"მოვუწოდებდი მოქალაქეებს - მიბრძანდნენ, გაიკეთონ ტესტირება"

კოტე რუხაძე, "ახალი ვექტორის" სოციალური მუშაკი

17-24 მაისს მიმდინარეობს ევროპის ტესტირების კვირეული, რომლის მიზანია პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად მთელ ევროპაში მოეწყოს ღონისძიებები ჰეპატიტებისა და აივ-ინფექციის დროულად გამოვლენის წასახალისებლად.

ეს ინიციატივა 2013 წლიდან იღებს სათავეს და მისი მასშტაბი თანდათან იზრდება. საქართველო ევროპის ტესტირების კვირეულს 2015 წლიდან შეუერთდა. ღონისძიებებში სამთავრობო უწყებები და სამოქალაქო სექტორი ერთობლივად მონაწილეობენ.

ორგანიზაცია „ახალი ვექტორი“ და ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის სხვა წევრები წელსაც სთავაზობენ მოქალაქეებს უფასო ტესტირებას, რომელიც მოძრავი ამბულატორიების საშუალებით მიმდინარეობს.

„ახალი ვექტორის“ სოციალურმა მუშაკმა, კოტე რუხაძემ რადიო თავისუფლების მსმენელებს გააცნო ტესტირების კვირეულის ფარგლებში ამბულატორიების შემდგომი მუშაობის გრაფიკი:

  • 22 მაისს, 11:00-17:00 საათზე - თბილისში, ვაგზლის მოედანზე. მეტროს მიმდებარე ტერიტორია
  • 22 მაისს - თბილისი, სოლოლაკი
  • 23 მაისს, - სოფელი ხაშმი, საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
  • 23 მაისს - თიანეთში
  • 24 მაისს, 11:00-17:00 საათზე - თბილისი, მეტრო „ღრმაღელის“ მიმდებარე ტერიტორია
  • 24 მაისს, 12:00-14:00 საათზე - თბილისში, მეტრო „ახმეტელის“ მიმდებარე ტერიტორია

კოტე რუხაძე ამბობს, რომ ინფიცირებულთა მაქსიმალური გამოვლენის გარეშე იმავე ცე ჰეპატიტის ელიმინაცია ვერ მოხდება. ის აგრეთვე აღნიშნავს, რომ ტესტირებისთვის თავის არიდება არ არის მხოლოდ საქართველოს მოსახლეობის პრობლემა. როგორც წესი, ადამიანებს აქვთ გარკვეული შიში შედეგის მიმართ:

„როცა ვსაუბრობთ აივ-ზე და ჰეპატიტებზე, ნომერი პირველი არის გამოვლენა. ამის გარეშე ვერ მოხდება ამ ადამიანების მკურნალობა. არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, ეს ზოგადად არის პრობლემა, როდესაც ადამიანები არ იკეთებენ ტესტირებას. ტესტირებაზე წასვლას უნდა დრო, რესურსი. ამ დროს შეიძლება, ადამიანს უნდა შინაგანად და ვერ ახერხებს. ასეთი კამპანიის დროს კიდევ უფრო პოზიტიური მიდგომა გვაქვს მოქალაქეების მიმართ. ვეუბნებით, რომ 15 წუთში გაიგებს თავის სტატუსს“.

კოტე რუხაძე განმარტავს, რომ ჰეპატიტებსა და აივ-ინფექციაზე ტესტირება ნებისმიერი სარისკო ქცევის შემთხვევაშია რეკომენდებული:

„სარისკო ქცევა არ ნიშნავს მხოლოდ დაუცველ სქესობრივ კავშირს, ან ინექციური გზით ნარკოტიკების მოხმარებას. ეს შეიძლება მოხდეს სამედიცინო დაწესებულებაში. სამწუხაროდ, არ არის ჩვენთან ისეთი გამართული სისტემა, რომ დაზღვეული იყო ინფიცირებისგან. იგივე პირსინგი. სადაც ყოფილა სისხლთან შეხების შემთხვევა, მოვუწოდებდი მოქალაქეებს მიბრძანდნენ, გაიკეთონ ტესტირება, დაიმშვიდონ თავი“.

„ახალი ვექტორის“ სოციალური მუშაკი ყველას შეახსენებს, რომ ტესტირება არამარტო საკუთარ ჯანმრთელობაზ ზრუნვაა:

„როცა თქვენ ხართ დაცული, თქვენს გარემოზეც ზრუნავთ, თქვენს პარტნიორზე ზრუნავთ, თქვენს მეუღლეზე, თქვენს ოჯახზე ზრუნავთ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ადამიანმა იცოდეს თავისი სტატუსი.

თუ ვინმეს გამოუვლინდა ვირუსი, ესეც პოზიტიურია იმ გაგებით, რომ, რაც უფრო ადრე შევიტყობთ, მით უფრო ეფექტიანია სამედიცინო ჩარევა.

ამასთან, აღარ ხდება ვენური სისხლის აღება. მარტივი პროცედურაა. თითიდან იღება სისხლი“.

თუკი მოქალაქეები ვერ მოახერხებენ კვირეულის ფარგლებში ჩაიტარონ ტესტირება, შეუძლიათ მიმართონ პირველადი ჯანდაცვის ორგანიზაციებს, ზიანის შემცირების ქსელის სერვის-ცენტრებს და აგრეთვე იუსტიციის სახლებში არსებულ პუნქტებს.

„დილის საუბრებში“ ტელეფონით ჩაერთო ლაშა აბესაძე, „ახალი ვექტორის“ რუსთავის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, რომელიც 21 მაისს რუსთავში, სასტუმრო „რუსთავის“ მიმდებარე ტერიტორიაზე თავის კოლეგებთან ერთად იმყოფებოდა მობილური ამბულატორიის მომსახურე ჯგუფში:

„გვერდზე არ ჩაუარონ, რამდენიმე წუთი გამონახონ და ჩაიტარონ კვლევა. ჩვენი ორგანიზაცია ემსახურება ნარკომომხმარებლების ჯგუფს, მაგრამ ზოგადი მოსახლეობის ტესტირებასაც ვატარებთ.

ზოგი ფიქრობს, რომ არ არის მისთვის საინტერესო, არ სურთ სტატუსის გაგება, თუმცა, წლების განმავლობაში ადამიანების ქცევა იცვლება“.

Your browser doesn’t support HTML5

კოტე რუხაძე ჰეპატიტებსა და აივ-ინფექციაზე ტესტირების კვირეულის შესახებ