კორონავირუსი - ტურიზმის მტერი საქართველოში(ც)

  • ახალმა კორონავირუსმა საგონებელში ჩააგდო სასტუმროების ბიზნესი თბილისში - მარტის ჯავშნების 80% მოხსნილია;
  • მკვეთრად შემცირებულია ახალი ჯავშნების რაოდენობა და უკეთესი პერსპექტივა არც აპრილისთვის ჩანს;
  • რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ტურისტული კომპანიებიც;
  • ტურიზმის ჯაჭვში ჩართულ ბიზნესრგოლებს დასაქმებულების დათხოვნა და სასტუმროების დაკეტვაც უწევთ.

თბილისის სასტუმროებში ყოველი ხუთი ჯავშნიდან ოთხი გაუქმებულია (საშუალოდ - 80%) - სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაცია უმძიმეს ვითარებაზე ლაპარაკობს.

„თებერვალში უკვე ვიცოდით, რომ მარტის თვე ჩავარდნილი იყო, რადგან ჯავშნები მასობრივად უქმდებოდა. ჩინეთთან და ირანთან მიმოსვლა გაჩერებულია და ეს ვიცით; მაგრამ ჯავშნები გააუქმეს ასევე მათაც, ვინც ევროპის ქვეყნებიდან უნდა შემოსულიყო. სამწუხარო ის არის, რომ აპრილისთვისაც დაახლოებით იგივე სურათი იკვეთება“ - ეუბნება რადიო თავისუფლებას სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის პრეზიდენტი, გიდების ასოციაციის პრეზიდენტი - ქეთი მელაძე.

მისი თქმით, ტურისტების ნაკადის შემცირებას შედარებით უკეთესად უმკლავდებიან დიდი (მათ შორის - ქსელური) სასტუმროები, მაგრამ უმრავლესობას გაუჭირდა.

  • ვითარება სწრაფად გამწვავდა თებერვლის დასაწყისში, კორონავირუსის ირანში გავრცელების შემდეგ;
  • და კიდევ უფრო მძიმე სახე მიიღო - საქართველოში პირველი შემთხვევის დადასტურების (26 თებერვალი) შემდეგ.

ფედერაციაში გაერთიანებული 200-მდე სასტუმროდან ნაწილმა მუშაობა მთლიანად შეაჩერა; ნაწილმა - თანამშრომლების რიცხვი უკვე შეამცირა და უხელფასო შვებულებაშიც გაუშვა; ნაწილი კი - კვალიფიციური კადრების დაკარგვის შიშით, რაღაცნაირად ჯერ ისევ ცდილობს დაარიგოს ხელფასები.

ფედერაციის დამფუძნებლის, შალვა ალავერდაშვილის თქმით, არის საფრთხე, რომ უხელფასოდ დარჩეს სექტორში დასაქმებული 100 ათასიდან მინიმუმ 50 ათასი ადამიანი.

ასევე ნახეთ Ryanair-მა გაანახევრა ფრენების სიხშირე მილანი-თბილისი-მილანის ხაზზე

„ჩვენთან დასაქმებულია 75 ადამიანი. ალბათ მომიწევს, რომ (ჯერ ერთი თვით) უხელფასო შვებულებაში გავუშვა თანამშრომლების 50%-ზე მეტი... შემდეგ შევხედავ გარკვეული პერიოდი და შეიძლება სასტუმრო დავკეტოთ კიდეც... ყველაფერთან ერთად, აქ ერთი დიდი პრობლემაა - ისედაც დეფიციტია და კვალიფიციური კადრები შეიძლება მერე ვეღარც დავიბრუნოთ“ - ეუბნება რადიო თავისუფლებას თბილისის ცენტრში მდებარე სასტუმროს, „გალერი პალასის“ გენერალური დირექტორი თამარ სიხარულიძე.

მისი თქმით:

  • „გალერი პალასი“ 70-ნომრიანი სასტუმროა და მარტში მხოლოდ 5%-ია დაჯავშნილი;
  • ვიდრე საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდებოდა (26 თებერვალი) მარტისთვის სასტუმროს ნომრების 60% იყო დაჯავშნილი;​
  • ჯავშნები გააუქმეს ტურისტებმა როგორც მუსლიმანური ქვეყნებიდან (რომლებზეც ყველაზე დიდი იმედები მყარდება მარტში, ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულის ხანგრძლივი უქმეების გამო), ასევე ევროპელმა ტურისტებმა.

უახლესი მონაცემები ჯერ გამოქვეყნებული არ არის. თუმცა, შს სამინისტროს სტატისტიკით, 2019 წლის მარტში:

  • საქართველოში შემოვიდა 600 287 ვიზიტორი;
  • ქვეყანაში 24 საათითა და მეტი დროით დარჩა 283 005 პირი;
  • ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი შემოვიდა ქვეყნების პირველი ექვსეულიდან: აზერბაიჯანი, სომხეთი, რუსეთი, თურქეთი, ევროკავშირის ქვეყნები,უკრაინა და ირანი.

თბილისის სასტუმროებში ტურისტები სხვადასხვა გზით ხვდებიან, თუმცა დიდ ჯგუფებს მათთან უპირატესად ტურისტული კომპანიები აგზავნიან. კორონავირუსის მიერ შექმნილი რთული პრობლემა ტურისტულ კომპანიების ბიზნესსაც შეეხო.

„მაისის თვის ჩათვლით გაუქმებულია ჯავშნების 90%. შარშანდელ მაჩვენებელთან შედარებით, ახლა მეოთხედიც არ გვაქვს. შარშან ამ დროს მარტიდან მაისის ჩათვლით ყველაფერი შევსებული გვქონდა... ამასთან, ახლა საერთოდ არ შემოდის ახალი ჯავშნები. საშინელი სიტუაციაა“, - უთხრა რადიო თავისუფლებას Check in Travel-ის დამფუძნებელმა და დირექტორმა, ია გედევანიშვილმა.

მისი თქმით, კორონავირუსის ფონზე ჯავშნები მასობრივად გააუქმეს:

  • ტურისტებმა რუსეთიდან (რომლებიც პირდაპირი ავიარეისების შეწყვეტის შემდეგ, საქართველოში ტრანზიტული რეისებით ანდა საკუთარი ავტომობილებით შემოდიოდნენ);
  • ტურისტებმა ევროპის ქვეყნებიდან (მათ შორის, მთლიანად მოხსნეს ჯავშნები იტალიელებმა, სადაც კორონავირუსი სწრაფად ვრცელდება);
  • ტურისტებმა აზერბაიჯანიდან.

ია გედევანიშვილი თანამშრომლების დათხოვნას არ აპირებს - „თუ გავუშვი თანამშრომლები, კომპანიას ვეღარ ავამოქმედებ“; Check in Travel-ის დირექტორი ვითარებას დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში დააკვირდება და თუ ვითარება არ გამოსწორდება, კომპანიას მთლიანად დახურავს.

ასევე ნახეთ როგორ ხვდება საქართველოს ჯანდაცვა კორონავირუსს?

3 მარტს გამართული შეხვედრის შემდეგ, სასტუმროების ბიზნესის წარმომადგენლებმა საგანგებო წერილით მიმართეს ეკონომიკის მინისტრს, ნათია თურნავას. ისინი გარკვეული სახის გადასახადების გადავადებასა და ბანკებთან შუამდგომლობას ითხოვენ.

სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის პრეზიდენტი, ქეთი მელაძე შეხვედრის გამართვას 4 მარტს, საღამოსთვის მოელოდა. თუმცა როგორც ეკონომიკის სამინისტროში საღამოს უთხრეს რადიო თავისუფლებას, 4 მარტს შეხვედრა არ იყო დაგეგმილი.

უწყებაში ამბობენ, რომ უახლოეს მომავალში აუცილებლად გაიმართება გაფართოებული შეხვედრა ტურიზმის ინდუსტრიის ყველა სეგმენტის წარმომადგენლებთან და განიხილება კორონავირუსის საფრთხის გამო შექმნილი პრობლემები.