რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ორშაბათს, 23 ოქტომბერს, ირანს ეწვევა.
ინფორმაციას რუსული სამთავრობო გამოცემა „რია ნოვოსტი“ ავრცელებს, საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერ მარია ზახაროვაზე დაყრდნობით.
ვრცელდება ცნობები, რომ თეირანში გაიმართება მოლაპარაკებები რეგიონულ 3+3 ფორმატში, თუმცა ზახაროვას ფორმატი არ დაუზუსტებია.
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, სწორედ 3+3 ფორმატშია დაგეგმილი მოლაპარაკებები 23 ოქტომბერს თეირანში.
თურქეთის, რუსეთის, ირანის, აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს მონაწილეობით სამხრეთ კავკასიაში „მტკიცე მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად რეგიონული თანამშრომლობის ახალი პლატფორმის“ (3+3) შექმნის ინიციატივა თურქეთის პრეზიდენტმა ერდოანმა 2020 წლის დეკემბერში გამოაცხადა.
ეს მოხდა ბაქოში, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ალიევთან შეხვედრის შემდეგ, რასაც წინ უძღოდა რუსეთის და თურქეთის მონაწილეობით აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შეთანხმება მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შესახებ.
საქართველოს ოფიციალური პოზიცია თავიდანვე იყო, რომ პლატფორმაში მონაწილეობას არ აპირებდა.
ამ ფორმატში ერთადერთი შეხვედრა 2021 წელს გაიმართა, რასაც საქართველო არ დასწრებია. თბილისმა გააპროტესტა შეხვედრაზე საქართველოს დროშის გამოყენება.
საქართველომ რეგიონში მშვიდობის შესანარჩუნებლად აზერბაიჯანსა და სომხეთს მოლაპარაკებების საკუთარი ფორმატი შესთავაზა.
ასევე ნახეთ „თავად გადავწყვიტოთ რეგიონის საკითხები“ - ღარიბაშვილი და ალიევი ფაშინიანს თბილისში იწვევენ