კონცერტს, სადაც „ტიტების“ ახალ ვერსიას შეასრულებენ, პირველი არხი აღარ გადასცემს

კონცერტი, სადაც სიმღერის „ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტების“ ახალ ვერსიას 25 მომღერალი კაცი შეასრულებს, 9 აპრილს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში აღარ გადაიცემა. როგორც პირველი არხის სატელევიზიო არხების ხელმძღვანელმა რუსუდან მანჯგალაძემ განუმარტა რადიო თავისუფლებას, კონცერტის ორგანიზატორებმა საზოგადოებრივ მაუწყებელს ტრანსლაციის განხორციელების თხოვნით გვიან მიმართეს და შესაბამისად, კონცერტის ტრანსლირება ვეღარ განხორციელდება:

„რადენიმე დღის წინ გავრცელდა მცდარი ინფორმაცია კლიპის პრემიერის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით გადაცემის შესახებ. ეს კი გამოიწვია იმან, რომ დღეს, 9 აპრილს, ფილარმონიაში კონცერტი უნდა გაიმართოს, სადაც, სიმღერის ახალი ვერსიის პრემიერაც შედგება. საუბარი იყო მხოლოდ და მხოლოდ კონცერტის ტრანსლაციაზე და არანაირი კლიპის პრემიერაზე. თუმცა, კონცერტის ორგანიზატორებმა მოგვმართეს კონცერტამდე ხუთი დღით ადრე, ანუ ტრანსლაციის დაგეგმვისთვის საკმაოდ გვიან და კონცერტი საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში აღარ გადაიცემა. აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ მას შემდეგ, რაც სიმღერის ავტორმა ჯემალ სეფიაშვილმა განმარტა, თუ რატომ მღერიან „ტიტების“ ახალ ვერსიას მხოლოდ კაცები, საზმაუმ გაავრცელა განცხადება, სადაც წერს, რომ ემიჯნება სიმღერის ახალი ვერსიის იდეას“.

ჯემალ სეფიაშვილის ცნობილ სიმღერას „ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები“ (მორის ფოცხიშვილის ლექსი) 1989 წლის 9 აპრილიდან 30 წლის შემდეგ, ისევ იმღერებენ, ოღონდ ამჯერად „ტიტებს“ 25 მომღერალი კაცი შეასრულებს და არც ერთი ქალი. მაშინ, როცა 30 წლის წინ, სიმღერას კაცებთან ერთად 22 მომღერალი ქალიც ასრულებდა, მათ შორის, ნანი ბრეგვაძე, თამარ ჭოხონელიძე, მაია ჯაბუა, ეკა კვალიაშვილი, თამრიკო გვერდწითელი, ირმა სოხაძე, ეთერ კაკულია, ეკა კახიანი, ეკა მამალაძე და სხვა.

კომპოზიტორმა ჯემალ სეფიაშვილმა თავისი გადაწყვეტილება ასე ახსნა: „ვთვლი, რომ ოჯახის სიძლიერე არის მამაკაცი, ქვეყნის სიძლიერე არის მამაკაცი, ქვეყნის დამცველი არის მამაკაცი და სწორედ ამიტომ ამ სიმღერას ეს 25 მამაკაცი იმღერებს“.

კომპოზიტორის განცხადებიდან რამდენიმე დღეში, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა განცხადება, სადაც ვკითხულობთ:

„სიმღერის ავტორის კომენტარი გამოხატავს მხოლოდ მის მოსაზრებას და არა არხის პოზიციას. საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ საქართველოს პირველ არხზე არ იგეგმება აღნიშნული სიმღერის ან კლიპის პრემიერა, არამედ 9 აპრილის ტრაგედიის 30 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება-კონცერტის დიდი საკონცერტო დარბაზიდან ტრანსლაცია, რომლის პროგრამასა და შინაარსობრივ ნაწილზე პასუხისმგებელი არის მხოლოდ ღონისძიების ორგანიზატორი. მოგეხსენებათ, რომ 9 აპრილი განსაკუთრებული თარიღია საქართველოს ისტორიაში, სწორედ ამიტომ, საქართველოს პირველი არხი მაქსიმალურ ყურადღებას დაუთმობს და გააშუქებს ამ მნიშვნელოვანი თარიღისადმი მიძღვნილ ყველა ღონისძიებას”, – გნაცხადა მარტის ბოლოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა.

როგორც რუსუდან მანჯგალაძემ განუმარტა რადიო თავისუფლებას, საზოგადოებრივი მაუწყებელი ჩაიწერს ფილარმონიაში გამართულ კონცერტს და თუკი კონცერტი იქნება საინტერესო, მნიშვნელოვანი და ღირებული, პირველი არხი მას მოგვიანებით შესთავაზებს მაყურებელს.

მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია „ტიტების“ ახალი ვერსიის მთავარი იდეის შესახებ, სამოქალაქო აქტივისტების ჯგუფმა 9 აპრილს, საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ, საპროტესტო აქცია დაგეგმა სახელწოდებით „ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები 17 მოკლული ქალის გარეშე?!“ თუმცა, მას შემდეგ, რაც საზოგადოებრივმა მაუწყებელმა განაცხადა, რომ მის ეთერში არ შედგება სიმღერის პრემიერა, აქციამ ფორმა იცვალა. აქციის ორგანიზატორები საზოგადოებრივი მაუწყებლის 22 თანამშრომელი ქალის სახელზე წერილს შეიტანენ. წერილის ავტორები მიმართვის შინაარსის გავრცელებას მოგვიანებით გეგმავენ.

რაც შეეხება წერილის ადრესატებს, ესენი არიან: ია ანთაძე, მაკა ცინცაძე, თამთა სანიკიძე, ელენე ბილიხოძე, ნათია წულაძე, თამარ კაციტაძე, ლიკა ხურციძე, თინათინ ბერძენიშვილი, მაკა გაფრინდაშვილი, ირინა დეკანოიძე, დოდო შონავა, ანა ბროლაძე, მარი მალაზონია, ნატა მაღალაშვილი, მარიამ გიორგობიანი, ელენე თავაძე, თინათინ ლაღიძე, ნინუცა ორჯონიკიძე, ნინია კაკაბაძე, რუსკა მაყაშვილი, ნინო ზაუტაშვილი, მარიკა შალიკაშვილი.

1989 წლის 9 აპრილს, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე, რომელიც რუსმა სამხედროებმა დაარბიეს, 21 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, 17 ქალი: აზა ადამია, ნათია ბაშალეიშვილი, ეკა ბეჟანიშვილი, ნატო გიორგაძე, თამუნა დოლიძე, თინა ენუქიძე, ნინო თოიძე, ზაირა კიკვიძე, მანანა ლოლაძე, თამარ მამულიშვილი, ვენერა მეტრეველი, ნანა სამარგულიანი, მარინა ჭყონია-სამარგულიანი, ელისო ჭიპაშვილი, თამარ ჭოველიძე, მზია ჯინჭარაძე, მანანა მელქაძე.