კოსოვო ევროკავშირის წევრობას ითხოვს - რატომ ახლა და რა არის შემდეგი?

რატომ შეაქვს კოსოვოს განაცხადი ახლა?

კოსოვო ალიანსის წევრობას ესწრაფვის 2008 წელს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან. ახლა კი, რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, ისე ჩანს, თითქოს ევროკავშირი შეიძლება გაფართოების ახალ ფაზაში შევიდეს. ზაფხულში კანდიდატის სტატუსი მიიღეს მოლდოვამ და უკრაინამ, მალე მათ ბოსნია-ჰერცეგოვინაც მიჰყვება. ასე კოსოვო დასავლეთ ბალკანეთის ერთადერთი ქვეყანა იქნებოდა, რომელსაც ოფიციალური განაცხადი არ ექნებოდა გაკეთებული.

რატომაა ეს მნიშვნელოვანი?

როდესაც კოსოვო ოფიციალურად შეიტანს განაცხადს, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ქვეყანა, რომელსაც ევროკავშირის ყველა წევრი არ აღიარებს, ალიანსის წევრობას მოითხოვს. ეს უნიკალური იურიდიული შემთხვევაა, რომლის გადაჭრაც მოუწევს ბრიუსელს. პრობლემა მხოლოდ იმ ქვეყნების პოზიცია არ არის, ვინც კოსოვოს არ აღიარებენ - ესპანეთი, კვიპროსი, რუმინეთი, საბერძნეთი და სლოვაკია. კოსოვოს სუვერენიტეტს არც ევროკავშირი, როგორც საერთაშორისო ორგანიზაცია, აღიარებს - სწორედ ამ ხუთი ქვეყნის წინააღმდეგობის გამო. ევროკავშირის დოკუმენტებში ქვეყანა მოხსენიებულია, როგორც უბრალოდ „კოსოვო“, სქოლიოში კი მოყვანილია ბელგრადსა და პრიშტინას შორის მიმდინარე დიალოგის მსვლელობისას შეთანხმებული ტექსტი. ეს მნიშვნელოვანია: ევროკავშირის შეთანხმებაში წერია, რომ ალიანსის წევრობაზე განაცხადის შეტანა შეუძლია ყველა „ევროპულ სახელმწიფოს“. ტექსტი ინტერპრეტაციის შესაძლებლობას არ ტოვებს.

ახლა რა მოხდება?

კოსოვოს პრემიერი, ალბინ კურტი აპლიკაციას გადასცემს პრაღას, რადგან ჩეხეთი ევროპის კავშირის საბჭოს როტაციის წესით ხელმძღვანელობს. სავარაუდოდ, მომდევნო კვირას ოფიციალური ცნობა გაეგზავნება ევროკავშირის 26 წევრ ქვეყანას. ამ საკითხის გარჩევა კი, ალბათ, შვედეთს დაეკისრება, რომელიც საბჭოს პრეზიდენტობას 1 იანვრიდან გადაიბარებს. სტოკჰოლმის პირველი ნაბიჯი კი იქნება კონსულტაციების ჩატარება ალიანსის ქვეყნებთან, განსაკუთრებით კი მათთან, ვინც კოსოვოს არ აღიარებს. შესაძლოა, რაიმე სახის გადაწყვეტილება საბჭომ შვედეთის პრეზიდენტობის დროს მიიღო - ამას რამდენიმე ფაქტორი მიანიშნებს. ერთი ისაა, რომ შვედეთს ესპანეთი შეცვლის, რომელიც კოსოვოს აღიარების ყველაზე მტკიცე წინააღმდეგია და მას ამ საკითხთან გამკლავება არ მოუნდება. 2024 წელს კი ბრიუსელს ისედაც ბევრი საქმე ექნება მოსაგვარებელი - ევროპარლამენტის არჩევნები მოდის და საბჭოს და კომისიის ახალი პრეზიდენტებიც იქნებიან შესარჩევი.

რას იზამს საბჭო?

ორი გზა არსებობს. ერთია, რომ გავლენიან ექსპერტებს სთხოვონ მოსაზრება განაცხადთან დაკავშირებით. თუმცა ამას დიდი დრო დაჭირდება და ამიტომ უფრო სავარაუდოა, რომ აპლიკაციას ევროკომისიას გაუგზავნიან და სთხოვენ ოფიციალური პოზიციის დაფიქსირებას. ეს, როგორც წესი, აპლიკაციის პროცესის პირველი და ყველაზე უმტკივნეულო ეტაპია. თუმცა ეს შემთხვევა განსაკუთრებულია. განაცხადის ევროკომისიისთვის გასაგზავნად 27-ვე ქვეყნის თანხმობაა საჭირო. თუმცა აქედან გამოსავალიც არსებობს. კონსენსუსის ორი ტიპი არსებობს - ერთია, როდესაც ყველა მონაწილემ უნდა დააფიქსიროს თანხმობა. მეორე, როდესაც არც ერთი მონაწილე არ აფიქსირებს წინააღმდეგობას. ეს მეორე გზა კი შესაძლებლობას აძლევს ესპანეთს და სხვა ქვეყნებს, რომ არც ხელი შეუშალოს პროცესს და, ამავე დროს, არც ცნოს კოსოვოს სუვერენიტეტი.

შემდეგ რა მოხდება?

ევროკომისია მასზე დაკისრებულ მოვალეობას შეასრულებს, თუმცა ამას წლები დასჭირდება - ეს მართლაც უნიკალური და კომპლექსური შემთხვევაა. ამ ხნის განმავლობაში კი ევროპაში არსებული პოლიტიკური რეალობა შეიძლება შეიცვალოს. ბევრი რამეა დამოკიდებული სერბეთთან დიალოგზე. პრიშტინასა და ბელგრადს შორის მოლაპარაკებები ათ წელზე მეტია, მიმდინარეობს და განსაკუთრებული პროგრესი არ შეიმჩნევა, თუმცა ბოლო დროს გაჩნდა ახალი შეთავაზება, რომ სერბეთმა არ აღიაროს კოსოვოს დამოუკიდებლობა, მაგრამ ცნოს მისი სიმბოლიკა - მაგალითად, პასპორტები. ამ შეთანხმების თანახმად ბელგრადი და პრიშტინა ერთმანეთის აპლიკაციებს მხარს დაუჭერენ. მიიჩნევა, რომ ეს საბოლოო შეთანხმება არ არის - უბრალოდ ეტაპია მისკენ მიმავალ გზაზე. თუმცა ეს საუკეთესო საშუალებად ჩანს ორივე ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის მისაღებად.

რას გადაწყვეტს ევროკომისია?

ეს ჯერ არავინ იცის, მაგრამ კოსოვოს სასარგებლოდ სამი რამ მოქმედებს - მას ევროკავშირი უკვე მოიხსენიებს „პოტენციურ კანდიდატად“, ევროკავშირს არაერთხელ დაუდასტურებია, რომ დასავლეთ ბალკანეთის მომავალი ალიანსშია და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კოსოვომ 2015 წელს ხელი მოაწერა „სტაბილიზაციისა და ასოცირების შეთანხმებას“ ევროკავშირთან. ეს შეთანხმება არეგულირებს პოლიტიკურ ურთიერთობებს ბრიუსელსა და პრიშტინას შორის, და სამომავლო შეთანხმებების მაგალითად გვევლინება. თუმცა საქმეს ის ართულებს, რომ ეს შეთანხმება, რომელიც ძირითადად ვაჭრობას არეგულირებს, არ ითხოვდა ყველა წევრის ცალსახა მხარდაჭერას. ევროკავშირის წევრობა და მისი კანონებისა და რეგულაციების მიღება კი სულ სხვა საქმეა. მაინც შესაძლებელია, რომ ბრიუსელმა დაასკვნას (და მოწინააღმდეგე სახელმწიფოები დაეთანხმონ), რომ ამ შეთანხმების მიდგომა - „მრავალფეროვნება აღიარებისას, ერთიანობა ჩართულობისას“ - გაწევრიანების პროცესის დაწყების საფუძველი გახდეს.