კონსერვატორიის ყოფილი რექტორი: პრობლემა არის არა გადაწყვეტილების მიმღები, არამედ ისინი, ვინც ჩუმად არიან

ნანა შარიქაძე, მუსიკათმცოდნე, კონსერვატორიის მე-17 რექტორი

კონსერვატორიის მე-17 რექტორს, ნანა შარიქაძეს ამ პოსტზე მუშაობის ბოლო თვეებში არაერთხელ მოუწია მოესმინა კულტურის მინისტრისგან საჯარო კრიტიკა და შეურაცხყოფა. რექტორის 4 წლიანი ვადის ამოწურვამდე რამდენიმე დღით ადრე სამინისტრომ არჩევნების პროცესი შეაჩერა.

კონსერვატორიის თანამშრომლებისა და სტუდენტების ნაწილმა ეს აკადემიური თავისუფლების შეზღუდვის მცდელობად მიიჩნიეს. მას შემდეგ რაც ნანა შარიქაძემ რექტორის თანამდებობა დატოვა, კონსერვატორიის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნებში გაიმარჯვა კანდიდატმა, რომლის 13 პუნქტიან პროგრამაშიც ეწერა: “საჭიროდ მიმაჩნია მეტი ურთიერთობა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან, როგორც კონსერვატორიის უმთავრეს მაკონტროლებელ ორგანოსთან.

რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში, რომელიც რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევამდეა ჩაწერილი, ნანა შარიქაძე იხსენებს შეხვედრას კულტურის სამინისტროში, მუქარას აკრედიტაციის შეჩერების შესახებ და ვაჭრობას ბიუჯეტის თემით. ის ღიად ამბობს, რომ კონსერვატორიამ ვერ ჩააბარა ინსტიტუციური დამოუკიდებლობის ტესტი.

22 ოქტომბერს გამოაქვეყნეთ პოსტი, სადაც აჯამებდით თქვენს ბოლო ოთხ წელს. რაც საყურადღებოდ მეჩვენა, იყო შეხვედრა სამინისტროში, რომელსაც იხსენებდით. თერთმეტ აპრილს შედგა ეს შეხვედრა და თქვენ ამბობთ რომ ეს იყო შეხვედრა, რომლის მსგავსიც მხოლოდ არქივებში წაგიკითხავთ. რა ხდებოდა იქ?

შეხვედრაზე განიხილებოდა კონსერვატორიის სამომავლო აკრედიტაციის საკითხი. თუმცა ეს შეხვედრა ბევრად სცდებოდა აკრედიტაციაზე საუბარს და მე ვიტყოდი, რომ იყო საკმაოდ მძიმე, დროსთან შეუსაბამო, რაც გარკვეულ ანალოგებს ბადებდა ისტორიული წარსულიდან. იყო შეურაცხმყოფელი და უმძიმესი თითოეული იმ ადამიანისთვის, რომელიც ამ შეხვედრაზე იმყოფებოდა. არ მგონია რომ 2023 წელს მსგავსი შეხვედრები შეიძლება იმართებოდეს, თუნდაც იმ ადამიანებთან, რომლებიც არ მოგწონს, ან რომელთან მიმართაც გაქვს გარკვეული დასაბუთებული ან დაუსაბუთებელი პრეტენზიები.

ხალხმრავალი იყო ეს შეხვედრა?

ეს შეხვედრა იყო ხალხმრავალი, დაახლოებით სამი საათს გაგრძელდა და ესწრებოდა დაახლოებით ოცი, ოცდახუთი ადამიანი.

რა მიიჩნიეთ შეურაცხყოფად? ვისგან მოდიოდა ეს შეურაცხყოფა?

მასპინძელი მხარიდან მოდიოდა შეურაცხყოფა, დამამცირებელი მომართვა. ეს იყო ჟინი, დემონსტრაციულად დაესაჯათ სიტყვიერად თუ სხვა ფორმით დაწესებულების ხელმძღვანელი, რომელიც მიუღებელი აღმოჩნდა მათთვის სხვადასხვა მიზეზის გამო.

მინისტრი ესწრებოდა ამ შეხვედრას?

დიახ.

და მისი მხრიდან იყო ეს დამოკიდებულება?

დიახ.

მას პრინციპში საჯაროდ აქვს ნათქვამი თქვენზე რომ არასერიოზული ადამიანი ხართ, ვერ ასრულებთ თქვენ მოვალეობას, სასწრაფოდ საჭიროებთ შეცვლას და ასე შემდეგ. ჩვენ არ ვიცით რატომ ფიქრობს ის ასე, ყოველ შემთხვევაში მას არ უთქვამს კონკრეტული არგუმენტები. როგორ ფიქრობთ, რატომ აქვს მას ეს დამოკიდებულება თქვენს მიმართ?

ვერ გეტყვით, ეს მას უნდა ჰკითხოთ. თუმცა არსებობს ალბათ განსხვავებული სამუშაო კულტურა და ეს იწვევდეს გარკვეულ მიუღებლობას, გაუგებრობას და გაურკვევლობას.

როცა რექტორი გახდით და პრობლემებზე და გამოწვევებზე გეკითხებოდნენ, ერთ-ერთი რასაც ამბობდით, ამ ყბადაღებული როიალების გარდა იყო მწირი ბიუჯეტი. შეიცვალა რამე ამ ოთხ წელიწადში ამ მიმართულებით? როიალების განვითარება ვიცით, როგორც იყო. სახელმწიფომ აღიარა და რაღაც რაოდენობა იყიდა, რაღაც რაოდენობას იყიდის. ბიუჯეტის ამბავი კი არ ვიცით.

მე როიალებთან დაკავშირებითაც ვიტყვი: ძალიან დიდი მადლობა, რა თქმა უნდა, როიალებისთვის. მე ვთვლი რომ კონსერვატორიას არაფერი არ მიუღია ისეთი, რაც არ დაუმსახურებია თავისი შედეგით და არ სჭირდებოდა. კონსერვატორიაში რომ როიალების საკითხი გადაწყდა, ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება. ნამდვილად ძალიან ბევრ მინისტრს არ ეყო ამ გადაწყვეტილების გამბედაობა.

მე არ მიყვარს, როცა რაღაცას ვიღაცას უკარგავენ, აუცილებლად უნდა აღინიშნოს ეს. მაშინ განათლების სამინისტროს ქვეშ ვიყავით. უამრავი წერილი გვქონდა გაგზავნილი და პირველი სამი როიალის შესყიდვის შესაძლებლობა სწორედ განათლების სამინისტრომ მოგვცა. რაც შეეხება ბიუჯეტს, გეთანხმებით, ბიუჯეტი ძალიან მნიშვნელოვანია და თუ მაქვს შესაძლებლობა, ცოტა ვრცლად მინდა ამაზე საუბარი. კონსერვატორია არის ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული სასწავლებელი. ზოგადად, სამუსიკო უმაღლესი განათლება მთელს მსოფლიოში არის ძალიან ძვირი, იმიტომ რომ ჩვენ ჯგუფური მეცადინეობები გვაქვს მხოლოდ თეორიულ საგნებში. დანარჩენი ჩვენი მეცადინეობის სპეციფიკა არის რომ ერთ სტუდენტს ემსახურება მინიმუმ ორი ან ხუთი ადამიანი, განსაკუთრებით ვოკალის მიმართულებით.

კონსერვატორიის ბიუჯეტი არის ოთხი მილიონ ორას ორმოცდაცამეტი ათასი.

ანუ დიდად არ შეცვლილა იმ დროის განმავლობაში, რაც თქვენ რექტორი ხართ?

საერთოდ არ შეცვლილა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყოველწლიურად ვითხოვდით ბიუჯეტს. ეხლაც მოვითხოვეთ რვა მილიონის დამატება, მაგრამ რა?

ერთ რამეს მინდა კიდევ აუცილებლად გაუსვა ხაზი ბიუჯეტთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ვფიქრობ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ხელფასები მნიშვნელოვანია, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია, რომ ბიუჯეტი არ გახდეს მანიპულაციის საშუალება სახელმწიფოსა და თუნდაც სახელმწიფო ინსტიტუციას შორის ურთიერთობის დროს, იმიტომ რომ ბიუჯეტი არის სერიოზული ბერკეტი რომელიც გამოიყენება ინსტიტუციის ავტონომიურობის შესაზღუდად. ბიუჯეტი არის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი, რომლითაც ხდება მანიპულირება.

ერთ-ერთ ინტერვიუში, რომელიც მგონი ბოლო იყო, რაც რექტორის სტატუსით მიეცით, ამბობდით, რომ გაქვთ იმედი, კონსერვატორია ღირსეულად ჩააბარებს ინსტიტუციური დამოუკიდებლობის ტესტს, ზუსტად ისე, როგორც ამას ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში აკეთებდა. ჩააბარა კონსერვატორიამ ეს ტესტი?

ნამდვილად ვერ მოგცემთ პოზიტიურ პასუხს. თუმცა მე არ მინდა ისე გამომივიდეს, რომ ვიღაცას ნიშნის მოგებით ველაპარაკები აქედან. მე ძალიან კარგად მესმის რა რისკი არსებობდა. როდესაც არსებობს რისკი, რომ ინსტიტუცია შეიძლება გაჩერდეს, ვერცერთი მიმართულებით ნაბიჯი ვერ გადადგა სტაგნაციაში ჩავარდე და პრაქტიკულად იმყოფებოდე ცივი, გამოცხადებული თუ გამოუცხადებელი ომის პირობებში და თუკი ამის მიზეზი არის ერთი კონკრეტული ადამიანი, მაშინ იღებენ იმ გადაწყვეტილებას, რა გადაწყვეტილებასაც იღებენ. თუმცა, წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილებას, რომელიც მიიღეს, მე ვთვლი რომ ისტორიის გადასახედიდან არ არის სწორი.

ასევე ნახეთ კონსერვატორიასთან გააპროტესტეს რექტორის არჩევნების გაუქმება

თქვენ თქვით, რომ შეიძლება არ გაჩერდეს ინსტიტუცია ერთი ადამიანისთვის, თუმცა გაჩერების სხვადასხვანაირი გზა არსებობს. არსებობს მყისიერი გაჩერება და არსებობს ნელი სიკვდილი, როცა ისეთ პირობებს ქმნი, რომ ინსტიტუცია თვითგანადგურებას იწყებს. არანაირი გარანტია არ გვაქვს, რომ საბოლოოდ ეს შედეგი არ დადგება თუკი ეს ინსტიტუცია, ან ნებისმიერი სხვა თავისუფლებაზე და ღირებულებების დაცვაზე იტყვის უარს.

მე არ ვიცი, თქვენ სიტყვა მოკვლის უკან რას გულისხმობთ, მაგრამ ჩემთვის მოკვლა პირდაპირ ასოცირდება ინიციატივის ჩახშობასთან.

თუ საუბარია იმაზე, რომ ყველაფერი ყველგან უნდა ვაკონტროლოთ, მაქსიმალური კონტროლი უნდა დამყარდეს და უნდა გავწმინდოთ სისტემა კრიტიკული აზრის მქონე ადამიანებისაგან, მაშინ კი ბატონო, ეს ნიშნავს სტაგნაციას და სტაგნაცია ნიშნავს სიკვდილს. როცა გაჩერებული ხართ, თქვენ იმასაც ვერ ინარჩუნებთ, რაც გაქვთ, იმიტომ რომ მთელი დანარჩენი სამყარო მიდის და ვითარდება.

არ მოგიწიათ მარტივ პერიოდში რექტორობამ. ჯერ პანდემია იყო, მერე ეს ინსტიტუციური ცვლილებები, რომელიც კულტურის თითქმის ყველა სფეროს შეეხო, მაგრამ კონსერვატორია არ გაჩერებულა და თქვენ ამბობდით, რომ პროტესტის საუკეთესო ფორმა საკუთარი საქმის კარგად კეთებაა. რას ელოდით? ელოდით, რომ ამას დაგიფასებდნენ თუ იცოდით რომ ეს თქვენი საქმე იყო და არაფერსაც არ ელოდით?

დამიფასებდნენ არა, იმიტომ რომ ჩვენ ქვეყანაში არავისთვის არაფერი არ დაუფასებიათ. თან მე არა მაქვს ჩემ თავზე ისეთი წარმოდგენა, რომ მაინცადამაინც დაფასებაზე ვიფიქრო. ამ ქვეყანაში იაკობ გოგებაშვილს მოგებაშვილი უწოდეს, ამიტომ მაგაზე საუბარი არ არის. საუბარია იმაზე, რომ მე ეს საქმე მიყვარს, ამითი ვარ შეპყრობილი, ეს საქმე ვიცი ვიცი.

ჩემთვის პირადად ეს იყო ვნება, რომელიც უნდა გადმოტანილიყო მთელი კონსერვატორიის მასშტაბით. ვერ ვიტყვი, რომ ეს ბოლომდე მოვახერხეთ, იმიტომ რომ მაინდსეტთან გაქვთ საქმე და ამ მაინდსეტს სჭირდება დრო, ძალიან დიდი დრო.

ყველაზე დიდი ვნება, თუ შეიძლება ასე ითქვას, იყო ის, რომ ინტერნაციონალიზაცია ახალ საფეხურზე ამოყვანა და ეს იყო საერთაშორისო აკრედიტაცია. ჩემი რექტორობის პერიოდში ჩემი გუნდი დამეხმარა, რომ გამეკეთებინა ყველაფერი ის, რაც ჩემს სარექტორო გეგმაში ეწერა, როდესაც 2019 წელს მოვდიოდი.

იცით ვინ შეიძლება იყოს მომავალი რექტორი?

მე ვიცი ადამიანები, რომლებმაც უარი თქვეს და მათ დასახელებას არ ვაპირებ, მაგრამ მე არ ვიცი ვის უნდა აი ამ სიტუაციაში რექტორობა, ვინ მოიაზრება ამ თანამდებობაზე.. ფაქტია რომ რექტორი უნდა აირჩეს ან უნდა შეიფუთოს ისე, რომ უნდა აირჩეს.

ოგორ წარმოგიდგენიათ თქვენი მუშაობა ამის შემდეგ კონსერვატორიაში?

მე უამრავი პროექტი ჩაფიქრებული, რომელიც ჩემთვის თაროზე მქონდა შემოდებული, იმიტომ რომ ამის ფიზიკური დრო არ გამაჩნდა. ახლა ვაპირებ ამ პროექტების ბოლომდე მიყვანას. მათი უმრავლესობა ეხება იმ თემას, რომელსაც ვიკვლევ: პოლიტიკა და კულტურა. ბოლო ათი წლის მანძილზე ჩემი კვლევის მთავარი თემა იყო საბჭოთა კავშირი.

ფიქრობთ რომ თქვენი საჯაროდ გაცხადებული პოზიციები სხვადასხვა საკითხებზე, იქნებოდა ეს კულტურაში ცვლილებები თუ აგენტების კანონი, იყო იმის მიზეზი, რომ თქვენ “არასერიოზულად”, “არასასურველად” მიგიჩნევდათ მინისტრი?

დიახ, იმიტომ რომ ითვლება, რომ თუ ხარ რაღაც პოზიციაზე და რექტორი არ არის პატარა პოზიცია, რაღაც საერთო მოსაზრებების ნაწილი უნდა იყო და არ გაქვს უფლება, გამოთქვა შენი აზრი. ეს გარკვეულად შიშსაც ბადებს, იმიტომ რომ ვიღაცას სკამის დაკარგვის ეშინია. მე ძალიან მარტივად ვუყურებ ამ საკითხს. ზუსტად ზუსტად ისე ვგრძნობ თავს ეხლა, როგორც ვგრძნობდი ოთხი წლის განმავლობაში, და არანაირი მიკუთვნებულობა რაიმე სკამთან ან რაიმე ოთახთან არ გამაჩნია. არც არაფრის მეშინია. ყველაფერი, რაც მაქვს და გამაჩნია, დამაქვს თავით და გულით.

ასევე ნახეთ გაფიქრებაც კი მზარავს, რომ კულტურის მოთვინიერების დაუოკებელი სურვილი არსად წასულა - კონსერვატორიის რექტორი

ეს შეიძლება არც ყოფილიყო მაინც და მაინც თქვენ გასაჩუმებლად. შეიძლება ეს იყო სხვა ადამიანებისთვის, ვინც ფიქრობს ილაპარაკოს თუ არა. მას თქვენი მაგალითი ექნება.

გეთანხმებით, ეს არის სისტემის ანატომია ზოგადად. ვისაც შეუსწავლია ეს სისტემა, ვგულისხმობ საბჭოთა სისტემას, ის სწორედ ცნობილი, მნიშვნელოვანი ადამიანების ან მნიშვნელოვანი პოზიციების მქონე ადამიანების საჩვენებელი მაგალითებით ურთიერთობდა.

თუკი პრობლემებზე ვლაპარაკობთ და სისტემის ნარჩენებზე, რა რაოდენობით არის დარჩენილი საბჭოთა კავშირი კონსერვატორიაში?

რთული კითხვაა. სხვათა შორის, მე არ ვუკავშირებ ხოლმე საბჭოთა მემკვიდრეობას მხოლოდ თაობას. მაგრამ ამას თავი დავანებოთ და ასე დავსვათ კითხვა: არის თუ არა გადაწყვეტილების მიმღები პრობლემა? მე ვთვლი რომ არა. პრობლემა არის ისინი, ვინც ჩუმად არიან. ისინი ვინც გარკვეულ წითელ ხაზებსაც კი კვეთენ ამ სიჩუმით. მგონია რომ ეს არის საზოგადოების პრობლემა ზოგადად და კონსერვატორიაც, როგორც პატარა დაწესებულება, ამ კრიზისს, რა თქმა უნდა, და ირეკლავს.

თქვენ თქვით რომ სისტემას ჭირდება ცვლილება, თუმცა არ იქნებოდა ურიგო თუკი ეს ცვლილებები სამინისტროდან დაიწყებოდა. კონკრეტული რჩევები გაქვთ ან მოსაზრებები?

ამაზე აქ არ ვისაუბრებ, რა არ მომწონს. ამაზე აუცილებლად ჩამოყალიბებულად დავწერ იმიტომ რომ ბევრი რამე, ჩემი აზრით, მმართველობაში არის სხვაგვარად გასაკეთებელი იმისთვის, რომ მსგავსი შემთხვევები, როგორიც იყო თერთმეტი აპრილი, არ განმეორდეს და უფლება არ მისცეს არავინ საკუთარ თავს, რამე მსგავსი დაუშვას თუნდაც დაქვემდებარებული დაწესებულების ხელმძღვანელის მიმართ, როგორი მიუღებელიც არ უნდა იყოს ის,ან არასერიოზული.

ბოლოს, ვინაიდან მუსიკასთან ახლოს ხართ, თუ გაქვთ რაიმე მუსიკა რომელიც ამ დღეების საუნდტრეკი შეიძლება იყოს, ან ამ თვეების აღწერს?

კაკაფონია! ნებისმიერი კაკაფონიური მუსიკა, რომლიდანაც არაფერი არ გრჩება.