კულტურის პალატისთვის ქუთაისში შენობის უსასყიდლოდ გადაცემას დაპირისპირება მოჰყვა

ქუთაისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა

ქუთაისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა დღეს სიტყვიერი დაპირისპირებისა და ხმაურის ფონზე წარიმართა - საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელმა გიგა შუშანიამ და საქართველოს კულტურის პალატის ხელმძღვანელმა დავით ოქიტაშვილმა და მისმა თანმხლებმა პირებმა ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

Your browser doesn’t support HTML5

კულტურის პალატისთვის ქუთაისში შენობის უსასყიდლოდ გადაცემას დაპირისპირება მოჰყვა

დაპირისპირება მოჰყვა გიგა შუშანიას განცხადებას, რომლითაც მან საკრებულოს მოსთხოვა დღის წესრიგის ორი საკითხიდან ერთის ამოღება და გადახედვა. გიგა შუშანიას პროტესტის საგანი გახდა ქუთაისის მერიისთვის თანხმობის მიცემა, რითაც მერიამ საქართველოს კულტურის პალატას პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლოდ, უზურფრუქტის ფორმით გადასცა სულხან-საბას გამზირზე მდებარე ყოფილი ავანგარდის ქარხნის 2104 კვ. მ შენობა და 6420 კვ.მ მიწის ნაკვეთი. გიგა შუშანიას მტკიცებით, „კულტურის პალატას და მის ხელმძღვანელს, დავით ოქიტაშვილს, უსასყიდლოდ გადაეცა შენობა და მიწის ფართი, რადგან იგი „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ აკეთებს განცხადებებს და პარტიის ლიდერებთან დაახლოებული პირია“.

გიგა შუშანიასავე განცხადებით, ყოფილი ქარხნის ტერიტორიაზე რამდენიმე შენობა მდებარეობს, სადაც სხვადასხვა საწარმო ფუნქციონირებს და საქართველოს კულტურის პალატისთვის გადაცემული შენობაც თვითმმართველობას უნდა გაესხვისებინა სარგებლით. გიგა შუშანიამ დავით ოქიტაშვილსა და მის თანმხლებ პირებთან სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ საკრებულოს სხდომა დატოვა. საკრებულოს სხდომაზე მყოფ პირებს ქალაქის საკანონმდებლო ორგანოს პატივისცემისკენ მოუწოდა საკრებულოს წევრმა „ევროპული საქართველოდან“ მერაბ მეშველიანმა. მეშველიანი ასევე დაინტერესდა ყოფილი ქარხნის შენობის მდგრადობით, რადგან შენობაში ხვალ კონცერტია დაგეგმილი. „იქ 20 ოქტომბერს უკვე გაიმართა კონცერტი და ხვალ დაგეგმილია სტეფანე მღებრიშვილის კონცერტი. მე მაინტერესებს, უნდა ჰქონოდა თუ არა შენობის მდგრადობის დოკუმენტი ორგანიზატორს“.

საკრებულოს წევრ მერაბ მეშველიანისავე განცხადებით, შენობაში, რომელიც საკრებულოს თანხმობით მერიამ კულტურის პალატას გადასცა, უკვე ფუნქციონირებს საკონცერტო დარბაზი „ქუთაისი არენა“ , რაც კანონდარღვევაა. მერაბ მეშველიანის საპასუხოდ, მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონებისა და ტრანსპორტის მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი გიორგობიანმა საკრებულოს სხდომაზევე განმარტა, რომ შენობა ათხოვეს „ქუთაისი არენასა“ და საქართველოს კულტურის პალატას ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ, ამჟამად კი უსასყიდლოდ აძლევენ, რადგან მათ მიერ ჩატარებული ღონისძიება დადებითად შეფასდა.

გიორგი გიორგობიანისავე განცხადებით, შენობა, რომელიც კულტურის პალატას 2 წლის ვადით უსასყიდლოდ გადაეცა, 430 ათას ლარადაა შეფასებული და ორჯერ იყო აუქციონზე გატანილი, თუმცა მისი შესყიდვით არავინ დაინტერესებულა.

ქალაქის ახალგაზრდებისთვის გასართობი სივრცის შექმნის საჭიროებით ახსნა საქართველოს კულტურის პალატისთვის შენობისა და მიწის ფართის გადაცემა თავად დავით ოქიტაშვილმა და განმარტა, რომ ოქტომბერს ჩატარებული ღონისძიებისთვის შენობის მდგრადობა შემოწმებული იყო და ამჟამადაც მუშაობენ მასში სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სპეციალისტები.

დავით ოქიტაშვილმა საკრებულოს სხდომის შემდეგ მომხდარი ინციდენტის გამო ბოდიში მოიხადა

„დღეს იქ მუშაობს 10 სპეციალისტი და ახლახან დამირეკეს, რომ შენობა მდგრადია, რადგან მაღალ სიმძლავრეზე ცდიან და ასევე შეამოწმებენ ყველა კონცერტის წინ“.

დავით ოქიტაშვილმა საკრებულოს სხდომის შემდეგ მომხდარი ინციდენტის გამო ბოდიში მოიხადა და საკრებულოს ოპოზიციონერ წევრებს მადლობაც გადაუხადა ოპონირებისთვის.

ქუთაისის მერიისთვის საკრებულოს მიერ მიცემული თანხმობით,სულხან-საბას ქუჩაზე ყოფილი ავანგარდის ქარხნის შენობა საქართველოს კულტურის პალატას უსასყიდლოდ 2 წლის ვადით გადაეცა, თუმცა, როგორც მერიაში განმარტავენ, თუშენობისა და მიწის ფართის შესყიდვით რომელიმე კომპანია დაინტერესდება, ქონებას გაყიდიან.ა(ა)იპ საქართველოს კულტურის პალატა 2013 წელს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატამ დააფუძნა, რომელიც, თავის მხრივ, არის წევრობაზე დაფუძნებული კორპორაციადა აერთიანებს მეწარმე სუბიექტებსა და მათ გაერთიანებებს. სავაჭრო-სამრეწველო პალატის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს პრემიერ- მინისტრი.