რას ნიშნავს ეს ციფრები, რა ვითარებაა ქვეყანაში ვირუსის გავრცელების მხრივ? ამ საკითხის განხილვით იწყება რადიო თავისუფლების „დილის საუბრები“, რომლის სტუმარი 27 ივლისს იყო - საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნის დამოუკიდებელი ანგარიშვალდებულების პანელის წევრი (EWEC), ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) პნევმოკოკის წინასწარი საბაზრო შეთანხმების (AMC) დამოუკიდებელი შეფასების კომიტეტის წევრი, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი ფხაკაძე:
„როცა ვლაპარაკობთ სტატისტიკაზე, ეს ერთ-ერთი მაჩვენებელია, რომ ვირუსი ცირკულირებს საქართველოში. ის არსად წასულა და ჩვენ ახლა ვართ პრაქტიკულად იქ, სადაც ვიყავით 3-4 თვის წინ. ვირუსი არის და კიდევ კარგა ხანს იქნება. ეს არის რეალური სურათი.
რაც შეეხება ოფიციალურ ციფრებს, ეს შეიძლება იყოს 10-20-30-40 და ა.შ., ამაზე შეიძლება ვიდავოთ ძალიან ბევრი. არაერთ გადაცემაში მითქვამს, რომ ძალიან კარგი იქნება, თუ ჯანდაცვის სამინისტრო მოგვაწოდებს ჯანდაცვის სრულ სტატისტიკას, რომელიც არ გვაქვს. არის რაღაც ამორფული მონაცემები და ბოლო წლებში საერთო სტატისტიკური ინფორმაციაც კი არ გვაქვს.
ერთ-ერთი მონაცემი, რაც მე, როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტს, ძალიან მაინტერესებს, არის სიკვდილიანობის მაჩვენებელი. მაინტერესებს ბოლო ხუთი თვის მანძილზე სიკვდილიანობის მაჩვენებლის შედარება წინა წლების მაჩვენებლებთან. ესეც დაგვეხმარება დავინახოთ სად რა პრობლემების წინაშე ვდგავართ და დღეს არსებული სტატისტიკის რეალურობის შეფასებაშიც.
დღეს რომ ავიღოთ ნებისმიერი სოფელი, ნებისმიერი ქალაქი საქართველოში და ჩავატაროთ მთლიანი ტესტირება, დამერწმუნეთ, ჩვენ ვნახავთ იმას, რასაც ვნახულობთ გარდაბანში. ვირუსი არის ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ არ ვიცით სად არის. ძალიან ზედაპირულად ვაკეთებთ ტესტირებას.
ხარისხი კიდევ ცალკე საკითხია: ტესტირება არ არის მხოლოდ ის მოწყობილობები, რომლებზეც ტარდება ტესტი. ტესტირების პროცესი არის საკმაოდ რთული. ის გულისხმობს: პაციენტის მომზადებას, ნაცხის სწორად აღებას, მის შენახვა-ტრანსპორტირებას, ლაბორატორიაში სწორად ამოღებას, აპარატში მოთავსებას და ა.შ.. ანუ, სანამ ჩვენ აპარატამდე და ქიმიამდე მივალთ, ლაპარაკია გრძელ ჯაჭვზე, რომელშიც ძალიან ბევრი ადამიანია ჩართული.
ჩვენი ჯანდაცვის სისტემა კარგად არ ჩამოყალიბდა ბოლო 20-30 წელიწადია. რამდენი რეფორმაც ჩატარდა, პრაქტიკულად არც ერთი არ იყო ბოლომდე მიყვანილი. ჩვენთან ფიზიკურად არ არსებობს უწყვეტი სამედიცინო განათლება. წინა მთავრობის დროს ეს მოშალეს და გასაგებია, კორუფცია და ა.შ. იყო ამის მიზეზი, მაგრამ არ ჩამოაყალიბეს ახალი სისტემა და ამ მთავრობის პირობებშიც კი, როცა მე მაინც მეგონა, რომ რაღაც რეფორმა ტარდებოდა, არ გააკეთეს.
ჩვენ პრაქტიკულად გვყავს ექიმები, რომლებსაც არ აქვთ უწყვეტი სამედიცინო განათლება. ასეთი სისტემა არის მარტო სომალიში. შემიძლია ამის თქმა, რადგან მე სომალიშიც მიმუშავია და იქაც კი ცდილობენ რაღაც ტრენინგების ჩატარებას. აფრიკის ნებისმიერი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემაში უწყვეტი განათლების სისტემა უკეთესად არის აწყობილი, ვიდრე საქართველოში“.
შეკითხვას - როგორც უნდა გაიზომოს, ვირუსის რა მასშტაბის გავრცელებას გაუძლებს ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა - გიორგი ფხაკაძე კვლავ ჯანდაცვის სისტემის გამოწვევების აღწერით პასუხობს:
„სტატისტიკა საქართველოში არ არსებობს…
მე საერთოდ არ მიყვარს ტყუილების ლაპარაკი. როცა მეცნიერი ხარ და ხარ დამოუკიდებელი, გაქვს ფუფუნება თქვა სიმართლე. სიმართლე ის არის, რომ ჩვენ საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა არ ვიცით. ეს არის ყოველთვის მანიპულაცია. როცა სხვა ქვეყნების სტატისტიკას ვადარებ, მეცინება. ეს იგივეა შეადარო ერთმანეთს ვაშლი და კვერცხი - ფორმითაც და შიგთავსითაც სხვადასხვაა.
სიკვდილიანობის მაჩვენებლი არ გვაქვს ჩამოყალიბებული, რადგან არ გვაქვს სისტემა. არ ვიცით ადამიანი რისგან გარდაიცვლება. ეს არის ფუნდამენტი, რომ ააწყო ჯანდაცვის სისტემა. უნდა დაინახო სად გაქვს პრობლემა და იმაზე ააწყო სისტემა. ეს არის პირველი საკითხი.
მთავრობის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რომელსაც მივესალმები, იყო მოსახლეობის ჩაკეტვა. კიდევ კარგი, გვყავს პოლიცია, ანუ პატრულმა კარგად იმუშავა. ამით გადაარჩინეს ათასობით ადამიანი. ერთადერთი, რამაც კარგად იმუშავა, იყო კარანტინი. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჯანდაცვის სისტემა მუშაობს.
95% ჯანდაცვის სისტემის არის კერძო. ჯანდაცვის სამინისტრო არის ღრუბლებში. ზოგიერთი ჯანდაცვის მუშაკებს მოუწოდებს, რომ გაიარონ ტრეინინგები. უნდა მოითხოვო და აკონტროლო, რომ, ელემენტარულად, ყველამ ხელი დაიბანოს საავადმყოფოში. არ იბანენ ხელებს.
ჯანდაცვის სამინისტროში იციან რა მდგომარეობაა ზოგადად ქვეყანაში. მე ვიყავი პირველი, ვინც ვლაპარაკობდი სიკვდილიანობაზე და მერე, როცა ვუთხარი - რამდენი აპარატი გვაქვს? რამდენი საწოლი გვაქვს? კი ბატონო, მერე თქვეს, რომ ამდენი საწოლი გვაქვსო. იმ საწოლს სჭირდება სამედიცინო პერსონალი.
იცით, რამდენია სამედიცინო პერსონალი? იცით ასაკი? იცით ხელფასები ჩვენი ექთნების? საქართველოში გვყავს მეტი ექიმი, ვიდრე ექთანი. ეს აბსურდის თეატრია, როცა საქართველო წელიწადში უშვებს 2000 ექიმს და ძლივძლიობით 200 ექთანს, როცა უნდა იყოს პირიქით. მეორე - ექთნებს აქვთ ხელფასი დაახლოებით 200-300 ლარი და კიდევ: საქართველოში ექთნების საშუალო ასაკი არის 60 წელი. რეანიმაციის ექთნის პიკური ასაკი უნდა იყოს 45 წელი და ამის შემდეგ ადამიანი უნდა გადავიდეს უფრო ადმინისტრაციულ საქმიანობაზე, უნდა იყოს ტრენერი და არ უნდა იყოს ჩართული საპერაციოს საქმიანობასა და ინტენსიურ თერაპიაში.
ამას რატომ ვამბობ? როცა ვლაპრაკობთ ინტენსიურ საწოლზე, ჩვენ გვჭირდება ინტენსიური თერაპიის მედდა, რადგან წამყვანი ამ პროცესში არის მედდა და არა - ექიმი. და ექთნები ხშირად მუშაობენ 2-3 ადგილას. ის თუ ავად გახდება, ჩამოგეშლება რამდენიმე საწოლი ერთდროულად.
აპარატების და საავადმყოფოების რაოდენობა არ ნიშნავს არაფერს, თუ არ გყავს ადამიანური რესურსი. როცა ვლაპარაკობთ კოვიდ-პაციენტზე, მისი მართვა ძირითადად ხდება ექთნების მიერ. ექიმი იძლევა ძირითად მიმართულებას, მაგრამ უშუალოდ მართვა არის ექთნის სამუშაო და ჩვენ არ გვყავს ექთნები. აქ გვაქვს ყველაზე დიდი გამოწვევა და ეს ძალიან კარგად ესმის ჩვენს სახელმწიფოს. იმიტომ ამბობს, რომ კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების 40-ის ზევით დღიურ მატებას სისტემა ვერ გაუძლებს. ამიტომ ფრთხილად უნდა ვიყოთ“.
საქართველო არ არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც გაურკვეველია კორონავირუსის გავრცელების რა სტადიაშია ის. გიორგი ფხაკაძის შეფასებით, საქართველოში ჯერ არც ერთი ტალღა არ ყოფილა:
„ჩვენთან პრაქტიკულად კოვიდის აფეთქება არ ყოფილა. ანუ, ის, რაც იყო საქართველოში და ახლა რაც არის, ეს პირველი ტალღაც არ არის. ეს არაფერი არ არის.
ვირუსი ცირკულირებს, მაგრამ ტალღა, როგორც ასეთი, საქართველოს ჯერ არ გადაუტანია - არც პირველი და არც მეორე“.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი თვლის, რომ დღეს არსებულ ვითარებაში თუ რომელიმე ქვეყანას „გაუმართლა“, ეს შეიძლება ითქვას იმათზე, რომლებიც მომზადებულები შეხვდნენ პანდემიას:
„ყველაზე მეტად გაუმართლა იმ ქვეყნებს, სადაც ჯანდაცვის სისტემა არის გამართული, სადაც სტატისტიკა არის რეალური და სადაც გამოწვევებს ხალხი უყურებს ძალიან პირდაპირ, არ ემალება მათ და აკეთებენ დაგეგმარებას. ასეთი ქვეყნებია სამხრეთ კორეა და სინგაპური, სადაც წინა გამოცდილებიდან გამომდინარე - როცა SARS-მა ძალიან დიდი ადამიანური და ეკონომიკური დანაკარგი გამოიწვია რეგიონში - მთავრობები ძალიან სერიოზულად მოემზადნენ პანდემიებისთვის და როგორც კი მიიღეს ინფორმაცია კორონავირუსის შესახებ, ავტომატურად ჩართეს პანდემიის საწინააღმდეგო სისტემა. ისინი აღმოჩნდნენ ყველაზე მომზადებულები, თავისი პლიუსებით და მინუსებით. თუ იქ მაღალი მაჩვენებელია, არის იმიტომ, რომ ტესტირება არის ძალიან მაღალი, მოსახლეობის ჩართულობა არის ძალიან მაღალი. განათლება ეფუძნება მეცნიერებას და არა რაღაც ზოგად მოსაზრებებს“.
საქართველო არ არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც მოსახლეობის ნაწილს სასწაულის, ერის „გენეტიკური კოდის“, რელიგიის იმედი აქვს და თვლის, რომ სწორედ ეს დაიცავს კორონავირუსისგან:
„უნდა ვიცოდეთ: ვირუსმა არ იცის საზღვარი, არ იცის ეროვნება, არ იცის რელიგია. ვირუსს არ სჭირდება პასპორტი. ის დადის თავისუფლად.
ერთადერთი, რაც ჩვენ დაგვანახა ამ ვირუსმა, არის ის, რომ ადამიანები ვართ ერთნი - არ აქვს მნიშვნელობა საიდან ხარ და ვინ ხარ. მეგონა, ეს ვირუსი უფრო მეტ ერთიანობას მოიტანდა და მეტ საერთოს დაგვანახებდა, ვიდრე იმას, რაც გვყოფს“.
„დილის საუბრების“ ერთ-ერთი თემა იყო კორონავირუსისგან დამცავი ვაქცინის/ების განვითარების პერსპექტივა. გიორგი ფხაკაძე არ თვლის, რომ მსოფლიოს წელს ან მომავალ წელს ვაქცინაციით შეძლებს ვირუსის გავრცელების გაკონტროლებას. ამასთან, აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია ყველა რესურსის გაერთიანება ვაქცინის შექმნის პროცესში და რომ მისი დაჩქარება დაუშვებელია:
„ვაქცინის შექმნა ძალიან რთული პროცესია და რეალობა გვაჩვენებს, რომ წარმატების ხარისხი ვაქცინის შექმნაში არის მხოლოდ 10%. ახლა 200-მდე ლაბორატორია მუშაობს, რომ შეიმუშაოს ახალი ვაქცინა. 27 ლაბორატორია უკვე გადავიდა სხვადასხვა სტადიის კლინიკურ კვლევებზე.
მაგრამ აქ ლაპარაკია იმაზე, რომ პირველი ვინც გააკეთებს ვაქცინას, ის აიღებს ჯეკპოტს - მინიმუმ, 2 მილიარდ დოლარს იმ წუთასვე აიღებს, რადგან მოთხოვნა იქნება ძალიან დიდი.
ვაქცინის დაჩქარება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. მაგალითი გვაქვს 20 წლის წინანდელი, როცა შიდსთან დაკავშირებით იყო ლაპარაკი, რომ ვაქცინა გვექნებოდა. ფაუჩიც იყო ამაში ჩართული და დაჩქარებული წესით გადააბიჯეს ყველა პროცესს. როცა მივედით მესამე სტადიაზე, დავინახეთ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი დაინფიცირდა შიდსით და ამით შეჩერდა ამ ვაქცინის განვითარება. შიდსის ვაქცინამ გადაიწია რამდენიმე ათეული წლით და ახლაც არ არის.
ვაქცინის განვითარების პროცესში არავითარ შემთხვევაში დაჩქარება არ შეიძლება, რადგან აქ არის ლაპარაკი ადამიანის სიცოცხლეზე და უსაფრთხოებაზე.
მაგალითად FDA გვეუბნება, რომ თუ ვაქცინა არის ვალიდური 50%-ში, ჩვენ შეიძლება გავუშვათ ის მოსახლეობისთვის. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტანდარტით, 70-80%-ში უნდა იყოს ეფექტიანი. ჩვენ ვლაპრაკობთ ეფექტიანობაზე, მაგრამ ასევე ვლაპარაკობთ უსაფრთხოებაზე. აი, ახლა რამდენიმე კომპანია შედის კლინიკური კვლევების მესამე სტადიაში, რომელშიც უნდა ჩაერთოს დაახლოებთ 10-20 ათასი ადამიანი და ამას სჭირდება მინიმუმ, 6 თვე. ამ დროს ფიზიკურად ვერ შეამცირებთ და ამაში პოლიტიკის ჩართვა არის მავნებლობა“.
გიორგი ფხაკაძე აცხადებს, რომ კორონავირუსთან ბრძოლის პროცესი უნდა იყოს აპოლიტიკური:
„ჩვენ არ გვაქვს ნამდვილი, დამოუკიდებელი მოსაზრება - სად ვართ? და ეს არის ძალიან დიდი საკითხი. ...როცა ვლაპარაკობთ სტატისტიკაზე და ეპიდემიოლოგიაზე, აქ პოლიტიკა უნდა გადავდოთ და ხალხი, ვინც ამ თემაზე ლაპარაკობს, უნდა იყოს რაც შეიძლება ნეიტრალური, აპოლიტიკური. NCDC უნდა იყოს სრულიად აპოლიტიკური, რადგან ემსახურება ყველას. ვირუსმა არ იცის, რომელი პოლიტიკური პარტიის წევრი ხართ. ...თუ გვინდა წავიდეთ წინ, სიმართლეს უნდა შევხედოთ თვალებში“.
ვიდრე ვირუსი არსად წასულა და მისი დამარცხების ეფექტიანი იარაღი ჯერ არ არსებობს, „დილის საუბრების“ სტუმრის აზრით საჭიროა:
„ყველაფერი გავაკეთოთ სოციალური დისტანცირების დასაცავად. პირბადეები უნდა იყოს ეფექტური და ყველამ იცოდეს სწორად ხმარება, ხელების დაბანა, რა თქმა უნდა.
უნდა გვქონდეს სწორი ინფორმაცია: იმ ენაზე და იმ გზით, რომლითაც ადამიანი გაიგებს და რომლითაც მისაწვდომი იქნება.
რაც მთავარია, უნდა გავაძლიეროთ ჯანდაცვის სისტემა: ტრეინინგები, ეკიპირება გავაძლიეროთ.
ეს არ დამთავრდება არც ერთ თვეში, არც ორ თვეში და არც ერთ წელიწადში. ჩვენ ვიცხოვრებთ ამასთან ერთად ძალიან დიდი ხანი. ორი წელიწადი არის ძალიან ოპტიმისტური, რომ ვირუსი კონტროლის ქვეშ მოვაქციოთ მსოფლიოში“.