ლაგოდეხის მერიისა და საკრებულოს მაღალჩინოსნები ამიერიდან ახალი ავტომობილებით გადაადგილდებიან. მერიამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან 201 ათას ლარად 5 მანქანა შეიძინა. „რენოს“ მარკის ავტომობილებით, რომელიც 2019 წელს არის გამოშვებული, ისარგებლებენ მერის პირველი მოადგილე, საკრებულოს თავმჯდომარე, ინფრასტრუქტურისა და ინსპექტირების ჯგუფები. მერი ჯონდო მდივნიშვილი ამბობს, რომ ახალი მანქანებიდან სამი უკვე ადგილზეა, ორს კი უახლოეს დღეებში ელოდებიან.
„მუნიციპალიტეტი იწყებს ავტოპარკის განახლებას. ტენდერის საფუძველზე შერჩეული ავტომობილები არ არის მაღალი კლასის. ის „რენოს“ მარკის მანქანებია. ჩვენ 2 ავტომობილი ძველი ავტოპარკიდან უკვე გავყიდეთ. ახლების შესაძენად თანხა, რა თქმა უნდა, ადგილობრივი ბიუჯეტიდან არის გამოყოფილი და ეს ასახული იყო 2019 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში. 5 ავტომობილის შეძენაზე მუნიციპალიტეტმა დახარჯა 201 ათასი ლარი“, - განაცხადა ჯონდო მდივნიშვილმა.
ლაგოდეხის მერს ვკითხეთ, რამდენად გამართლებულია ავტოპარკის განახლება 2019 წელს გამოშვებული მანქანებით იმ ფონზე, როცა მუნიციპალიტეტის ბევრ სოფელს დაბინძურებული სასმელი წყალი მიეწოდება, არ არის გზები და მოშლილია სხვა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, ინფრასტრუქტურა. მერის, ჯონდო მდივნიშვილის, თქმით, მანქანები სწორედ იმიტომ იყიდეს, რომ მერია საზოგადოებას ხარისხიანად მოემსახუროს. მერი განმარტავს, რომ მოძველებული და მწყობრიდან გამოსული ავტოპარკის შენახვა ადგილობრივ ბიუჯეტს იმაზე მეტი უჯდებოდა, ვიდრე ახალ მანქანებში გადაიხადეს. მერი იმასაც ამბობს, რომ „ახალი მანქანების შეძენით მნიშვნელოვნად შემცირდება საწვავის ხარჯები, ვინაიდან ახალი მანქანები მუშაობს დიზელზე და ის მოიხმარს 4-5 ლიტრ საწვავს 100 კმ-ზე“.
„ეს თანხა გადავიხადეთ იმისთვის, რომ მუნიციპალიტეტს სჭირდებოდა იმ მიზნებისთვის, რაც გააჩნია. წელს ლაგოდეხში ხორციელდება, დაახლოებით, 155-მდე პროექტი. ამას უნდა დამენეჯმენტება და კონტროლი. ავტომობილები უნდათ იმ სამსახურებს, რომლებიც მისასვლელები არიან ა წერტილიდან ბ წერტილში იმისათვის, რომ დროულად მოხდეს სამუშაოებზე კონტროლი. ხშირია შემთხვევები, როდესაც დანიშნულების ადგილამდე ვერ მიდიან ძველი ავტომობილებით. 17,20, 30 წლის ავტომობილების ექსპლუატაციას სჭირდება ძალიან დიდი თანხები“.
„აღმაშფოთებლად“ მიიჩნევს ლაგოდეხის მერიის მიერ ადგილობრივი ბიუჯეტიდან 5 ახალი მანქანის შეძენას ოპოზიცია. ევა ლომთაძე, საკრებულოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, ამბობს, რომ ის უკვე დიდი ხანია ითხოვს ადგილობრივ ბიუჯეტში იმ ოჯახების ინტერესების გათვალისწინებას, სადაც ბავშვები იზრდებიან და უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობენ, თუმცა უარს იღებს.
„ის სოციალური ფონი, რომელშიც იმყოფება ჩვენი მოსახლეობა, ნამდვილად გაურკვევლობებს და აღშფოთებას იწვევს, როცა მერია თავს უფლებას აძლევს ახალი ავტომობილები შეიძინოს. უკვე რამდენი ხანია ვაყენებთ საკითხს იმის თაობაზე, რომ სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის და ბავშვებისთვის, ოჯახებში მდგომარეობის გამოსასწორებლად იქნებ განისაზღვროს შესაბამისი თანხები, რომ ბავშვებმა იგრძნონ თავი კეთილ და საიმედო გარემოში, თუმცა უარს ვიღებთ“, - განაცხადა ევა ლომთაძემ, ლაგოდეხის საკრებულოს წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“.
ასევე ნახეთ სახელმწიფო 9 მილიონს დახარჯავს 135 ახალი ჯიპის შესაძენად
ჩვენ ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილსაც ვკითხეთ, რას ფიქრობენ მერიაში ავტოპარკის განახლებაზე. გამოკითხულთა დიდი ნაწილი ამ გადაწყვეტილებას უარყოფითად აფასებს. ისინი თვლიან, რომ „200 ათას ლარად მერიას შეეძლო ქუჩები და პარკები მოეწესრიგებინა, სოფლებში კი წყლის პრობლემა მოეგვარებინა“.
ერთი რესპონდენტი ამბობს, რომ „ლაგოდეხში ერთ-ერთ ქუჩაზე გზა და ხიდი იმდენად არის დაზიანებული, რომ დიდი ხანია მანქანები ვეღარ გადაადგილდებიან“.
ზოგი გამოკითხული, პირიქით, მერიას ამ გადაწყვეტილებას უწონებს და ამბობს, რომ „თუკი საჭირო იყო, მანქანები უნდა ეყიდათ“.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს ლაგოდეხი არ არის ერთადერთი ქალაქი, სადაც ახალი მანქანები იყიდეს. თებერვალში საგარეჯოში, ყვარელსა და სიღნაღშიც ახალი ავტომობილები შეიძინეს, რაშიც ბიუჯეტიდან 200 ათას ლარზე მეტი გადაიხადეს. გეგმავენ თუ არა კახეთის სხვა მუნიციპალიტეტებიც ავტოპარკის განახლებას, ჯერ ცნობილი არ არის. ნიშანდობლივია, რომ ახალი მანქანების შეძენისას მუნიციპალიტეტის პირველი პირები, როგორც ჩანს, 2018 წლის 30 მარტის მთავრობის დადგენილების მოთხოვნებს ითვალისწინებენ და შავი ფერის მანქანებს აღარ ყიდულობენ. ამ დადგენილებას, რომლის მიხედვითაც „სახელმწიფოს მიერ შესაძენი ყველა კლასის ავტომობილი შეიძლება იყოს ნებისმიერი ფერის, გარდა შავისა“, ხელს აწერს მაშინდელი პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი.