22 ივლისს მოსული წვიმის შემდეგ ლაგოდეხისა და მიმდებარე 9 სოფლის მოსახლეობა სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილი. მოვარდნილმა წყალმა სათავე ნაგებობა დააზიანა. ერთადერთი ადგილი, სადაც სასმელად ვარგისი წყალი მოდის, წმინდა ნინოს ქუჩაზე მდებარე ჭაბურღილია. პარალელურად, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში ამბობენ, რომ მოსახლეობას წყალს სპეციალური წყალმზიდი ავტომანქანით ურიგებენ, თუმცა ხალხი ამბობს, რომ ეს ავტომანქანა ყველა ქუჩაზე არ მიდის. როდის უნდა დასრულდეს ლაგოდეხში მიმდინარე 11-მილიონიანი პროექტი, რომელმაც ყველა ეს პრობლემა უნდა მოაგვაროს?
Your browser doesn’t support HTML5
უკვე მეოთხე დღეა, ლაგოდეხს სასმელი წყალი არ მიეწოდება. 22 ივლისს მოსული ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე ლაგოდეხის ხევში მოვარდნილმა ღვარცოფმა ის სათავე ნაგებობა დააზიანა, საიდანაც ქალაქი ლაგოდეხი და მისი მიმდებარე 9 სოფელი წყლით მარაგდება. საერთო ჯამში, უწყლოდ 4 000-ზე მეტი აბონენტია დარჩენილი. მათ შორის არის საბავშვო ბაღები, საავადმყოფო და სხვა ობიექტები.ადგილობრივი ლიანა ხარაიშვილი ამბობს, რომ ლაგოდეხში ვერც ერთმა ხელისუფლებამ 40 წლის განმავლობაში ეს პრობლემა ვერ მოაგვარა. შედეგად, ყოველი წვიმის დროს მუნიციპალიტეტი უწყლოდ რჩება:
Your browser doesn’t support HTML5
„40 წელია, ეს პრობლემა გვაქვს. წვიმის მოსვლის შემდეგ ზოგჯერ თითქმის ერთი კვირა წყალი არ მოდის! წარმოიდგინეთ, 6 დღის განმავლობაში კორპუსში მცხოვრებ ადამიანს, რომელსაც საპირფარეშოსა და ყოველდღიური მოხმარებისთვის გვჭირდება წყალი, საიდან უნდა მოვიტანოთ?! ლაგოდეხის წყალს არაფერი ეშველა. რამდენჯერმე გააკეთეს, ამოყარეს წყლის მილები, შემდეგ ჩაყარეს. შესაბამისად, გზაც დანგრეული გვაქვს. ახლა წყალიც არ გვაქვს. არ ვიცი, რა გვეშველება. ამ წყალს რომ მივიტან გაოფლილი, ეს ხომ მე თვითონვე მჭირდება, რომ თავი მოვიწესრიგო? აი, ასეთ მდგომარეობაში ვართ და ვიბრძვით სიცოცხლისთვის“.
ლაგოდეხში ამჟამად ერთადერთი ადგილი, სადაც სასმელად ვარგისი წყალი მოდის, წმინდა ნინოს ქუჩაზე მდებარე ჭაბურღილია. უკვე ოთხი დღეა, ამ ჭაბურღილთან ხალხი ცოცხალ რიგში დგას. ამ ადგილიდან წყლის წაღებას ახერხებს ის, ვინც ახლოს ცხოვრობს ან ტრანსპორტი აქვს.რამდენიმე რესპონდენტი ჩვენ ამ ჭაბურღილთან ჩავწერეთ:
„ხდება ხოლმე ასეთი შემთხვევები... ხევია ამღვრეული და ამის გამო არ მოდის. იქნებ მოგვარდეს ეს პრობლემა“.
„ზემოთ მთა რომ ჩამოიშალა და სათავე რომ დაინგრა, ამიტომ არ მოდის წყალი“.
„ლაგოდეხი წყალში იხრჩობა, მაგრამ ამ დროს წყალი არ გვაქვს, რადგან სათავე ვერ გააკეთეს. ხალხი ძალიან წვალობს. წყალს არიგებენ, მაგრამ არ მინდა მაგათი წყალი, არ ვარ დარწმუნებული, რომ სასმელად ვარგისი იქნება. თვითონ მოგვაქვს ჭაბურღილიდან“.
უწყლოდ დარჩენილი ადგილობრივი მოსახლეობა პრობლემის შესახებ სოციალურ ქსელშიც აქტიურად წერს და კითხვებს სვამს, თუმცა იქვე მიუთითებენ, რომ კონკრეტულ პასუხს ვერ იღებენ, როდის მოგვარდება პრობლემა. ლაგოდეხისა და მისი მიმდებარე სოფლების წყლით უზრუნველყოფაზე პასუხისმგებლობა აღებული აქვს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას. ამ კომპანიის წარმომადგენელი მიხეილ თათარაძე გვეუბნება, რომ სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა დასასრულს უახლოვდება და ვარაუდობენ, რომ დღის ბოლოს მოსახლეობა საკუთარ ონკანებზე წყალს მიიღებს. მანამდე კი, თათარაძის თქმით, მათი თანამშრომლები ლაგოდეხში სასმელ წყალს სპეციალური წყალმზიდი ავტომანქანით არიგებენ:
„უხვი ნალექის შედეგად წყალმოვარდნა იყო და დაზიანდა სათავე ნაგებობის ინფრასტრუქტურა. გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს და დღის მეორე ნახევარში, დაახლოებით 6 ან 7 საათის შემდეგ, წამოვა წყალი. მანამდე კი თითქმის ყველა ქუჩაზე ვარიგებთ წყალს წყალმზიდით. ასე იქნება წყალმომარაგების სრულ აღდგენამდე“.
წვიმის დროს და შემდგომ პერიოდში უწყლოდ დარჩენა ლაგოდეხის მოსახლეობისთვის უცხო არ არის. სწორედ ამის გამო დაიწყო 2015 წელს მასშტაბური პროექტი, რომელიც 11 მილიონი ლარის ღირებულების არის და რომლის ფარგლებშიც მთლიანად უნდა გამოიცვალოს წყლის მილების შიდა ქსელი, მოეწყოს ახალი სათავე ნაგებობა. სამუშაოების დასრულების ვადებმა უკვე რამდენჯერმე გადაიწია. ბოლო ინფორმაციით, ახალი მაგისტრალი ექსპლუატაციაში მიმდინარე წლის ოქტომბრიდან შევა და წვიმის დროს მოსახლეობამ ისეთივე სუფთა წყალი უნდა მიიღოს, როგორც კარგ ამინდში.