ასევე მნიშვნელოვანი ცვლილებებია პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და სამხედრო-საჰაერო ძალების სარდლობაში. როგორც პრეზიდენტ ზელენსკის გუნდის წევრები ირწმუნებიან, მთავრობაში ცვლილებები კიდევ უფრო გაღრმავდება და გაფართოვდება.
უკრაინის მმართველი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა და უკრაინის რადის ფრაქცია „სლუგა ნაროდას“ თავმჯდომარემ, დავით არახამიამ თავის Telegram-არხზე დაწერა, რომ დაიწყო მთავრობის დიდი გადატვირთვა.
„ცვლილებები შეეხება მინისტრთა კაბინეტის წევრთა ნახევარზე მეტს. ხვალ გველოდება გათავისუფლებების დღე, ზეგ - დანიშვნების. საბოლოო სია ფრაქციის სხდომაზე დაზუსტდება“, - დაწერა დავით არახამიამ.
თანამდებობები დატოვეს ან გადადგომის განცხადებები დაწერეს:
- დმიტრო კულება - საგარეო საქმეთა მინისტრი
- ოლექსანდრ კამიშინი - მრეწველობის სტრატეგიული დარგების მინისტრი
- დენის მალიუსკა - იუსტიციის მინისტრი
- რუსლან სტრელეცი - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
- ირინა ვერეშჩუკი - ვიცე-პრემიერი და დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის მინისტრი
- ოლგა სტეფანიშინა - ვიცე-პრემიერი ევროინტეგრაციის საკითხებში
- ვიტალი კოვალი - სახელმწიფო საკუთრების ფონდი
- როსტისლავ შურმა - პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე
ერთი თვის წინ თანამდებობები დატოვეს ალექსანდრ კუბრაკოვმა (ვიცე-პრემიერი ქვეყნის რეკონსტრუქციის საკითხებში) და მუსტაფა ნაიემმა (უკრაინის ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქციისა და განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი).
დმიტრო კულებას განცხადება სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა უმაღლესი რადის თავმჯდომარემ რუსლან სტეფანჩუკმა.
დმიტრო კულებას თანამდებობიდან მოსალოდნელი გადაყენების შესახებ ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ წერდა „უკრაინსკა პრავდა“ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით. გამოცემა იმასაც ვარაუდობდა, რომ კულებას მისი პირველი მოადგილე, ანდრეი სიბიგა შეცვლიდა.
ანდრეი სიბიგა - კარიერული დიპლომატი. მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე, 2016 წლიდან 2021 წლამდე იყო უკრაინის ელჩი თურქეთში, შემდეგ კი (2021-2024 წწ.) ეკავა პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილის თანამდებობა. კურირებდა საგარეო პოლიტიკის საკითხებს.
თავად კულებას გადადგომის მიზეზებზე კომენტარი არ გაუკეთებია. პირდაპირი განმარტებებისგან თავი შეიკავა ვოლოდიმირ ზელენსკიმაც.
„დღეს ჩვენ გვჭირდება ახალი ენერგია და ეს ნაბიჯები დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის გაძლიერებასთან სხვადასხვა მიმართულებით. საერთაშორისო პოლიტიკა და დიპლომატია გამონაკლისი არ იქნება. დღეს ვერ ვიწინასწარმეტყველებ, კონკრეტულად რას გააკეთებს ესა თუ ის მინისტრი, ვერც იმას ვიტყვი, შევთავაზებთ თუ არა მათ ამა თუ იმ თანამდებობებს. დღეს ამაზე საუბარი ნაადრევია“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
4 სექტემბერს უკრაინის რადამ არ განიხილა დმიტრო კულებას გადადგომის საკითხი. როგორც გამოცემა „РБК-Украина“ წერს, საკითხი გადატანილი იქნა მომდევნო სხდომისთვის, რადგან „ცხადი გახდა, რომ არ იყო არც საკმაო პოტენციალი და არც დეპუტატების საჭირო რაოდენობა“.
უკრაინელმა დეპუტატებმა ვერც ირინა ვერეშჩუკისა და სახელმწიფო საკუთრების ფონდის ხელმძღვანელის, ვიტალი კოვალის გადადგომა დაამტკიცეს, რადგან ვერ მოგროვდა ხმების საჭირო (224) რაოდენობა.
ბრიტანეთის სამაუწყებლო კომპანიის უკრაინული სამსახურის ინფორმაციით უკრაინის ხელისუფლებაში დაწყებული მასშტაბური საკადრო ცვლილებები არსებითად არაფერს შეცვლის შემდეგი მიზეზების გამო:
- ცვლილებებს არ ექნება მოულოდნელობის ეფექტი, რადგან მის შესახებ თითქმის ნახევარი წლის განმავლობაში საუბრობდნენ. რამდენჯერმე დაანონსდა პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალის შეცვლაც.
- უკრაინაში ნებისმიერი საკადრო როტაცია, მოულოდნელი თუ მოსალოდნელი, დიდი ხანია გაუფერულდა მიმდინარე ომის ტრაგიკული მოვლენების ფონზე. ვის აინტერესებს გარემოს დაცვის, იუსტიციის ან თუნდაც საგარეო საქმეთა მინისტრის შეცვლა იმ დროს, როცა ნანგრევებიდან ხალხია გამოსაყვანი.
- რა აზრი აქვს სამთავრობო ცვლილებებს, თუკი მთავრობის გავლენის ხარისხი უმნიშვნელოა. რუსეთის სრულმასშტაბიანმა შეჭრამ უკრაინაში ბუნებრივად გამოიწვია უკრაინის გარდაქმნა სუპერსაპრეზიდენტო რესპუბლიკად, რომელშიც რეალური ძალაუფლება პრეზიდენტის ოფისის ხელშია.
ვახტანგ კაპანაძე, გადამდგარი გენერალ-მაიორი და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი ამბობს, რომ ესმის სამხედრო-საჰაერო ძალებში განხორციელებული ცვლილებების ლოგიკა.
„გასაგებია, რომ ის თვითმფრინავი [F-16] არ ჩამოუგდიათ რუსებს, არ არის გამორიცხული, რომ ე.წ. მეგობრული ცეცხლით იქნა ჩამოგდებული. სამი წელია საომარი მოქმედებები მიმდინარეობს. ბევრი რამ, რაც შიდა სამზარეულოში იხარშება, ჩვენ არ ვიცით. სამი წელია ძალიან მძიმე მდგომარეობაა უკრაინაში. დასამალი არ არის, რომ გარკვეულ სფეროებში ადგილი აქვს კორუფციულ საქმიანობას, მათ შორის დახმარებებთან დაკავშირებითაც... ცვლილებები გამოწვეულია გარკვეული ხარვეზებით... კულებას მინისტრობის დროს მოხდა მასშტაბური საერთაშორისო დახმარებების მიღება, მაგრამ შესაძლოა საჭიროა კიდევ უფრო გაუმჯობესდეს საგარეო ურთიერთობების მიმართულება... ალბათ ასევე საჭიროა სისხლის განახლება პოლიტიკურ ისტებლიშმენტში“, - უთხრა ვახტანგ კაპანაძემ რადიო თავისუფლებას.
რონდელის ფონდის მკვლევარი, ზურაბ ბატიაშვილი კი იხსენებს სხვა არანაკლებ მნიშვნელოვან საკადრო ცვლილებებს, მათ შორის თავდაცვის მინისტრისას, რომელიც შარშან შეცვალეს.
„ომთან დაკავშირებით უკრაინას სჭირდება ახალი ძალები იმისთვის, რათა უფრო ენერგიულად დაიცვას თავი და სადაც შეუძლია კონტრშეტევაზე გადავიდეს. ყველამ ნახა, თუნდაც კურსკის მაგალითზე, რომ უკრაინას ამის ძალა გააჩნია, თუმცა მას სჭირდება მეტი შეიარაღება. თუ შევხედავთ, რომელი მინისტრები გადადგნენ - ერთი შეიარაღების წარმოებასთან არის დაკავშირებული, მეორე კი იარაღის მიწოდებასთან... უცხოეთიდან დაპირებული იარაღის მიწოდება შეფერხებული იყო და დროულად ვერ ხერხდებოდა მიღება. შეიძლება ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, ოღონდ არა ერთადერთი. მთავარი მიზეზი მაინც ის ომია, რომელსაც რუსეთი აწარმოებს უკრაინის წინააღმდეგ და საკადრო ცვლილებებიც კეთდება იმისთვის, რომ უკეთესად გაუმკლავდნენ მტერს“.
ექსპერტთა ნაწილი ვარაუდობს, რომ კულებას „ბრალდება“ ის, რომ ვერ მოხერხდა დასავლეთიდან გარდამტეხი მასშტაბის დახმარების მიღება და, რომ უკრაინამ დღემდე ვერ მიიღო დასავლური იარაღის შეუზღუდავი გამოყენების უფლება. ექსპერტები ასევე კულებას პასუხისმგებლობას ხედავენ იმაში, რომ მონღოლეთმა უარი არ უთხრა ჰააგის ტრიბუნალის მიერ ძებნილ პუტინს ულან-ბატორში მასპინძლობაზე.
ასევე ნახეთ რატომ არ დააკავეს პუტინი მონღოლეთში?„ძნელია ვილაპარაკოთ მხოლოდ კულებას როლსა და ბრალეულობაზე, - ამბობს ზურაბ ბატიაშვილი, - მონღოლეთს დიდი არჩევანი არც ჰქონდა: მას ჰყავს მეზობლად ჩინეთი, რომელთანაც საკმაოდ რთული ურთიერთობა აქვს. მისი მეორე მეზობელი რუსეთი, რომლის ენერგომატარებლებზეც დამოკიდებულება წარმოუდგენლად მაღალია. მასპინძლობაზე უარის თქმა ძალიან ძნელია მაშინ, როცა ერთი მხრივ მთლიანად ხარ დამოკიდებული და, მეორე მხრივ, ვერ ხედავ მსოფლიო ლიდერი ქვეყნების იმ მხარდაჭერას, რაც ასეთი ნაბიჯის გადასადგმელად არის საჭირო. უნდა შევხედოთ რა საშუალებები გააჩნია ამ ქვეყანას. მონღოლეთი არ არის სუპერსახელმწიფო და არც დასავლეთის ნაწილი, რომ იგი გარედან დახმარების გარეშე ასეთ საკითხებში იყოს ძლიერი“.
ზურაბ ბატიაშვილის თქმით, დმიტრო კულებას ასევე ვერ დაჰბრალდება ჩინეთის და აღმოსავლეთის მიმართულებით უკრაინული დიპლომატიის არაეფექტიანი მოქმედება.
„ჩინეთის პოზიციას ვერც კულება შეცვლის და ვერც ის, ვინც კულებას ადგილზე მივა. ჩინეთს აქვს პრეტენზია, რომ მსოფლიოში მეორე სუპერძალაა და თვითონ განსაზღვრავს თამაშის წესებს. თუმცა ვერ გამოვრიცხავთ ისეთი დეტალების არსებობას, რომლებიც არ გასაჯაროებულა და რომლებზეც უკრაინის ხელისუფლება ფიქრობს, რომ მეტის გაკეთება შეიძლებოდა და, რომ უკრაინის საგარეო პოლიტიკა ამ მიმართულებით უფრო აქტიური უნდა იყოს“, - უთხრა ზურაბ ბატიაშვილმა რადიო თავისუფლებას.
ცვლილებები სამხედრო ხელმძღვანელობაში
უკრაინის მთავრობის გარდა, ბოლო დღეებში, მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა სამხედრო ხელმძღვანელობაშიც. კერძოდ, თანამდებობა დაატოვებინეს:
მიკოლა ოლეშჩუკს - უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდალს, გენერალ-ლეიტენანტს
რომან გლადკს - უპილოტო სისტემების ძალების სარდლობის შტაბის უფროსს
რომან გლადკი უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატების თქმით, ეჭვმიტანილია კორუფციასა და ღალატში. ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატმა მარიანა ბეზუგლაიამ განაცხადა. გლადკი "ყირიმელია", არ აქვს დრონებთან მუშაობის გამოცდილება, ეჭვმიტანილი იყო ღალატსა და კორუფციაში, "და ასევე ჰყავს რუსულპასპორტიანი ცოლი”, - თქვა ბეზუგლაიამ.
გარდა ამისა, რადამ უშიშროების სამსახურს სთხოვა შეემოწმებინა, ჰქონდა თუ არა თავად გლადკის რუსული პასპორტი.
„24 არხი“, წყაროებზე დაყრდნობით, იტყობინება, რომ გენერალმა გლადკიმ, თანამდებობაზე დანიშვნის წინ, "ვერ გაიარა უშიშროების შემოწმება".
გლადკი უკრაინის საზღვაო ძალების შტაბის უფროსის თანამდებობას იკავებდა 2016 წლის ივლისიდან 2018 წლის აპრილამდე. თანამდებობიდან კი გაათავისუფლეს მედიაში გაჟონილი სკანდალის ფონზე: „უკრინფორმმა“ დაწერა, რომ გლადკის მოცურავე ქალიშვილი „მონაწილეობდა რუსეთის არმიის კლუბების ჩემპიონატში”, ხოლო რუსეთის სპეცსამსახურები, ტელეკომპანია ТСН-ს ინფორმაციით, თავად გლადკის გადაბირებას ცდილობდნენ. ამის შემდეგ უკრაინის საზღვაო ძალების პრესსამსახურმა განაცხადა, რომ გლადკი „უკრაინის თავდაცვის სამინისტროს კადრების განკარგულებაში ჩაირიცხა მისი მომავალი სამსახურებრივი პოზიციის დასადგენად“.
უკრაინის შეიარაღებული ძალების უპილოტო სისტემების ძალების სარდლობის ინფორმაციით, რომან გლადკიმ უშიშროების სამსახურის შემოწმება გაიარა 2018-2019 წლებში და მან „მიიღო ნებართვა, იმუშაოს მაღალი ხარისხის საიდუმლო ინფორმაციასთან“:
„მას აქვს მრავალწლიანი სამსახურებრივი გამოცდილება უკრაინის შეიარაღებულ ძალებში, აქვს შესაბამისი სამხედრო განათლება და ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობის მნიშვნელოვანი გამოცდილება. კერძოდ, 2020–2023 წლებში იყო გაერთიანებული ძალების სარდლობის შტაბის უფროსის მოადგილე, შემდეგ კი უკრაინის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის მეთაურის მოადგილე“.
რაც შეეხება უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდალს, გენერალ-ლეიტენანტ მიკოლა ოლეშჩუკს. უკრაინის თავდაცვის მინისტრის რუსტემ უმეროვის თქმით, მისი თანამდებობიდან გათავისუფლება დაკავშირებულია როტაციასთან და არა ამერიკული F-16 გამანადგურებლის ჩამოვარდნასთან.
"ეს ორი განსხვავებული საკითხია... ამ ეტაპზე მე მათ არ დავაკავშირებდი”, - უთხრა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია CNN-ს.
26 აგვისტოს უკრაინამ დაკარგა პირველი ამერიკული F-16 გამანადგურებელი. The Wall Street Journal-ი წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ კატასტროფის მიზეზი სავარაუდოდ პილოტის შეცდომა იყო. თვითმფრინავს მართავდა პილოტი ოლექსი მესი, რომელიც დაიღუპა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიკოლა ოლეშჩუკი 30 აგვისტოს გაათავისუფლა. მის ნაცვლად მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა გენერალ-ლეიტენანტი ანატოლი კრივონოჟკო. ცვლილებების კომენტირებისას, ზელენსკიმ არ დაასახელა F-16-ის ჩამოვარდნის მიზეზი, მაგრამ აღნიშნა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების მეთაურობის დონე საჭიროებს "გაძლიერებას". ერთ-ერთი ვერსიით, F-16 გამანადგურებელი შეიძლება შეცდომით ჩამოაგდეს თვითონ უკრაინელებმა (ე.წ. მეგობრული ცეცხლი) საზენიტო სარაკეტო სისტემის, Patriot-ის მეშვეობით.