კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ და დასაქმებულთა თანასწორობისთვის

5 წელია, მზის განახლებად ენერგიას მოიხმარს ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გორდში მდებარე კომპლექსი „შატო ჩიქოვანები“.

საქართველოში კლიმატის ცვლილებების კვირეული 27 სექტემბერს დაიწყო და ოთხ ოქტომბრამდე გაგრძელდება. კვირეულის ფარგლებში არაერთი დისკუსია და შეხვედრა გაიმართა, რომელთა დიდი ნაწილი გლობალური კლიმატის ცვლილებას, ჰაერის დაბინძურებას, ბუნებრივი რესურსების არაეფექტურად გამოყენებას, ნარჩენების მართვას, ბუნებრივი ეკოსისტემებისა და ბიომრავალფეროვნების კარგვას, წყლის დაბინძურებას და სხვა მნიშვნელოვან პრობლემებს ეხება.

როგორც ავთანდილ გელაძე, წარმომადგენელი საქართველოს „მწვანეთა“ მოძრაობისა „დედამიწის მეგობრები“, განმარტავს, აუცილებელია სახელმწიფო ინსტიტუტებმა, მეწარმეებმა და მოქალაქეებმა ერთობლივად იზრუნონ გლობალური დათბობის შესამცირებლად. ავთანდილ გელაძისავე განმარტებით, კლიმატის ცვლილება გლობალური დათბობის შედეგია, რომლის ძირითად მიზეზს წარმოადგენს ადამიანის საქმიანობის შედეგად ე.წ. სათბურის გაზების გაფრქვევა ატმოსფეროში.

ქუთაისი

ავთანდილ გელაძის ინფორმაციით, იმის მიუხედავად, რომ საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში მრეწველობა მნიშვნელოვნად არ გაზრდილა, რამდენჯერმე გაიზარდა ენერგოპროდუქტების მოხმარება და, შესაბამისად, სათბურის გაზების ემისია. „მწვანეთა“ მოძრაობის წარმომადგენლის განცხადებით, ქვეყანას ამ დრომდე არ აქვს საკანონმდებლო რეგულაცია განახლებადი ენერგიების მოხმარებისა და ენერგოეფექტურობის შესახებ, თუმცა, ამის მიუხედავად, პასუხისმგებლიანმა ბიზნესსუბიექტებმა აუცილებელია მოიხმარონ მზისა და ქარის ენერგია. ავთანდილ გელაძე მიიჩნევს, რომ განახლებადი ენერგიების გამოყენება ბიზნესოპერატორების საქმიანობას გაცილებით მომგებიანს გახდის. ამასთან, მათი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობაა იზრუნონ გარემოზე:

„ხვალ თუ არა ზეგ ენერგომატარებლები აუცილებლად გაძვირდება და მათი პროდუქციის ფასი მოიმატებს, ამიტომ ბიზნესი ორიენტირებული უნდა იყოს იმაზე, რომ დღესვე დაიწყოს განახლებადი ენერგიების გამოყენება“.

5 წელია, მზის განახლებად ენერგიას მოიხმარს ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გორდში მდებარე კომპლექსი „შატო ჩიქოვანები“, რომელიც აერთიანებს ღვინის მარანს, სასტუმროს, რესტორანს და საკონფერენციო დარბაზს. როგორც შატოს მფლობელი უჩა ჩიქოვანი ამბობს, სოფელი გაზიფიცირებული არ არის და შეშის მოხმარების შესამცირებლად მან მზის პანელები დაამონტაჟა წლების წინ. უჩა ჩიქოვანის თქმით, თავდაპირველად 3 პანელი დადგა სახლის სახურავზე, თუმცა მას შემდეგ, რაც ეკონომიკური სარგებელი გამოთვალა, კიდევ ორი დაამატა. როგორც კომპლექსის მეპატრონე ამბობს, ეტაპობრივად კიდევ დადგამს მზის პანელებს და ელექტროენერგიას მთლიანად განახლებადი ენერგიით მიიღებს, რადგან გარდა იმისა, რომ ეს მომგებიანია, გარემოს ნაკლებად აბინძურებს, ვიდრე შეშა:

სამწუხაროდ, ამის მიუხედავად, ჩვენ მაინც გვხვდება ქვეყანაში დისკრიმინაციის ფაქტები სამუშაო ადგილებზე და გვხვდება შემთხვევები, როდესაც ქალებსა და მამაკაცებს განსხვავებული ანაზღაურება აქვთ ერთნაირი სამუშაოს შესრულებისას...
ლიკა კილაძე


„ვახდენ ჩანაცვლებას. ზამთარს და ზაფხულს მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია მზის სხივი იყოს, მაქვს ელექტროენერგია. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მოსახერხებელია - არ ვწვავ შეშას, რომელსაც აქვს კვამლი და ჭვარტლი“.

არასამთავრობო ორგანიზაცია „განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის“ ხელმძღვანელი ლიკა კილაძე ფიქრობს, რომ მეწარმეთა წარმატებისთვის, გარემოს დაცვის ღონისძიებების პარალელურად, აუცილებელია კომპანიაში დასაქმებულ ადამიანებს ღირსეული შრომითი პირობები და გარემო შეექმნათ. ლიკა კილაძის აზრით, პასუხისმგებლიანი ბიზნესი არა მხოლოდ აკმაყოფილებს მომხმარებელთა მოთხოვნებს, არამედ ითვალისწინებს თანამშრომლების და მის თემში მცხოვრები ადამიანების მოლოდინებს. ლიკა კილაძის განცხადებით, დღემდე გამოწვევად რჩება კომპანიებში თანაბარი სამუშაო პირობების შექმნა, მიუხედავად იმისა, რომ ამ სფეროს კანონი არეგულირებს:

„სამწუხაროდ, ამის მიუხედავად, ჩვენ მაინც გვხვდება ქვეყანაში დისკრიმინაციის ფაქტები სამუშაო ადგილებზე და გვხვდება შემთხვევები, როდესაც ქალებსა და მამაკაცებს განსხვავებული ანაზღაურება აქვთ ერთნაირი სამუშაოს შესრულებისას“.

ლიკა კილაძისავე განცხადებით, პასუხისმგებლიანმა ბიზნესკომპანიამ უნდა იზრუნოს თანამშრომელთა ჯანმრთელობაზე და უსაფრთხო სამუშაო გარემოსთან ერთად შესთავაზოს მათ ოჯახთან თავსებადი სამუშაო; ამასთან, თანაბარი პირობები უნდა შექმნას ქალებისთვის, შშმ პირებისა და სხვა მოწყვლადი ჯგუფებისთვის, ახალბედა ან ხანდაზმული თანამშრომლებისთვის.

ქუთაისი

როგორც ქუთაისში მოქმედი ავეჯის მწარმოებელი კომპანიის, „მადერა ჯორჯიას“, ხელმძღვანელი ბესიკ მატკავა ამბობს, კომპანია წლების განმავლობაში აქტიურად ასწავლის და ასაქმებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, რითაც თემში მცხოვრები მოწყვლადი ჯგუფების მიმართ საზოგადოების პასუხისმგებლობას ინაწილებს. ბესიკ მატკავას თქმით, სმენადაქვეითებული თანამშრომლის სამსახურში მიღების შემდეგ, მისთვის თანაბარი სამუშაო გარემო რომ შეექმნა, სურდოთარგმანის სპეციალისტი აიყვანა და ჟესტების ენა ისწავლეს თანამშრომლებმა:

„თავიდან სპეციალისტის დახმარებით გვიწევდა მუშაობა და შემდეგ ჩვენც ვისწავლეთ ჟესტების ენა და გარკვეული პერიოდი ერთად ვიმუშავეთ, რითაც კმაყოფილები ვიყავით“.

როგორც ავეჯის მწარმოებელი კომპანიის ხელმძღვანელი ბესიკ მატკავა ამბობს, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ნებაყოფლობითი ვალდებულებაა, რომელსაც კანონით დაწესებულ მოთხოვნათა მიღმა იღებს ბიზნესი თავის თავზე და განსხვავდება ქველმოქმედებისა და სპონსორობისგან.