ლაგოდეხის მერს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში ადანაშაულებენ

"ევროპული საქართველოს" ოფისი ლაგოდეხში

27 ოქტომბერს ლაგოდეხში, აფენის თემში, საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართება. ოპოზიცია ამბობს, რომ ლაგოდეხის მერიამ მუშაობა დაიწყო მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის სასარგებლოდ და ამისთვის ადმინისტრაციულ რესურსსაც იყენებს. უფრო კონკრეტულად, „ევროპული საქართველო“ ასაჯაროებს ლაგოდეხის მერის მიერ გამოცემულ ბრძანებას, რომლის თანახმად, იმ უბანში, სადაც არჩევნები უნდა ჩატარდეს, სასწრაფოდ უნდა მოეწყოს სპორტული ინფრასტრუქტურა, სამუშაოები კი ტენდერის გარეშე, ერთ პირთან მოლაპარაკების გზით, უნდა დაიწყოს. რას უპასუხებს ბრალდებებზე ლაგოდეხის მერია და რა შემთხვევებში შეიძლება მიენიჭოს საქმეებს გადაუდებელის კატეგორია?

’ქართულმა ოცნებამ’ აფენის თემში კანდიდატად დაამტკიცა ომარ შველიძე, რომელიც, ჩვენი ინფორმაციით, არის ირაკლი ღარიბაშვილის ახლო ნათესავი.
გიორგი ენუქიძე


მიმდინარე წლის 27 ოქტომბერს ლაგოდეხის მე-15 ოლქის ოთხ უბანზე, რომელიც სოფელ აფენის თემს მოიცავს, საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართება.

არჩევნების დანიშვნის მიზეზი მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატის მიერ საკრებულოს წევრის მანდატზე უარის თქმა გახდა. გია კობახიძე, რომელიც „უხელფასო დეპუტატი“ იყო, ემიგრაციაში წავიდა. მართალია, აფენის თემში არჩევნები უკვე დანიშნულია, მაგრამ, საოლქო კომისიის ინფორმაციით, ჯერ არც ერთი კანდიდატი არ არის დარეგისტრირებული, თუმცა „ევროპული საქართველოს“ ლაგოდეხის ორგანიზაციის თავმჯდომარეს და, ამავდროულად, საკრებულოს წევრს, გიორგი ენუქიძეს, აქვს ინფორმაცია, რომ მმართველ გუნდს კანდიდატი უკვე შერჩეული ჰყავს და წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართულია ლაგოდეხის მერია.

გიორგი ენუქიძე

უფრო კონკრეტულად, გიორგი ენუქიძის თქმით, მას შემდეგ, რაც არჩევნები დაინიშნა, მალევე, 16 სექტემბერს, ლაგოდეხის მერმა გამოსცა ბრძანება, სადაც წერს რომ აფენის თემში, მეორე საჯარო სკოლაში, სადაც ერთ-ერთი საარჩევნო უბანია განთავსებული, გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, ერთ პირთან მოლაპარაკების გზით დაუყოვნებლივ უნდა მოეწყოს სპორტული და მინი ფიტნეს მოედანი. გიორგი ენუქიძის განცხადებით, ეს ბრძანება დასტურია იმისა, რომ ლაგოდეხის მერი ადმინისტრაციულ რესურსს იყენებს მმართველი პარტიის კანდიდატის სასარგებლოდ, რადგან სხვა შემთხვევაში სპორტული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად გადაუდებელი აუცილებლობის საჭიროება არ შეიძლება დადგეს.

განსაკუთრებული აუცილებლობა ნიშნავს იმას, რომ მინი სტადიონის სამუშაოები ითვალისწინებს განსაკუთრებულ სამუშაოებს. ვერანაირი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას მე ამ ფაქტს ვერ დავუკავშირებ.
ჯონდო მდივნიშვილი


„’ქართულმა ოცნებამ’ აფენის თემში კანდიდატად დაამტკიცა ომარ შველიძე, რომელიც, ჩვენი ინფორმაციით, არის ირაკლი ღარიბაშვილის ახლო ნათესავი. კანდიდატურის დამტკიცების თარიღს, 2019 წლის 16 სექტემბერს, დაემთხვა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის მიერ გამოცემული ბრძანება. ბატონმა ჯონდო მდივნიშვილმა ეს, სავარაუდოდ, გააკეთა იმისთვის, რომ ახალგაზრდა კანდიდატს დაეხმაროს ხმების მოგროვებაში, იმიტომ რომ, ალბათ, ამით ხაზს გაუსვამენ, თუ როგორ ზრუნავენ აფენელ ახალგაზრდებზე მმართველ გუნდში. თუკი სატენდერო პროცედურებს დაიცავდნენ, სავარაუდოდ, საარჩევნო თარიღამდე პროექტი ვერ მოესწრებოდა, ამიტომ გამარტივებული შესყიდვით იქ ძალიან მალე დაიწყება სამშენებლო სამუშაოები. ეს არის წმინდა წყლის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება საარჩევნო კამპანიის დაწყების შემდეგ“.

ლაგოდეხის მერის, ჯონდო მდივნიშვილის, 16 სექტემბრით გამოცემულ ბრძანებაში წერია, რომ თუკი სოფელ აფენის მეორე საჯარო სკოლაში მინი სპორტული მოედანი და ფიტნეს მოედანი დაუყოვნებლივ არ მოეწყობა, შესაძლოა, მნიშვნელოვანი ზიანი მიადგეს საზოგადოებრივ ინტერესს. ჩვენ მერს ვკითხეთ, რატომ დადგა აფენის თემში სპორტული ინფრასტრუქტურის ასე მოკლე დროში მოწესრიგების აუცილებლობა შუალედურ აჩრევნებამდე პერიოდში და ხომ არ არის ეს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. ჯონდო მდივნიშვილი თავის გადაწყვეტილებას ასე ხსნის:

ჯონდო მდივნიშვილი

„განსაკუთრებული აუცილებლობა ნიშნავს იმას, რომ მინი სტადიონის სამუშაოები ითვალისწინებს განსაკუთრებულ სამუშაოებს. ვერანაირი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას მე ამ ფაქტს ვერ დავუკავშირებ. განსაკუთრებული აუცილებლობა მდგომარეობს იმაშიც, რომ 720 ათასი ლარის დაფინანსება, რომელიც მიღებული გვაქვს სკოლების რეაბილიტაციისათვის, 6 საჯარო სკოლაში განხორციელდა ეს პროექტები და ეკონომიების სახით დარჩა გარკვეული თანხები, რომლის არათვისების შემთხვევაში ეს თანხები მუნიციპალიტეტიდან ბრუნდება ისევ ცენტრალურ ბიუჯეტში“.

როგორც წესი, გადაუდებელი აუცილებლობის მიზეზით, საბიუჯეტო ორგანიზაციას შეუძლია ერთ პირთან მოლაპარაკების საფუძველზე ხელშეკრულება გააფორმოს და, სატენდერო პროცედურების გვერდის ავლით, დაუყოვენებლივ მოაგვაროს ესა თუ ის პრობლემა, თუმცა, როგორც სპეციალისტები განმარტავენ, ასეთ შესაძლებლობას მერია მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა იყენებდეს, როცა სამუშაოების განხორციელების დაგეგმვა წინასწარ შეუძლებელია. უფრო მარტივად კი, გადაუდებელი აუცილებლობა შეიძლება დადგეს, მაგალითად, სტიქიური უბედურები დროს, როცა სამუშაოები რამდენიმე საათსა ან დღეში უნდა შესრულდეს. ლაგოდეხის მე-15 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე რევაზ გაიპარაშვილი ამბობს, რომ „თუ ადმინისტრაციული რესურსის შესაძლო გამოყენებაზე ოფიციალურ შეტყობინებას მიიღებენ, ისინი საქმეს შეისწავლიან“.

საკრებულოს შუალედური არჩევნები ლაგოდეხში, აფენის თემში, 4 უბანზე 27 ოქტომბერს ჩატარდება. ოთხივე უბანზე რეგისტრირებულია 4 224 ამომრჩეველი, თუმცა ჯერჯერობით არც ერთი კანდიდატი არ არის დარეგისტრირებული.

„ევროპულ საქართველოში“ განაცხადეს, რომ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების სავარაუდო ფაქტზე საოლქო საარჩევნო კომისიას უახლოეს მომავალში მიმართავენ და საქმის შესწავლას მოითხოვენ.