კრემლის პრინცები ფრონტის წინა ხაზზე?

დმიტრი პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის 33 წლის შვილი ნიკოლაი ირწმუნება, რომ ექვსი თვე უკრაინაში, „ვაგნერის“ ჯგუფის რიგებში იბრძოდა რიგით არტილერისტად და შეცვლილი გვარით, ისე, რომ არავინ იცოდა, ვინ იყო. ნიკოლაი პესკოვის „გმირობის“ შესახებ ინფორმაცია პირველად „ვაგნერის“ დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა გაავრცელა, შემდეგ ამაზე რუსმა სამხედრო კორესპონდენტებმაც ილაპარაკეს, თუმცა უმცროსი პესკოვის მხედრული მამაცობის ამბავი ცოტამ თუ დაიჯერა. უნდობლობას მყარი ლოგიკური და ფაქტობრივი საფუძველი აქვს.

კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა რუსი სამხედრო კორესპონდენტის ალექსანდრ სიმონოვის ტელეგრამარხზე გამოქვეყნებულ ინტერვიუში თქვა, რომ პუტინის პრესსპიკერის ვაჟი, ნიკოლაი პესკოვი მთელი ნახევარი წლის განმავლობაში, ისე, რომ მხოლოდ მან და რამდენიმე ადამიანმა იცოდა, იბრძოდა უკრაინაში და, რომ კოლიას „ვაგნერში“ მიღება თავად დმიტრი პესკოვმა სთხოვა მას.

”ყველა ჩემი ნაცნობიდან მხოლოდ დმიტრი სერგეევიჩ პესკოვი, რომელიც ერთ დროს უიმედო ლიბერალი იყო, თავისი შვილი, ადრე ამერიკაში თუ ინგლისში რომ ცხოვრობდა... მოვიდა და მითხრა: „მიიღეთ უბრალო არტილერისტად“. სხვათა შორის, აბსოლუტურად ნორმალურად იმსახურა. უბრალო არტილერისტად, ზალპური ცეცხლის სისტემა „ურაგანზე“, მუხლამდე ტალახსა და ნეხვში იდგა. ცოტამ თუ იცის ამის შესახებ“, - თქვა ევგენი პრიგოჟინმა.

მალევე კომენტარი გააკეთა თვითონ ნიკოლაი პესკოვმაც, რომელმაც „კომსომოლსკაია პრავდას“ უთხრა, რომ ფრონტზე წასვლა მისი ინიციატივა იყო, რასაც უპირობოდ დაუჭირა მხარი „სახელოვანმა“ მამამ:

„როცა გადავწყვიტე სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობა, არ ვიცოდი, როგორ მოვხვედრილიყავი ფრონტზე. რადგან მაშინ, როცა ეს ყველაფერი დაიწყო, ამდენი ინფორმაცია არ იყო. ამიტომ მომიწია მამისთვის მიმართვა. ვკითხე, როგორ დავუკავშირდე „ვაგნერს“-მეთქი და ისიც დამეხმარა“.

როგორც ნიკოლაი პესკოვი ამბობს, მას არ შეეძლო გვერდზე გადგომა და იმის ყურება, თუ როგორ მიდიოდნენ სხვები ომში. ამიტომ თვითონაც წავიდა და ისე გამოიჩინა თავი, რომ „მამაცობის“ ორდენითაც კი დააჯილდოვეს.

„ფრონტზე არავინ იცოდა, რომ პესკოვის შვილი ვიყავი. გვარის შეცვლა მომიწია. მართლა არავინ იცოდა“, - თქვა ნიკოლაი პესკოვმა.

რუსულ სოციალურ ქსელებში დმიტრი პესკოვის შვილის ჯარისკაცობამ ბევრ ხუმრობას დაუდო სათავე. პუტინის პრესსპიკერი ცნობილი ქართული საბჭოთა ფილმის "ჯარისკაცის მამის" მთავარ გმირადაც კი გამოსახეს.

ნიკოლაი პესკოვის სახელმა ომის კონტექსტში პირველად 2022 წლის სექტემბერში გაიჟღერა. 2022 წლის 21 სექტემბერს, როცა ვლადიმირ პუტინმა მობილიზაცია გამოაცხადა, პესკოვის ვაჟს დაურეკა ინტერნეტარხის „პოპულარული პოლიტიკის“ წამყვანმა დმიტრი ნიზოვცევმა და თავი სამხედრო კომისრად წარუდგინა, უთხრა, რომ მობილიზაციის ფარგლებში გამოძახებულია კომისარიატში, რაც უმცროსს პესკოვს, რბილად რომ ითქვას, არ მოეწონა. პუტინის პრესსპიკერის შვილმა მოკრძალებულად შეახსენა „კომისარს“, რომ „ბატონ პესკოვს“ ელაპარაკებოდა და მასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება სხვა დონეზე უნდა მიღებულიყო.

ასევე ნახეთ პესკოვის ვაჟი სამხედრო კომისარიატში „დაიბარეს" - ნიკოლაი პესკოვი სატელეფონო ხულიგნობას წამოეგო

„სატელეფონო ხულიგნობის“ დროს გამოჩენილი სიმხდალისა და უპასუხისმგებლობის გარდა, ნიკოლაი პესკოვის ბიოგრაფიაში სხვა არაერთი საჩოთირო მომენტია.

2017 წელს ალექსეი ნავალნის კორუფციასთან ბრძოლის ფონდმა (ФБК) გამოაქვეყნა გამოძიება რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის ვაჟის ქონების შესახებ.

გამოძიების ავტორებმა მიაგნეს ფოტოებს, რომლებიც ასახავს პირველი ქორწინებიდან პესკოვის შვილის ნიკოლაი პესკოვის (იმავე ნიკოლაი ჩოულზის) მდიდარ ცხოვრებას. ფოტოების მიხედვით, ახალგაზრდა კაცი ფლობს ელიტური ბრენდების ავტომანქანებს, მათ შორის Tesla-ს, Range Rover-სა და Ferrari-ს. გამოძიებაში ასევე საუბარია, რომ ჩოულზი ფლობს ბინას მოსკოვის ცენტრში, რომელიც შეიძლება ღირდეს 30 მილიონ რუბლზე მეტი, რომ იგი დაფრინავს კერძო თვითმფრინავებით და ეს მაშინ, როცა არსად არ მუშაობს, რაც თვითონაც დაადასტურა კორუფციასთან ბრძოლის ფონდის თანამშრომელთან საუბარში.

ალექსეი ნავალნი

ნავალნის ФБК-ის გამოძიებაში, ბრიტანული მართლმსაჯულების მონაცემებზე დაყრდნობით, ასევე ნათქვამია, რომ ადრე, ჯერ კიდევ დიდ ბრიტანეთში ცხოვრებისას, ნიკოლაი პესოკვმა (ჩოულზმა) მონაწილეობა მიიღო რამდენიმე თავდასხმაში (მოზარდსა და გოგონაზე), რისთვისაც იგი 2009 წელს გაასამართლეს და დაახლოებით ერთი წლით ციხეში გაუშვეს.

უმცროს პესკოვზე რუსეთშიც აღიძრა სისხლის სამართლის საქმე: თავს დაესხა საკუთარ ბებიას, თუმცა საქმე მალევე დაიხურა. ნავალნის საგამოძიებო ჯგუფის ცნობით, დმიტრი პესკოვის ვაჟი ასევე არ იხდის ალიმენტებს და ხშირად არღვევს საგზაო მოძრაობის წესებს.

თუმცა ძველი ცოდვებიც რომ არ ყოფილიყო, უმცროს პესკოვს მაინც არავინ დაუჯერებდა, რადგან, როგორც კიდევ ერთმა ჟურნალისტურმა გამოძიებამ აჩვენა, იმ დროს, როცა კოლია პესკოვი ფრონტზე უნდა ყოფილიყო, მისი ძვირფასი და საყვარელი „ტესლა“ მოსკოვის ქუჩებში მოძრაობის წესებს არღვევდა და სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმის ქვითარიც კი მიიღო. ინფორმაციას, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს პუტინის პრესსპიკერის ვაჟის ფრონტზე ყოფნას, ტელეგრამარხმა ВЧК-ОГПУ-მ მოუყარა თავი:

ნიკოლაი ჩოულზი (იგივე პესკოვი) 2023 წლის 28 მარტამდე იყო Tesla Model X-ის ერთადერთი პატრონი. თვითმხილველების თქმით, ესაა მისი საყვარელი მანქანა, რომელსაც მხოლოდ თვითონ მართავს. 2022 წლის დასაწყისიდან წლის ბოლომდე, მანქანა აქტიურად მოძრაობდა მოსკოვში, რასაც ადასტურებს გამოწერილი ჯარიმები. ასე რომ, ნიკოლაის "ომში ყოფნის" გამოცხადებულ პერიოდში ელექტრომობილმა, რომელიც მოძრაობდა მფლობელისათვის ჩვეულ მარშრუტებზე, არაერთხელ დაარღვია საგზაო წესები 2022 წლის ივლისსა და ნოემბერში. არსებობს ყველა საფუძველი ივარაუდონ, რომ ავტომობილს თავად ნიკოლაი მართავდა.

"არც სოლედარისა და არც ბახმუტის მიმართულებებზე იგი არავის უნახავს. არც „ურაგანების“ და არც „რაპირების“ განაწესებში", - უთხრეს გამომძიებელ ჟურნალისტებს „ვაგნერის“ მოქმედმა და ყოფილმა არტილერისტებმა.

თუმცა, პრიგოჟინის და პესკოვის სიტყვებისა უპირობოდ სჯერა სამთავრობო პროპაგანდას. ტელეკომპანია RT-ის თანამშრომლისა და სამხედრო კორესპონდენტის, რომან კოსარევის თქმით, მისთვის ცნობილი იყო, რომ ნიკოლაი პესკოვი გმირულად იბრძოდა „ვაგნერის“ რიგებში:

„გამუდმებით მექავებოდა ხელები, რათა მთელი ქვეყნისთვის მომეთხრო ამის შესახებ. მახსოვს, რა სიბინძურეებით ამკობდნენ მის ოჯახს „კარგი სახის“ ადამიანები და სხვა ვერშემდგარი მოღალატეები. მადლობა ევგენი პრიგოჟინს, რომ გაასაჯაროვა ვაჟკაცური საქციელის ეს ფაქტი! დღეს მე ველაპარაკე ნიკოლაის და აი, რა მითხრა მან მთელი ამ ხმაურის შესახებ: "არასდროს მიმიქცევია ყურადღება, რასაც ზურგს უკან ჩემზე ამბობენ. ჯერ კიდევ მრავალი წლის წინ დავდე ფიცი, რომ ვემსახურო ჩემს სამშობლოს. დონბასის მოვლენებისა და სპეცოპერაციის დაწყებამდე დიდი ხნით ადრე, მქონდა პატივი წარმომედგინა ჩემი სამშობლო გამარჯვების აღლუმზე 9 მაისს. დღეს კი შევძელი ჩემი მოვალეობის შესრულება და ქვეყნის დაცვა ბრძოლის ველზე "ვაგნერის" რიგებში. ეჭვი არ შეგეპაროთ, სიმართლე და გამარჯვება ჩვენთანაა!“

პოლიტოლოგ სტანისლავ ბელკოვსკის თქმით, სიმართლე ის არის, რომ არცერთ და არანაირ ომში ნ. დ. ჩოულზ-პესკოვი არ ყოფილა, უმცროს პესკოვთან დაკავშირებულ მედიაკამპანიას კი, მისი აზრით, შემდეგი შინაარსი აქვს:

„პრიგოჟინმა გამოსცადა რუსეთის მმართველი ელიტისთვის ინდულგენციების დარიგების ტექნოლოგია“.

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და ალექსეი ნავალნის თანამებრძოლი ლუბოვ სობოლიც დარწმუნებულია, რომ პრიგოჟინი, რომლის სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ ომის დანაშაულშია ეჭვმიტანილი, უბრალოდ და შემთხვევით არაფერს აკეთებს.

ლუბოვ სობოლი

„პესკოვის შვილის უხერხული მდგომარეობიდან გამოძვრენის მცდელობა საკითხის ერთი მხარეა, - ამბობს ლუბოვ სობოლი, - პრიგოჟინი ცდილობს დაიმეგობროს მაღალი თანამდებობის პირი, რომელსაც პირდაპირი წვდომა აქვს პუტინზე. პრიგოჟინი არასად არ უყვართ, რადგან ყველა გამოიყენა და გადააგდო, ახალი მეგობრებია საჭირო, განსაკუთრებით მაშინ, როცა პოზიციები გისუსტდება“.

როგორც უნდა იყოს, კიდევ ერთი პოპულარული რუსი ბლოგერის პაველ პრიანიკოვის თქმით, პროექტი - „პესკოვის შვილი ვაგნერის რიგებში“ უნიჭოდ შესრულდა და ფაქტობრივად ჩავარდა.

„ადრე პროპაგანდა უკეთ მუშაობდა. როგორც ჩანს, თავი იჩინა კონკურენციის არარსებობამ. კონკურენციის გარეშე კი ხარისხი ყოველთვის უარესდება, - ამბობს ბლოგერი, - გასაგებია, რომ ეს პროექტი პროპაგანდისტული კამპანიის ნაწილია, რათა ომში ჩაითრიონ უბრალო ხალხი, რათა დაარწმუნონ ისინი, რომ საშიში არაფერია, რადგან „ფრონტის წინა ხაზზე პრინცებიც კი იმყოფებიან; სახიფათო რომ იყოს, მამიკო მას არ გაუშვებდა“.