2018 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული 64 კაპიტალური პროექტიდან 12 პროექტი გეგმასთან შედარებით 0%-ით შესრულდა. შეუსრულებელ პროექტებს შორის არის ანაკლიის პორტთან მისასვლელი საავტომობილო გზის და რკინიგზის მშენებლობა, რომლისთვისაც ბიუჯეტიდან 11 000 000 ლარი იყო გამოყოფილი. ამ სამუშაოების შესასრულებლად გამოცხადებული ტენდერი სამჯერ ჩაიშალა.
შეუსრულებელი კაპიტალური პროექტების ჯამური ღირებულებამ 2018 წელს 182 200 000 ლარი შეადგინა.
შეუსრულებელი პროექტების სია შემდეგნაირად გამოიყურება:
- ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან (კოპიტნარი) სატრანსპორტო კვანძის მოწყობა. წლიური გეგმა: 10 000 000 ლარი .
- მდინარე დებედაზე ხიდის მშენებლობა. წლიური გეგმა: 5 000 000 ლარი
- ალგეთი-სადახლოს საავტომობილო გზის მშენებლობა- მოდერნიზაცია. წლიური გეგმა 25 000 000 ლარი.
- მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის ქვეშეთი-კობის მონაკვეთზე საავტომობილო გზის და გვირაბის მშენებლობა. 53 000 000 ლარი
- მდინარე რიონზე ფოთის ხიდის მშენებლობა: 10 000 000
- თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის კმ20-კმ50 ლოჭინი-საგარეჯოს მონაკვეთის მშენებლობა. წლიური გეგმა: 25 000 000 ლარი .
- საქართველოს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განახლების პროექტი; 1 000 000 ლარი
- ქობულეთის წყალარინების პროექტი; წლიური გეგმა 3 000 000 ლარი .
- თბილისის საჯარო სკოლების რეაბილიტაცია და ენერგო ეფექტურობის გაზრდის პროექტი; წლიური გეგმა 10 200 000 ლარი
- აჭარის მყარი ნარჩენების პროექტი ; წლიური გეგმა 4 000 000 ლარი
- თბილისი-წითელი ხიდის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ22- კმ57 რუსთავი-წითელი ხიდის მონაკვეთის მშენებლობა; წლიური გეგმა 25 000 000 ლარი.
აუდიტის სამსახური პრობლემურად მიიჩნევს იმასაც, რომ გარდა ამ 12 პროექტისა, რომლებსაც შესრულების მინიმალური მაჩვენებელი აქვს, პროექტების დიდი ნაწილი თანხას მხოლოდ ნაწილობრივ ითვისებდა გასულ წელს და შესაბამისად, სამუშაოებსაც ნაწილობრივ ასრულებდა. 64 პროექტიდან 22-ს შესრულების 80%-ზე დაბალი მაჩვენებელი აქვს. მაგალითად, ქუთაისი წყალანირების პროექტზე, რომლის გეგმა წელიწადში 3 მილიონი ლარის სამუშაოების შესრულება იყო, მხოლოდ 41 390 ლარი დაიხარჯა და პროექტი 1%-ით შესრულდა.
დაგეგმილი პროექტების ვერშესრულება ან არასრულად შესრულება წინა წლებშიც პრობლემური იყო.
მაგალითად, 2017 წელს სრულად შეუსრულებელი დარჩა 46 800 000 ლარის ღირებულების 13 კაპიტალური პროექტი, 2016 წელს შეუსრულებელ პროექტებში კი ვხვდებით აჭარის მყარი ნარჩენების მართვის პროექტს, რომელიც 2018 წლის შეუსრულებელ პროექტებშიც არის მონიშნული. ამ პროექტისთვის თანხები EBRD-საც ჰქონდა გამოყოფილი.