"ნორმალიზაციის პოლიტიკის ფარგლებში იმდენად შორს შეტოპეს, რომ ვეღარ განსაზღვრეს ჩვენს ინტერესებს პასუხობდა ეს ნორმალიზაცია, თუ რუსეთისას"

კორნელი კაკაჩია, "საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის" დირექტორი

„საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ დირექტორი, კორნელი კაკაჩია ფიქრობს, რომ ორი კვირის წინ პარლამენტში მომხდარი მხოლოდ ბოლო იმპულსი იყო, რამაც დაგროვილი პროტესტი გამოაჩინა:

„გავრილოვის ვიზიტმა გამოაჩინა მთელი სპექტრი უკმაყოფილების, რომელიც არსებობს მმართველი პარტიის მიმართ“.

„დილის საუბრების“ სტუმარი მკაფიოდ ხედავს საქართველოში საზოგადოების, როგორც ხელისუფლების მაკონტროლებლის ფუნქციას:

„დემოკრატიულ ქვეყანაში საზოგადოების მოვალეობა სწორედ ეს არის, რომ ფხიზლად იყოს და ნებისმიერი გადაცდომაზე, რომელიც ექნება ხელისუფლებას - ეს იქნება საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით - ჰქონდეს გარკვეული რეაქცია, რომ მოხდეს გარკვეული ცვლილება, ან, თუ ცვლილება ვერ ხერხდება, მთლიანად შეიცვალოს ხელისუფლება“.

კორნელი კაკაჩია ცალსახად წინგადადგმულ ნაბიჯად აფასებს პროპორციული სისტემის შესახებ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, “რომელიც საზოგადოებამ აიძულა ხელისუფლებას”:

“თუმცა, ამ ე.წ. ნულოვან ბარიერთან დაკავშირებით არსებობს განსხვავებული მოსაზრებები და ჩემი მოსაზრებაც ეს არის, რომ აქ გარკვეული საფრთხეებია. ასეთ ქვეყანაში, სადაც პოლიტიკური კულტურის დონე არ არის ძალიან დაბალი, არის გარკვეული რისკები და ალბათ, საჭიროა 2-3% რომ იყოს ბარიერი, რომ ძალიან არ აჭრელდეს პარლამენტი. ჩვენ ზედმეტი უკიდურესობები გვახასიათებს. ერთიდან მეორეში გადავდივართ“.

რომ მივუბრუნდეთ კვლავ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის თემას, პოლიტოლოგი თვლის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გადაამეტა რუსეთთან ურთიერთობის საკითხში და მის კალაპოტში მოქცევას საზოგადოების რეაქციამ შეუწყო ხელი:

„ნორმალიზაციის პოლიტიკის ფარგლებში იმდენად შორს შეტოპეს, რომ ვეღარ განსაზღვრეს ჩვენს ინტერესებს პასუხობდა ეს ნორმალიზაცია, თუ რუსეთისას.

ეს პოლიტიკა იქითკენ იყო მიმართული, თითქოს აქ არაფერი ხდება და მხოლოდ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა, ტურიზმის განვითარება იყო მნიშვნელოვანი, რაც ზოგადად ცუდი არ არის, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის ხარჯზე“.

კორნელი კაკაჩია ლაპარაკობს აბაშიძე-კარასინის შეხვედრების ფორმატზეც:

„მიუხედავად იმისა, რომ იქ რაღაც შედეგები იყო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაუმჯობესების თვალსაზრისით, რასაც, ბუნებრივია, ყველა მიესალმება, მგონია, რომ იქ ხანდახან იშლებოდა ზღვარი, მანდატს სცდებოდა და იყო საუბარი პოლიტიკურ საკითხებზეც“.

„საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ დირექტორი თვლის, რომ სანამ რუსეთი არის კონფლიქტის მხარე, საქართველოს არც ერთ ხელისუფლებას არ აქვს უფლება ილაპარაკოს მასთან ურთიერთობებში გარღვევაზე - „ეს ვერ მოხდება“. კორნელი კაკაჩიას შეფასებით, რუსეთის ხელისუფლების ხისტი პოზიცია და გადაწყვეტილებები სერგეი გავრილოვთან დაკავშირებული ინციდენტის შემდეგ უკავშირდება შემდეგს:

„ის მოლოდინი, რაც რუსეთს ჰქონდა, რომ რბილი ძალით შეეძლო საქართველოში საზოგადოების განწყობების გარკვეულწილად მის სასარგებლოდ შეცვლა, არ გამართლდა და ამაზე ჰქონდათ ძალიან ხისტი პოზიცია პირდად პრეზიდენტ პუტინსაც“.

გარდა ამისა, პოლიტოლოგის თქმით, რუსეთს სურდა საქართველო ექცია იმის მაგალითად, რომ ოკუპირებული ქვეყანაც შეიძლება „გონს მოეგოს“ და გააუმჯობესოს ურთიერთობები რუსეთთან:

„აღმოჩნდა, რომ ეს სცენარი ვერ იქნა ბოლომდე რეალიზებული და ამის გამოა ის რეაქცია, რომელიც ჰქონდა რუსეთის ხელისუფლებას“.

Your browser doesn’t support HTML5

კორნელი კაკაჩია საქართველოს საზოგადოების მიერ ხელისუფლებისთვის განსაზღვრულ წითელ ხაზებზე