22 ივლისი, კვირა
პარასკევს ჩვენმა მედიადედამ, მარიკუზამ, მითხრა, რომ რადიო თავისუფლებისთვის ერთკვირიანი დღიური ვაწარმოო. ძალიან გამიხარდა. ბევრი ჩვენი თანამოქალაქის დღიური წამიკითხავს და ძალიან მომწონდა ურთიერთობის ეს ფორმატი. მიხარია, რომ მეც მომეცა საშუალება ჩემი ცხოვრების ერთი კვირა გავუზიარო საზოგადოებას. მიუხედავად იმისა, რომ წერა ძალიან მიყვარს, დღიურის წარმოების სურვილი არასდროს მქონია, სკოლაში სწავლის პერიოდს თუ არ ჩავთვლი. მაშინაც სხვისი დღიურების შექმნაში ვიღებდი მონაწილეობას, ,,მეგობრობის დღიური“ რომ ერქვა. უცებ თვალწინ გამირბინა ძალიან ტკბილმა წლებმა, რომლებიც სკოლაში გავატარე ჩემს დიდებულ კლასელებთან ერთად. უკვე 27 წელი გავიდა, რაც სკოლა დავამთავრე და ძალიან მიხარია, რომ ჩემი კლასი, 160-ე სკოლის მე-11/1, ძალიან მონოლითური გამოდგა მეგობრობაში და დღემდე თითქმის სრული შემადგენლობით ვინარჩუნებთ ამ მეგობრობას. სამწუხაროდ, უბედურმა შემთხვევებმა ვერც ჩვენ აგვიარა გვერდი და რამდენიმე კლასელი ნაადრევად გამოგვაკლდა. გამოვიყენებ ამ შანსს და ჩემი დღიურის ფურცლებიდან მოვეფერები ჩემს ტკბილ, თბილ და ძალიან გემრიელ კლასელებს. როგორც ჩვენი ხათუნები იტყვიან, მიყვარხართ, ბავშვებო!
მე ვარ კონსტანტინე (კოტე) რუხაძე, ბაბუის - კონსტანტინე (კოტე) გუგუშვილის -მოსახელე. ბაბუა პროფესორი იყო, ლექციებს - მეანობა-გინეკოლოგიას - კითხულობდა „ზოოვეტში“ და ხშირად დავყავდი ინსტიტუტშიც, ფერმებში. განსაკუთრებით მიხაროდა, ცხენების სანახავად რომ მივდიოდი. მერე, რომ წამოვიზარდე და კოჭობანას თამაში დავიწყე, სულ ჯილა კოჭებით მამარაგებდა. ისეთი კოჭები მქონდა, რომ ერთს ხუთ ცალში - შედარებით დაბალი კატეგორიის კოჭებში -მიცვლიდნენ. კონსტანტინ ფომიჩი უზომოდ მიყვარდა და ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი საყვარელი, სანდო პიროვნება იყო, რომელთანაც არანაირი საიდუმლო არ მქონდა, ყველაფერს ვუზიარებდი. მისი რჩევა-დარიგება ხშირად გამომდგომია ცხოვრებაში და ნეტა, ყველაფერში დამეჯერებინა.
პირადზე საუბარი არ მიყვარს, მით უმეტეს, საჯარო სივრცეში, ამიტომ ამ კვირეულს ჩემს პროფესიულ საქმიანობას მივუძღვნი, მით უფრო, რომ 28 ივლისს, როცა ამ დღიურის ბოლო ფურცელს დავწერ, ჰეპატიტების საერთაშორისო დღეა. ამ დღეს ყოველ წელს აქტიურად აღვნიშნავთ მე და ჩემი მეგობრები და არც წლევანდელი წელი იქნება გამონაკლისი. მთელი კვირა ძალიან დატვირთული მაქვს და შევეცდები ეს ყველაფერი დღიურში გადმოვიტანო. ხვალ „ზიანის ქსელში“ ვიკრიბებით სამუშაო ჯგუფი და დაიწყება მზადება კამპანიისთვის.
23 ივლისი, ორშაბათი, 2018
მე ვმუშაობ პაციენტთა პირველ სათემო ორგანიზაცია „ჰეპა +“-ში და ასევე პირველ ნარკოტიკების მომხმარებელთა სათემო ორგანიზაცია „ახალ ვექტორში“. ზუსტად ამ ორი ორგანიზაციის აქტივობით და, რა თქმა უნდა, ჩვენი პარტნიორების (OSGF, MDM, GHRN) მხარდაჭერით დაიწყო აქტიური საადვოკაციო კამპანია ძალიან კონკრეტული მიზნით - C ჰეპატიტის დიაგნოსტიკა და მკურნალობა ხელმისაწვდომი უნდა გამხდარიყო საქართველოს ყველა მოქალაქისთვის. ძალიან ამაყი ვარ, რომ მივაღწიეთ ჩვენს მიზანს. ეს არის ერთ-ერთი სამაგალითო საადვოკაციო პროცესი, რომელიც დასრულდა იმ შედეგით, რასაც ველოდით. როგორც იტყვიან, პირდაპირ მოვარტყით სამიზნეს - C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამას. 50 000-მა ადამიანმა უკვე ისარგებლა ამ პროგრამით, 98 % განიკურნა და დაამარცხა C ჰეპატიტი. ეს არ არის, უბრალოდ, სატისტიკა, ეს არის 50 000 ცოცხალი ადამიანის ისტორია, მათი ოჯახის წევრების სიხარული, ჩვენი საზოგადოების წარმატება, რაც იმაზე მეტყველებს, რომ სამოქალაქო საზოგადოებას და ხელისუფლებას, სწორად დაგეგმილი სტრატეგიის შემთხვევაში, შეუძლიათ შექმნან კონკრეტული პროდუქტი ჩვენი მოქალაქეების სასიკეთოდ.
14:00 საათზე შევიკრიბეთ ქსელის ოფისში, ვიმსჯელეთ, დავგეგმეთ აქტივობები: 28-ში, შაბათს, გავმართავთ ქუჩის აქცია-პერფორმანსს, „თავისუფლებისა“ და „რუსთაველის“ მეტროებთან გვეყოლება ორი მობილური ამბულატორია, სადაც მოქალაქეებს შეეძლებათ ჩაიტარონ ტესტირება და გაიგონ სტატუსი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია - გამოვლენა იმ ადამიანების, ვინც C ჰეპატიტითაა დაავადებული, და მერე მათი ჩართვა ელიმინაციის პროგრამაში.
შევთანხმდით კამპანიის სლოგანზე - ,,ვიპოვოთ 100 000 დაკარგული ადამიანი!!!“. ვფიქრობ, კარგი სლოგანია. უპასუხებს იმ გამოწვევას, რომლის წინაშეც ელიმინაციის პროგრამა დადგა. კვლევების თანახმად, ქვეყანაში გვყავს 150 000 ათასი ადამიანი. 50 ათასი ჩაერთო პროგრამაში, 100 ათასი კი - არა. მაშინ, როცა გაქვს შანსი განიკურნო ასეთი ვერაგი დაავადებისგან და არ ან ვერ იყენებ მას, ესე იგი არის რაღაც პრობლემა ან ბარიერი, რომელიც ხელს უშლის პროგრამის სრულყოფილად ფუნქციონირებას. ეს პროგრამა ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის როგორც შვილი, პირმშო, ისეა. იმდენი შრომა და ტკივილია ჩადებული, რომ მის წარმატებას ან წარუმატებლობას პირად წარმატება-წარუმატებლობად აღვიქვამთ. ამ ბრძოლის გზაზე, სამწუხაროდ, ბევრი მეგობარი გამოგვაკლდა. მათი გარდაცვალების მიზეზი C ჰეპატიტი და მისი გართულებები იყო. ჩვენი ზურიკო დანელია, ჩემი ერთ-ერთი პირველი მასწავლებელი, გზის გამკვლევი! როცა ამ სფეროში მოვედი, არც ზიანის შემცირება ვიცოდი, არც სისხლით გადამდები დაავადებები და დღეს მე რომ შემდგარი ადამიანი ვარ, მისი დიდი დამსახურებაა. აქვე არ შემიძლია არ ვახსენო კიდევ ორი ადამიანი: როცა ჩემი ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე რთულ პერიოდში ციხიდან გამოვედი - სტიგმატირებული, დისკრიმინირებული, გლდანის ციხის ჯოჯოხეთგამოვლილი (დღეს ზოგიერთს ენა რომ უტრიალდება და დადგმულს უწოდებს, საკუთარი თვალით მაქვს ის სისასტიკე ნანახი და პირადად განცდილი უამრავი დამცირება, შეურაცხყოფა, რამაც მორალურად დიდი დაღი დამასვა) - აი, ასეთ რთულ სიტუაციაში ისინი დამეხმარნენ და დღესაც გვერდით მიდგანან - მანანა სოლოღაშვილი და კოკა ლაბარტყავა.
24 ივლისი, სამშაბათი
გუშინ გადავინაწილეთ ფუნქციები, ვინ რა უნდა გავაკეთოთ ამ კვირაში. მე უნდა მოვაგვარო: კლიპი, სტამბა, მაისურები, შევარჩიო მობილური ამბულატორიის განთავსების ადგილები. გამოცდილებით ვიცი, გზადაგზა გამოჩნდება კიდევ უამრავი რამ. მოკლედ, რთული კვირაა. ჩემი საადვოკაციო დებიუტი 2011 წლის 26 მარტს შედგა. საქართველო-ხორვატიის საფეხბურთო მატჩი. 75 ათასი მაყურებელი სტადიონზე გუგუნებს, დანარჩენი საქართველო - ტელევიზორებთან. მატჩი არის გადამწყვეტი. მხოლოდ მოგება გვინდა. სამთავრობო ლოჟა სავსეა. პრეზიდენტი სააკაშვილიც იქაა, მიშა ჯერ კიდევ მიშობდა. ამ ყველაფრის ფონზე აღმოსავლეთ ტრიბუნაზე, ფანზონაში, რომელიც ყველაზე ლამაზი იყო იმ დღეს, ეროვნულ ფერებში ჩაცმული ქომაგები ეროვნულ ჰიმნზე ფეხზე დგებიან და ამ დროს გადმოვკიდეთ უზარმაზარი ბანერი წარწერით: „C ჰეპატიტით დაავადებულ 200 ათას ადამიანს სჯერა საქართველოს გამარჯვების და C ჰეპატიტის დამარცხების“. 200 ათასის ნულები გამოვსახეთ ფეხბურთის ბურთებით. ძალიან ეფექტური პერფორმანსი გამოდგა. ეს ბანერი ეკიდა მთელი თამაშის განმავლობაში, 90 წუთი. მატჩი მოიგო საქართველოს ნაკრებმა და გაჩნდა იმედი C ჰეპატიტის დამარცხებისა. ძალიან ბედნიერები ვიყავით. ის ემოცია ახლაც მახსოვს და ამ წუთებში, როცა ამ დღიურს ვწერ, ისევ განმიახლდა. დღეს რაც გეგმა მქონდა, ყველაფერი გავაკეთე: სტამბა მოვიარე, ლოკაციები ვნახე, კლიპის სამზადისი დავიწყე, რეგიონებში დავურეკე ჩვენს კოლეგებს და ვთხოვე ჩაეწერათ ორ-ორი ბენეფიციარი, ვისაც არ უმკურნალია და ეკითხათ მიზეზი - რატომ არ იწყებენ მკურნალობას. ვისაც აქვს C ჰეპატიტი და არ იწყებს მკურნალობას, მისი განმარტება, თუ რატომ, იძლევა საშუალებას გამოვავლინოთ ბარიერები და მერე ვიზრუნოთ მათ მოხსნაზე. კლიპი იქნება ერთწუთიანი. გადმოცემული იქნება რამდენიმე მიზეზი 100 ათასი ადამიანის უჩინარობისა.
Your browser doesn’t support HTML5
25 ივლისი, ოთხშაბათი
რეგიონებო, ყოჩაღ! გუშინ ვთხოვე ბენეფიციარების ჩაწერა და ბათუმმა, ქუთაისმა, ოზურგეთმა და აგერ უკვე კახეთმაც გადმოგზავნეს. მადლობა, მირანდა, ირმა, ზაზა, ოთარ და ლევან! კარგები ხართ! მობილურით გადაღებულის პირობაზე კარგია! მახოს გადავუგზავნი, გადახედოს. მახო ახლად შეძენილი თანამშრომელი და მეგობარია, მაგარი კაცი - ჩვენ რომ გვიყვარს, ეგეთი. ამ ადამიანების ისტორიებს რომ ვისმენ, გამოიკვეთა ბარიერების კონტურები, რასაც ვვარაუდობდით ისედაც:
1. მიუხედავად იმისა, რომ მკურნალობა უფასოა, დიაგნოსტიკის ნაწილი და მერე მონიტორინგი სადღაც 500 ლარი ჯდება. ვიღაც იტყვის, როცა ასეთ ძვირადღირებულ მკურნალობას სთავაზობ ადამიანს, იქ 500 ლარი რა მოსატანიაო, მაგრამ არაა ასე. ჩვენს ქვეყანაში საარსებო მინიმუმი 155 ლარია. 500 ლარი ბევრი ჩვენი მოქალაქისთვის დიდი თანხაა. აქ ერთი ფაქტორიცაა: C ჰეპატიტი იმდენად ვერაგია, არ გაწუხებს, არ გტკივა, თითქოს, არც არაფერი ხდება, - ეს, ერთი შეხედვით, - სამწუხაროდ კი, ხდება და ტყუილად არ ეძახიან მას მოალერსე სიკვდილს. ზუსტად იმის გამო, რომ არ აწუხებს, ხშირად ადამიანი ფიქრობს: არ მტკივა, ესე იგი საგანგაშო არაფერია და მოდი, ამ 500 ლარს - თუ აქვს იმ 500 ლარის მოგროვების რესურსი - სხვა რამეს მოვახმარო. რაღა სხვაზე ვილაპარაკო, მეც ეგრე არ ვიყავი? წლები ვცხოვრობდი C-სთან ერთად და მეც მშვიდად და წყნარად ვიყავი. საერთოდ არ მახსოვდა ხოლმე. ეს არის ყველაზე დიდი შეცდომა, სამწუხაროდ.
2. ეს არის გეოგრაფიული მოცვა: თუ დიაგნოსტიკის ცენტრები არის, მედიკამენტის გამცემი ცენტრები ცოტააა - სულ 29. აქედან 15 თბილისშია. ვინაიდან წამალი ძალიან ძვირია და არის რისკი შავ ბაზარზე მოხვედრის, პაციენტებს 2 კვირაში ერთხელ უწევთ მისვლა. ახლა წარმოვიდგინოთ, მაგალითად, სამცხე-ჯავახეთი, სადაც არაა ასეთი ცენტრი და პაციენტმა უნდა იაროს სხვა, მეზობელ რეგიონში. იმედია, მოხდება დეცენტრალიზაცია და ეს ბარიერიც შემცირდება.
3. კრიმინალიზაცია - ნარკოტიკების მომხმარებელი კვლავ რჩება კრიმინალის სტატუსის მატარებლად, რის გამოც მათი ხილვადობა დაბალია. არადა, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ამ თემშია. სამწუხაროდ, სახელმწიფო ვერ ან არ იაზრებს ამ მნიშვნელოვან მომენტს. ერთი ხელით აკეთებს კეთილ საქმე და მეორეთი წყალში ყრის. თუ არ მოხდება მომხმარებლის დეკრიმინალიზაცია, სამწუხაროდ, ვერ მოხდება სრული ელიმინაცია.
4. ინფორმირებულობის ნაკლებობა, რომელიც, ვფიქრობ, კარგად გამოჩნდება 28-ში, როცა მოქალაქეებს შევთავაზებთ უფასო ტესტირებას. ვნახოთ, როგორი იქნება ინტერესი და აქტივობა. მოკლედ, ასე.
ეს ბარიერები უნდა დაიმსხვრეს, თუ გვინდა, რომ მოხდეს ელიმინაცია!!!
26 ივლისი, ხუთშაბათი
ერთი კვირა გავიდა, მაგრამ დინამოს წარუმატებლობას ვერ ვივიწყებ. ვიღაც მეტყვის,სულ წარუმატებლები არ არიან - დინამო კი არა, მთელი ქართული ფეხბურთიო?! - კი, ბატონო, ძნელია არ დაეთანხმო, მაგრამ მე ეგ წარუმატებლობაა, რომ მკლავს, წარუმატებლობა უპასუხისმგებლობის გამო, უსიყვარულობის გამო, ქალაქისა და ტრადიციების უპატივცემულობის გამო.
დინამო ხომ მთელი ისტორიაა! საბჭოთა ოკუპაციის პერიოდში ის იყო
საქართველოს ნაკრები, ჩვენი იდენტობის ერთ-ერთი მთავარი დასტური. რამდენი სიხარული და ბედნიერი წუთი მოუტანია ჩვენი ხალხისთვის! მარტო 1981 წლის 13 მაისი რად ღირს! ეს ჩვენი ქვეყნისთვის ევროპის ჩემპიონობის ტოლფასი იყო. ახლა ქართველები პატარა ხორვატიის გამარჯვებით ვხარობთ - ქვეყნის,
რომელიც არც მეზობელია და არც არაფერი არ გვაქვს საერთო, გარდა იმისა, რომ ჩვენნაირი პატარა ქვეყანაა. ჩვენგან განსხვავებით, მან შეინარჩუნა და განავითარა ის ტრადიციები, რაც ჰქონდა და, ალბათ, 1981 წელს ჩვენ შემოგვნატროდნენ. ჩემს ცხოვრებაში არც ერთი სხვა გუნდისთვის არ მიქომაგია, გარდა თბილისის დინამოსი. მიუხედავად იმისა, რომ 1981 წლის 13 მაისს სულ რაღაც 8 წლის ვიყავი, ნათლად მახსოვს ის საღამო. ლოჯიაში მამაჩემის გვერდით სავარძელზე მოკალათებული მატჩს ვუყურებდი. პირველი გოლი გავუშვით, მაგრამ მამა სასწაული რწმენით იყო სავსე, ეს გოლის გაშვება ახალკაცის ტაქტიკურ ჩანაფიქრადაც მონათლა, ან მე რომ არ
განმეცადა, იმიტომ. დედაჩემი სახლში ფუსფუსებდა - აივნის კარები უნდა გამოეღო, პლედებს თუ ფარდებს ფერთხავდა. მამამ, კარგი, რა, დოდო, რა დროს ეგ არისო! აივნის კარები ტელევიზორს ფარავდა. დედამ გადაფერთხა და ის იყო, უკან უნდა შემოსულიყო, რომ გუცაევის გოლი!.. ღმერთო, დაინგრა მთელი უბანი. მამა დედას ჩაეხუტა ყვირილით: ფერთხე, დოჩი, რამდენიც გინდაო. ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ დედაჩემის შემდეგ გასვლას აივანზე უკვე დარასელიას გოლი მოჰყვა და გამარჯვება. ალბათ, ეს იყო ყველაზე დიდი ემოცია, რომელიც განვიცადე პირველად და დღემდე განუმეორებელია, როცა დღეს ამ ყველაფერს ვხედავ დამსხვრეულს. ადამიანებს, ვინც დინამოს მართავს, ამ ემოციებთან არაფერი საერთო არ აქვთ და შედეგიც თვალსაჩინოა. ეს ისტორია, მატიანე ადამიანებისთვის, უბრალოდ, სამსახურია, მაგრამ ხომ შეიძლება
კეთილსინდისიერად იმუშაონ. ჩემი ემოცია იმანაც გაამძაფრა, რომ ამ თამაშს ვიაპი ტრიბუნიდან ვუყურე. მერე ამას რა სჯობიაო, იტყვით, მაგრამ ნადვილი ქომაგისთვის, რომელიც თავის კლუბს, ნაკრებს 90 წუთი ფეხზე მდგომი ქომაგობს, უმღერის, ამხნევებს და ამით იღებს სიამოვნებას, ვიაპი ტრიბუნა რაღაც მარაზმს ემსგავსება. აქეთ-იქით მზესუმზირის ჭყლაპუნი, უაზრო კომენტარები და არავითარი ემოცია, სანამ გოლს არ გაიტან. რატომ ვიჯექი და რატომ არ ვიდექი ფანსექტორზე, ამას თავისი მიზეზიkდა გრძელი ისტორია
აქვს, რაზეც დღეს არ მინდა საუბარი. ერთს ვიტყვი მხოლოდ: მე მუდამ დინამოელი ვიქნები, მხოლოდ თეთრი და მხოლოდ ლურჯი და მუდამ გლადიატორი!!!
27 ივლისი, პარასკევი
დილით 6 საათზე ავდექი. ბოლოს როდის ავდექი ამ დროს, არ მახსოვს და ვერც გავიხსენებ.
ჩემი ასე ადრიანად გაღვიძების მიზეზი კი იყო "რუსთავი 2"-ის გადაცემა ,,დილა მშვიდობისა, საქართველო!". უფრო სწორად, ეთერში ვართ მიწვეულები მე და ჩემი კოლეგები. სამი ჩართვა გვექნება. უნდა ვისაუბროთ 28 ივლისის ჰეპატიტების საერთაშორისო დღეზე, ჩვენს დაგეგმილ აქტივობებზე ამ დღეს და, რა თქმა უნდა, ელიმინაციის უნიკალურ პროგრამაზე. ასევე, მობილური ამბულატორია იდგება "რუსთავი 2"-ის ეზოში და მსურველები გაიკეთებენ ტესტირებას C ჰეპატიტზე. მოკლედ, კარგ და საჭირო საქმეზე მივდივარ. გზაში რატომღაც გამახსენდა, რომ დილის სტუმრებს ამინდის პროგნოზი მიჰყავთ ხოლმე და გამიელვა, ნეტა, მეც ხომ არ მომეცემა ამის საშუალება-მეთქი. რატომღაც ყოველთვის მომწონდა ეს. წარმოვიდგინე, განსაკუთრებით საკურორტო ზონაში
ჩვენი მოქალაქეები რომ ისვენებენ და ჩემგან იტყობენ კარგ ამინდს. კარგია, რა! ამ ფიქრებში მივედი ადგილზე. ჩვენი ამბულატორიაც მოვიდა და შევედით "რუსთავის 2"-ის ეზოში.
გადაცემის ტექნიკური პროდიუსერი ღიმილით შემოგვეგება. ყავის დასალევად შენობაში შეგვიპატიჟა. ისევ ეს ამინდის პროგნოზი ამეკიდა, მაგრამ კითხვა მომერიდა. პროდიუსერი ძალიან პოზიტიური ადამიანი იყო. საუბარი ეგრევე C ჰეპატიტზე დაგვიწყო. ჰყვებოდა ახლობლის ისტორიას. ყავამ თითქოს გამბედობა
შემმატა და ჩემდაუნებურად ვიკითხე, შემთხვევით ამინდის პროგნოზიც ხომ არ უნდა გამოვაცხადო-მეთქი. ვითომ ვღადაობდი, ჩემი ჭკუით. კი, აბა, რაო!
თან, სამ ჩართვაშიო. ვაა, ჯეკპოტია, რა!!! მართლა მაგრად გამიხარდა.
კარგია, რამეს რომ გაიფიქრებ ისე, ნატვრასავით, და მალევე აგიხდება.
ნეტავ, ასე უფრო მასშტაბური ნატვრები ხდებოდეს, მაგრამ მართლა გაასწორა, გამართლდა ჩემი მოლოდინი. დადებითი ემოციებით ავივსე, განსაკუთრებით, როცა მშობლებმა აღტაცებით დამირეკეს. ვერ წარმოიდგენთ, დედაჩემი რა ბედნიერი იყო. მისთვის "რუსთავი 2" ყველაფერია, ისე როგორც.... კარგი, აღარ ვახსენებ, ეს მიტყდება... დედაჩემს ისე უყვარს.
მოკლედ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა, ტესტირებამაც. საბედნიეროდ, ყველა ჯანმრთელი გამოდგა. ანალოგიური აქტივობები გაიმართა ტელეკომპანია "იმედსა" და საზოგადოებრივ არხთან.
ასე მივუახლოვდით 28 ივლისს. იმედია, ყველაფერი კარგად ჩაივლის - ჩვენი აქტივობებით უფრო მეტი ადამიანი მიიღებს ინფორმაციას C ჰეპატიტსა და ელიმინაციის პროგრამაზე.
28 ივლისი, შაბათი
დადგა 28 ივლისი. დღეს ჯამდება ჩვენი ნაშრომი. გუშინდელი დღე კარგი, გემრიელი იყო, ამინდის პროგნოზი „რუსთავი-2“-ზე - მშვენიერი. ნამეტანი შევედი როლში, ლამის დამავიწყდა C ჰეპატიტი.
მოვედი სახლში. ძალიან დაღლილი ვარ. მთელი დღე სიცხეში. „ფაბრიკამ“ ძალიან გამიცრუა იმედი და ერთ-ერთი დაგეგმილი აქტივობა ჩამიგდო. სხვა ყველაფერი, ვფიქრობ, კარგად იყო. ძალიან მადლობელი ვარ ჩვენი კოლეგების, რომლებმაც თავი არ დაზოგეს, რომ ყველაფერი კარგად გამოსულიყო.
16:00 საათზე მობილური ლაბორატორიები განთავსდნენ „რუსთაველის“ მეტროსთან და „თავისუფლებასთან“. მაისურები იგვიანებს. ცოტა ვღელავ. არ მომწონს ადგილი, სადაც მობილურები დადგნენ. არაა ხილვადი. პატრულთან მივედი და ვთხოვე მოეცათ უფლება, რომ 2 საათი რუსთაველის ძეგლთან შადრევნის წინ დაგვეყენებინა და „თავისუფლებაზეც“ - მეტროს წინ. თან ვუხსნი დღევანდელი დღის მნიშვნელობას. ჩემი აზრით, უფრო ვაგულიანებ, რომ მოვიპოვო სასურველი ადგილი. არა, ვერაო. წერილობით მოგვმართეთ ორშაბათს და სამ სამუშაო დღეში პასუხს მოგცემთო. ბატონო პოლიციელო, ტელევიზორის გადახვევა ვიცი, მაგრამ დრო როგორ გადავახვიო? დღეს არის 28 ივლისი. სულ ორი საათი კეთილი საქმისთვის არ შეიძლება??? არა!!! მოკლედ, იმას მაინც მივაღწიე, პარკინგზე ყველაზე ოპტიმალური ადგილი მომეპოვებინა, ტაქსისტი გავანაწყენე აშკარად, თუმცა, ტესტირება შევთავაზე, დღევანდელი დღის მნიშვნელობაც ავუხსენი და შემოვირიგე. აი, ამ პროცესმა, 40-წუთიანმა, იმდენი ენერგია წამართვა, რომ არ ვიცი... მომავალ წელს გავითვალისწინებ და წერილობით მივმართავ. მაისურებიც მოვიდა, პოსტერებიც და შევუდექით. სამწუხაროდ, ჩემი ვარაუდი გამართლდა და, მიუხედავად ჩვენი ძალისხმევისა, მაქსიმალურად ბევრი ადამიანი ჩაგვერთო კამპანიაში, - სულ რაღაც ათ წუთში შეეძლოთ ამ ადამიანებს გაეგოთ საკუთარი სტატუსის შესახებ, - ინტერესი იყო დაბალი, მიდგომა ცოტა ნიჰილისტური. იყო ქოქოლაც: თქვენ თავს ჩაუტარეთ ანალიზები, უფასოდ თქვენ კარგ რამეს შესთავაზებთ ადამიანს??? - მიუხედავად ამ ყველაფრისა, მაინც მოვახერხეთ მოქალაქეების დაინტერესება, გასაუბრება. დღეს კიდევ უფრო მეტმა ადამიანმა მიიღო ინფორმაცია C ჰეპატიტის შესახებ, ელიმინაციის პროგრამის შესახებ და იმედი მაქვს, ისინი სხვას გადასცემენ და ასე კიდევ უფრო მეტი ადამიანი ჩაერთვება. მე „რუსთაველის“ მეტროსთან ვიყავი. ანალოგიური სიტუაცია იყო „თავისუფლებაზეც“. შემდეგ გადავინაცვლეთ პარლამენტთან, სადაც წავუფლეშმობეთ, ძალაგამოცლილებმა, დასიცხულებმა, ავაწყვეთ ის ლაბირინთი, განვათავსეთ ის ბარიერები და ნათლად ვანახვეთ საზოგადოებას, რა უშლის ხელს ელიმინაციის პროგრამის წარმატებით დასრულებას. ვფიქრობ, სამუშაო ბევრია. არც ჩვენ, არც ხელისუფლებას არ გვაქვს მშვიდად ყოფნის უფლება. ყველა რესურსი უნდა გამოვიყენოთ ერთობლივად ისე, როგორც 2014 წელს, და ერთად ვიპოვოთ 100 ათასი ადამიანი და დავამარცხოთ C ჰეპატიტი.
მინდა მივმართო ჩემი დღიურის საშუალებით ბატონ არჩილ თალაკვაძეს, ქალბატონ მარიამ ჯაშს, ბატონ სოზარ სუბარს, - მათ უდიდესი წვლილი მიუძღვით ელიმინაციის პროგრამის ამუშავებაში, - რომ, მართალია, დღეს ისინი სხვა მიმართულებით მოღვაწეობენ, არ დაიშურონ ძალისხმევა, რათა ეს სიკეთე ნახევრად გაკეთებულ საქმედ არ დარჩეს. ეს იქნება ძალიან სამწუხარო და ისე გამოვა: „აფსუს, კარგად დაიწყო და გააფუჭა ყველაფერიო“. ჩვენ, სამოქალაქო სექტორს, საქმე ძალიან ბევრი გვაქვს და ჩვენს წილ პასუხისმგებლობას არ გავქცევივართ, არც გავექცევით. მინდა მივმართო საზოგადოებას და ვთხოვო მაღალი პასუხისმგებლობით მოეკიდონ ამ საკითხს:
C ჰეპატიტი განკურნებადია. მთავარია, დროზე გამოვავლინოთ და ჩავერთოთ ელიმინაციის პროგრამაში, რათა ბოლო მოვუღოთ C ჰეპატიტს!
დიდი მადლობა რადიო თავისუფლებას ამ შანსისთვის! დიდი მადლობა მთლიანად მედიას, რომელიც ყოველთვის გვერდით გვედგა, გვეხმარებოდა მიგვეტანა ინფორმაცია სწორედ საზოგადოებამდე და გადაწყვეტილების მიმღებ პირებამდე. მათი როლი ამ პროცესში განუზომელია. დიდი მადლობა შენ, ვინც უსმენ ამ დღიურს! გთხოვ, გაუზიარო შენს მეგობრებს. ძალა ერთობაშია და ყველაფერი გამოგვივა ერთად!