კრემლის ახალი საინფორმაციო ფრონტი თუ დამოუკიდებელი მედია?

„2019 წლის ოქტომბერში ქართულ მედიაბაზარზე კრემლისტური მედია News Front-ის ქართულენოვანი ვებგვერდი გამოჩნდა. საინფორმაციო სააგენტო ”ახალი ამბების ფრონტი” ანუ News Front-ი ინტერნეტში 2014 წლის ნოემბერში რუსულ ვებჰოსტინგ სერვისზე reg.ru-ზე დარეგისტრირდა. ვებგვერდის IP მისამართი რუსეთის ქალაქ როსტოვში მდებარეობს“, - წერს ფაქტების გადამოწმების პორტალი „მითების დეტექტორი“.

News Front-ი ინფორმაციას 8 ენაზე - რუსულად, გერმანულად, ინგლისურად, სერბულად, ესპანურად, ფრანგულად და უნგრულად - აქვეყნებდა. ოქტომბერში პლატფორმას ქართული ენაც დაემატა.

რადიო თავისუფლება დაუკავშირდა ორგანიზაცია "ევრაზიული ინსტიტუტის" დამფუძნებელ გულბაათ რცხილაძეს, რომელიც ამავდროულად ახალი სააგენტოს საინფორმაციო რედაქტორია. იგი “მითების დეტექტორის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას არ ეთანხმება და ამბობს, რომ არანაირი კავშირი არ აქვს რუსულ პოლიტიკასთან. ამბობს, რომ მას გერმანიის მოქალაქე დაუკავშირდა და შესთავაზა ქართულ ენაზე „ნიუს ფრონტზე“ მუშაობა. კითხვაზე თუ ვინ არის ეს გერმანელი, ამბობს რომ მნიშვნელობა არ აქვს.

გულბაათ რცხილაძის უარყოფის მიუხედავად, საიტზე განთავსებულ ინფორმაცის თუ დავეყრდნობით, „ნიუს ფრონტის“ ხელმძღვანელი კონსტანტინ კნირიკია, ორგანიზაცია კი რუსული.

საიტის შესახებ ვკითხულობთ: „ნიუს ფრონტი“ საინფორმაციო სააგენტოა, რომლის მიზანია მოვლენების ობიექტური გაშუქება რუსეთში, უკრაინასა და ბალკანეთში, სირიაში, ყაზახეთში, ბელარუსში, მოლდოვაში და მთელ მსოფლიოში. ჩვენი რედაქტორები მუშაობენ ბულგარეთში, სერბეთში, გერმანიაში, საფრანგეთში, ესპანეთში, დიდ ბრიტანეთსა და უნგრეთში.

News Front («Новостной фронт») – информационное агентство, цель которого – объективное освещение событий в России, на Донбассе, Украине и Балканах, в Сирии, Казахстане, Белоруссии, Молдавии и во всём мире. Наши редакции работают в Болгарии, Сербии, Германии, Франции, Испании, Великобритании и Венгрии.“

გულბაათ რცხილაძე 2019 წელის 9 მაისს ჭავჭავაძის გამზირზე გამართული "საქართველოს უკვდავი ჯარის" აქციის ორგანიზატორი იყო, მსვლელობა რუსული "უკვდავი პოლკის" ანალოგი გახლდათ.

News Front-ის საიტზე უკრაინის ტერიტორიები - დონბასი, ლუგანსკი და ყირიმი - დამოუკიდებელ რესპუბლიკებად არის მოხსენიებული.