კორონავირუსი ოფიციალურ ციფრებსა და რეალობაში

თბილისის შემოსასვლელთან მოწყობილი პუნქტი. 1 აპრილი

ამბობენ, რომ ციფრები არ იტყუებიან, თუმცა COVID-19-ით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა შესახებ სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფალთა მიერ გავრცელებულ სტატისტიკას ექსპერტთა ნაწილი სანდოდ არ მიიჩნევს, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ კვლავ ერთობ მცირეა ვირუსზე ტესტირებულთა რაოდენობა. საქმეს კიდევ უფრო ართულებს ზოგიერთი ქვეყნის მცდელობა შეგნებულად დაამახინჯოს ციფრები, რათა დაუმალოს თავის მოსახლეობას პრობლემის რეალური მასშტაბები.

ციფრები თავზარდამცემია. 3 აპრილის მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა.

მაგრამ თუ მონაცემები არაზუსტია და დაინფიცირებულთა რაოდენობა რეალურად უფრო მეტია, მაშინ, ექსპერტების შეფასებით, შეუძლებელი გახდება პრობლემის გარშემო ზუსტი სურათს შექმნა.

ტესტირება, ტესტირება 1, 2, 3

გავრცლებელი აზრით, მთავარი მიზეზი, რაც ხელს უშლის კორონავირუსით დაინფიცირებულთა ნამდვილი მასშტაბის დადგენას, პაციენტების არასაკმარისი ტესტირებაა, მაგრამ, შესაძლოა, ეს არ იყოს მთავრობების ბრალი. ინფიცირებულთა უმრავლესობას არ აღენიშნება არანაირი დამახასიათებელი სიმპტომი, ამიტომ არც გასასინჯ პოტენციურ კანდიდატებში ითვლებიან.

მაგრამ მონაცემების სიზუსტის მხრივ, დიდი ალბათობით, სხვა სირთულეც არსებობს. ძირითადად ეს უკავშირდება ზოგიერთ მთავრობას, რომელიც შესაძლოა ამახინჯებდეს მონაცემებს თავის ქვეყანაში კორონავირუსის რეალური მასშტაბების შესამცირებლად.

როგორც 1 აპრილს წერდა ამერიკული მედია, აშშ-ის ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ ჩინეთის მთავრობის მიერ კორონავირუსის პანდემიის შესახებ გავრცელებული ოფიციალური ცნობა „ფეიკია“.

ჩინეთის მსგავსად, კორონავირუსის პანდემიით ძალიან დაზარალებული ირანის ხელისუფლებაც ეჭვმიტანილია სიტუაციის შესალამაზებლად რეალური მონაცემების დამახინჯებაში.

მრავალ კითხვას წარმოშობს ასევე რუსეთის ხელისუფლების მიერ გავრცელებული მონაცემები კორონავირუსით შედარებით მცირე რაოდენობით დაინფიცირებულთა შესახებ.

ამასთან, საკუთარ ქვეყნებში პრობლემის მინიმიზების მცდელობისას, პარალელურად, ზოგიერთი ქვეყნის ხელისუფლება ძალას არ იშურებს, რომ გააზვიადოს სხვა ქვეყანაში პანდემიის მასშტაბი.

სინჯის აღება. უჰანი, 30 მარტი.

რუსეთი და ჩინეთი განაგრძობენ კორონავირუსის შესახებ მსოფლიოს დეზინფორმირების კამპანიას, რაც, შედეგის თვალსაზრისით, შესაძლოა გლობალური მასშტაბით აღმოჩნდეს ჯანმრთელობისათვის „საზიანო“, - ნათქვამია ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის უწყების მიერ 1 აპრილს გამოქვეყნებულ დოკუმენტში, რომელიც დაწერილია ევროპის საგარეო მოქმედების სამსახურის (EEAS) სტრატეგიული კომუნიკაციისა და ინფორმაციის ანალიზის განყოფილების მიერ.

ასევე ნახეთ ევროკავშირი: რუსეთი და ჩინეთი განაგრძობენ კორონავირუსის შესახებ დეზინფორმაციას

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, რაც უფრო მეტ ადამიანს ჩაუტარდება ტესტირება, მით უფრო მეტი შანსი მიეცემათ ქვეყნებს, გაუმკლავდნენ კორონავირუსის პანდემიას.

აშშ-ის მაგალითი ცხადყოფს, რომ კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობამ სწრაფად მოიმატა მას შემდეგ, რაც დიაგნოსტიკა გაუმჯობესდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ინფექციაც უფრო და უფრო ძლიერდება.

ექსპერტების თქმით, უფრო მეტ ტესტირებას შეუძლია მხოლოდ ნაწილობრივ აჩვენოს კორონავირუსის ზრდის რეალური სურათი.

„შეინიშნება თუ არა ამჟამად აშშ-ში კორონავირუსის შემთხვევების სწრაფი ზრდა, ან არის თუ არა ეს ზრდა დამოკიდებული სწრაფ დიაგნოსტიკაზე? თუ ერთიცაა და მეორეც?ამაზე არსებობს კარგად ნაცნობი პასუხი: ჩვენ ეს ჯერ კიდევ არ ვიცით და კარგა დრო გაივლის, ვიდრე ეს გვეცოდინება“, - ნათქვამია 26 მარტს The Atlantic-ში გამოქვეყნებულ სტატიაში.

იმ დროს, როდესაც აშშ აძლიერებს კორონავირუსის დიაგნოსტიკის პროცესს, ინდოეთმა სხვა გზა აირჩია.

დელიმ უარი თქვა კორონავირუსის დიაგნოსტიკის გაფართოებაზე, მიუხედავად საყოველთაო კრიტიკისა, რომ შეზღუდული ტესტირება შეუმჩნეველს გახდიდა COVID-19-ით დაინფიცირების შემთხვევებს მსოფლიოში მოსახლეობის სიდიდით მეორე ქვეყანაში.

მარტის შუა რიცხვებში ინდოეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) რეკომენდაცია ტესტირების უფრო ფართოდ დანერგვის თაობაზე არ ეხება ინდოეთს, სადაც, სხვა ქვეყნებთან შედარებით, კორონავირუსი ნაკლებ საფრთხეს წარმოადგენს.

ბალარამ ბჰარგავამ, ინდოეთის სამედიცინო კვლევევების ცენტრის ხელმძღვანელმა, ისიც კი თქვა, უფრო მეტი ტესტირება ქვეყანაში „მეტ შიშს, მეტ პარანოიას და მეტ აჟიოტაჟს გამოიწვევსო“ .

3 აპრილის მონაცემებით, 1,4-მილიარდიან ინდოეთში დადასტურებულია კორონავირუსით დაავადების მხოლოდ 2 500 შემთხვევა. მათგან გარდაცვლილია 72 პაციენტი.

უხილავი გამავრცელებლები

მაგრამ მაშინაც, თუ ხელისუფლება მოწადინებულია და შესაძლებლობებიც აქვს სწრაფი დიაგნოსტირების ჩასატარებლად, შეიძლება ყოველთვის არ იყოს ცხადი, თუ ვინ უნდა დაექვემდებაროს ტესტირებას.

ეს იმიტომ, რომ ყველა ერთნაირად როდი რეაგირებს კორონავირუსის ინფექციაზე.

როგორც იარმილა რაზოვამ, ჩეხეთის მთავარმა ჰიგიენისტმა, 2 აპრილს განაცხადა ერთ-ერთ ჩეხურ გამოცემასთან ინტერვიუში, კორონავირუსით დაავადებულთა 40%-ს არანაირი გამოხატული სიმპტომი არ აღმოაჩნდა.

შესაბამისად, არსებობს საშიშროება, რომ ეგრეთ წოდებულმა უხილავმა გამავრცელებლებმა ხელი შეუწყონ კორონავირუსის პანდემიის გაძლიერებას.

“ფარული გავრცელება არა მხოლოდ რეალურია, არამედ იგი ითვლება პანდემიის მთავარ მამოძრავებლად. იგი არ ჩანს რადარებზე და ამიტომ მისი დამსახურება ვირუსის გავრცელებაშიძალიან დიდია“, - აღნიშნავს ინფექციური დავადებების წამყვანი მკვლევარი კოლუმბიის უნივესიტეტიდან, ჯეფრი შამანი, ჟურნალ „საიენსში“ გამოქვეყნებულ სტატიაში.

რუსეთის უსაფრთხოების ძალები ამოწმებენ მძღოლს. 31 მარტი, მოსკოვი

მაგრამ მაშინაც, თუ კორონავირუსით დაავადებულთა სტატისტიკა ახლოსაა რეალობასთან, ზოგიერთი ქვეყნის მთავრობა შესაძლოა მაინც ცდილობდეს მის დამახინჯებას.

მაგალითად, ჩინეთში, საიდანაც კორონავირუსმა დეკემბრის ბოლოდან დაიწყო გავრცელება, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ცნობით, 3 აპრილის მდგომარეობით, ვირუსით დაინფიცირებულად ითვლება 82 ათასი ადამიანი, ხოლო 3 300 პაციენტი გარდაიცვალა.

შედარებისთვის: იმავე 3 აპრილის მდგომარეობით, აშშ-მა დაადასტურა 245 ათასზე მეტი ადამიანის დაინფიცირება და 6 000-ზე მეტი სასიკვდილო შემთხვევა.

ეჭვს, რომ ჩინეთის ოფიციალური მონაცემები შესაძლოა არ შეესაბამებოდეს სინამდვილეს, ნაწილობრივ აძლიერებს ერთმანეთზე ბელტებად დაწყობილი ათასობით ურნა დამკრძალავი ბიუროების წინ ქალაქ ჰუბეიში, რომელიც კორონავირუსის პანდემიის ეპიცენტად ითვლება.

თეთრი სახლისათვის მომზადებულ საიდუმლო ანგარიშში აშშ-ის დაზვერვის დეპარტამენტი მივიდა დასკვნამდე, რომ ჩინეთი მალავს კორონავირუსის პანდემიის რეალურ მასშტაბს.

ანგარიშის დეტალების გამჟღავნებაზე აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა უარი თქვეს. ისინი, „ბლუმბერგის“ ცნობით, მხოლოდ იმის აღნიშვნით შემოიფარგლნენ, რომ "ჩინეთმა შეგნებულად გაავრცელა კორონავირუსით დაავადებულთა და გარდაცვლილთა შესახებ არასრულყოფილი საჯარო მონაცემები“.


ახლო აღმოსავლეთში არ არსებობს არც ერთი სხვა ქვეყანა, რომელიც ირანზე მეტად იყოს დაზიანებული კორონავირუსით.

3 აპრილის ოფიციალური ინფორმაციით, ირანის ისლამურ რესპუბლიკაში გამოვლენილია კორონავირუსით დაავადების 50 ათასი და გარდაცვალების 3100 შემთხვევა, მაგრამ ბევრი ეჭვობს, რომ ქვეყანაში გამეფებული ცენზურისა და სამთავრობო სტრუქტურების არატრანსპარენტულობის გამო, ეს ციფრი რეალურზე ბევრად ნაკლები უნდა იყოს.

ირანის პარლამენტის ზოგიერთი წევრი და ასევე კორონავირუსით ყველაზე უფრო დაზარალებული ქვეყნის სხვადასხვა ქალაქის ოფიციალური წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ კრიზისის დაწყების დღიდან ირანის მმართველი სასულიერო რეჟიმი საგრძნობლად ამახინჯებს კორონავირუსით დაინფიცირებულთა და დაღუპულთა რაოდენობას.

მარტის შუა რიცხვებში სატელიტით გადაღებულ ფოტოებზე გამოსახული უნდა იყოს მასობრივი სამარხი ქალაქ ყომის მახლობლად, საიდანაც, როგორც ამბობენ, მთელ ირანში დაიწყო გავრცელება კორონავირუსის ეპიდემიამ.

დიაგნოსტიკის გაუმართავი საშუალებები რუსეთში და ანტიდასავლური პროპაგანდა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ანგრიშით, 144-მილიონიანი რუსეთის მოსახლეობაში 3 აპრილისათვის დარეგისტრირებული იყო 3 500 დაინფიცირებული ადამიანი. 30 დაავადებული პაციენტი გარდაიცვალა.

მიუხედავად რუსეთის განცხადებისა, რომ მან ადრეულ სტადიაზევე დაიწყო მოსახლეობაში მასშტაბური ტესტირების ჩატარება, ექსპერტები ფიქრობენ, რომ კორონავირუსის გავრცელების დაბალი მაჩვენებელი შესაძლოა ნაწილობრივ აიხსნებოდეს დიაგნოსტიკის იმ მოწყობილობათა ავკარგიანობით, რომლებიც ციმბირის ქალაქ ნოვოსობირსშკი მდებარე „ვექტორის“ სახელწოდებით არსებულ სახელმწიფო ლაბორატორიში იწარმოება.

ასევე ნახეთ დეზინფორმაცია კლავს: კორონავირუსი და კრემლის პროპაგანდა

რუსულ საინტერნეტო გამოცემა PCR News-ში დაიბეჭდა ბლოგი რუსეთში კორონავირუსის დიაგნოსტირების შესახებ, რომელშიც, კერძოდ, ნათქვამია, რომ „ვექტორის“ მიერ ჩატარებულმა ტესტირებამ ერთ-ერთ მოსკოველ პაციენტს კორონავირუსი დაუდგინა მხოლოდ დიაგნოსტიკის პირველ დღეს, შემდგომ დღეებში კი ტესტირება აჩვენებდა მცდარ უარყოფით შედეგს.

„შესაძლოა ამაში იმალებოდეს პასუხი შეკითხვაზე, თუ რატომ არის რუსეთში კორონავირუსის ინფექციის ასეთი ცოტა შემთხვევა. შესაბამისად, ოფიციალური სტატისტიკა შესაძლოა არასწორად ასახავდეს ეპიდემიოლოგიურ ვითარებას, ხოლო ზომები არ შეესაბამებოდეს რეალურ საფრთხეს“, - წერს საინტერნეტო გამოცემა PCR News-ი.

მოსკოვის კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის შტაბმა 23 მარტს განაცხადა, რომ დიაგნოსტიკის წესებს შეცვლიდნენ, მაგრამ უცნობია, თუ რამდენად დაარწმუნებს ეს ნაბიჯი სკეპტიკოსებს.

თავისი ქვეყნის ფარგლებში კრემლმა გადაწყვიტა ჩაახშოს ხმა ადგილობრივი კრიტიკოსებისა, რომლებსაც სოციალურ მედიაში დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.

მარტის დასაწყისში რუსეთის ფედერალურმა სამსახურმა და ინტერნეტის მაკონტროლებელმა უწყებამ, „როსკომნადზორმა“, გააფრთხილეს მასობრივი საინფორმაციო საშუალებები, რომ კორონავირუსის შესახებ „ფეიკ ნიუსების“ გავრცელების შემთხვევაში მყისიერად მოახდენდნენ მათ ბლოკირებას და ჩამოართმევდნენ ლიცენზიებს.

21 მარტს რუსეთის სახელმწიფო უწყების, „როსკომნადზორის“, მოთხოვნის საფუძველზე, რადიოსადგურმა „ეხო მოსკვიმ“ საიტიდან მოხსნა გახმაურებული ინტერვიუ პოლიტოლოგ ვალერი სოლოვეისთან, რომელიც, მის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, აცხადებდა, რომ რუსეთის ხელისუფლება მალავს კორონავირუსით გამოწვეული კატასტროფის მასშტაბებს, რაც პოლიტოლოგმა შეადარა ჩერნობილის ავარიას და ყირიმის წყალდიდობას.

ასევე ნახეთ „ეხო მოსკვიმ“ წაშალა ინტერვიუ, რომელშიც კორონავირუსით 1600 კაცის დაღუპვაზე იყო საუბარი

მაგრამ იმ დროს, როდესაც ყველანაირად ცდილობს კორონავირუსის ფაქტების შერბილებას თავის შიგნით, რუსეთის ხელისუფლება ძალ-ღონეს არ იშურებს, რაც შეიძლება მუქ ფერებში წარმოადგინოს ვითარება ქვეყნის გარეთ, განსაკუთრებით, ევროკავშირსა და მის პარტნიორ სახელმწიფოებში.

1 აპრილს ევროპის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურმა (EEAS) გამოაქვეყნა COVID-19-ის ინფექციის პანდემიასთან დაკავშირებით გავრცელებული დეზინფორმაციისა და ნარატივის მოკლე მიმოხილვა, რომელიც სტრატეგიული კომუნიკაციისა და ინფორმაციის ანალიზის (ე. წ. სტრატკომის) განყოფილების მიერ მომზადდა.

როგორც ირკვევა, განცხადებები, რომ ევროკავშირი თითქოს დაიშლება კორონავირუსის ინფექცია COVID-19-ის საფრთხის გამო, „სწრაფად იკრებს პოპულარობას სოციალური ქსელების მეშვეობით ყველა იმ რეგიონში“, რომლებშიც ვითარების განალიზება მოხდა, მათ შორის ევროკავშირის სახელმწიფოებსა და აღმოსავლეთ ევროპაში.

მიმოხილვაში ასევე აღნიშნულია, რომ COVID-19-თან დაკავშირებულ მასალებს შორის, რომლებსაც რუსეთის მთავრობის დაფინანსებაზე მყოფი RT და Sputnik-ი აქვეყნებენ, არის სტატიები, რომლებშიც კორონავირუსი „ადამიანის მიერ შექმნილად“ და „განზრახ“ გავრცელებულადცხადდება.

ევროკავშირი დადანაშაულებულია „ეგოიზმსა“ და „საკუთარი ფასეულობების ღალატში“.

რაც შეეხება ჩინეთსა და რუსეთს, კრემლის მიერ დაფინანსებული მედიასაშუალებები მათ “პასუხისმგებლიან სახელმწიფოებად“ მოიხსენიებენ.