მომავალი საპარლამენტო არჩევნების ბედს, როგორც ჩანს, დიდწილად სასამართლო სისტემასთან დაკავშირებული შეფასებები გადაწყვეტს. თუკი საგანგებო მდგომარეობა არ გაჭიანურდება, ახალი საარჩევნო სისტემის განხილვა-დამტკიცება, წესით, უნდა მოესწროს. მაგრამ თუკი მხარეები მართლმსაჯულების პოლიტიზების საკითხზე ვერ შეთანხმდებიან, შესაძლოა, ყველაფერი წყალში ჩაიყაროს და კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს საპარლამენტო არჩევნების შედეგები.
ვის დაეკისრება პასუხისმგებლობა? ვის მხარეს არის საერთაშორისო მხარდაჭერა? ბევრია თუ ცოტა არჩევნებამდე დარჩენილი 6 თვე? რა შეიძლება მოესწროს და რა შეიძლება მოხდეს ამ 6 თვეში?
თუ საგანგებო მდგომარეობა არ გაჭიანურდა
„ქართული ოცნების“ უმრავლესობა აცხადებს, რომ არჩევნები კონსტიტუციით დათქმულ დროს (2020 წლის ოქტომბერში) ჩატარდება და ყველაფერი კეთდება ამისათვის - საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცება მოესწრება და ონლაინრეჟიმში განიხილება ასევე საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებებიც, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODHIR) რეკომენდაციების შესაბამისად.
2020 წლის არჩევნები ახლებური საარჩევნო სისტემით რომ უნდა ჩატარდეს, ამაზე ხელისუფლება და ოპოზიცია 8 მარტს, საერთაშორისო პარტნიორების შუამავლობით შეთანხმდნენ.
ჯერჯერობით სრულიად მშვიდობიანია საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებით პარლამენტში დისტანციურად მიმდინარე განხილვებიც.
დისტანციური განხილვის პროცესებში მონაწილეობს კონსტიტუციონალისტი, „ლელოს“ წარმომადგენელი ვახტანგ ხმალაძე.
რადიო თავისუფლებას მან უთხრა, რომ „ყველაზე შემჭიდროებულად“, ამ ყველა ცვლილების დამტკიცება 2 კვირაშიც შეიძლება. თუმცა გააჩნია, რამდენ ხანს გასტანს საგანგებო მდგომარეობა.
საქართველოს მოქმედი კონსტიტუციის თანახმად:
- საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში კონსტიტუციური კანონის პროექტის განხილვა შეჩერდება ამ მდგომარეობის გაუქმებამდე.
- საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს საყოველთაო არჩევნები არ ტარდება.
- თუ არჩევნების თარიღი ემთხვევა საგანგებო ან საომარ მდგომარეობას, არჩევნები ტარდება ამ მდგომარეობის გაუქმებიდან არაუადრეს 45-ე და არაუგვიანეს მე-60 დღისა.
- პარლამენტის მორიგი არჩევნები ტარდება პარლამენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბრის ბოლო შაბათს (ამ შემთხვევაში 31 ოქტომბერი).
„თუკი პროცესი გახანგრძლივდება, შესაძლებელია სასწორზე დაიდოს საკითხი - განუხრელად დავიცვათ კონსტიტუცია და არ შევიტანოთ მასში ცვლილებები საგანგებო მდგომარეობის გამო; თუ დავარღვიოთ კონსტიტუციით დადგენილი ეს აკრძალვა და მაინც შევიტანოთ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული ცვლილება საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად... მე იმედი მაქვს, რომ ასე უსასრულოდ ვეღარ გაგრძელდება საგანგებო მდგომარეობა. ჩანს, რომ პანდემიასთან დაკავშირებული პროცესები უკეთესობისკენ მიდის მსოფლიოში“, - ამბობს ვახტანგ ხმალაძე.
22 აპრილს, პარლამენტის გადაწყვეტილებით, საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე გახანგრძლივდა. ამ გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭირა ოპოზიციის დიდმა ნაწილმა.
ასევე ნახეთ საგანგებო მდგომარეობა - რატომ... რატომ... რატომ...როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში, ეპიდემიოლოგიური საჭიროების შემთხვევაში, საგანგებო მდგომარეობა 22 მაისის შემდეგაც გახანგრძლივდება. თუმცა, საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა მაინც მოესწრება.
- „ოპოზიციასთან შეთანხმებულია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება ჩვენ შეიძლება შევძლოთ რამდენიმე დღეშიც“;
- „დადგენილი პრაქტიკითაც რომ გავყვეთ, რასაც 1,5-2 თვე სჭირდება, ასეც ვასწრებთ... ეს საგანგებო მდგომარეობა კიდევ უფრო რომ გაგრძელდეს (ამის მოლოდინი არ მაქვს, მაგრამ...) თვე და თვე-ნახევარი, მაინც ვასწრებთ. ამიტომ სანერვიულო არ არის ეს“.
თუკი კონსტიტუციასა და საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს ვნებათაღელვა არ უკავშირდება, სულ უფრო იძაბება ვითარება 8 მარტის შეთანხმების მეორე კომპონენტთან დაკავშირებით.
სასამართლო არ უნდა იყოს პოლიტიზებული
„მოუწევს ხელისუფლებას როგორც საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული დაპირების, ასევე მეორე დაპირების შესრულება და პოლიტპატიმრების გათავისუფლება... საქართველოს ბიუჯეტი არ არსებობს ევროკავშირისა და ამერიკის გარეშე... ბანკი... არ გაუვა ხელისუფლებას საკუთარი მოსახლეობისა და საერთაშორისო თანამეგობრობის უკვე მეორეჯერ გაცრუება“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი, დეპუტატი რომან გოცირიძე.
„ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია უცვლელია - თუკი არ შესრულდება 8 მარტის შეთანხმება სრულად, ჩაშლილად გამოცხადდება მთლიანი შეთანხმება.
საერთაშორისო მხარდაჭერის იმედი ოპოზიციას კიდევ უფრო გაუძლიერდა მას შემდეგ, რაც 14 აპრილს, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ირაკლი ოქრუაშვილის საპატიმრო განაჩენს მყისიერად გამოეხმაურნენ შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის საელჩოები.
ასევე ნახეთ მართლმსაჯულების პოლიტიზება, შერჩევითი სამართალი, ეჭვები მიკერძოებაზე - ამერიკისა და ევროკავშირის აქცენტებითუკი „ქართული ოცნება“ შეთანხმებას სრულად არ შეასრულებს, საერთაშორისო პარტნიორების რეაგირება აუცილებლად გაგრძელდება - ამაში მტკიცედ არის დარწმუნებული „ევროპული საქართველოც“.
როგორც დეპუტატმა სერგი კაპანაძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, საიმედო ნიშნები არ ჩანს, მაგრამ „ქართულ ოცნებას“ ჯერ კიდევ აქვს დრო დაპირების შესასრულებლად და „განგაში ცოტა ნაადრევია“.
სერგი კაპანაძის თქმით:
- „პოლიტპატიმრების გათავისუფლება უნდა მოხდეს საკონსტიტუციო ცვლილებების პარლამენტის სხდომაზე გატანამდე“;
- „თუ ეს არ მოხდა, შეთანხმება ჩაშლილად ჩაითვლება „ქართული ოცნების“ მხრიდან“;
- „ამას მოჰყვება მკაცრი შეფასებები საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, იქნება არანორმალური წინასაარჩევნო ვითარება და ურთიერთობა“;
- „მთავარი უარყოფითი შედეგი, რაც შეიძლება ამას მოჰყვეს, ეს იქნება საპარლამენტო არჩევნების შედეგების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება“.
სასამართლო სისტემა მკვეთრად უარყოფითად არის შეფასებული ავტორიტეტიანი საერთაშორისო ორგანიზაციის - „ფრიდომ ჰაუსის“ (Freedom House) მიერ 6 მაისს გამოქვეყნებულ ანგარიშშიც.
ასევე ნახეთ Freedom House-ის ანგარიში: დემოკრატიული ფასადების რღვევა„უცნაურია, რომ ამ ანგარიშში წარმოდგენილი გარკვეული ტენდენციები პირდაპირ ეწინააღმდეგება აშშ-ის საელჩოსა და ევროკავშირის მიერ ოფიციალურად გაცხადებულ პრინციპებს სასამართლოს სისტემის განვითარებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა „ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიშის შეფასებისას.
ბოლო პერიოდში ევროპიდან და ამერიკიდან წამოსული მწვავე შეფასებების მიუხედავად, „ქართულ ოცნებაში“ კატეგორიულად არ იზიარებენ ოპონენტების შეფასებებს საერთაშორისო პარტნიორების თვალში ნდობისა და ავტორიტეტის დაკარგვასთან დაკავშირებით. ბოლო პერიოდში კი, „ქართული ოცნება“ თავს იწონებს საქართველოს შესახებ საერთაშორისო პრესაში გამოქვეყნებული სტატიებით.
„პანდემიასთან ბრძოლაში ჩვენს ძალიან დიდ წარმატებას აღნიშნავენ საერთაშორისო პარტნიორები და ფაქტობრივად დღე და 2 დღე არ გავა, რომელიმე ძალიან ავტორიტეტულ გამოცემაში არ დაიბეჭდოს ამ წარმატების შესახებ და მათ შორის ბიძინა ივანიშვილის როლზე იყო საუბარი და უამრავ საკითხთან დაკავშირებით, რაც ქვეყნის წარმატებას უსვამს ხაზს“, - განაცხადა მდინარაძემ ჩვენ მიერ უკვე ნახსენებ სატელევიზიო ინტერვიუში.
პანდემიასთან ბრძოლაში საქართველოს მნიშვნელოვან წარმატებებს აფასებს პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძეც. თუმცა საერთაშორისო პრესაში მომრავლებული დადებითი სტატიები მას ხელოვნური პროცესის ნაწილი ჰგონია.
„თავიდან მეგონა, რომ ეს ბუნებრივი პროცესი იყო, მაგრამ უკვე იმდენად ხშირია ეს ყველაფერი, რომ ჩემში, მაგალითად, როგორც სპეციალისტში, ეს უკვე მართული პროცესის შთაბეჭდილებას ტოვებს... აშკარად ჩანს ლობისტების ხელი... თავისი 8 წლის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ პიარი პირველად მართა ასე ეფექტურად“, - ეუბნება ხათუნა ლაგაზიძე რადიო თავისუფლებას.
რაც შეეხება მოსალოდნელ საერთაშორისო რეაქციებს, თუკი „ქართული ოცნება“ სრულად არ შეასრულებს 8 მარტის შეთანხმებას, ხათუნა ლაგაზიძის თქმით - რეაქციების სიმწვავე დამოკიდებული იქნება პანდემიის შედეგებზე ამერიკასა და ევროკავშირის ქვეყნებში - „გააჩნია, რამდენად ეცლებათ ჩვენთვის“.
ანალიტიკოსების აზრით, შეთანხმების ჩაშლას აუცილებლად მოჰყვება საერთაშორისო რეაქციები, რადგან ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შუამავლობა შეთანხმების შესრულებაზე აღებულ პასუხისმგებლობასაც გულისხმობს.
ასევე ნახეთ ვის როგორ ესმის დასავლეთის ხმახელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების მიღწევა მრავალთვიანი დაძაბულობის შემდეგ, მხოლოდ საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევით მოხერხდა. 8 მარტის შეთანხმება ორკომპონენტიანია: ურთიერთგაგების მემორანდუმი შეეხება უშუალოდ საარჩევნო სისტემას; ხოლო ერთობლივი განცხადება - სასამართლო სისტემის პოლიტიზებისგან დაცვას.
ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია შემდეგი:
- „აუცილებელია რეაგირება ქმედებებზე, რომლებიც შესაძლოა აღქმულ იქნეს, როგორც სასამართლო და საარჩევნო პროცესების არასათანადო პოლიტიზაცია და მომავალში მსგავსი ქმედებები თავიდან უნდა იქნეს აცილებული“;
- „მივესალმებით პრეზიდენტის წინადადებას, მისი საკონსტიტუციო უფლებამოსილების ფარგლებში, თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესის ხელშეწყობასთან დაკავშირებით“.
მიუხედავად იმისა, რომ 8 მარტს შეთანხმებულ ერთობლივი განცხადების ტექსტში კონკრეტული საქმეები და გვარები არ არის ნახსენები, ოპოზიცია ერთხმად აცხადებს, რომ ხელისუფლებისგან მიღებული სიტყვიერი დაპირებით - უნდა შეწყევტილიყო პოლიტიკური ნიშნით გასამართლების პროცესი და უნდა გათავისუფლებულიყო ოთხი დაკავებული - გიგი უგულავა, ირაკლი ოქრუაშვილი, გიორგი რურუა და ბესიკ თამლიანი. ამ ეტაპზე გირაოს წესით გათავისუფლებულია მხოლოდ ბესიკ თამლიანი.
ხელისუფლება ასეთი შეთანხმების არსებობას კატეგორიულად უარყოფს.