ბოლო ხანს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში განსაკუთრებით, აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს დასავლელი პარტნიორები - იქნება ეს ოფიციალური განცხადებებითა და კომენტარებით გამოხმაურება თუ პოლიტიკური დიალოგის ხელშეწყობა და მასზე დიპლომატების დასწრება. „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ (GIP) დირექტორი კორნელი კაკაჩია დიპლომატების აქტიურობაზე რადიო თავისუფლების ეთერში ამბობს:
„ეს ძირითადად ხდება, რეჟიმის ცვლილების დრო როცა დგება - როცა ორი ვადით არის არჩეული ხელისუფლება და ამ დროს, ეს პროცესი - ხელისუფლების შეცვლის და არჩევნების პროცესი, რომელიც ყველაზე მტკივნეულია ამ ქვეყანაში, გამომდინარე იქიდან, რომ საკმაოდ მყიფეა დემოკრატიული ინსტიტუტები, საჭიროებს დახმარებას. უპრეცედენტო იყო 2012-ში თუნდაც საერთაშორისო თანამეგობრობის მობილიზება. მაშინ არათუ საერთაშორისო ორგანიზაციებს, თითოეულ ქვეყანას და ორგანიზაციასაც კი ჰყავდათ დამკვირვებელი - არ დარჩენილა უბანი, რომელსაც არ ესწრებოდნენ და რომ არ ყოფილიყო ასე, არ ვიცით, როგორ დამთავრდებოდა 2012 წლის არჩევნები.
ახლა გვაქვს ზუსტად ასეთივე მდგომარეობა - ჩვენ ვართ მყიფე დემოკრატია და იმისთვის, რომ გაიმართოს სამართლიანი არჩევნები და ჩატარდეს ნორმალურად, საჭიროა საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიურობა, როგორიც დღეს არის და ის უნდა გაგრძელდეს შემდეგ წელიწადსაც, რადგან სწორედ ამ არჩევნების პერიოდში იქნება ეს ყველაზე მნიშვნელოვანი. ჩვენ გვახსოვს საპრეზიდენტო არჩევნების დროს როგორი პოლარიზებული იყო გარემო და დაახლოებით იგივე იქნება, თუ უარესი არა, შემდეგ არჩვენებზე და ეს უკვე იგრძნობა კიდეც“.
კორნელი კაკაჩია ლაპარაკობს დასავლელი დიპლომატებისა და პოლიტიკოსების ბოლოდროინდელ რეაქციებზეც და კონკრეტულად ეხმაურება ორი ამერიკელი კონგრესმენის - ადამა კინზინგერისა და გერი კონოლის წერილს საქართველოს პრემიერმინისტრისადმი:
„საკმაოდ მკვეთრი იყო იქიდან გამომდინარე, რომ ხშირად გაგვიგია ხელისუფლებასთან დაახლოებული ექსპერტებისგან და თვითონ ხელისუფლების წარმომადგენლებისგან, რომ დასავლელი პოლიტიკოსების წინა განცხადებები თითქოს არ იყო ისეთი კრიტიკული. ისინი ამბობდნენ, რომ იმ განცხადებებში ისეთი არაფერი იყო, იყო ძალიან დაბალანსებული და დიპლომატიური ენა.
ამ შემთხვევაში ცოტა სხვა ვითარებასთან გვაქვს საქმე იქიდან გამომდინარე, რომ კონკრეტულად წერია ყველაფერი შავით თეთრზე - თუ როგორ იცვლება აშშ-ში და აგრეთვე სხვა საერთაშორისო პარტნიორების თვალში საქართველოს იმიჯი. ჯერჯერობით ვერ ვიტყვით, რომ ეს პროცესი დასრულებულია, მაგრამ თუ სიტუაცია ასე გაგრძელდა, ეს კრიზისი ვერ დაიძლია, ფაქტია, იზარალებს ქვეყნის იმიჯი, იზარალებს ხელისუფლების იმიჯი (თუ უკვე დაზარალებული არ არის), როგორც ქვეყნის შიგნით ასევე ქვეყნის გარეთ და ეს იქნება სერიოზული ფასი, რომელიც ჩვენ როგორც ქვეყანას დააზარალებს იმ მიზნებთან მიმართებით, რომლებიც გვაქვს ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებით“.
Your browser doesn’t support HTML5