დევნილობაში მყოფი უკრაინელი ოლიგარქი იგორ კოლომოისკი აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში ვლადიმირ ზელენსკის გამარჯვება მისი და შინაგან საქმეთა მინისტრ არსენი ავაკოვის საერთო გამარჯვებაა.
ანტიკორუფციულ ინტერნეტპორტალ Bihus.info-სთან ინტერვიუში ბიზნესმენმა ხაზგასმით თქვა, რომ ზელენსკის გამარჯვება მას ბევრმა ადამიანმა მიულოცა, მათ შორის ავაკოვმა, რომელიც მუდმივად იმყოფებოდა კონტაქტზე.
„ჩვენ ვგულშემატკივრობდით პეტიას (პეტრო პოროშენკო) წინააღმდეგ“, - განაცხადა კოლომოისკიმ.
საპრეზიდენტო კამპანიის წინ უკრაინის მოქმედმა პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ, თავის მეტოქეს, ვლადიმირ ზელენსკის, უწოდა „კოლომოისკის მარიონეტკა“. პასუხად ზელენსკიმ განაცხადა, რომ ოლიგარქთან მას აქვს მხოლოდ და მხოლოდ საქმიანი ურთიერთობა.
აღმოსავლეთ უკრაინაში შექმნილი სიტუაციის კომენტირებისას კოლომოისკიმ განაცხადა, რომ იქ ადგილი აქვს „სამოქალაქო კონფლიქტს“. მან პასუხისმგებლობა მომხდარზე რუსეთს და უკრაინის ყოფილ პრეზიდენტს, ვიქტორ იანუკოვიჩს, დააკისრა. კოლომოისკის თქმით, ქვეყნის აღმოსავლეთში უკრაინელები უკრაინელებს ებრძვიან, მაგრამ თავად კონფლიქტი პროვოცირებული და განხორციელებულია რუსეთის მიერ.
მის ამ განცხადებას გამოეხმაურა უკრაინის თავდაცვის მინისტრი, იგორ პოლტორაკი, რომელმაც განაცხადა, რომ გაოცებულია კოლომოისკის შეფასებით. „არ მეგონა, თუ უკრაინაში მოიძებნებოდა ერთი ადამიანი, ვინც ასე ფიქრობს. ცივილიზებულ მსოფლიოს ესმის, რომ დონბასში უკრაინელი სამხედროები აგრესორს ებრძვიან“, - განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.
იგორ კოლომოისკი, უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე უმდიდრესი ადამიანი, 2014 წლის „ღირსების რევოლუციის“ შემდეგ დნეპროპეტროვსკის საოლქო ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა. ამტკიცებდნენ, რომ იგი აფინანსებდა მოხალისეთა ბატალიონებს, რომლებიც დონბასში პრორუსულად განწყობილ სეპარატისტებს ებრძოდნენ.
ასევე ნახეთ პეტრო პოროშენკომ იგორ კოლომოისკი გაათავისუფლა გუბერნატორის პოსტიდან2015 წლის 23 მარტს უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა: „არც ერთ გუბერნატორს არ ეყოლება მარიონეტული შეიარაღებული ძალები“.
მოგვიანებით პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ კოლომოისკი თანამდებობიდან გაათავისუფლა, მის კუთვნილებაში არსებული „პრივატბანკის“ აქტივები კი ნაციონალიზებულ იქნა სახელმწიფოს მიერ.
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე რამდნიმე დღით ადრე კიევის სასამართლომ ეჭვქვეშ დააყენა ნაციონალიზაციის თაობაზე გადაწყვეტილება. სასამართლომ კოლომოისკის კიდევ რამდენიმე სარჩელი დააკმაყოფილა. კოლომოისკი ამჟამად საზღვარგარეთ ცხოვრობს.
არჩევნებში ვლადიმირ ზელენსკის გამარჯვების შემდეგ უკრაინელმა ოლიგარქმა განაცხადა, რომ უკრაინაში დაბრუნდება. მაგრამ მას უკრაინის არჩეული პრეზიდენტის მიმართ უკვე აქვს პირველი შენიშვნა. კერძოდ, კოლომოისკიმ გააკრიტიკა ვლადიმირ ზელენსკის იდეა გამართოს შეხვედრა უკრაინის მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებთან.
„ყველას ერთად შეკრება უტოპიაა, ანუ, თუ ვინმესთან გინდა ურთიერთობა, შეხვდი ერთი ერთზე. მსხვილ ბიზნესს არ ექცევიან როგორც კოლმეურნეობას. ეს არ არის კოლმეურნეობის კრება. ფულს ყოველთვის უყვარს სიმშვიდე, არავინ ილაპარაკებს თავის საიდუმლოზე გულახდილად“, - განაცხადა ოლიგარქმა Bihus.info-სთან ინტერვიუში.