დაზარალებული ხალხის დახმარება, დასახარჯი მილიარდების კონტროლი, ეკონომიკის გახსნა და ბიზნესის ხელშეწყობა - ოპოზიცია მზად არის, რომ კორონავირუსის კრიზისთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი პრობლემების გამო დროდადრო შეწყვიტოს ბოიკოტის რეჟიმი. საპარლამენტო ოპოზიციის ერთმა ნაწილმა საკომიტეტო და პლენარული სხდომების განახლებაც მოითხოვა. უმრავლესობის წარმომადგენლები მათ პასუხობენ, რომ პარლამენტი ისედაც აქტიურად მუშაობს, ხოლო ოპოზიცია ისევ პოპულისტურ შოუს დგამს.
დაიწყო თუ არა „ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანია და რა პოზიციები აქვს მას 2020 წლის არჩევნებისთვის? რამდენად ფართო და პერსპექტიულია ოპოზიციის მოქმედების არეალი? რა აბრკოლებს პოლიტიკურ ცხოვრებას საქართველოში? მოსალოდნელია თუ არა პროცესების გამწვავება?
„მთავრობა აპირებს რამდენიმე მილიარდის დახარჯვას ისე, რომ არაფერს ეკითხება ხალხს... პარლამენტი არის ხალხის წარმომადგენელი და პარლამენტის ნებართვით უნდა იყოს გაწეული ნებისმიერი ხარჯი და ნებისმიერი თეთრი უნდა იყოს აყვანილი კონტროლზე“, - „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციაზე 4 მაისს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე დეპუტატმა - რომან გოცირიძემ ილაპარაკა.
ჩამოთვლილია არაერთი კონკრეტული მოთხოვნა და პრეტენზია:
- მთავრობამ სასწრაფოდ უნდა წარმოადგინოს ე.წ. კრიზისული ბიუჯეტი, სადაც ასახული იქნება საერთაშორისო მხარდაჭერით მობილიზებული თანხის დახარჯვის სქემაც;
- მთავრობამ სასწრაფოდ უნდა წარმოადგინოს ბიზნესისა და ეკონომიკის დახმარების კონკრეტული გეგმა - ზუსტად გაწერილი პარამეტრებით;
- საქართველოს მთავრობა ჯერ ისევ მექანიზმებზე ფიქრობს და არავინ იცის, როდის დაიწყება წინასწარ დაანონსებული მწირი ფინანსური და სხვა სახის მხარდაჭერა, რომელსაც ასე ელოდება ხალხი;
- პარლამენტმა უნდა დაიწყოს ჩვეულებრივი მუშაობა მთავრობის საქმიანობის გასაკონტროლებლად - უნდა გაიმართოს საკომიტეტო და პლენარული სხდომები.
„ნაციონალური მოძრაობა“ მზად არის - ბოიკოტის რეჟიმი დროებით შეწყვიტოს და აქტიურდა ჩაერთოს ყველა პრობლემურ საკითხზე და მათ შორის - საერთაშორისო დახმარების ხარჯვის საკითხზე მუშაობის პროცესში.
ასე მოხდა, მაგალითად, საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების საკითხის განხილვის დროსაც. ოპოზიციის დიდმა ნაწილმა მხარი არ დაუჭირა გახანგრძლივებას.
„ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნას საპარლამენტო მუშაობის გააქტიურებასთან დაკავშირებით - დამცინავად უპასუხეს „ქართული ოცნების“ უმრავლესობაში. ითქვა, რომ პარლამენტი არა თუ მხოლოდ აკონტროლებს, არამედ - ჩართულია გადაწყვეტილებების მიღების პროცესშიც.
ოპოზციის ქმედებებს უმრავლესობა პოპულისტურ შოუდ აფასებს და ოპონენტებს პოლიტიკიდან გაქრობასაც კი უწინასწარმეტყველებს.
ასევე ნახეთ მდინარაძე ოპოზიციაზე: ახლა გაგიჟდნენ მუშაობაზე, როცა მთელი მსოფლიო საგანგებო რეჟიმზეა- „როცა მთელი მსოფლიო მუშაობდა, მაშინ ეს ხალხი ბოიკოტის რეჟიმში იყო და მუშაობაზე უარს აცხადებდნენ. ახლა გაგიჟდნენ მუშაობაზე, როცა მთელი მსოფლიო საგანგებო რეჟიმზეა გადასული", - განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ;
- „ისინი პოპულიზმზე, სპეკულაციებზე და შოუებზე არიან ორიენტირებულნი და ეს დააკლდათ, რადგან მხოლოდ ამაში მონაწილეობდნენ, როცა ესწრებოდნენ კომიტეტებს. 15-20 წუთით შემოდიოდნენ და მერე მათ ვეღარ ვხედავდით და ძალიან მალე საერთოდ პოლიტიკაშიც ვეღარ ვნახავთ“, - თქვა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა.
3-მილიარდ დოლარიანი საერთაშორისო დახმარების ხარჯვის გაკონტროლებასთან დაკავშირებული მოწოდების უგულებელყოფას ხელისუფლებისთვის წამგებიან ნაბიჯად მიიჩნევს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე.
როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას:
- „ვფიქრობ, ოპოზიციამ სრულიად მართებულად დასვა საკითხი - განახლდეს პარლამენტის სხდომები და საჯარო გახდეს 3 მილიარდი დოლარის დახარჯვის ზუსტი გეგმა“;
- „თუკი ხელისუფლება არ გადადგამს ამ ნაბიჯს და ოპოზიციასთან არც ამ თანამშრომლობაზე წავა, მაშინ როგორც ხდებოდა ხოლმე ყოველთვის, ყველა ხელისუფლების დროს საქართველოში - ხალხი იფიქრებს, რომ ეს ფული ვიღაცის ჯიბეში წავა“.
როგორც გრანტის, ისე სესხის სახით მიღებული 3 მილიარდი დოლარის (9 მილიარდ ლარზე მეტის) შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ამ ეტაპზე მხოლოდ ფრაგმენტულ სახეს ატარებს.
ასევე ნახეთ მთავრობის გეგმის მოლოდინში: ვინ გადაურჩება შიმშილს - რა ეშველება ეკონომიკას?ჯერჯერობით ოფიციალურად ითქვა მხოლოდ ის, რომ: საქართველო მიიღებს როგორც საბიუჯეტო, ასევე მიზნობრივ დახმარებას დაახლოებით 1.5 მილიარდი დოლარის ოდენობით და დაახლოებით ასეთივე მოცულობის დაფინანსებას მიიღებს კერძო სექტორი. შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ თანხის მხოლოდ ნაწილი იქნება ასახული სახელმწიფო ბიუჯეტში.
ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა კორონაკრიზისის ფარგლებში დასახარჯი თანხა 4 მაისს შემდეგნაირად დაანაწილა:
- მოქალაქეებზე პირდაპირი წესით გაწეული დახმარებები - 1 035 000 000 ლარი;
- ეკონომიკა და ბიზნესის მხარდამჭერი ღონისძიებები - 2 100 000 000 ლარი;
- ჯანდაცვის კუთხით COVID19-თან ბრძოლის ხარჯი - 350 000 000 ლარი.
კორონაკრიზისთან დაკავშირებულ საპარლამენტო განხილვებში აქტიურ ჩაბმას აპირებს „ევროპული საქართველოც“ და ის ახლა, მაგალითად, ე.წ. კრიზისული ბიუჯეტის წარმოდგენას ელოდება.
ეს არ ნიშნავს, რომ ბოიკოტი შეწყვეტილია. როგორც პარტიის ლიდერი, დავით ბაქრაძე ამბობს - ბოიკოტმა ე.წ. მიზნობრივი სახე მიიღო და მისი გაუქმება მხოლოდ ხელისუფლების მიერ 8 მარტს მიღწეული შეთანხმების სრულად შესრულების შემდეგ მოხდება.
გარდა იმისა, რომ ისედაც არასაკმარისად და არაეფექტიანად ეჩვენება, „ევროპული საქართველო“ დიდ პრობლემას ხედავს უკვე დაანონსებული ანტიკრიზისული გეგმის შესრულების დაგვიანებაშიც.
„უნდა გვესმოდეს, რომ ყველა დაკარგული დღის ანაზღაურებას მომავალში შეიძლება რამდენიმე თვეც არ ეყოს, იმხელა ზიანს მივიღებთ ახლა. ამიტომ, ასეთი არასრულყოფილი გეგმით და ამ გეგმის შესრულების ასეთი ტემპით, საქართველო აღმოჩნდება უმძიმეს ეკონომიკურ მდგომარეობაში და ამის მიზეზი იქნება მთავრობის არასრულყოფილი, ნელი და არაკომპეტენტური მოქმედება ეკონომიკის მიმართულებით“, - განაცხადა ბაქრაძემ.
როგორც საპარლამენტო, ასევე არასაპარლამენტო ოპოზიციის მწვავე კრიტიკა კიდევ მრავალ საკითხს შეეხება და ასე მაგალითად:
- ხელისუფლებამ უარი თქვა 600 ათასი თვითდასაქმებულის დახმარებაზე, რადგან ერთჯერადი 300-ლარიანი დახმარებისთვის გამოყოფილი 75 მილიონი ლარი მხოლოდ 250 ათას ადამიანს გასწვდება; თვითდასაქმებულების სტატისტიკა კი დაახლოებით 850 ათას ადამიანებს აერთიანებს;
- ხელისუფლება ხალხს არც თავად ეხმარება და არც ეკონომიკის გახსნის სწრაფ ტემპებს მიმართავს იმისათვის, რომ ხალხმა თავად იშოვოს ლუკმაპური;
- ხელისუფლება არ ხსნის საგანგებო მდგომარეობითა და კომენდანტის საათით დაწესებულ გაუმართლებელ აკრძალვებს და არაადეკვატურია მთელი რიგი შეზღუდვები;
- ხელისუფლება უგულებელყოფს ოპონენტებისა და პროფესიული ასოციაციების მიერ შეთავაზებულ რაციონალურ რჩევებსა და გეგმებს;
- ხელისუფლება საგანგებო მდგომარეობის რეჟიმით სარგებლობს - ოპოზიციის შესაძლებლობებს ზღუდავს, ხოლო თავად საარჩევნო კამპანია აქვს გაჩაღებული.
ოპოზიციისთვის არასაკმარისია ეკონომიკის გახსნის პროცესის გარკვეული დაჩქარება, რაც 4 მაისს დაანონსდა.
4 მაისს, პრემიერმა გიორგი გახარიამ გამოაცხადა, რომ დაჩქარდა მეორე ეტაპით გათვალისწინებული მთელი რიგი შეზღუდვების მოხსნის პროცესი და ასევე ითქვა, რომ უკვე გამოცხადებული ანტიკრიზისული გეგმის კომპონენტების გარდა, სულ მალე იქნება სიახლეები ბიზნესის მხარდაჭერის, ტურიზმის ხელშეწყობისა და სოფლის მეურნეობის სტიმულირების მიმართულებებით.
პრემიერის თქმით, ინიცირებული იქნება ასევე საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებები საშემოსავლო გადასახადის სუბსიდირების კუთხით.
ოპოზიციური პარტიების მსგავსად, არც ანალიტიკოსების ნაწილს ეპარება ეჭვი, რომ „ქართული ოცნება“ უკვე აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიაშია ჩართული და პარალელურად, ის ოპოზიციას სამოქმედო არეალს პრაქტიკულად არ უტოვებს.
როგორც პოლიტოლოგმა ხათუნა ლაგაზიძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში მიღწეულმა შედეგებმა ხელისუფლებას საზოგადოების თვალში მნიშვნელოვანი ქულები უკვე დაუწერა და „ოპოზიციას ამ ეტაპზე არა აქვს ფართოდ ლავირების საშუალება“.
თუმცა ექსპერტი ხედავს, რომ ოპოზიციამ ძალის ჩვენების პროცესი დაიწყო და სამიზნედ სოციალური და ეკონომიკური თემატიკა შეარჩია - „რადგან ასეთი პრობლემები შესაძლოა უფრო მრავალფეროვანი იყოს“. დროც აღარ ითმენს - "არჩევნებამდე 5 თვე რჩება და როდისღა უნდა გააქტიურდეს ოპოზიცია, თუ არა ახლა".
ხათუნა ლაგაზიძის თქმით, შედეგები ბევრ რამეზე იქნება დამოკიდებული:
- „გააჩნია, რამდენი ადამიანი დარჩება უკმაყოფილო... მაგალითად, ტურიზმის ინდუსტრიაში დასაქმებულების უკმაყოფილების პიკი სექტემბერში იქნება - როცა სეზონი ჩაივლის და წიწილების დათვლის დრო დადგება“;
- „ამ ეტაპზე ისე ჩანს, რომ ოპოზიციის ბედი არჩევნებისთვის დიდწილად ხელისუფლების შეცდომებზე იქნება დამოკიდებული... გააჩნია იმასაც, თუ რით მოხიბლავს ოპოზიცია ამომრჩეველს და შეძლებს თუ ვერა ამის გაკეთებას“.
ვახტანგ ძაბირაძე პოლიტიკური პროცესების გააქტიურებასა და გამწვავებას მოელის. ის ფიქრობს, რომ მათ შორის - გამწვავდება დისკუსია საერთაშორისო ფინანსური დახმარების ხარჯვასთან დაკავშირებითაც.
ძაბირაძე ფიქრობს, რომ თანდათან წინა პლანზე წამოიწევს არჩევნებთან დაკავშირებული საკონსტიტუციო რეფორმის საკითხი, რაც 8 მარტის შეთანხმებას უკავშირდება. სასამართლოს პოლიტიზირების სადავო საკითხმა შესაძლოა მთლიანად ჩაშალოს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული შეთანხმება.