რამდენიმესაათიანი გადაუღებელი, ძლიერი წვიმის შედეგად ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში თითქმის ყველა მდინარე ადიდდა. მდინარე „ნინოს ხევში“ მოვარდნილმა ღვარცოფმა ნინიგორის თემში შემავალ სოფელ განათლებაში სასოფლო გზის ნაწილი წაიღო.
Your browser doesn’t support HTML5
დატბორილია საკარმიდამო ნაკვეთები და სახნავ-სათესი მიწები. ადიდებულია მდინარე ლაგოდეხის ხევიც, რომელმაც დამცავი ჯებირები გაარღვია და მოვარდნილი წყალი ამ დროისთვის ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ნაგავასაყრელთან ახლოს მოედინება. გარდა ამისა, სავარგულებამდე მისასვლელი გზები დაზიანებულია სოფლებში: ჰერეთისკარში, წითელგორში და ნინიგორში.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ლექსო ჭანკოტაძემ რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ ამ დროისთვის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ტექნიკა მდინარე ლაგოდეხის ხევზე, იმ ადგილზე მუშაობს, სადაც ღვარცოფმა დამცავი ჯებირი გაარღვია. ცდილობენ მდინარეს მიმართულება შეუცვალონ. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაზიანებულია ნაგავსაყრელამდე მისასვლელი გზა. მოგლეჯილია ხეები.
აღსანიშნავია, რომ ლაგოდეხის ნაკრძალის ტერიტორიაზე, გურგენიანის ჩანჩქერთან დღეს სამ მოზარდს ეძებდნენ. სამძებრო-სამაშველო ღონისძიება დასრულდა. 16, 18 და 19 წლის მოზარდები ცოტა ხნის წინ იპოვეს. ისინი თავს კარგად გრძნობენ და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ისინი გურგენიანის ჩანჩქერიდან უკან დაბრუნებას ადიდებული მდინარის გამო ვერ ახერხებდნენ. ლაგოდეხში ამ დროისთვოს აღარ წვიმს.