კორონავირუსის ეკონომიკური გაკვეთილები

თამარ ხორბალაძე, მკვლევარი, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის პროგრამის ხელმძღვანელი

2020 - როგორც არ უნდა განვითარდეს მომავალში მოვლენები, ეს წელი აუცილებლად შევა ისტორიაში, როგორც კორონავირუსის წელიწადი.

ახლა ბევრს მსჯელობენ იმაზე, შეცვლის თუ არა ვირუსი ადამიანების სოციალურ ყოფას, დაანგრევს თუ არა ეკონომიკურ კავშირებს და დამკვიდრებულ სავაჭრო სისტემებს, შეამცირებს თუ არა ჩინეთის როლს წარმოებასა და მსოფლიოს ეკონომიკაში და საპირწონედ გაზრდის მცირე ქვეყნების მნიშვნელობას, ან ხომ არ გამოიწვევს ქვეყნების თვითიზოლირებისკენ მიდრეკილებას და შეასუსტებს გლობალისტურ მისწრაფებებს.

ცხადია, ეს ყველაფერი მაინც მხოლოდ ვარაუდებია. თუმცა დგება დრო, რომ პირველი შოკისგან გამოვიდეთ და კორონას ერას გაკვეთილებს ცივი გონებით შევხედოთ.

პირველი, რაც უკვე ვისწავლეთ, ისაა, რომ ამ პერიოდმა დღემდე კითხვები უფრო მეტი გააჩინა, ვიდრე პასუხები.

სასურსათო უსაფრთხოება

11 მარტს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ პანდემია გამოაცხადა. სასურსათო უსაფრთხოების, ანუ საკვებისა და პირველადი მოხმარების საგნების ხელმისაწვდომობის, თემა ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა გახდა კორონავირუსის დროს და გამოაჩინა „დამოკიდებულების“ ის მაღალი ხარისხი, რომელიც დღესაც აქვს საქართველოს იმპორტზე და, რაც მთავარია, რუსეთზე.

საქართველო ხორბლის მოხმარების მხოლოდ 15 %-ს იკმაყოფილებს შიდა წარმოებით (ძირითადი მომწოდებლები რუსეთი და უკრაინაა, შარშან პირველად შემოვიდა საქართველოში ამერიკული ხორბალიც). შაქარი სრულად იმპორტირებულია და ძირითადად სამი ქვეყნიდან შემოდის (პოლონეთი, რუსეთი, აზერბაიჯანი). ხორცის ბაზარზე შიდა უზრუნველყოფა სულ 52 %-ია (მთავარი იმპორტიორი ქვეყნებია ბრაზილია, თურქეთი, უკრაინა), ფრინველის ხორცის ბაზარზე კი თვითუზრუნველყოფა სულ 32 %-ს შეადგენს; ქვეყანაში ხილის იმპორტის მთავარი პარტნიორები თურქეთი, ეკვადორი და აზერბაიჯანია; მზესუმზირის ზეთიც ძირითადად იმპორტირებულია და იმპორტის 90 % რუსეთზე მოდის.

გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვების პარალელურად, რამაც ინდივიდუალური გადაზიდვების პრაქტიკა მოკლა, პირველი, რაც სავაჭრო პარტნიორმა ქვეყნებმა გააკეთეს, ხორბლის და ზოგიერთი სხვა პროდუქტის ექსპორტზე კვოტების დაწესება და შეზღუდვა იყო. მოწინავე ამ საკითხში, რა თქმა უნდა, რუსეთი გახლდათ: 2020 წლის 1 აპრილს რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მარცვლეული კულტურების ექსპორტზე კვოტა დააწესა, 26 აპრილს კი ხორბლის ექსპორტი სრულად აკრძალა. მოკლევადიან პერსპექტივაში ხელისუფლება ამ გამოწვევას გაუმკლავდა - იმუშავა სტრატეგიულ პარტნიორებთან, მაგალითად, აშშ-თან ხორბლის მარაგების შესავსებად, იმუშავა დისტრიბუტორებთან, სასურსათო მაღაზიებთან. მომხმარებლებს საქართველოში სასურსათო პროდუქტის დეფიციტი თითქმის არ უგრძვნიათ.

ამ გამოცდილებამ არაერთი კითხვა და პრობლემა წარმოაჩინა სასურსათო უსაფრთხოების მდგომარეობასთან დაკავშირებით:

  • სახელმწიფო არ ქმნის მინიმალური სასურსათო უსაფრთხოების მარაგებს და ამ მარაგების შექმნა კრიზისის დაწყების შემდეგ სცადა, ისევე როგორც დაიწყო სურსათით მოვაჭრეებთან დიალოგი, რამდენიმე სახეობის სურსათზე კი ფასების შენარჩუნების სახელმწიფო პროგრამაც დაამტკიცა.
  • საკვები პროდუქტების დიდი ნაწილის იმპორტი ნაკლებად დივერსიფიცირებულია და ისევ ძალიან მაღალია დამოკიდებულება რუსეთზე, რომელიც, ტრადიციულად, არასტაბილური სავაჭრო პარტნიორია.
  • მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის თითქმის ნახევარი სოფლის მეურნეობაშია დასაქმებული, სურსათის შიდა წარმოება დაბალია - ოფიციალური მონაცემებით, სურსათის იმპორტი $ 1.1 მლრდ-ია, ხოლო ექსპორტი - $ 0.8 მლრდ. ამასთან, ექსპორტის 70 %-ზე მეტი სასმელი, ანუ ღვინო, და თხილია. შესაბამისად, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სურსათით თვითუზრუნველყოფა სრულიად არარეალისტურია და ა.შ.

გამოწვევებს ხელისუფლებამ სხვადასხვა დახმარების პროგრამის დააანონსებით უპასუხა, რომელთაგანაც ნაწილის - მაგალითად, მცირე ბიზნესის - დახმარების პროგრამის გამოცხადების თარიღი საეჭვოდ უახლოვდება არჩევნების თარიღს.

ამ ფონზე კი კიდევ ერთხელ ჩნდება კითხვები: რამდენად ეფექტიანია მსგავსი დახმარების პროგრამები? ხომ არ ჯობს საინვესტიციო ინფრასტრუქტურული მსხვილი პროექტების განხორციელება, რაც გაცილებით მეტი ეკონომიკური შედეგის მომტანია, ვიდრე მცირე ბიზნესში ჩასხმული „მცირე გრანტები“, რისი მდგრადობაც ძალიან საეჭვოა და უფრო სოციალური დახმარების ხასიათს ატარებს? ზოგადად, რამდენად სამართლიანია ამ თანხების განაწილების პროცესი, მით უფრო, რომ შედარებით მსხვილი დახმარების სამიზნე ხშირად ხელისუფლებასთან დაახლოებული ან უკვე წარმატებული კომპანიები ხდებიან? და კიდევ ერთხელ, ხომ არ არის დრო ხელისუფლებამ აღიაროს საქართველოში საინვესტიციო გარემოს გაუარესების ფაქტი და შესაბამისი ზომების მიღებაზე იფიქროს?

ინვესტიციები

კოვიდ 19-ის შესახებ ჯერ კიდევ არავინ იცოდა, საქართველოში რომ ანაკლიის პორტის პროექტი ჩავარდა. ეს იყო მნიშვნელოვანი, ხელშესახები მარცხი ქვეყნის სატრანზიტო და სავაჭრო, საინვესტიციო ჰაბად ქცევის საქმეში. 2018 და 2019 წლებში, 2014 წელთან შედარებითაც კი, დაახლოებით, 1/3-ით ნაკლები ინვესტიცია შემოვიდა; 2018 წელს კი 2017 წელთან მიმართებაში ინვესტიციები 36 %-ით შემცირდა. ამასთან, არსებულ ინვესტიციებში მნიშვნელოვანია ოფშორების წილი, რაც, როგორც წესი, რუსულ ან შინაურ ოლიგარქიულ ფულთან არის დაკავშირებული.

ასეთი საწყისი პირობებით შეხვდა საქართველო 2020 წლის კორონავირუსს და შესაბამის საინვესტიციო გამოწვევას - პერიოდს, როცა მსოფლიოში ინვესტორებს ინვესტიციები გააქვთ, საერთაშორისო ორგანიზაციები კი (OECD, გაერო) მსოფლიოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 30-40 % ით შემცირებას ვარაუდობენ. საქართველომ ეს ეფექტი უკვე იწვნია - 2020 წლის 1 კვარტალში ინვესტიციების მაჩვენებელი 41,7 %-ით შემცირდა.

ამ მოცემულობაში მთავარი კითხვა, რომელიც დღეს პასუხგაუცემელია, და არა მხოლოდ ხელისუფლების მიერ, ასე ჟღერს: რა შეიძლება შესთავაზოს საქართველომ მსოფლიოს დემოკრატიის, თავისუფალი სასამართლოს, კერძო საკუთრების დაცულობის, საერთაშორისო საინვესტიციო პროექტების მხარდაჭერის, განათლებასა და ტექნოლოგიებში მეტი რესურსების ჩადების ნაცვლად, რომ მსოფლიოს საინვესტიციო ბაზარზე ინვესტორთა კეთილგანწყობა ქვეყნის სასარგებლოდ გარდატეხოს?

დაბოქლომება

2020 წლის I კვარტალის საინვესტიციო ვარდნა მანამდე მოხდა, სანამ საქართველოს ხელისუფლება საგანგებო ვითარებას გამოაცხადებდა - საქართველოს პრეზიდენტმა შესაბამისი დეკრეტი 21 მარტს გამოსცა. „ლოქდაუნის“ მომხრეები და მოწინააღმდეგეები მაშინაც და დღესაც ბევრს დაობდნენ და დაობენ ამ გადაწყვეტილების დროულობის ან საჭიროების თაობაზე, იმაზე, რა უფრო მეტ და მძიმე შედეგს გამოიღებს.

2020 წლის 1 ივნისის იფიციალური მონაცემებით, სახელმწიფომ დახმარება (თვიური 200 ლარის ოდენობით), დაახლოებით, 72 000 მოქალაქეზე გასცა - მათზე, ვინც სამუშაო ადგილი დაკარგა, და 31 000 თვითდასაქმებულზე, რომლებმაც თვითდასაქმების დადასტურება შეძლეს. 2020 წლის მაისში ხელფასი არ დაერიცხა, ჯამში, 91 000 ადამიანს, რაც 12 000-ით აღემატება აპრილის მაჩვენებელს. ეს ადამიანები უმუშევრად დარჩნენ მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ 27 აპრილს მანქანების მოძრაობა აღადგინა, 11 მაისიდან კი სავაჭრო ობიექტების თანდათანობით გახსნა დაიწყო.

ოფიციალურ ციფრებს მიღმა ადამიანები, როგორც წესი, ხშირად არ ჩანან. მით უმეტეს, არ ჩანან ძიძები, ხელოსნები, მუშები, მტვირთავები, დამლაგებლები, რეპეტიტორები, სამარშრუტო ტაქსის მძღოლები, ხელზე მოვაჭრეები, გლეხები, სხვები, რომლებმაც დანაკარგი ვერ დაამტკიცეს, იმიტომ რომ საშემოსავლო გადასახადი არც მანამდე გადაუხდიათ და ახლაც სულ მარტო აღმოჩნდნენ.

სტატისტიკის სამსახურის 2019 წლის მონაცემებით, საქართველოში თვითდასაქმებულია 840,4 ათასი ადამიანი, დაქირავებით დასაქმებულია 849,3 ათასი. ანუ თვითდასაქმებულთა და დაქირავებულთა რაოდენობა თითქმის 50/50-ზეა. ამ მონაცემიდან 280 000 ადამიანამდე დასაქმებულია საჯარო სექტორში. ვირუსის ეკონომიკური ეფექტი მათ ყველაზე ნაკლებად შეეხო.

ალბათ, კიდევ კარგა ხანს დარჩება კითხვები იმასთან დაკავშირებით, რამდენად ეფექტიანად და სამართლიანად ხარჯა საქართველოს ხელისუფლებამ მოსახლეობისთვის განკუთვნილი დახმარება, სწორი იყო თუ არა კომუნალური გადასახადების შეღავათის მიბმა ხარჯვის მასშტაბზე, რას ჰყოფნის 200 ლარი და რა მოხდება 6 თვის შემდეგ, რადგან ეკონომიკას სიცოცხლის ნიშნები ჯერ არ ეტყობა. რამდენად სამართლიანი იყო საჯარო სექტორში დასაქმებულთა 100 %-ით შენახვა მაშინ, როცა თვითდასაქმებულთა დიდი ნაწილი ელემენტარული შემოსავლის გარეშე დარჩა? რამდენად საჭირო იყო ასეთი მკაცრი „დაბოქლომება“ და რას ემსახურებოდა ისეთი არათანაბარი მიდგომა, როგორიც, მაგალითად, თუნდაც „სუფთა სახლის“ დაკეტვით ან დაკეტილ რეგიონებში პროდუქციის შესყიდვის ექსკლუზიური უფლების კომპანია „ჯიბისთვის“ მიცემით და ა.შ. გამოიხატა? საერთოდ, რამდენად იყო დაცლილი კორუფციული მიდგომებისგან „ლოქდაუნის“ პერიოდში მიღებული ბიზნესგადაწყვეტილებები? ვინ გამდიდრდა კორონავირუსის დროს საქართველოში და რამდენად იკვეთება ამ ყველაფერში ხელისუფლებასთან ახლოს მყოფების გვარები?

უძრავი ქონება - საცხოვრებლად თუ შემოსავლად

კორონას პერიოდმა უძრავი ქონების ბაზარზე საინტერესო „ძვრები“ მოახდინა. „თიბისი კაპიტალის“ ახალი კვლევის მიხედვით, თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების 2020 წლის გაყიდვების ჯამური კლების პროგნოზი 20-30 %-მდეა, ხოლო ფასის მოსალოდნელი წლიური კლებისა (აშშ დოლარში) - დაახლოებით, 10 %. შემცირებულია (დოლარში) თბილისის ბინების გაქირავების ფასიც, სანაცვლოდ კი იზრდება მოთხოვნა უძრავ ქონებაზე რეგიონებში, განსაკუთრებით თბილისთან ახლომდებარე ადგილებში.

ბოლო ხანებში უძრავი ქონება საქართველოში დაგროვების თითქმის მთავარი საშუალებაა. მშობლების თაობამ 90-იანებში საბჭოთა ანაბრების დაკარგვით სამუდამოდ ხელი აიღო ბანკებისადმი ნდობაზე. დამოუკიდებელ საქართველოში მცხოვრებთ კი ჯერ შიმშილის პრობლემა ჰქონდათ დასაძლევი, მერე თვითდამკვიდრების. როცა საშუალო ფენამ თანდათან დაიწყო ფორმირება და ცოტა დასაგროვებელი ფულიც გამოჩნდა, დადგა სიბერის უზრუნველყოფის პრობლემა. თან „გვერდითი შემოსავალიც“ აქტუალურია. ბიზნესი დიდად არც ეხერხებათ, არც სცალიათ, არც ფულია საკმარისი და არც დრო აქვთ, რადგან მუშაობენ. სახელმწიფოსი და საპენსიო რეფორმის, ცხადია, აღარავის სჯერა, საბანკო პროცენტები მიზერულია... ამიტომ, მაშინ როცა მთელ მსოფლიოში ქონების ყიდვის ტენდენცია იკლებდა და ახალგაზრდები სრულფასოვანი ცხოვრებით ცხოვრებას ცდილობდნენ, მშობლების გამოცდილებითა და გაურკვეველი მომავლის შიშით დამძიმებულმა ქართველებმა პატარა ბინების შეძენა დაიწყეს.

ასე გამრავლდა წარმატებული ჟურნალისტების, არასამთავრობო ორგანიზაციების, პროფესორებისა თუ სხვა საშუალო შემოსავლიანი ადამიანების პატარა ლოფტები Airbinb.com-სა და Booking.com-ზე და ტურისტულმა „მიწოდებამ“ ამ ბაზარზე სულ მალე, უკვე 2019 წლისთვის, ტურისტთა მოთხოვნას გადააჭარბა.

ტურიზმი დღეს საქართველოს მშპ-ს 12 %-მდე აგენერირებს. დასაქმებით კი, ოფიციალური სტატისტიკით, 72 000 ადამიანს ასაქმებს, რაც საკმაოდ არარეალისტური ციფრია და ამ სექტორში არსებულ ბევრ თვითდასაქმებულს, ისევე როგორც, თუნდაც, ზემოთ ნახსებენ მფლობელებს არ ფარავს.

საბანკო კრედიტების პირველი 3 თვეც გავიდა, მთავრობა კიდევ ერთ სამ თვეს უანონსებს შემოსავალდაკარგულებს, თუმცა მალე ეს სამი თვეც გავა და სესხისა და ვალების გადახდის დროც დადგება.

ხელისუფლება ამ დროს, მშენებლობის წახალისების მოტივით, მომავალში აღებული სესხებისა და შესასყიდი ბინების პროცენტის დაფინანსებას გეგმავს. ამასობაში კი სტატისტიკა ამბობს, რომ უკვე 2020 წლის აპრილში კომერციული ბანკების მიერ დასაკუთრებულმა ქონებამ 222 მლნ ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 54,6 მილიონით, ანუ თითქმის 25%-ით, მეტია.

კითხვები აქაც ჩნდება: შეინარჩუნებს უძრავი ქონება კვლავ დაგროვების ფუნქციას, თუ ხუხულასავით დაინგრევა პირამიდები, რომლებიც დღემდე საქართველოს ბაზარზე ქონების ფასს საკმაოდ მაღალ, ზოგჯერ ალოგიკურ, ნიშნულზეც კი ინარჩუნებს? ხომ არ უნდა ველოდოთ უძრავი ქონების ფასების ისეთ ვარდნას, რომელიც საბანკო აქტივების გაუფასურებამდე და შესაბამის საფინანსო პრობლემებამდე მიიყვანს ქვეყანას? რამდენად უშველის ახალ ბინებზე პროცენტების სუბსიდირება სამშენებლო სექტორს და რატომ „გამორჩათ“ ამ დროს არსებული მსესხებლები? რა ელის იმ „საშუალო ფენას“, რომელიც კორონას მიმართ არანაკლებ მოწყვლადია და იპოთეკური კრედიტების დიდი ტვირთი აქვს, შემოსავალს კი კარგავს და მომავალშიც დაკარგავს? აცნობიერებენ თუ არა საქართველოში იმ რისკებს, რაც სწორედ უძრავი ქონების ლიკვიდურობასთან არის დაკავშირებული და თავის დროზე - მაგალითად, 2007 წელს - მსოფლიო მასშტაბის კრიზისის მიზეზადაც კი იქცა? და გაცნობიერების შემთხვევაში, შესაძლებელია თუ არა მათზე გონივრული რეაგირება? ეყოფა თუ არა ამას ბანკების ლიკვიდურობის დაცვის ის ზომები, რომლებიც ანტიკრიზისულ ბიუჯეტში არის ჩადებული?

ვალში

დღეს საქართველოს ანტიკრიზისული ბიუჯეტის შემოსულებებში ვალდებულებების - ხალხი, უბრალოდ, ვალად რომ იხსენიებს - მოცულობა უპრეცედენტოდ დიდია - 43,6 %. შედარებისთვის: ეს მონაცემი აგვისტოს ომის დროს, ანუ 2008 წელს, 15 %-მდე იყო, 2009 წელს - 17 %-მდე, 2010 წელს - 21 %მდე. მას შემდეგ ამ მასშტაბის ვალდებულებები ქვეყნის ბიუჯეტს არ აუღია.

მთავარი კითხვა კი პასუხგაუცემელია, რადგან მზა რეცეპტები აქ არ არსებობს: რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ და რა - საზოგადოებამ, რომ ეს ფული ეფექტიანად და სამართლიანად დაიხარჯოს?

***

მაშინ, როცა ქვემეხები ქუხან, ანუ ვირუსის შიში დაძრწის საზოგადოებაში, ზემოთ დასმულ არაერთ კითხვაზე საპასუხოდ დრო სულ უფრო ნაკლები რჩება. მანამდე კი, როგორც მინიმუმ, კორონავირუსის ეფექტზე წარსულში საუბარი არ ღირს - სამწუხარო რეალობაა, რომ, როგორც ვირუსის, ისე ეკონომიკური შედეგების თვალსაზრისით, ყველაფერი ჯერ კიდევ წინ გვაქვს.

სტატია მომზადებულია კონრად ადენაუერის ფონდის სამხრეთ კავკასიის ოფისთან თანამშრომლობით.

გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა არ ასახავდეს რადიო თავისუფლებისა და კონრად ადენაუერის ფონდის მოსაზრებებს.