კრემლი ახალ იდეოლოგიურ საყრდენს ეძებს

ალექსანდრ დუგინი

ბოლო თვეების განმავლობაში, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის შიდა პოლიტიკური ბლოკი რეგულარულად იწვევს კრემლში ულტრაკონსერვატიულ იდეოლოგებს, რომელთა შორის არიან ალექსანდრ დუგინი, ალექსანდრ პროხანოვი, ვარდან ბაღდასარიანი, კონსტანტინ მალოფეევი და სხვები. ამის შესახებ წერს საინფორმაციო პორტალი „მედუზა“ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დაახლოებულ წყაროებსა და რუსეთის მმართველი პარტიის „ედინაია როსიას“ ანონიმურ წარმომადგენლზე დაყრდნობით. წყაროების მიხედვით, ეს ადამიანები არ მონაწილეობენ ტექნიკური საკითხების გარჩევებში, კრემლი მათ სულ სხვა ფრონტზე საბრძოლველად იყენებს.

„მათთან კერძო საუბრები და შეხვედრები მიმდინარეობს კონკრეტულ იდეოლოგიურ საკითხებზე - როგორია რუსეთის მიზანი, რა სურს რუსეთს“, - ამბობს კრემლთან დაახლოებული წყარო.

  • ალექსანდრე დუგინი - ევრაზიანიზმის იდეოლოგი, პოლიტოლოგი, "რუსული სამყაროს" ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მხარდამჭერი. 2000-იანი წლების დასაწყისიდან ლობირებს ევრაზიული კავშირის შექმნის იდეას. დუგინის აზრით, ევრაზიური კავშირი უნდა მოიცავდეს ყოფილი სსრკ-ს ყველა ქვეყანას. გარდა ამისა, დუგინის თეორია აგებულია რუსეთისა და „კოლექტიური დასავლეთის“ დაპირისპირების ირგვლივ. დუგინს ასევე ადანაშაულებენ, ფაქტობრივად, ფაშისტური შეხედულებების გაზიარებაში.
  • ალექსანდრე პროხანოვი - იმპერიული შეხედულებების რუსი "პატრიოტი" მწერალი, გაზეთ "ზავტრას" მთავარი რედაქტორი. 1991 წელს იყო საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო კომიტეტის (ГКЧП) მხარდამჭერი. ავტორია ე.წ. "ატომური მართლმადიდებლობის" კონცეფციისა. პროხანოვის განმავრტებით, "ატომური მართლმადიდებლობა" ესაა სახელმწიფო, რომელიც აერთიანებს საბჭოთა სტალინიზმისა და მართლმადიდებლური "მეფის რუსეთის" ნიშან-თვისებებს.

ალექსანდრ პროხანოვი

  • ვარდან ბაღდასარიანი - ისტორიკოსი, ალექსანდრ პროხანოვის სტალინურ გაზეთ „ზავტრას“ მუდმივი ავტორი, რომელსაც რუსეთის რკინიგზის ყოფილ მმართველ, ვლადიმირ იაკუნინთან თანაავტორობით გამოცემული აქვს არაერთი წიგნი. ბაღდასარიანი ასევე ხშირად წერს ცივილიზაციების დაპირისპირების შესახებ, ხოლო დონბასს უწოდებს "რუსეთის ცივილიზაციური ბრძოლის ფრონტს". „დონბასი არა მარტო უკრაინის ფაშიზმისგან განთავისუფლების პლაცდარმია, არამედ ის ასევე არის პლატფორმა, საიდანაც რუსეთის ცივილიზაციური თვითაღდგენის ვექტორი იწყება. დონბასის მიწაზე იბადება ახალი რუსული იდეოლოგია. იბადება არა თეორიის, არამედ სისხლისა და სიკვდილის საშუალებით. მხოლოდ გმირთა სისხლით საკრალიზებულ იდეოლოგიას შეიძლება ჰქონდეს რეალური ისტორიული პერსპექტივა“, - ამტკიცებს ბაღდასარიანი თავის სტატიებში და რუსეთში ოფიციალური იდეოლოგიის დანერგვას მოითხოვს.
  • კონსტანტინ მალოფეევი - რუსი მეწარმე, მილიარდერი, პოლიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე, კომპანია „როსტელეკომის“ აქციების მფლობელი, „ტვ ცარგრადის“ დამფუძნებელი და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, მსოფლიოს რუსული სახალხო ტაძრის თავმჯდომარის (სრულიად რუსეთისა და მოსკოვის პატრიარქის) მოადგილე, „რუსული სამყაროს“ ერთ-ერთი დამფინანსებელი. მალოფეევი 2014 წლიდან იმყოფება ევროკავშირის, შეერთებული შტატებისა და კანადის სანქციების ქვეშ, ხოლო 2017 წლიდან საერთაშორისო ძებნილთა სიაშია.

კონსტანტინ მალოფეევი

„მედუზას“ წყაროების მიხედვით, კრემლმა დაიწყო კონსულტაციები ტელეკომპანია „ცარგრადის“ დამფუძნებელთან, "მართლმადიდებელ ოლიგარქთან" კონსტანტინე მალოფეევთან, რომელთანაც რუსეთის პრეზიდენტის აპარატის პოლიტიკურ ბლოკს ადრე დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა. 2019 წელს მალოფეევმა გადაწყვიტა ძალები მოესინჯა საჯარო პოლიტიკაში, რისთვისაც იგი გაწევრიანდა „სპრავედლივაია როსსიაში“ („სამართლიანი რუსეთი“), რომელიც დაფინანსებასა და განახლებას საჭიროებდა, თუმცა, მალოფეევმა პარტიის სრულად დაქვემდებარება გადაწყვიტა, რაც არც კრემლს მოეწონა და არც - პარტიის მოქმედ ლიდერებს.

Царьгра́д ТВ - რუსული საინფორმაციო ინტერნეტ სატელევიზიო არხი, რომელიც დაარსდა 2015 წელს რუსი ბიზნესმენის კონსტანტინ მალოფეევის მიერ და, რომელიც ეწევა ულტრამემარჯვენე და ნაციონალისტური იდეოლგიის პროპაგანდას. არხი მჭიდროდ თანამშრომლობს რუსულ საზოგადოებრივ, კულტურულ და რელიგიურ ორგანიზაციებთან, მათ შორის რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან.

„მუდუზას“ ცნობით, მალოფეევი, დუგინი, პროხანოვი და ბაღდასარიანი უნდა დაეხმარონ კრემლს „ახალი იდეოლოგიის კონტურების მონიშვნაში“, რისთვისაც მათ პერიოდულად ხვდებიან კრემლის პოლიტიკური ბლოკის ხელმძღვანელი სერგეი კირიენკო და მისი უახლოესი თანამოაზრეები სახელმწიფო საბჭოს საქმეთა დეპარტამენტის უფროსის ალექსანდრ ხარიჩევისა და საჯარო პროექტების დეპარტამენტის უფროსის, სერგეი ნოვიკოვის სახით. თუმცა ამ შეხვედრების მიზანი არაა მხოლოდ იდეოლოგიის კონტურების „მოხაზვა“ როდია. კრემლის აპარატი მემარჯვენე რადიკალი იდეოლოგების დახმარებით ცდილობს იმ კონკრეტული თეზისების ჩამოყალიბებას, რომლებიც უნდა გამოიყენონ სერგეი კირიენკომ და ვლადიმირ პუტინმა თავიანთ საჯარო გამოსვლებში.

  • სერგეი კირიენკო - რუსი სახელმწიფო მოღვაწე. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე და რუსეთის ფედერაციის გმირი. რუსეთის მთავრობის თავმჯდომარე 1998 წლის 24 აპრილიდან 24 აგვისტომდე. ატომური ენერგიის სახელმწიფო კორპორაცია „როსატომის“ ყოფილი გენერალური დირექტორი (2005-2016 წწ.). ამჟამად იმყოფება ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთის, აშშ-სა და იაპონიის მიერ დაწესებული სანქციების ქვეშ.

სერგეი კირიენკო და ვლადიმირ პუტინი

„რუსეთი ყოველთვის იგებდა ნებისმიერ ომს, თუ ეს ომი სახალხო გახდებოდა. ყოველთვის ასე იყო. ჩვენ აუცილებლად მოვიგებთ ამ ომს - როგორც "ცხელს“ და ეკონომიკურს, ასევე ფსიქოლოგიურს და საინფორმაციოს, რომელიც ჩვენ წინააღმდეგ მიმდინარეობს, მაგრამ ამისათვის აუცილებელია, რომ ეს იყოს სწორედაც რომ სახალხო ომი, რათა თითოეულმა ადამიანმა იგრძნოს თავისი ჩართულობისა და მონაწილეობის მნიშვნელობა“, - განაცხადა სერგეი კირიენკომ 2022 წლის ოქტომბრის ერთ-ერთ გამოსვლაში. კირიენკო ასევე სიტყვით გამოვიდა მსოფლიოს რუსული სახალხო ტაძრის საბჭოზე, სადაც ისაუბრა "რუსი ხალხის ისტორიული ტრადიციებისა და სულიერი ფასეულობების შენარჩუნებაზე, რომელთა შორისაა ძლიერი ოჯახი, დედობა, მოხუცებისადმი პატივისცემა, ჯანსაღი ცხოვრების წესი".

ასევე ნახეთ დუგინის მანიფესტი ათ თეზისად და ათი პასუხი მას

რუსეთის მმართველი პარტიის „ედინნაია როსიას“ („ერთიანი რუსეთი“) ხელმძღვანელობასთან დაახლოებული წყაროს მიხედვით, დუგინი და პროხანოვი კრემლთან ადრეც თანამშრომლობდნენ, მაგალითად, 2000-იანი წლების ბოლოს, როდესაც პრეზიდენტის ადმინისტრაციის პოლიტიკურ ბლოკს ვლადისლავ სურკოვი ხელმძღვანელობდა, მაგრამ ბოლო მომენტამდე ეს კონტაქტები არარეგულარული იყო. ამასთან დუგინსა და პროხანოვს ახლა თვისებრივად ახალი როლები ერგოთ: თუ ადრე, კრემლის ჩანაფიქრით, მათ გარკვეულ აუდიტორიაზე (ძირითადად ულტრაკონსერვატულზე) უნდა ემუშავათ, ახლა ისინი ზოგადი, ყველასთვის განკუთვნილი რუსული იდეოლოგიის შექმნაში მონაწილეობენ.

”ახლა პუტინი დუგინისა და პროხანოვის ლექსიკით მეტყველებს”, - ამბობს კრემლთან დაახლოებული წყარო, რომლის თქმითაც, ადრე მედია ხშირად აზვიადებდა ალექსანდრ დუგინის გავლენას, როცა მას პუტინის მთავარ იდეოლოგსა და ტვინსაც კი უწოდებდა. პუტინი ბოლო დრომდე მხოლოდ ზედაპირულად იცნობდა დუგინის შეხედულებებს. ყველაფერი შეიცვალა დუგინის ქალიშვილის, დარიას მკვლელობის (2022 წ. აგვისტო) შემდეგ.

ასევე ნახეთ ალექსანდრ დუგინი: „სამყაროს აღსასრულისას მნიშვნელოვანია, იყოთ ჩვენს მხარეს“

„მედუზას“ ინფორმატორების თქმით, მკვლელობის შემდეგ პუტინი "სერიოზულად დაინტერესდა" დუგინის ფიგურით. გარდა იმისა, რომ სამძიმრის დეპეშა გაუგზავნა, პუტინმა ყველანაიარად წაახალისა კავშირები ევრიაზიანიზმის იდეოლოგებთან. დარია დუგინას მკვლელობიდან ერთი თვის თავზე, 30 სექტემბერს, პუტინმა საჯარო გამოსვლაში პირველად გამოიყენა დუგინის ერთ-ერთი საყვარელი ტერმინი „ანგლო-საქსები“.

„დარია დუგინას მკვლელობა სწორი კუთხით მიაწოდეს როგორც საზოგადოებას, ასევე პუტინს: მტრები თავს ესხმიან ტრადიციული ღირებულებების მიმდევრებს, ანტიდასავლელებს“, - განმარტა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დაახლოებულმა წყარომ, რომელიც სხვა ინფორმატორებთან ერთად, ირწმუნება, რომ კირიენკო და ხარიჩევი, არ იზიარებენ ამ ულტრაკონსერვატიულ იდეოლოგიას. კირიენკო „თავისუფალი ბაზრისა“ და „მკაცრი კორპორაციული მართვის“ მომხრეა, ხოლო ხარიჩევი „კეთილსინდისიერი თანამდებობის პირი და კარგი შემსრულებელია ყოველგვარი მკაფიო იდეოლოგიის გარეშე“.

ასევე ნახეთ დუგინას მკვლელობა - "შესანიშნავი რუსები" თუ სპეცსამსახურები?

კირიენკოს კავშირი ულტრაკონსერვატორებთან მარტივად აიხსნება. პირველ რიგში, კირიენკო ცდილობს ითანამშრომლოს იმ ადამიანებთან, რომელთა შეხედულებები უკვე ძალიან ახლოსაა ვლადიმირ პუტინის აზრებთან. მეორეც, იმ პოლიტტექნოლოგებსა და პოლიტოლოგებს შორის, რომლებიც მზად არიან ითანამშრომლონ კრემლთან, არ მოიძებნებიან ისეთები, რომლებსაც შეუძლიათ ჩამოაყალიბონ გასაგები, შინაგანად არაწინააღმდეგობრივი და პუტინისთვის მოსაწონი პროექტი. რამდენიმე მათგანმა (იდეოლოგმა) ბოლო თვეებში საერთოდ დატოვა რუსეთი.

„ექსპერტები გვყავს, ასევე გვყავს შემსრულებლები, მაგრამ არ გვყავს ზომიერი იდეოლოგები, მით უმეტეს იმგვარი, როგორიც [პრეზიდენტს] სჭირდება, ამიტომაც მუშაობენ ადმინისტრაციის წევრები მემარჯვენე კონსერვატიულ იდეოლოგებთან, იმათთან, ვინც არიან... ახლა ომია, შესაბამისად, გვჭირდება მეომრული სულისკვეთების მქონენი“, - ამბობს „მედუზასთან“ საუბარში რუსეთის პრეზიდენტის აპარატთან დაკავშირებული ანონიმური წყარო.