული წარსულიდან გადმოსროლილი რეზინის ტყვია და ვისი ცარიელი გვერდიც ისევ და ისევ თავისუფლებისთვის და უსამართლობასთან ძველი თუ ახალი ბრძოლით იწყება... პირველი ბრძოლით მის ახალგაზრდა მერვე სიცოცხლეში.
2. ოთარ ჭილაძე, აველუმი
ეს რომანიც ბრძოლაზეა, ოღონდ ბრძოლაზე, სადაც არავინ რჩება გამარჯვებული, როცა მამა მისივე უარმყოფელი ქალიშვილის გადარჩენის მცდელობისას კვდება ბრმა ტყვიით, 1992 წლის თბილისის ომის დროს - როგორც კრეონი იღუპება მედეას მოსასხამით მოწამლულ ქალიშვილთან ერთად...
ამ რომანში ავტორს არა თაობების კონფლიქტი, არამედ ცნებების აღქმის განსხვავებულობის დრამა აქვს აღწერილი, მაგალითად, ისეთი მნიშვნელოვანი ცნების, როგორიც თავისუფლებაა, რადგან ის, რაც იდეად, მშვენიერ და ამაღლებულ უტოპიად მიაჩნდა მამას, შვილისთვის პრაქტიკული და მოუხეშავი სინამდვილე ყოფილა.
იმის მიუხედავად, რომ პროტაგონისტი (მწერალი) მთელი შეგნებული ცხოვრება ფიქრობდა (თუ წერდა) თავისუფლების პოეტიკით მონუსხულ ფრთებგამობმულ იკაროსზე, მაშინ, როცა "რეალურმა" ქართველმა იკაროსებმა მართლაც გამოიბეს ფრთები (80-იანი წლების დასაწყისში და ბოლოს), ანუ როცა თავისუფლება არა მეტაფორად, არამედ ობიექტურ მოცემულობად იქცა, თეორიულად თავისუფლებისმოყვარე მამასა და პრაქტიკული თავისუფლების მომპოვებელ შვილს შორის, ესე იგი, მეოცნებე იკაროსსა და რეალისტ იკაროსს შორის ხანგრძლივი და მრავალგვაროვანი კონფლიქტი გაჩაღდა.
აველუმს (ისევე, როგორც ქართველების უმეტესობას) თავისუფლება პროცესის დასასრულად, ერთგვარ კულმინაციად წარმოედგინა, სინამდვილეში კი თავისუფლება მძიმე და მტკივნეული დასაწყისი აღმოჩნდა.
თითქმის შეუძლებელია, "თვითმფრინავის ბიჭების" ტრაგედია არ გაგახსენდეს ამ რომანის კითხვის დროს, უფრო სწორად, ერთ-ერთი გამტაცებლის და მისი მამის ისტორიულად დაფარული, თუმცა ისტორიაშივე არსებული დიალოგი, სადაც შვილი სწორედ იმ კანონიკური და აბსტრაქტული აზრის ხორცშესხმას ცდილობს პრაქტიკული ფორმით,
რაც თავისივე მშობლისგან ჩაესმოდა მთელი ცხოვრება - რომ ჩაკეტილ ქვეყანაში (სსრკ-ში) ცხოვრება შეუძლებელია და ამ ცხოვრებამ ფუჭად ჩაიარა, რაკი თავი ვერ დააღწია აქაურობას. ანუ ვერ გაიქცა. ვერ გაფრინდა იკაროსივით.
და აი, შვილი გარბის, ყოველ შემთხვევაში, ცდილობს გაქცევას, რადგან ყოველთვის ეს იცოდა, ესმოდა და სჯეროდა კიდეც ამის, რომ გაქცევა აუცილებელია. უბრალოდ, რაც მეტაფორა იყო მშობლისთვის, შვილისთვის სამოქმედო გეგმა აღმოჩნდა.
და მამა შეძრწუნდა, განრისხდა, რაკი მას კარგად ვერ გაუგეს, უფრო სწორად, მეტისმეტად პირდაპირი მნიშვნელობით გაუგონეს და შემზარავად ყოფით და პროზაულ, სისხლიან რეალობად უქციეს ფილოსოფიურად კომფორტული სწრაფვა თავისუფლებისკენ (მონობის პირობებში).
ე. წ. ჯინსების თაობის და აველუმის პრობლემის ერთ-ერთი მთავარი პარადიგმა სწორედ ამ შეუსაბამობაში ძევს - იდეისა და ამ იდეის განხორციელების დრამატულ კონტრასტულობაში, განსხვავებებში თაობების ცხოვრების წესსა და ორ (თუ ორნაირ) იკაროსს შორის, რაც ქართული ლიტერატურისთვის უჩვეულო, გამაოგნებელი შეუბრალებლობით, სიშიშვლითა და გულწრფელობით აღიწერა აველუმის ტრაგედიაში.
ერთია თავისუფლებაზე ოცნება და თავისუფლებისთვის ქმედება კი სულ სხვა რამე ყოფილა...