საქართველოს პრეზიდენტის ათონელის რეზიდენციის კეთილმოწყობისთვის, ადმინისტრაციის მიერ შერჩეული ანტიკვარული და თანამედროვე ავეჯის, სანათი საშუალებების და ინტერიერის სხვადასხვა აქსესუარის შესყიდვისთვის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო 2 800 000 ლარი, გაიხარჯა 2 174 783 ლარი და მათგან 1 999 558 ლარი ანტიკვარული ავეჯის და ინტერიერის აქსესუარების შეძენას მოხმარდა - ინფორმაციის განვითარების ინსტიტუტი სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო რეზიდენციის ხარჯების შესახებ კვლევას აქვეყნებს.
IDFI-ს კვლევის თანახმად, საბიუჯეტო სახსრებით პრეზიდენტის რეზიდენციის მაღალფასიანი ანტიკვარული ნივთებით კეთილმოწყობა, ვერ ჩაითვლება საზოგადოებისათვის და მომავალი თაობებისთვის კულტურული ფასეულობების შენარჩუნების ოპტიმალურ გადაწყვეტილებად და პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესატყვის საქმიანობად. ორგანიზაცია პრობლემურად მიიჩნევს ძვირადღირებული ავეჯისთვის სარეზერვო თანხების ხარჯვასაც, ვინაიდან სარეზერვო ფონდი თავისი არსით გაუთვალისწინებელი საჭიროებების დაკმაყოფილებისთვის არსებობს. კვლევაში ნათქვამია ისიც, რომ ძვირადღირებული ჭაღების და სხვა ანტიკვარული ნივთების შეძენა ეჭვქვეშ აყენებს საქართველოს ხელისუფლების განცხადებებს, საბიუჯეტო სახსრების დაზოგვის მოტივით პრეზიდენტის რეზიდენციის ადგილმდებარეობის საჭირო ცვლილებასთან დაკავშირებით.
ასევე ნახეთ რამდენი სასახლე აქვს სალომე ზურაბიშვილს
რა ნივთები შეიძინეს პრეზიდენტის სასახლისთვის?
- ათონელის სასახლისთვის შეძენილ ანტიკვარულ ნივთებს შორისაა 10 გარნიტური/სამეული, 7 ბული/ბიურო მარკეტრი, 7 ჭაღი, 5 მაგიდა, 3 ბუხრის საათი, 3 სარკე, 3 შანდალი, 2 ხალიჩა;
- ათონელის რეზიდენციისთვის შესყიდულ ანტიკვარულ ნივთებს შორის ყველაზე ძვირადღირებულია რუსეთის საიმპერატორო ქარხანაში დამზადებული XIX საუკუნის ჭაღი - 59 000 აშშ დოლარი;
- ოთხ ანტიკვარულ ჭაღში - ჯამში, 133 410 აშშ დოლარი/391 112 ლარი დაიხარჯა;
- შესყიდულ ანტიკვარულ ავეჯს (გარნიტურები, ბული, მაგიდა) შორის ყველაზე ძვირადღირებულია რუსული - პავლე პირველის პერიოდის (1754-1801) „ბიუროს სეკრეტერი“ - საწყისი ღირებულებით 18 100 აშშ დოლარი;
- შეძენილ ანტიკვარულ ნივთებს შორის, ვხდებით სხვადასხვა ძვირადღირებულ ინტერიერის აქსესუარებს. მაგალითად, 8 500 აშშ დოლარად შესყიდულია შვიდი ირანული ფერწერული ტილო, 4 310 აშშ დოლარად - ირანული მამლის ფიგურების წყვილი, 3 წყვილი შანდალი - თითოეულის ფასი 3000-დან 8000 აშშ დოლარამდე, 3 ბუხრის საათი - თითოეულის ფასი 7000-დან 18 000 აშშ დოლარამდე, შუააზიური ორი ხალიჩა - თითოეულის საწყისი ფასი 5000-დან 7000 აშშ დოლარამდე და სხვა;
- შესყიდულ ანტიკვარულ ნივთებს შორის არცერთი არ არის ქართული წარმომავლობის. 25 ერთეულზე მითითებულია ევროპული წარმომავლობა, 11 ერთეული - ფრანგული, 6 ერთეული - რუსული, 3 ერთეული - ირანული, ხოლო 2 ერთეული - შუააზიური;
- პრეზიდენტის რეზიდენციის კეთილმოწყობისთვის ანტიკვარული ნივთების გარდა, ტენდერის გარეშე დამატებით შესყიდულია 111 ერთეული სხვადასხვა ტიპის თანამედროვე ავეჯი (1 ბიბლიოთეკის კედელი, 2 ტახტი, 13 მაგიდა, 60 სკამი/სავარძელი, 22 კონსოლი, 5 ტუმბო/დესაო, 8 პედესტალი);
- თანამედროვე ავეჯს შორის ყველაზე ძვირადღირებულია 13 000 ევროს და 10 300 ევროს ღირებულების ტახტები;
- პრეზიდენტის რეზიდენციისთვის შესყიდულია 120 ერთეული თანამედროვე სანათი საშუალება (17 ჭაღი, 49 ბრა, 38 ტორშერი, 9 მაგიდის ლამპა, 7 ნათურა);
- შესყიდული 17 თანამედროვე ჭაღიდან თითოეულის ფასი 1900-დან 6 000 ლარამდე მერყეობს, 38 ტორშერიდან თითოეულის ფასი - 300-დან 4 000 ლარამდე, 49 ბრიდან - თითოეულის ფასი - 700-დან 2700 ლარამდე, 9 მაგიდის ლამპიდან - თითოეულის ფასი 1100-დან 1 500 ლარამდე, 7 ნათურა - თითოეულის ფასი 41,9 ევრო.
საქართველოს მთავრობამ განკარგულება, რომლის მიხედვით, პრეზიდენტის რეზიდენციის კეთილმოწყობისთვის სარეზერვო ფონდიდან 2 800 000 ლარი გამოიყო, 19 ივნისს გამოსცა. ათონელის სასახლისთვის შეძენილი ანტიკვარული ნივთების რესტავრაციისთვის 255 000 ლარი დაიხარჯა.
ასევე ნახეთ პოლიტიკის გამო "დასჯილი" შენობებისალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტად არჩევამდე ამბობდა, რომ საკუთარ სახლში იცხოვრებდა და ათონელის სასახლეში ფეხით ივლიდა.