კრემლის შანტაჟი კიშინიოვის წინააღმდეგ - დასრულდება თუ არა მოლდოვის ენერგოდამოკიდებულება რუსეთზე

მოლდოვამ, რომელიც მთელი დამოუკიდებლობის განმავლობაშიც და მანამდეც რუსულ ბუნებრივ აირზე იყო დამოკიდებული, 25 ოქტომბერს პოლონეთთან გააფორმა კონტრაქტი 1 მილიონი კუბური მეტრი გაზის იმპორტირების შესახებ. მოლდოვის ხელისუფლება ამ ნაბიჯზე წავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთის სახელმწიფო კომპანია „გაზპრომმა“ კიშინიოვს მიუღებელი პირობა შესთავაზა მანამდე არსებული კონტრაქტის გასაგრძელებლად.

„გაზპრომთან“ ამჯერად მოქმედებს ოქტომბრის ბოლომდე ერთი თვით ცალმხრივად გაგრძელებული კონტრაქტი, სადაც რუსული ენერგოგიგანტი იქამდე შეთანხმებული 550 დოლარის ნაცვლად, საბაზრო ფასს - 790 დოლარს ითხოვს 1000 კუბური მეტრი ბუნებრივი აირისთვის.

ზოგიერთი ექსპერტი ხედავს პირდაპირ კავშირს მოსკოვის მიერ გაზის საფასურის გაძვირებასა და მოლდოვაში კრემლის მეგობარ იგორ დოდონის ნაცვლად, პროდასავლელი მაია სანდუს პრეზიდენტად არჩევას შორის.

მოგება - დნესტრისპირეთს, ანგარიში - მოლდოვას

შეშა ძვირი ღირს. ნახშირიც. ის ახალგაზრდები, ვინ მოლდოვა დატოვეს, სწორად მოიქცნენ. ჩვენ ხანდაზმული ადამიანებიც ასე უნდა მოვიქცეთ. აქ ცხოვრება არ ღირს.
სოფელ ტალმაზის მცხოვრები

ზამთრის მოახლოებასთან ერთად მოლდოვის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე სოფელ ტალმაზის მცხოვრებლები, ყველა ღონეს ხმარობენ სახლების გასათბობი საწვავის საშოვნელად.

Მას შემდეგ, რაც ევროპის ერთ-ერთი უღარიბესი ქვეყანა ბუნებრივი აირის გამო რუსეთთან დაპირისპირებული აღმოჩნდა, ბევრი მოლდოველი შიშობს, რომ ურთულესი ზამთარი ელით.


„შეშა ძვირი ღირს. ნახშირიც. ის ახალგაზრდები, ვინ მოლდოვა დატოვეს, სწორად მოიქცნენ. ჩვენ ხანდაზმული ადამიანებიც ასე უნდა მოვიქცეთ. აქ ცხოვრება არ ღირს“, - უთხრა რადიო თავისუფლების მოლდოვურ სამსახურს ტალმაზის ერთ-ერთმა მცხოვრებმა.

დასავლეთისა და რუსეთის გავლენისათვის ბრძოლაში ჩაბმული მოლდოვა, როგორც ჩანს, ისჯება კრემლისგან იმის გამო, რომ შარშან პროდასავლელი პრეზიდენტი, მაია სანდუ აირჩია. მისმა პარტიამ მოგვიანებით საპარლამენტო არჩევნებშიც მიაღწია დამაჯერებელ გამარჯვებას.


კიშინიოვთან მოლაპარაკების მაგიდასთან რუსეთის პოზიციას აძლიერებს სეპარატისტული დნესტრისპირეთის ფაქტორი. 1992 წლიდან მოყოლებული დნესტრისპირეთი რუსეთისგან დიდ სამხედრო, პოლიტიკურ და ფინანსურ დახმარებას იღებს.

ასევე ნახეთ

კონფლიქტის გაყინვა შეიძლება, მოწესრიგება კი - არა


სეპარატისტული ანკლავი დღემდე მოიხმარს რუსულ სახელმწიფო კონცერნ „გაზპრომისგან“ მოლდოვისთვის მიწოდებული ბუნებრივი აირის დიდ ნაწილსაც და უარს ამბობს მოხმარებული ენერგიის საფასურის გადახდაზე, რაც მოსკოვიდან მიღებული დახმარების კიდევ ერთ ფორმას წარმოადგენს.


„მას შემდეგ, რაც არსებობს ეს სეპარატისტული წარმონაქმნი, დნესტრისპირეთს არ გადაუხდია ერთი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის გადასახადიც კი. ხოლო სეპარატისტული რეგიონის მცხოვრებლებისაგან ბუნებრივი აირის მოხმარების საფასურად გადახდილი ფული მთლიანად მიდის მათ ბიუჯეტში და სეპარატისტული მთავრობის მიერ სოციალური საჭიროების, სინამდვილეში კი რეჟიმის გასაძლიერებლად გამოიყენება“, - უთხრა რადიო თავისუფლების მოლდოვური სამსახურს, იონ სტურზამ, მოლდოვის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა.

მაშინ როცა, ბუნებრივი აირის შემოსავალი მთლიანად დნესტრისპირეთის სეპარატისტულ რეჟიმს რჩება, ანგარიში ეგზავნება მოლდოვის სახელმწიფო კონცერნ
„მოლდოვაგაზს“, რომელიც პასუხისმგებელია სეპარატისტული რეგიონის მიერ მოხმარებული ბუნებრივის აირის საფასურის დაფარვაზე.

ამის გამო, 1993 წლიდან მოყოლებული, მოლდოვას „გაზპრომის“ წინაშე 709 მილიონი დოლარის დავალიანება დაუგროვდა, თუმცა ეს ციფრში ბევრ ექსპერტს აეჭვებს. მათ შორის არის პოლიტიკური რისკების ანალიტიკოსი, დიონის ჩენსუა, რომელიც ვარაუდობს, რომ დავალიანება „გაცილებით ნაკლები უნდა იყოს ვიდრე 700 მილიონი“. ეს შესაძლებელია „მოლდოვაგაზის“ დამოუკიდებელი აუდიტის შედეგად გაირკვეს.


„გაზპრომის“ მხრიდან ციფრების ფალსიფიკაცია არავის გაკვირვებას არ იწვევს, ვინაიდან რუსულ კონცერნს ეკუთვნის „მოლდოვაგაზის“ კომპანიის აქციათა 51%-ი, ხოლო წარმოქმნილა დავალიანებაზე პასუხისმგებლობაც „მოლდოვაგაზს“ ეკისრება. რუსეთის სახელმწიფო გიგანტის წილი „მოლდოვაგაზში“ კიდევ უფრო მეტია, თუ გავითვალისწინებთ, რომ სეპარატისტულ დნესტრისპირეთს „მოლდოვაგაზში“ აქციათა 13%- ზე მეტი ეკუთვნის. მაშინ როცა, მოლდოვის ხელისუფლებას „მოლდოვაგაზში“ აქციათა მხოლოდ 35%-ი ეკუთვნის.

ბუნებრივი არის საკითხში რუსეთთან წარმოქმნილი კრიზისის ფონზე, მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ არაორაზროვნად განაცხადა, რომ ბუნებრივი აირის დავალიანება აქვს არა მოლდოვას, არამედ „მოლდოვაგზს“ და კომპანიამ სახელმწიფოსგან დამოუკიდებლად უნდა მოაგვაროს ეს პრობლემა თავის მაჟორიტარ აქციონერთან.

რუსეთის ეკონომიკური შანტაჟი

სრულიად აშკარაა, რომ რუსეთის ფედერაციის მთელი ენერგორესურსები გამოიყენება, როგორც ეკონომიკური შანტაჟის ინსტრუმენტი, რომელიც პოლიტიკურ შანტაჟში გადადის
ალექსანდრ სლუსარი, პოლიტიკოსი

მას შემდეგ, რაც მოლდოვაში შეიცვალა პრეზიდენტ იგორ დოდონის პრორუსული მმართველობა, ბევრი ადგილობრივი, თუ საერთაშორისო ექსპერტი ვარაუდობდა, რომ რუსეთი ენერგეტიკულ ბერკეტებს აამოქმედებდა პრეზიდენტ მაიას სანდუსა და პრემიერ-მინისტრ ნატალია გავრილიცას პროდასავლური ტანდემის წინააღმდეგ.

ასევე ნახეთ

სანდუ-გავრილიცას ტანდემის „ყველაზე მნიშვნელოვანი მისია“




„სრულიად აშკარაა, რომ რუსეთის ფედერაციის მთელი ენერგორესურსები გამოიყენება, როგორც ეკონომიკური შანტაჟის ინსტრუმენტი, რომელიც პოლიტიკურ შანტაჟში გადადის“, - განაცხადა მოლდოველ ჟურნალისტებთან საუბარში მოლდოვის პარტია „ღირსებისა და სიმართლის პლატფორმის“ თავმჯდომარის მოადგილემ, ალექსანდრ სლუსარმა.

მოლდოვა მთელ მოხმარებულ ბუნებრივ აირს რუსეთიდან იღებს. ხოლო გეოგრაფიული ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, ქვეყანა მნიშვნელოვან რგოლს წარმოადგენს რუსული ბუნებრივი აირის სამხრეთ-აღმოსავლეთის სატრანზიტო მარშრუტში, რომელიც ბულგარეთს, საბერძნეთს, თურქეთსა და რუმინეთს მოიცავს.


მაგრამ მოსკოვი შეაშინა მოლდოვის დასავლეთისკენ გადახრამ და კიდევ უფრო მჭიდრო ენერგეტიკულმა ინტეგრაციამ, რაც დაჩქარდა მაია სანდუს დროს,- ამბობს ენერგეტიკის საკითხების მკვლევარი, ჟურნალისტი აურა საბადუსი.

2021 წლის ზაფხულში ზოგიერთი ევროპელი ოფიციალური პირი კერძო საუბარში მიანიშნებდა, რომ მოსკოვი უკმაყოფილო იყო კიშინიოვის სურვილით საბაზრო მექანიზმების თვალსაზრისით ინტეგრირება მოეხდინა მეზობელ რუმინეთთან და უკრაინასთან“, - წერს საბადუსი გაზეთ Atlantic Council- ში გამოქვეყნებულ სტატიაში.

რუსულმა კონცერნმა „გაზპრომმა“ კიშინიოვს გაზის ფასის შემცირება შესთავაზა, თუ მოლდოვა ცვლილებას შეიტანდა ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებაში და გადადებდა ენერგეტიკული ბაზრის რეფორმის თაობაზე ბრიუსელთან შეთანხმების ხელმოწერას, - ნათქვამია ბრიტანულ Financial Times-ში, 27 ოქტომბერს გამოქვეყნებულ სტატიაში.

ენერგეტიკულ ბაზრის რეფორმის თაობაზე ბრიუსელთან გაფორმებული შეთანხმება ქვეყნის ენერგეტიკული სექტორის ძირფესვიან ცვლილებას საჭიროებს, რადგან მოლდოვას მოეთხოვება, რომ ენერგეტიკული პოლიტიკა და კანონმდებლობა ევროპული თანამეგობრობის შესაბამის ენერგეტიკულ კანონმდებლობასთან იქნას სისრულეში მოყვანილი.

დასავლეთის დახმარების მოლოდინში

ვიდრე კიშინიოვსა და „გაზპრომს“ შორის გრძელდება დაპირისპირება, მოლდოვის ხელისუფლება თავდაპირველად ენერგეტიკულ სექტორში 30-დღიანი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებით შეეცადა სიტუაციის განმუხტვას. შემდეგ კი სწრაფად შეუდგა ალტერნატიული გზების გამოძებნას მძიმე ზამთრის მოახლოების წინ შექმნილი დეფიციტის შესავსებად.

25 ოქტომბერს მოლდოვის სახელმწიფო კომპანია „ენერგოკომმა“ პოლონეთის სახელმწიფო კომპანია PGNiG-თან გააფორმა ხელშეკრულება ქვეყანაში 1 მილიონი კუბური მეტრი გაზის იმპორტირების შესახებ. მოლდოვის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ხაზგასმულია, რომ ქვეყნის ისტორიაში ეს არის „გაზპრომის“ ალტერნატიული წყაროდან ბუნებრივი აირის შეძენის პირველი შემთხვევა.

ასევე ნახეთ

მოლდოვამ პირველად მოაწერა ხელი შეთანხმებას „გაზპრომის“ ნაცვლად ბუნებრივი აირის სხვა კომპანიისგან შესყიდვის თაობაზე


ეს შესაძლოა იყოს დროებითი ზომა, მაგრამ კიშინიოვი ფიქრობს სხვა ალტერნატიულ პერსპექტივაზე, რათა შეამციროს დამოკიდებულება რუსულ ბუნებრივ აირსა და იმ კომპანიებზე, რომლებსაც კრემლი აკონტროლებს. ეს არ არის იოლი ამოცანა, რადგან 2,6 მილიონიანი მოლდოვა წელიწადში 2,8 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს მოიხმარს.


მაგრამ მიმდინარე თვის დასაწყისში მწყობრში ჩადგა კრიტიკულად მნიშვნელოვანი 150 კილომეტრის სიგრძის ახალი გაზსადენი, რომელიც რუმინეთის ქალაქ იასიდან კიშინიოვამდეა გადაჭიმული და მოლდოვას ევროპის ენერგოსისტემასთან პირდაპირ აკავშირებს.

გაზსადენი ეკუთვნის დამას მართავს „ვესტმოლდტრანსგაზი“, რუმინული კომპანია „ტრანსგაზის“ შვილობილი კომპანია. ხოლო „ვესტმოლდტრანსგაზის“ აქციათა 25 პროცენტს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ფლობს.

დასავლეთის მხრიდან მოლდოვას სხვა დახმარებაც მიუღია. 2019 წელს ევროკავშირმა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა და მსოფლიო ბანკმა მოლდოვას გამოუყვეს 270 მილიონი ევროს დახმარების პაკეტი რუმინეთისა და მოლდოვის ენერგეტიკული ქსელების მუდმივი დაკავშირებისათვის საჭირო საქმიანობის დასაფინანსებლად.

და სწორედ იმ დროს, როდესაც მოლდოვის ენერგეტიკულ სექტორში გრძელდება მთავრობის მიერ გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა, ევროკომისიამ, ენერგეტიკული კრიზისის დასაძლევად, 27 ოქტომბერს კიშინიოვს დახმარების სახით 60 მილიონი ევრო გამოუყო.


ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა მოლდოვის პრემიერ-მინისტრ, ნატალია გავრილიცასთან 27 ოქტომბერს გამართული შეხვედრის შემდეგ. ეს 60 მილიონი არის ევროკომისიის გრანტი და არა კრედიტი და ამ თანხას მოლდოვის მთავრობა უმოკლეს დროში მიიღებს.