“კრიზისში ვართ” - ქუთაისში შიდატურიზმმა არ გაამართლა

ქუთაისი

შიდატურიზმი, თვეზე მეტია, ნებადართულია, თუმცა ქუთაისის ისტორიული უბნები და ცენტრალური ქუჩები ისევ ცარიელია. კაფეებისა და სილამაზის სალონების ვიტრინებზე სულ უფრო ხშირად შეხვდებით აბრებს - „ქირავდება“. ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე სარეკლამო ბილბორდებიც, კარგა ხანია, ცარიელია.

ქუთაისის ტურიზმის ცენტრის მონაცემებით, გასულ წელს ქუთაისში 300-ზე მეტი მცირე და მრავალნომრიანი სასტუმრო იყო დარეგისტრირებული. კარანტინის მოხსნის შემდეგ ქალაქის 61-მა სასტუმრომ გაიარა ჯანდაცვის სამინისტროს შემოწმება და მუშაობის უფლებაც მოიპოვა, მაგრამ თითქმის ყველა ცარიელია. მცირე სასტუმროებისა და გესთჰაუსების დიდი ნაწილი დაიხურა.

„სასტუმრო დიდია, 100 ადამიანზე მეტს იტევს ერთდროულად და ერთი კვირის მარაგი შევიძინეთ სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დასაცავი საშუალებები. ძალიან დიდი თანხა გადავიხადეთ. რომ გვცოდნოდა, საზღვრები არ გაიხსნებოდა და საჰაერო მიმოსვლა არ აღდგებოდა საზღვარგარეთის ქვეყნებთან, ხარჯს არ გავწევდით ამ გაჩერებულ სასტუმროებში. ახლა აღმოვჩნდით კრიზისში. რისთვის გავიარეთ შემოწმება, რისთვის შევიძინეთ სადეზინფექციო საშუალებები, თუ ტურისტი არ შემოვა?!“ - ამბობს შალვა ბობოხიძე, სასტუმრო „გორას” მეპატრონე.

სასტუმროს შესასვლელში, დერეფნებსა და აივნებზე - ყველგან გამოკრულია საინფორმაციო მასალები ქართულად და ინგლისურად კორონავირუსის გავრცელების პრევენციის შესახებ, თუმცა მათ არავინ ეცნობა. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი წესების შესაბამისად შეძენილი სადეზინფექციო ხსნარები, ურნები და პერსონალის სპეციალური აღჭურვილობა, მეორე თვეა, დასაწყობებულია.

სასტუმრო „გორა“ ქალაქის ისტორიულ ცენტრშია, შემაღლებულზე. მისი ტერასიდან და აივნებიდან ქუთაისი ხელისგულზე ჩანს. საცხოვრებლად ტურისტებისთვის ეს საუკეთესო ადგილია - ლამაზ ხედთან ერთად, აქედან ქალაქის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები ფეხით რამდენიმე წუთის სავალზეა.

შარშანდელი ხალხმრავლობის გათვალისწინებით, სასტუმროს მეპატრონე წლევანდელი სეზონისთვის განსაკუთრებულად მოემზადა, შენობას ერთი სართული და რამდენიმე ნომერი დაამატა, თუმცა, უკვე თვეებია, სტუმარი არ მიუღია. შემოსავლის გარეშე დარჩა თავად შალვა ბობოხიძეც და მის ოჯახურ ბიზნესში დასაქმებული მომსახურე პერსონალიც.

„15-მდე ადამიანი ვემსახურებოდით სტუმრებს, ახლა ყველა დამხმარე სახლში გავუშვი. გაკოტრების პირას ვართ. არ მინდა, წლების განმავლობაში შექმნილი ჩემი ბიზნესი ასე დავკარგო. თან შენობას სულ ვერ გამოვკეტავ, ყოველდღიურად ხელის შევლება სჭირდება, ხან რაღაც ფუჭდება და უნდა შევაკეთო, ამის ფული საიდან მოვიტანო?!” - გვეუბნება მეპატრონე.

შიდატურიზმზე ქუთაისში დიდ იმედებს არ ამყარებენ. როგორც წესი, სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული დამთვალიერებლები ქალაქში ღამის თევით არ რჩებიან. ტრადიციულად ქუთაისში სასტუმროს ნომრებს უცხოელი ტურისტები ქირაობდნენ - ყველაზე ხშირად ევროპიდან, უკრანიდან და ისრაელიდან.

„10 წლის წინანდელ მდგომარეობაში დავბრუნდით და კიდევ უფრო უკან“, - ამბობს ტურისტული კომპანია Travel To Georgia -ს დირექტორი და „საქართველოს ახალგაზრდა გიდების ასოციაციის“ ხელმძღვანელი ლაშა ბერეკაშვილი და დასძენს, რომ ქვეყნის შიგნით მოგზაურებისთვის ქუთაისი არც აქამდე ყოფილა ძალიან პოპულარული. „სხვა პრობლემაა, რატომ იყო ნაკლები, რატომ არ ვპოზიცირებდით ამ მიმართულებით, მაგრამ ქუთაისი საინტერესო იყო საერთაშორისო ვიზიტორებისთვის, მისი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, რადგან ქუთაისიდან ადვილია სვანეთში, ბათუმში, ახალციხეში, რაჭაში, თბილისში მოხვედრა. ამიტომ იყო დიდი ინტერესი ქუთაისის მიმართ მათი მხრიდან“.

ტურისტული სააგენტოებისა და გიდების დიდი ნაწილი უმუშევრად დარჩა. შიდატურიზმის გახსნის შემდეგ ეცადნენ სხვადასხვა მარშრუტი შეეთავაზებინათ მოგზაურობისთვის, მაგრამ მათი მოლოდინი არ გამართლდა. რამდენიმე თვეში ტურისტული საქმიანობა წლების წინანდელ ნიშნულზე ჩამოვარდა, როდესაც ტურიზმი ჯერ კიდევ ფეხს იდგამდა.

ბაგრატის ტაძრის, გელათისა და მოწამეთას მონასტრებსა და რამდენიმე კულტურულ-ისტორიულ ძეგლთან ერთად ქუთაისის შემოგარენში ტურისტებისთვის საინტერესო ადგილებია დაცული ტერიტორიები, სათაფლიისა და პრომეთეს მღვიმეები, მარტვილისა და ოკაცეს კანიონები.

მღვიმეები 15 ივნისიდან გაიხსნა და იქ ყველა ის წესი მოქმედებს, რომლებიც სხვა დახურულ სივრცეში. ვიზიტორებმა უნდა დაიცვან 2-მეტრიანი დისტანცია და ატარონ პირბადე.

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, 15 ივნისიდან 21 ივლისამდე სათაფლიისა და პრომეთეს მღვიმეები, საერთო ჯამში, 5 000-ზე მეტმა ადამიანმა ნახა, აქედან უცხოელების წილი მხოლოდ 0.18 % იყო.

2019 წლის განმავლობაში პრომეთეს მღვიმე მესამე ადგილზე იყო ვიზიტორთა რაოდენობით, ყაზბეგის ეროვნული პარკისა და მარტვილის კანიონის შემდეგ. სათაფლიისა და პრომეთეს მღვიმეები მხოლოდ შარშან, ჯამში, 260 ათასამდე ადამიანმა ნახა.

სტატისტიკის მიხედვით, ვიზიტორთა რაოდენობა საქართველოში 2020 წლამდე ყოველწლიურად იზრდებოდა. კორონავირუსის პანდემიამდე მზარდი იყო ქუთაისის ტურიზმის ცენტრში მომსახურების მიმღები უცხოელი ტურისტების რიცხვიც. კარანტინის გამოცხადებამდე, მხოლოდ მიმდინარე წლის თებერვალში, ცენტრს 900-მდე ტურისტმა მიმართა, რაც ორჯერ მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

ქუთაისის ტურიზმის ცენტრის მონაცემებით, გასულ წელს ცენტრში ყველაზე მეტი იყო პოლონეთის, გერმანიის, რუსეთის, გაერთიანებული სამეფოსა და ლატვიის მოქალაქე.