"ლაგნაჟი ლიგნე": ისევ მოქმედებს სვანური მედიატორული სამართალი?

Your browser doesn’t support HTML5

ახალ წელს, სვანეთში, სოფელ ეცერში მომხდარ მკვლელობას, რომელსაც ორი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა (და რისთვისაც განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ასევე ორი ადამიანია დაკავებული), მაშინვე მოჰყვა ვარაუდები, რომ იმ ღამით მომხდარი მკვლელობის მიზეზი არ იყო მხოლოდ საახალწლო სუფრაზე დაწყებული შელაპარაკება. რომ ამ ამბავს ჰქონდა წინაპირობა - ორ ოჯახს შორის წარსულში არსებული წყენა.

მკვლელობაში ბრალდებულების ადვოკატებმა, იოსებ ჯანაშიამ და რევაზ მიქაიამ, რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ჩხუბი იმ ღამის შელაპარაკებას მოჰყვა, ხოლო დანარჩენ მიზეზებს გამოძიება დაადგენს. ამ მკვლელობას, ღიად საუბარში, არც ადგილობრივი სვანები უკავშირებენ გვარებს შორის წყენას და გულისწყვეტით შენიშნავენ, რომ სვანეთში მომხდარი ყველა მსგავსი დანაშაულის დროს, მიზეზებს აუცილებლად ე.წ. სისხლის აღების წესში, შურისძიებასა და გვარებს შორის მტრობაში ეძებს, რაც, არც სიმართლეა და იქაურებსაც აზარალებს.

მეტიც, ისინი ამბობენ, რომ არასწორად არის გაგებული სვანური ჩვეულებითი, იგივე მედიატორული სამართლის იდეაც, რომლის მთავარი მიზანი, მტრად გადაკიდებული ოჯახების შერიგება იყო.

სვანების ნაწილი იმასაც გვეუბნება, რომ ეს ჩვეულებითი სამართალი დღეს ფაქტობრივად გამქრალია, ოღონდ არა მხოლოდ იმიტომ, რომ ის სახელმწიფო სამართალმა ჩაანაცვლა, არამედ იმიტომაც, რომ სვანებისთვის სანდო ადამიანების, მედიატორების ადგილი ნელ-ნელა დაიკავეს ე.წ. კრიმინალურმა ავტორიტეტებმა. თუმცა ამ აზრს არ იზირებს მედიატორი ქარიმ ფალიანი და ამბობს, რომ სვანური ჩვეულებითი სამართალი სვანეთში დღემდე აქტიურად გამოიყენება.

ამ სტატიაში მოგიყვებით, რას იყო მედიატორული სამართალი სვანეთში, ვინ იყვნენ მედიატორები, როგორ გვარდებოდა მძიმე დანაშაულების საქმეები, რა ფასს იხდიდნენ დამნაშავეები და რა შემთხვევაში იძიებდნენ შურს დაზარალებულები. რა შეცვალა სახელმწიფო სამართალმა და დღეს ვის ენდობიან სვანები?

სვანეთი, სოფელი უშგული, ფოტო: ვიტორიო სელა

რას ეყრდნობოდა მედიატორული სამართალი

სვანური ჩვეულებით, ე.წ. მედიატორულ სამართალს შექმნის დღიდან ჰქონდა ერთი მთავარი მიზანი - სისხლისღვრის თავიდან აცილება და დაპირისპირებული მხარეების შერიგება. ეს სამართალი ხალხის შექმნილი იყო და მის მიმართ უდიდესი ნდობა არსებობდა.

„როცა არ არსებობს სახელმწიფო სამართალი, ხალხს თავისი სამართალი შემოაქვს - ბევრ ქვეყანაში და მათ შორის საქართველოს მთიანეთშიც, არსებობდა ჩვეულებითი სახალხო სამართალი, რომელშიც ადამიანის სიტყვას და ფიცს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა“, - ამბობს ფოლკლორისტი ნარგიზ ნიგურიანი.

ქარიმ (ბაჩუკი) ფალიანი, რომელიც თითქმის ორმოცი წელია მედიატორია. გვიხსნის, რომ მედიატორული სამართალი ფურცელზე დაწერილი არც არასდროს არსებობდა. ცოდნა თაობიდან თაობას ზეპირად გადაეცემოდა: „ისევე, როგორც ბაბუაჩემმა გადასცა მამაჩემს, მამაჩემმა კი - მე. ამ ინსტიტუტს ანალოგი არა აქვს. სვანეთში ამ სამართალს დღესაც იყენებენ. მაგრამ ისევე როგორც ყველაფერი, ისიც ნელ-ნელა დავიწყებას ეძლევა“.

დანაშაული ჩადენის შემდეგ, როცა ორი დაპირისპირებული მხარე ჩნდებოდა, როგორც წესი, დაზარალებულთან მოციქულთა ორკაციან ჯგუფს დამზარალებელი აგზავნიდა. თუ მოციქულები მიაღწევდნენ, რომ საქმე მადიატორებს გადასცემოდა, მხოლოდ ამის შემდეგ იწყებოდა შესწავლა და განაჩენიც გამოჰქონდათ.

მკვლელობის შემთხვევაში, საქმის ძიების დროს, დაზარალებულ მხარეს ეკრძალებოდათ მოქმედება. მას შურისძიებაზე უარი უნდა ეთქვა და მედიატორების გადაწყვეტილებას დალოდებოდა. მათ განაჩენს ყველა მოთმინებით ელოდა. მაგრამ მკვლელობის გარდა, სხვა შემთხვევაში რომ დაზარალებულ მხარეს რაიმე მოქმედების უფლება წართმეოდა, მსგავსი რამ სვანურ სამართალში არასოდეს ყოფილა.

სვანურ სამართლში მოქმედებდა ნაცვალგების კანონიც, „ლაგნაჟი ლიგნე“ - როცა დაზარებული დამზარალებლისგან, დამნაშავისგან მოითხოვდა, თავი მის ადგილას დაეყენებინა თავი და წარმოედგინა, შეძლებდა თუ არა ისიც შერიგებას.

სოფელ ბეჩოს უხუცესების და თავკაცების შეკრება, სვანეთი, 1890 წელი. ფოტო: ვიტორიო სელა

Your browser doesn’t support HTML5

ვიკა ფილფანი სვანური მედიატორული სამართლის შესახებ

ვინ იყვნენ მედიატორები?

ვიკა ფილფანს, რომელიც სვანურ მედიატორულ სამართალს წლებია იკვლევს, ბავშვობიდან კადრებად ახსოვს თავისი მედიატორი ბაბუა და ხალხით სავსე მათი სახლის ეზო. სულ რაღაცას არჩევდნენ, სულ თავყრილობა იყო, თუმცა ცნობისმოყვარე ბავშვებს ბაბუა ეუბნებოდა, რომ მათ ამ ამბების ცოდნა დაამძიმებდა. ვიკამ მხოლოდ წლების შემდეგ ჩაიწერა ბაბუისგან მედიატორობის ძველი ამბები.

მედიატორების მთავარი მიზანი დავის მორიგებით დასრულება იყო. დაპირისპირებას მსხვერპლი არ უნდა მოჰყოლოდა და ადამიანის სიცოცხლე ნებისმიერ ფასად უნდა გადაერჩინათ.

მედიატორებად ანუ სვანური სამართლის მომრიგებელ მოსამართლეებად - „სვანური წესით საქმის გამრჩევებად“, როგორც მათ თავად მედიატორი, ქარიმ (ბაჩუკი) ფალიანი უწოდებს, ირჩევდნენ ისეთ ხალხს, ვინც საზოგადოებაში სიმართლის თქმით, ორატორული ნიჭით, პატიოსნებითა და ავტორიტეტით სარგებლობდა.

მედიატორი შეიძლება ახალგაზრდაც ყოფილიყო და ხანშიშესულიც. მთავარი - მათი სახელი იყო. ბაჩუკი ფალიანი 22 წლისა იყო, როცა პირველად ჩაერთო საქმეში. ახლა თითქმის 60 წლისაა და, როგორც იხსენებს, 12 მკვლელობის საქმეზე მოუწია მედიატორობა.

„აქედან 6, მოსისხლე მტრების შერიგებით დასრულდა. დანარჩენი ჯერ კიდევ პროცესშია და არ მოგვარებულა“.

სვანეთში, მედიატორებად დადიოდნენ ქალებიც. ნარგიზ ნიგურიანის სიტყვებით, გამორჩეულები თავიანთი გონებით, პირდაპირობითა და ობიექტურობით.

ვიკა ფილფანი იხსენებს მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ცნობილი მედიატორი ქალის, ეკატერინე ჟორჟოლიანის სახელსაც - მედიატორებს ჰქონდათ სპეციალური ჯოხები, რომელზეც მორიგებით გადაწყვეტილი საქმეების აღსანიშნავად, ნაჭდევებს ტოვებდნენ. ასეთ ჯოხებს დღეს სვანეთის მუზეუმი ინახავს.

ქარიმ ფალიანი გვაიმბობს, რომ ქალებს მედიატორები მართლაც უსმენდნენ, თუმცა მისი თქმით, ქალები მედიატორთა ჯგუფში არ შედიოდნენ. მედიატორებს ხატზე უნდა დაეფიცებინათ და სვანეთში კი, ქალები, დასაფიცებლად არასოდეს მიჰყავდათ. თუ რომელიმე საკითხზე ქალს მაინც უნდა დაეფიცებინა, რაკი ის ეკლესიაში არ მიჰყავდათ, მას საკუთარი შვილი უნდა გამოეყვანა, ან მეულე ან უახლოესი ნათესავი - ოღონდ მამაკაცი.

შედარებით მსუბუქი დანაშაულის საქმეს 2-3 მედიატორი არჩევდა. მძიმე საქმეში - 5-12 ადამიანი იყო ჩართული, ძალიან მძიმე დანაშაულის საქმე 24 მედიატორს გაურჩევია.

საქმე თვეები და წლებიც გაგრძელებულა. სანამ მედიატორები იძიებდნენ, დაზარალებულ მხარეს მოქმედების უფლება არ ჰქონდა.

თუ მედიატორები ვერაფერს გახდებოდნენ?

ყველა საქმე წარმატებით, ცხადია, ვერ სრულდებოდა. ქარიმ (ბაჩუკი) ფალიანი გვიყვება, რომ თუ მოსისხლე მტრებს ვერაფრით შეარიგებდნენ, შურისძიება გრძელდებოდა. უშუალოდ ეძებდნენ დამნაშავეს:

„სამაგიერო მხოლოდ მკვლელისთვის უნდა გადაეხადათ“.

მაცხოვრის ტაძარი, მუჟალი, სვანეთი, 1890 წელი. ფოტო: ვიტორიო სელა

სანამ საქმე მედიატორებამდე მივიდოდა, დაზარალებული და დამნაშავე მხარეების თანხმობა იყო საჭირო, რომ მორიგების პროცესის დასაწყებად მზად იყვნენ. ამ დროს ერთვებოდნენ „თითით არჩეულები“ - შუაკაცები. სწორედ ისინი არკვევდნენ ოჯახებთან, იყვნენ თუ არა თანახმა მორიგებაზე და ჰქონდა თუ არა აზრი მედიაციის დაწყებას.

ცალკე რიტუალი იყო თავად მედიატორების ფიცის დადება - ჯერ კიდევ მედიატორობის კანდიდატებს მხარეები აფიცებდნენ, რომ საქმეს სწორად და ობიექტურად გამოიძიებდნენ. ამის შემდეგ უკვე ფიცდადებული მედიატორები აფიცებდნენ მხარეებს, რომ ტყუილი არ ეკადრათ და მხოლოდ სიმართლე მოეყოლათ. და რაც მთავარია, ამის შემდეგ, მედიატორები აფიცებდნენ მხარეებს, რომ მათ გამოტანილ განაჩენს შეასრულებდნენ.

იფიცებდნენ ტაძრის ეზოში. ფიცი, დალოცვის გარდა, წყევლასაც მოიცავდა: მათ სჯეროდათ, თუ მედიატორები საქმეს უსამართლოდ განიხილავდნენ, გატეხილი ფიცი აუცილებლად მოახდენდა გავლენას მათ შთამომავლობაზე. სვანური სამართლის საფუძველი სწორედ სიტყვა და რწმენა იყო.

და შემდეგ კი იწყებოდა გამოძიება. სიარული დაზარალებულის და დამნაშავის ოჯახში. გამოკითხვა. ინფორმაციის შეგროვება. როგორც ვიკა ფილფანი გვიამბობს, მედიატორები ცდილობდნენ, დამნაშავის სიტყვა მსხვერპლის ოჯახთან შემსუბუქებულად მიეტანათ და დაძაბულობა განემუხტათ, სიბრაზე დაეთრგუნათ და მხარეები გადაწყვეტილების მოსასმენად შეემზადებინათ.

როცა განაჩენის გამოტანის დღე დგებოდა, საუბარს უხუცესი მედიატორი იწყებდა. შემდეგ დანარჩენები აგრძელებდნენ. გადაწყვეტილება ერთსულოვნებით უნდა მიეღოთ და არა კენჭისყრით.

ხანდახან, თუ შეთანხმებას ვერ ახერხებდნენ, პროცესი ჭიანურდებოდა. მაგრამ თუ მედიატორები განაჩენს გამოიტანდნენ, მიწაში ქვას მარხავდნენ - ეს იმას ნიშნავდა, რომ სანამ ამ გადაწყვეტილებას დამნაშავეს და დაზარალებულს არ გაანდობდნენ, მათ არ ჰქონდათ ვინმესთვის მისი თქმის უფლება. რომ ამას უკმაყოფილება არ გამოეწვია და დავა ხელახლა არ დაწყებულიყო.

თუ დამნაშავე მხარე უდანაშაულობას ამტკიცებდა, მას თავისი სიმართლე ხატზე უნდა დაეფიცებინა. ოღონდ პირობა ის იყო, რომ თან, დაზარალებულის მიერ დასახელებული რამდენიმე ადამიანი - ლუფხვილი უნდა გაეყოლებინა, ვინც ასევე თანახმა იქნებოდა, დაეფიცებინა, რომ მისი უდანაშაულობისა სჯეროდა. ამ ადამიანების რიცხვი, განსაკუთრებით, მკვლელობის შემთხვევაში, 12-მდე ადიოდა.

ყოფილა შემთხვევა, როცა ფიცდადებულ მედიატორებს ასევე დაფიცებული მხარეები ვერ შეურიგებიათ. ასეთ დროს, აუცილებლად გამოიკვეთებოდა ხოლმე ერთი მხარე ხატის გამტეხად. ხატის გამტეხის გვერდით ყოფნა კი არავის სურდა, რადგან როგორც ქარიმ ფალიანი მოგვითხრობს, სვანური სამართალი მთლიანად რწმენაზეა აგებული. ამიტომ ხატის გატეხვას ყველა ერიდებოდა.

მიწა, საქონელი, გადასახლება - რა იყო მორიგების ფასი?

ყველა დანაშაულს თავისი ფასი ჰქონდა. ყველაზე ძვირი ადამიანის სიცოცხლე ღირდა. ნარგიზ ნიგურიანი გვიამბობს, რომ თუ მკვლელობა შემთხვევით, არაგანზრახ მოხდებოდა, ის სისხლით არ ისჯებოდა და მოგვარების მეტი შესაძლებლობა არსებობდა. ამ დროს დამნაშავის დანაშაულის განცდა იმდენად დიდი იყო, რომ ყელზე ე.წ. სულის საოხ ქვებს იკიდებდა, რომლებიც მონანიების მიზნით, მთელი ცხოვრება უნდა ეტარებინა. ასეთ დროს დაზარალებული მხარე, მოკლულის ოჯახი, კომპენსაციას იღებდა - სვანეთში, როგორც მცირემიწიან მხარეში, ეს გადასახადი ხშირად მიწა იყო. ხან კი საქონელი - ხარი ან ძროხა.

განზრახ მკვლელობა ასეთ მოლაპარაკებებს გამორიცხავდა. მედიატორები საქმის მოგვარებას ცდილობდნენ, თუმცა სვანეთში, როგორც ნარგიზ ნიგურიანი ამბობს, ასეთ დროს ბიბლიით ხელმძღვანელობდნენ:

„ეს იყო თვალი თვალის წილ, სისხლი სისხლის წილ. მე შენ მომკალი დაუმსახურებლად. მეც მოვკალი ის, ვინც დაუმსახურებლად მომკლა“.

სვანებს მაგალითების მოყოლა არ უყვართ. მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ახსენონ დაპირისპირებული გვარები, თუ მომხდარი ამბიდან ძალიან დიდი დროა გასული.

„ის, რაც ახალია, ასეთი საქმეების გახსენება და წამოწევა არ შეიძლება. ჩვენ ძალიან ფრთხილად დავდივართ ამ საქმეებს შორის და ამ სიმებს არ ვეხებით, რომ მტრობა ისევ თავიდან არ დაიწყოს. სანამ ჩემი, ჩემი შვილების და შვილიშვილების თაობა ცხოვრობს, ამ ამბებს ღიად არ ვახსენებთ. მაგრამ ნაწერებში დავტოვებთ“, - გვითხრა ნარგიზ ნიგურიანმა.

იყო კიდევ ერთი, ციხის ტოლფასი სასჯელი - სოფლიდან ოჯახის აყრა. ან სამუდამოდ, ან რამდენიმე წლით. გააჩნია, რას დააშავებდი. საკუთარი კერის ჩაქრობა და გადასახლება სვანებისთვის უმძიმეს საფასურად მიიჩნეოდა და უკან დაბრუნებაც მხოლოდ მედიატორების განაჩენის შემდეგ შეიძლებოდა.

ქრება თუ არა მედიატრული სამართალი და რა ანაცვლებს მას?

ძველი მედიატორები სვანეთში ჯერ კიდევ შემორჩნენ, მაგრამ რაც დრო გადის, ამ სამართლით საქმის გარჩევის ტრადიცია ნელ-ნელა წარსულს ბარდება.

არა მხოლოდ იმიტომ, რომ სვანებისათვის დღეს უფრო სანდო სახელმწიფო სამართალია. ბევრი ახალგაზრდა პასუხისმგებლობის აღებას და მედიატორობას თავს არიდებს. როგორც ვიკა ფილფანიც გვიყვება, კონფლიქტების მოგვარების პროცესმა ქუჩაში გადაინაცვლა. არჩევენ ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებს მიმართონ საქმის მოსაგვარებლად, რაც ყოველთვის არ გულისხმობს საქმის მშვიდობით დასრულებას.

„არასოდეს სვანეთში ამ გაურკვეველი მენტალიტეტის მქონე ადამიანებს დიდი ავტორიტეტი არ ჰქონიათ. როცა დღეს ვეკითხები ახალგაზრდებს, რატომ მიდიან მათთან, მპასუხობენ, აბა, ვისთან მივიდეთ, მედიატორები აღარ გვყავსო. ასეა, სამწუხაროდ, მედიატორული სამართალი ქრება. გადაჭრით ვერ ვიტყვით, რამდენად პრაქტიკული იქნებოდა მისი აქტიურად გამოყენება მომავალში, მაგრამ როგორც ჩვენი კულტურის ნაწილი, რომელმაც ბევრი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა, მისი შენარჩუნება, ცოდნის დონეზე მაინც, მნიშვნელოვანი მგონია“, - გვითხრა ვიკა ფილფანმა.

წარსულისგან განსხვავებით, სვანეთში დღეს უკვე მოქმედებს სახელმწიფო სამართალი, მაგრამ სასამართლო სისტემის, პოლიციის მიმართ ადგილობრივების ნდობა მაინც დაბალია. სვანეთის სათემო ორგანიზაციის წევრი, აქტივისტი დავით ნავერიანი გვეუბნება, რომ სვანეთში დღემდე სჯერათ, რომ არის დანაშაულები, რომელთა მოგვარებაც სახელმწიფო ვერ ახერხებს:

„მაგალითად, მოხდა მკვლელობა. მკვლელი დაიჭირეს. ამით სახელმწიფოს როლი მორჩა. დაპირისპირებული მხარეების მორიგებაში სახელწმიფო ვერ ერევა. დამნაშავის ციხეში ჩასმით კი ოჯახები ყოველთვის ვერ რიგდებიან“.

„მაინც აღმატებულად ვთვლი ჩვეულებით სამართალს, რადგან ის იყო პირუთვნელი, განუმეორებელი და ყველა ნიუანსის ამზომველ-ამწონველი. როცა არსებობს სახელმწიფო სამართალი, მაგრამ არ არსებობს სახალხო სამართალი, მაშინ არის ქაოსი. ვიღაცას სახელმწიფო სამართლის არ ეშინია. მაგრამ ეშინია ხალხური სამართლის. მე არ მინდა ისეთ სახელმწიფოში ცხოვრება, სადაც მოსამართლე ვიღაცის დავალებას ასრულებს“, - ეს კი ნარგიზ ნიგურიანის სიტყვებია და ასე სვანეთში ბევრს სჯერა.

რაც შეეხება ეცერში მომხდარ მკვლელობას, სვანები ამბობენ, რომ ამ საქმეში, სავარაუდოდ, მედიატორები აღარ ჩაერთვებიან, რადგან საქმეს გამოძიება იძიებს და სასამართლოც დანიშნულია.