ახლობლის კოვიდით გარდაცვალება „სხვანაირ” კვალს ტოვებს მათზე, ვინც დარჩა - სულ რაღაც ორი კვირის წინ ტესტზე დადებითი პასუხი გიკვირდა, ახლა კი შენი საყვარელი ადამიანი იმდენად სუსტადაა, რომ ვერც გესაუბრება. ინტუბირება, დროში გაწელილი სიკვდილი, სწრაფი გაცილება რეგულაციების დაცვით, და აი, უკვე ცარიელ ბინაში ხარ და ვერ იაზრებ, რა მოხდა, შენ შეგეშალა რამე, სამედიცინო სისტემას, თუ უბრალოდ ბედისწერა იყო. ნაცნობებისგან კი სკეპტიციზმით შეზავებულ თანაგრძნობას იღებ - სხვა დაავადებებიც ჰქონდა, არა, რამდენი წლის იყო? - ასაკში უფრო ხდება.
უკანასკნელი ორი თვის განმავლობაში, საქართველოში კოვიდით დღეში, სულ ცოტა, 12 ადამიანი კვდება. პანდემიის დაწყებიდან დღემდე - 5199 ადამიანი. შორენა ჯანაძემ, ფოკი ფაჩულიამ, ვარლამ რამიშვილმა, რატი თოდრიამ, მარიამ ორბელიძემ, მსოფლიოში უამრავი ადამიანის მსგავსად, ახლობლები კოვიდით დაკარგეს - მაგრამ ამ დანაკარგის ტვირთს მარტო ეზიდებიან. ისინი თანახმა არიან, გაიხსენონ უკანასკნელი დღეების აგონია, რომ სხვებს უთხრან - ვირუსმა ცოცხალი, რეალური ადამიანები შეიწირა, სამედიცინო სისტემას კი ჯერ ბევრ კითხვაზე აქვს პასუხი გასაცემი.
„გადამიყვანეთ, თუ გავიღვიძე, კარგი, თუ არა და მადლობა ყველას“
შორენა მამუკას ფილტვების სურათებს მასთან ერთად არჩევდა - ცოცხალი ქსოვილი თითქმის აღარ იყო დარჩენილი, მაგრამ მაინც არ სჯეროდა, რომ ეს დასასრულია, რომ ვირუსმა შეიძლება ასე სწრაფად დაღუპოს ჯანმრთელი ორგანიზმი. შორენა ჯანაძის ქმარი, მამუკა ნემსიწვერიძე, ქუთაისში, დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში კრიტიკული მედიცინის განყოფილების უფროსი და რეანიმატოლოგ-ანესთეზიოლოგი იყო. 27 წლის ცოლ-ქმარმა, ორივე ექიმმა, პანდემიის პირველივე დღეებიდან იცოდა, რომ ვირუსი ადრე თუ გვიან შეხვდებოდათ, მაგრამ ფატალურ შედეგს არ ელოდნენ. შორენამ იცის, რომ ადამიანებს ვირუსის საფრთხე დღესაც არ აქვთ გააზრებული - მამუკა სამედიცინო სისტემის ნაწილი იყო და საუკეთესო სპეციალისტების ხელში გარდაიცვალა.
კოვიდმა რეალურად თავისი საქმე დაამთავრა პირველ 7 დღეში. აი, კენჭს რომ კრავ და წავა რიხინ-რიხინით შენობა, მასე იყო.
25 ნოემბერს, ჩემ დაბადების დღეზე, თაიგული გამომიგზავნა, როცა იქ [საავადმყოფოში] იწვა. 28-ში გადაიყვანეს მამუკა ხელოვნურზე და თვითონ გასცა ბრძანება. „გადამიყვანეთ, თუ გავიღვიძე, კარგი, თუ არა და მადლობა ყველას“ და ასე დაემშვიდობა ამ ქვეყანას. გარდაიცვალა გონზე მოუსვლელად, 19 დეკემბერს. დიდხანს იბრძოლეს. ვერავის ვერ დავადანაშაულებ, უბრალოდ ჩვენ შეგხვდა ეგეთი ფორმა. არ ვიცი რატომ, მაგრამ ვფიქრობდი, რომ უკან დაიხევდა, უკუგანვითარება მოხდებოდა. ავიყვანდი თავს ხელში და ისევ მშვიდად ველაპარაკებოდი.
მის ცხოვრებაში ბოლო ზარი ჰქონდა ჩემთან. მთხოვა, მითხარი რაღაცები, მომიყევიო. მე ვიშტერებდი თავს, რატომღაც მეგონა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. შევნიშნე, რომ ცრემლები გადმოუგორდა, და ვკითხე რატომ ტირიხარ, ხომ ხარ კარგად? პასუხი არ გაუცია. მერე ბავშვებზე მოვუყევი რაღაცები. ბოლო სიტყვა კი მითხრა, მიყვარხარო, მაგრამ ეს ისედაც ვიცოდი.
ძალიან სერიოზული ექიმი იყო. თავდაუზოგავად იდგა წინა პლანზე, ბოლომდე. რომ დაავადდა, გადასხმებსაც თვითონ იკეთებდა, სანამ საავადმყოფოს დირექტორმა არ აიძულა დაწოლა. თავის განყოფილებაში თავისი გაზრდილი რეზიდენტები მუშაობდნენ და უკვე თვითონ როცა იწვა, მითხრა, შეხედე, შორენა, ჩემ გაზრდილებს ტუალეტშიც კი მივყავარო. როცა გარდაიცვალა, [ცხედარი] მისი განყოფილებიდან ჩამოიტანეს, მეხუთე სართულიდან, და ყველა სართულზე ტიროდნენ და ტაშს უკრავდნენ. თუ შანსი იყო, მამუკას პაციენტი არ მოუკვდებოდა. განყოფილებას ახლა მისი სახელი მიენიჭა.
შეზღუდული ვიყავით დროში, დავკრძალეთ 72 საათში. ბევრი ამბობდა, რომ მამუკა რომ წავიდა, იმედი წაგვერთვაო. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ერთი წუთი არ გავჩერდი სახლში. სასაფლაოზე გასვლას სამივე ვერიდებით. სიმართლე რომ ვთქვა, მერჩივნა, მე წავსულიყავი და ის გადარჩენილიყო. მგონია, რომ ბევრი რამე ვერ შეასრულა, რაც უნდა გაეკეთებინა.
თავიდანვე, სულ ვეძებდით ინფორმაციას აცრებზე, განგაშის მოლოდინით. უბედნიერესი ადამიანი ვიქნებოდი, მაშინ რომ გვქონოდა ვაქცინა. სანამ უშუალოდ ვირუსის საწინააღმდეგო პრეპარატი არ შეიქმნება, ვაქცინაცია არის სწორედ ერთადერთი საშუალება. შეგხვდება, მაგრამ ისე ვერაგულად არა, როგორც შეხვდა მამუკას. შეიძლება სიცხე გქონდეს და ყველაფერი, მაგრამ არ მოკვდები, და განა ეს ცოტაა?
ჩემთვის და ჩემი შვილებისთვის მამუკა არ იყო უბრალოდ ქმარი, ან მამა. ის იყო ჩვენი მეგობარი. ჩვენ პროფესიული ინტერესებიც გვაერთიანებდა, პიროვნული, გვქონდა ბევრი სასაუბრო თემა. მეგობარი იმისთვის გჭირდება, რომ შენი სულიერი მოთხოვნილებები გაარჩიო, დაელაპარაკო. გავატარეთ 27 წელი ჰარმონიაში და მეგობრობაში. არ იყო ეს მარტო ქალის და მამაკაცის ურთიერთობა, მონათესავე სულების ურთიერთობა იყო, ყველა თემაზე შეგვეძლო საუბარი აბსოლუტურად ღიად. მქონდა ძალიან კარგი ცხოვრება, და მისი მადლობელი ვარ.
“ფრაზა, რომელიც არასდროს უნდა თქვას ექიმმა - ილოცეთ“
როცა ქუთაისის მეცხრე საჯარო სკოლის ქართული ენის მასწავლებელი, 64 წლის მადონა ბენდელიანი კოვიდკლინიკაში იწვა, ერთ-ერთი მოსწავლე პალატაში შეუვარდა - ქართულის თემის დასატოვებლად. მადონას შვილმა ფოკი ფაჩულიამ დედასთან დამშვიდობება ვერ მოასწრო, დედის ბოლო დღეები მან სამედიცინო სისტემასთან ჭიდილში გაატარა: ჯერ იბრძოდა დედის უკეთეს საავადმყოფოში გადაყვანაზე, შემდეგ ვერ შოულობდა ძვირიან წამალს. მიუხედავად იმისა, რომ მის მეუღლეს კოვიდი დაუდასტურდა, მადონა ვერ იჯერებდა, რომ თავადაც ავად არის - ტესტები უარყოფითი იყო. საავადმყოფოში ფილტვების ანთების დიაგნოზით მოხვდა და ექიმების უყურადღებობის გამო, შიშმა შეიპყრო.
„როცა კორონა დაუდასტურდა, იყო გაოგნებული, მაინც არ უშვებდა. იმ კლინიკაში ყურადღება იყო ნული. დილამდე მასთან არავინ არ შესულა, ჩვენ ხშირად ვურეკავდით - ეშინოდა, ეღვიძა. როგორც ამიხსნეს, ეს დაავადება ნერვულ სისტემას აზიანებს, ამიტომაც ადამიანებს იმის დაჯერება უჭირთ, რომ აქედან გამოძვრებიან. დედასაც ძალიან გაუჭირდა.
[პირველ კლინიკაში] დააგვიანეს ყველა პროცედურა, რაც იმწუთიერად უნდა გასწეოდა. როცა გათენდა, დავიწყეთ ფიქრი, რომ გადაგვეყვანა მამასთან კლინიკაში. მე მეგონა, რომ უბრალოდ მივაკითხავთ, ჩავსვამთ და წამოვიყვანთ, აღმოვაჩინე, რომ ეს არ ხდება, საერთოდ. დაფინანსება არ გადაგყვებათო, რამდენზეა საუბარი-მეთქი? 20 000 ლარზეო. რა თანხაც არ უნდა იყოს, დღესვე გადავიყვანოთ, თქვა მამამ, დანარჩენზე ვიფიქროთ მერე. ცა და ქვეყანა დავანგრიე, ზუსტად 10 საათი მეჭირა ტელეფონი ხელში, გადავიყვანე. სინამდვილეში გვქონდა ამის უფლება და დაფინანსებაც გადმოგვყვა, უბრალოდ ჩვენ ბევრი დრო დავკარგეთ ამის გარკვევაში. რაღაცნაირად გადავედით მამასთან, იგივე ბოქსში. სული რომ მოითქვა, პირველი საუბრის დროს იყო ძალიან კარგ ხასიათზე. ექთნებს ვაჟას და ილიას უკითხავდა, ხალისობდნენ. საკმაოდ კარგი, წარმატებული ხუთი დღე იყო, შემდეგ სიტუაცია დამძიმდა.
პნევმონია გაიქცა. ეს კოვიდურმა ფაღარათმა გამოიწვია - დედას ორგანიზმში არ გაჩერდა არცერთი მისთვის სასარგებლო ნივთიერება. დედას მოთხოვნები შეიცვალა - აი, მცივაო და საბანი შემომიგზავნეთ, ვერაფრით ვერ ვთბებიო. არადა, ორი საბანი ეფარა. ცუდად გამოვიყურებიო, და ვიდეოთვალით არ გვენახებოდა. პარასკევს დედა გადაიყვანეს რეანიმაციაში, ოღონდ ორჯერ გაგვექცა უკან, მამასთან. თვითონ გადასვლის ფაქტი ძალიან ცუდად მოქმედებდა მასზე, მაგრამ ისიც მოქმედებდა, რომ მასზე ბევრად მძიმე პაციენტები იწვნენ იქ. ვუყვირე. ბოლო საუბარი ეგ იყო.
ახლაც სხვა რამეს კი არ ვეტყოდი, უბრალოდ იმის მერე არ დავლაპარაკებივარ. რეანიმაცია იყო რთული. დედას ენერგია არ ჰქონდა სალაპარაკოდ და ვერაფერს გვეუბნებოდა.
ექიმმა დაგვირეკა და გვითხრა, რომ რაღაც წამალი სჭირდებოდა, სოლუმედროლი. არ იყიდება, მაგრამ უნდა იშოვოთო. ერთი დღე ამ წამლის ძებნაშიც დაიკარგა. ვიშოვეთ, არ ვიცი, არ მახსოვს როგორ, შევაგროვეთ ერთი დოზა. როცა წამალი მივიტანეთ, მთავარმა ექიმმა გვითხრა ფრაზა, რომელიც არასდროს არ უნდა თქვას ექიმმა - ილოცეთო. ეს იყო შემზარავი. როგორც აღმოჩნდა, მამა რომ გამოწერეს, ძალიან დადარდიანებული იყო და მერე აღმოჩნდა, რომ გამოწერისას ეგ უთქვამთ, გადაეცით შვილებს, რომ აუცილებლად ილოცონო.
ასე მოვედით 17 თებერვლამდე. დედა კი 8 მარტს გარდაიცვალა, მაგრამ მე მგონია, 17 თებერვალს გარდაიცვალა, როცა ხელოვნურზე გადაიყვანეს. დედა ისეთი ადამიანი იყო, რომ მისთვის ცხოვრება იყო კომუნიკაცია, ადამიანები. ამის გარეშე როცა რჩება ადამიანი, რამდენადაა ცოცხალი, ეს უკვე საკითხავია.
ჩვენ ყოველდღე მივდიოდით, მიგვქონდა ნივთები: ჯერ ჰიგიენის, ზოგჯერ საკვები, მერე უკვე ხელოვნური საკვები. და ხო იცით, ხუმრობა რა მაგარი ელემენტი არი? ყველაზე უცნაურ დროს რომ გეხმარება. ჩემი ძმა მეტყოდა ხოლმე - აბა, წავედით მშობელთა კრებაზე? აბა, დღეს როგორ მოიქცა დედა? ყოველი დღე გახდა ერთნაირი. მიტანა-მოტანა-ტელეფონი. ფიქრი იმაზე, რა გაგვეკეთებინა, თუ ისევ დასჭირდა რთულად საშოვნი წამალი, ვერსიები თურქეთში გადასვლის. დედას გარდაცვალების დღეს ისევ მივიტანე 3000-ლარიანი წამალი, 2 საათით ადრე. მეგობრებმა ჩამოგვიტანეს თბილისიდან, 9-ზე იყო კომენდანტი და 9-ის ნახევარზე გავვარდით დასატოვებლად. მინდოდა მეკითხა, ცოცხალია? მაგრამ არ ვკითხე და ძალიან ჩქარა წამოვედი. 22:34 ეწერა, მახსოვს, ტელეფონზე და დამირეკა ექიმმა, ცუდი ამბავიაო. აი, სულ ეს იყო.
ხოდა იცი, რა არის? [პანდემიის დასაწყისიდან] ერთი წელი გავიდა და ამდენი ადამიანის ფასად, მაინც ვერ განვვითარდით და ვერაფერი ვერ ვისწავლეთ. ეკლესიას თავისი წილი პასუხისმგებლობა აქვს ამაში. ჩემი ღმერთი განსხვავდება მათისგან - მე მგონია, რომ ღმერთი ალბათ ყველაზე ცოდო არსებაა ამ სამყაროში, იმიტომ რომ ყოველ ჯერზე გვიცრუებს მოლოდინებს, ჩვენ მის მიმართ გრძნობები გვეცვლება და ის რჩება ასე, კუთხეში დასჯილი იმის გამო, რომ ვერ მოერია თავის საქმეს. ღმერთიც ვერ გახდა ღმერთი. მგონია, რომ სულ ადამიანებისკენ გამორბის, მათ კი ის აღარ უნდათ, ადამიანობაც არ უნდათ. აი, რომ წახვიდე და აიცრა, ეს არის ქრისტიანული აქტი ჩემთვის. არ აქვთ უფლება, ვიღაც მოკლან. შენ თავს რაც გინდა ის გაუკეთე, მაგრამ შენი ირაციონალური ეჭვების გამო სხვა მოკლა, ეს ქრისტიანობა არ არის.
ჯოჯოხეთი დედამიწაზე
ფოკისგან განსხვავებით, ვარლამ რამიშვილმა მოახერხა, კოვიდპალატაში შესულიყო გარდაცვალებამდე ცოტახნით ადრე, მეუღლე ენახა. 51 წლის ირმა სირაძე ბათუმელი ექიმი იყო, და კოვიდით დაავადების შემდეგ ყოველ დღეს თავის ფეისბუკკედელზე აღწერდა, სანამ 16 ნოემბერს მართვით სუნთქვაზე არ გადაიყვანეს. ვარლამი პალატას იხსენებს, სადაც მძიმე კოვიდპაციენტები სიცოცხლის ბოლო დღეებს ატარებდნენ.
ჯოჯოხეთია ეს ადგილი. კბილთა ღრჭენა და გმინვა. ტანჯვა ადამიანების. შიში თვალებში, სიკვდილის მოლოდინი. სადაც არ გაიხედავთ, სიკვდილს ხედავთ იმ ადგილას. იქ არანაირი იმედი არ არსებობს. ექიმები იბრძვიან, საკუთარი ჯანმრთელობის ფასად ცდილობენ გადარჩენას, მაგრამ ვინ გადარჩება და ვინ არა, ეგ არავინ იცის.
იქ რომ ავედი და ჩემი სიყვარული ვნახე, მინდოდა, რომ მიწა გამსკდომოდა. მინდოდა, რომ ეს ტანჯვა ირმასი შეეჩერებინათ. ჯერ სახეცვლილი იყო, ეს ულამაზესი არსება ასეთად აქცია ამ ვირუსმა და მერე სუნთქავდა საშინლად.
ტანჯვა, უიმედობა, ექიმების მცდელობის მიუხედავად ცუდი შედეგი, მაგრამ კიდევ იცით, რა? მარტოობის შეგრძნება, ეს იყო საშინელება. როცა შენი ახლობელი იქ არ არის. მე ორ რამეს ვთხოვდი ღმერთს - ასე არა და ახლა არა. ვერც გამოვემშვიდობე, ნახვამდის არ მითქვამს მისთვის. ეს სენი ამით არის საშინელი, რომ მომენტალურად დგება, ბოლო მომენტი კიდევ ისე იწელება, ვერ ხვდები, რით დამთავრდება.
„შუაგულ ჭირში ვარ“ - ეს იყო მისი ბოლო მონაწერი ჩემთვის. თქვენ რომ კარგად იქნებით, წყნარად ვიქნები - ეს იყო ბოლო ორი წინადადება. იქ რომ იყო, ჩვენ ამბავს განიცდიდა, იმას, რომ სიცხე არ მიცხრებოდა.
კიდევ კარგი, მოგვეცა საშუალება, რომ მასთან ვყოფილიყავით. ჩემი შვილი ბოლომდე იყო მასთან ერთად. ტელეფონსაც ყურთან უდებდა და ველაპარაკებოდით ყველა. ექიმებმა მოახერხეს მისი სიცოცხლის გახანგრძლივება ისე, რომ მოესწრო ჩემ შვილს ამერიკიდან ჩამოსვლა და მასთან მისვლა. ამ დროს გული 4-ჯერ გაუჩერდა. კაცმა არ იცის, ტვინი კომატოზურ მდგომარეობაში რას გრძნობს - როცა მეორე შვილი ჩამოვიდა და ეხვეწებოდა, დედა არ მიგვატოვოო, ირმას ცრემლები წამოუვიდა თვალებიდან და პულსმა აიწია. გარდაცვალებამდე ცოტახნის წინ ვიყავი ასული, მერე ჩამოვედი. 3-4 დღე თუ მოხდებოდა კრიზისის გადატანა, გვითხრეს, რომ გამოძვრებოდა. მაგრამ სისხლი დაგროვდა ფილტვებში.
ირმა ბუნებით იყო ოპტიმისტი და მებრძოლი. არანაირი წინათგრძნობა ან მოლოდინი არ ჰქონდა. ყველას ჰქონდა იმედი, რომ ეს ორგანიზმი შეძლებდა დაძლევას, მაგრამ ვირუსმა სრულიად მოანგრია. ვეკითხებოდი, რატომ მოხდა ასე და არავინ არ იცის დედამიწის ზურგზე ეგ. არ არის ეს ვირუსი გამოკვლეული. უკიდურესად იცავდა ყოველთვის ყველა წესს, რადგან ექიმი იყო. ის არ იყო მოწყვლადი, იყო გაკაჟებული, ნოემბერში ზღვაში ჩადიოდა.
ჩვენთვის 8 დეკემბერს დრო გაჩერდა. თანაც ფიქრობ, უკეთესია, ის გადარჩენილიყო, შვილებს დედა სჭირდებათ.
28 წელი ვიყავით ერთად, მთელი ცნობიერი ცხოვრება ერთად გავატარეთ. შვილები რომ 18 წლის შესრულდნენ და წავიდნენ სახლიდან, კიდევ უფრო დავახლოვდით, ხელიხელჩაკიდებულები დავდიოდით, გადაბმულები ვიყავით - სამსახურიდან მოირბენდა, რომ ერთად გვესადილა. შვილებზე მეტად მიყვარს. აქედან გამომდინარე, დრო მართლა გაჩერდა ჩემთვის, ახლაც რომ ვლაპარაკობ, თავი სიზმარში მგონია. არ მგონია, რომ რეალობაში ვართ და ეს ყველაფერი მოხდა. შეუძლებელია აღქმა.
ჩემი მარშრუტი არის სახლი-სასაფლაო. არ მიყვარს იმ ფაქტის წინაშე ყოფნა, მაგრამ, მეორე მხრივ, მისი ნაწილია იქ.
ჩვენ ყოველთვის გვჯეროდა ვირუსის არსებობის და მიგვაჩნდა, რომ ამის გაბაიბურება ბოროტებაა, შენი თავისთვისაც და სხვისთვისაც. ვხედავ, რომ ადამიანები არ იყენებენ პირბადეს, მოდიან ახლოს - ჩემი გადმოსახედიდან ეს ნიშნავს, რომ არაფრად მიგაჩნია ადამიანის სიცოცხლე, ჯანმრთელობა, ტკივილი, ტრაგედია, ხარ ზედმეტად თვითდაჯერებული. შეიძლება ცოტახანი იმ ჯოჯოხეთში რომ შეუშვა ასეთი ადამიანი, დაიჯეროს.
„გაცილებაც ისე ვერ მოხდა, როგორც მას სურდა“
რას ნიშნავს, როცა საზოგადოება შენს ტკივილს სერიოზულად არ აღიქვამს, კარგად იცის მარიამ ორბელაძემ, რომელმაც ასაკოვანი ბებია-ბაბუა დაკარგა. კი, მოხუცები იყვნენ, მაგრამ ასე არ უნდა წასულიყვნენ - უცნობი დაავადებით, პანაშვიდის გარეშე და ერთმანეთისგან შორს. ნელი როდონაია და გოგი ბერიძე საათების შუალედით გარდაიცვალნენ, ერთი კლინიკაში, კორონავირუსით, მეორე - სახლში, კორონავირუსის გართულებით. ჯერ ნელი გარდაიცვალა - ოჯახში ამბობდნენ, იქნებ ასეც იყო უკეთესი, რადგან 55 წლის ცოლქმრობის მერე, მეუღლის, გოგი ბერიძის სიკვდილს ვერ გადაიტანდაო. ნელი როდონაია ძალიან წუხდა იმაზე, რომ მეუღლე მარტო იყო.
„ძალიან განიცდიდა. ასე მახსოვს, 11 საათზე ვურეკავდით ექიმს და ვეკითხებოდით ამბავს, მაგრამ ბებიას არ ვეუბნებოდით, რომ ბაბუა ასე მძიმედ იყო. შესვლის უფლება არ გვქონდა საავადმყოფოს ტერიტორიაზეც კი, რადგან ძალიან ბევრი ინფიცირებული იყო. ამიტომ ყოველდღე ელოდებოდა ამ ზარებს, რომ ბაბუს შესახებ ამბავი შეეტყო. ვეუბნებოდით, მშვიდობააო, სინამდვილეში ბაბუს მდგომარეობა იმ დროისთვის იმდენად დამძიმებული იყო, რომ ოჯახის წევრებს უკვე ვეღარ ელაპარაკებოდა. ბაბუა მხნე ადამიანი იყო, არ ეშინოდა; ბებიას - კი. სულ სახლში იყო და ოჯახის წევრმა გადავდეთ ალბათ, თვითონ არ გადიოდა საერთოდ... მაგრამ ვერც მიხვდები. ეს ის დრო იყო, როცა შემთხვევები ათასობით იყო.
ბაბუა პროფესიით მუსიკოსი იყო, ჰობოისტი, დაავადებამ ფილტვების მდგომარეობა დაუმძიმა და ბოლო დღეები ფაქტობრივად უგონოდ გაატარა. ოჯახის წევრები ვერც დავემშვიდობეთ.
არ მოგვცეს უფლება, რომ გაგვეპატიოსნებინა. პანაშვიდზე ხალხი ვერ ახერხებდა მოსვლას და გაცილებაც ისე ვერ მოხდა, როგორც მას სურდა. მე ორსულად ვიყავი და ეგ კიდევ ცალკე საშინელება იყო, მეც გამიჭირდა იქ დაჯდომა.
ახლა მაბრაზებს ხოლმე ის, რომ თითქოს საზოგადოება არ აღიქვამს ამ დანაკარგს სერიოზულად. სიკვდილიანობის სტატისტიკას რომ ვკითხულობდი, სოციალურ ქსელში ვხედავდი ქვეშ კომენტარებს - „ეს სტატისტიკა რეალური არ არის“, „ნუ გვეუბნებით, რომ ადამიანი კოვიდით მოკვდა, როცა მოხუცია და თანმხლები დაავადებებით გარდაიცვალა“. ეს არასწორი დამოკიდებულებაა. რა თქმა უნდა, იშვიათია, რომ ამ ასაკის ადამიანი სრულიად ჯანმრთელი იყოს, მაგრამ ადამიანები აკონტროლებენ და ცხოვრობენ ისეთი დაავადებებით, როგორიცაა ჰიპერტენზია ან შაქრიანი დიაბეტი. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, შენი ოჯახის წევრი რამდენიმე წლის შემდეგ მოკვდება თუ დღეს. ერთი დღეც რომ იყოს განსხვავება, შენთვის ეგ ერთი დღეც რაღაცას ნიშნავს. არასდროს არ არის დროული ადამიანის გარდაცვალება, არც მოხუცის”.
„უიმედობაში ჩავვარდით, შეიცვალა ცხოვრების აღქმა ჩვენთვის“
თეკლა თოდრია ყველაზე ახალგაზრდაა, ვინც საქართველოში კოვიდით გარდაიცვალა, მისი სიკვდილი კი დღემდე გამოუძიებელია. 19 წლის გოგოსთვის კლინიკაში ადგილი ზედმეტად დიდხანს ვერ მოიძებნა - რატი და მისი ოჯახი ხან ჯანდაცვაში რეკავდნენ, ცხელ ხაზზე, ხან საგანგებო სამსახურში, მაგრამ ადგილი საბოლოოდ შემთხვევით, ქართულ-გერმანულ კლინიკაში მოინახა. ამ დროისთვის თეკლა, რომელიც საუნივერსიტეტო კლინიკიდან მაღალი სიცხით გამოაბრუნეს, ისევ კოვიდსასტუმროში იყო. სწორედ ამ დროს, როცა სასწრაფოში ჯდებოდა, ნახა ოჯახმა უკანასკნელად. თეკლას შემთხვევაზე გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს, რატის კი უამრავი კითხვა აქვს, რომელიც დღემდე უპასუხოდ რჩება.
„თავიდანვე, იგნორის მეტი არაფერი მიგვიღია. სტანდარტული, იმწამიერი პასუხები იყო, რომ არ არის ადგილები. იმდენად სწრაფად გვპასუხობდნენ, რომ ვფიქრობ, არც ეძებნდნენ. ექიმები არ გვაძლევდნენ თავის პირად ნომერს, სულ უნდა გვერეკა ცხელ ხაზზე და მერე ისინი გვრთავდნენ რეანიმაციაში - რატომ? საუნივერსიტეტო კლინიკიდან დააბრუნეს ბავშვი კოვიდსასტუმროში. რანაირად არ იყო თეკლას მდგომარეობა მძიმე, როცა ჟანგბადს ასუნთქებდნენ? სიცხე 40-მდე ჰქონდა და გვეუბნებოდა, ვეღარ ვლაპარაკობო, ჯობია მომწეროთ მესიჯებიო.
ჰოსპიტალი რომ გამოჩნდა, კარგი ხასიათითაც კი წამოვედით, რომ აი, ეშველა თეკლას. თავისი ფეხით ჩამოვიდა, ნივთები ხელში ეჭირა. სუსტად იყო, მაგრამ მძიმედ არა. უკვე დამშვიდებული შედარებით. დილას რომ მივედით, დაგვხვდა დაძინებული - დავაძინეთ, იმიტომ რომ იხრჩობოდაო. ამიტომ გერმანულ ჰოსპიტალთანაც გვაქვს კითხვები, რამდენად სწორად გააკეთეს ყველაფერი. მესმის, რომ ეს ისეთი დაავადებაა, რომ ფაქტობრივად ბრძოლის იარაღი არ აქვთ მაგისთვის, მაგრამ ვხედავ, რომ ისიც არ გააკეთეს, რაც საჭიროა.
კოვიდი გვქონდა ჩვენ თვითონ, მაგრამ არ გვიშვებდნენ თეკლასთან, ფაქტობრივად არ გვქონია შეხება. გერმანულ ჰოსპიტალში გადასაყვანად როცა მოვიდა ბრიგადა, მაშინაც კი შორიდან ვნახეთ. რამდენიმე წამით. ამ მომენტის გარდა, 3 კვირის განმავლობაში არ გვინახავს.
თავიდან, პირველი დღეები კარგადაც იყო. მაგრამ, ბოლოს ზურგი სტკიოდა, ვერ სუნთქავდა, ეშინოდა. ღამის სამ საათამდე ვურეკავდით თეკლას, მერე მესიჯები მიუწერია სხვა მეგობრებთანაც. ეშინოდა. და რომ ეშინოდა, ეტყობა სუნთქვაც უჭირდა და არ გამოსდიოდა რიტმში აწყობა. ბოლოს მომწერა, კარგად ვარო და დავიჯერე. დილას რომ მივწერე და პასუხი არ გაუცია, მერე წავედით გერმანულ ჰოსპიტალში და იქ უკვე დაგვხვდა ეგ ამბავი.
ისე გარდაიცვალა, რომ გონზე არ მოსულა. ის 116-გვერდიანი დასკვნა, რაც მივიღეთ მერე ჯანდაცვიდან, თან არ წამიღია, არის ჩემ ადვოკატთან. იქ წერია სამედიცინო ენაზე, ტერმინოლოგიით ისე, რომ მე მაინც არ მესმის. ესეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ ყველამ, ოჯახის ექიმიდან დაწყებული და სასწრაფოთი დამთავრებული, ერთი თავისი წიხლი მიაყოლა თეკლას.
იმედი გვქონდა ამ სამედიცინო სისტემის, ჯანდაცვის. ალბათ უნდა შევსულიყავით, აგვეტეხა ერთი ამბავი, ჩხუბი. რას მოიტანდა? იმასაც ვფიქრობდი, სხვანაირად არ მოპყრობოდნენ თეკლას ამის გამო, უარესად. ძალიან რბილად მივუდექით და იმედით. ზოგი პირდაპირ ძალაზეა ხოლმე, მაგრამ ჩვენ ასეთები არ ვართ. მითხრეს, რომ არ შეიძლება შესვლა - მივენდეთ. არ გვითხოვია, გინდა თუ არა შევალთო.
[თეკლას გარდაცვალებიდან] ორ დღეში დაგვირეკეს ჯანდაცვიდან, დაგვიბარეს, მთელი სამედიცინო ელიტა იქ იყო. კულუმბეგოვი, კახაძე... სამძიმრები იყო. ჩემი ადვოკატის ნდობა მაქვს, თორე არც ჯანდაცვის და არც პროკურატურის არ მაქვს, მართალი რომ გითხრათ. და სულ მაქვს შიში, რომ ეს ამბავი არ დაბრალდეს ისეთ ვიღაცას, რომელსაც გაწირავენ ამ საქმის გულისთვის.
გვაიგნორებენ და დანაშაულს ვერ გრძნობენ. მივლენ თავის შვილებთან, ჩაეხუტებიან, მე კი დამიღუპეს აგერ შვილი.
რაღაცნაირ უიმედობაში ჩავვარდით, შეიცვალა ცხოვრების აღქმა ჩვენთვის. ზოგჯერ ვიცინით კიდეც ბავშვებთან, ვხუმრობთ, მაგრამ ძირითადად სიმძიმეა. პატარა რაღაცა გაფაჩუნდება - თეკლაა გგონია. ადრე, სახლიდან რო გავიდოდა ხოლმე, რომ აგვიანებდა ხოლმე, მაგაზე ვღელავდით, დროზე მოვიდეს სახლში. ახლა საერთოდ წასულია - სად არის, როგორ არის? მარტო იმის იმედი და რწმენა, რომ იქ სადღაც არის და კარგად არის, ჩემთვის არ არის დამაკმაყოფილებელი.