აშშ-ის საელჩომ რადიო თავისუფლებას განუმარტა, რომ მიწვევა „საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებების, დეზინფორმაციისა და აშშ-ისა და დასავლეთის მიმართ უარყოფითი რიტორიკის გამო“ გაუქმდა და ასევე, ამავე მიზეზით, პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციამ უარი თქვა - „ქართულ დელეგაციასთან შეხვედრაზეც“.
დიპლომატები რადიო თავისუფლებას ეუბნებიან, რომ დიპლომატიური რევერანსების დრო ამოიწურა და სრულიად ლოგიკური დემარშით დასრულდა „ქართული ოცნების“ მიერ ამერიკული მხარის მოთმინების გამოცდა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, ნიუ-იორკში, მსოფლიო ლიდერებსა და გაეროს მაღალჩინოსნებს ყოველწლიურ მიღებაზე 25 სექტემბერს უმასპინძლა.
აშშ-ში ირაკლი კობახიძის ჩასვლის მთავარი მიზანი - გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაა და გამთენიისას სიტყვითაც გამოვა; თუმცა, როგორც მან ჟურნალისტებს უთხრა, ორმხრივი შეხვედრების გამართვასაც გეგმავდა.
გაუქმებული მიპატიჟება
„მთავრობის მეთაური ასევე დაესწრება ოფიციალურ მიღებას, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენისა და მისი მეუღლის ჯილ ბაიდენის სახელით გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის მონაწილე დელეგაციათა მეთაურების პატივსაცემად გაიმართება“, - ეწერა მთავრობის ადმინისტრაციის მიერ, 22 სექტემბერს, კობახიძის ნიუ-იორკში ჩასვლისას გავრცელებულ განცხადებაში, ხოლო 25 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ეს მიწვევა გაუქმებულია.
ირაკლი კობახიძისთვის გაუქმებული დღის წესრიგის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად „ამერიკის ხმამ“ გაავრცელა, მაგრამ მალევე დაადასტურა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ და აშშ-ის საელჩომ საქართველოში.
ასევე ნახეთ აშშ-ის საელჩომ ბაიდენის მიღებაზე კობახიძის მოსაწვევის გაუქმების მიზეზი დაასახელა„ბაიდენის ადმინისტრაციამ გააუქმა პრემიერ-მინისტრ კობახიძის მიწვევა გაეროს გენერალური ასამბლეის ყოველწლიურ მიღებაზე და უარი თქვა ქართულ დელეგაციასთან შეხვედრაზე საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებების, დეზინფორმაციისა და უარყოფითი რიტორიკის გამო აშშ-ისა და დასავლეთის მიმართ“, - მისწერა აშშ-ის საელჩომ რადიო თავისუფლებას.
ამერიკელი სახელმწიფო მოხელეები „ამერიკის ხმას“ ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილების სამ კონკრეტულ მიზეზსაც უსახელებენ:
- ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონის [„აგენტების კანონი“] მიღება,
- ანტიკორუფციული ბიუროს მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების - „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოსა“ და „აირჩიე ევროპას“ წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი,
- მმართველი ძალის განცხადებები - ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ.
უარი შეხვედრებზეც
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ამერიკულმა მხარემ გააუქმა ირაკლი კობახიძის შეხვედრა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან, სანქციების ყოფილ კოორდინატორ ჯიმ ო'ბრაიეთან, რომელიც მანამდე ვაშინგტონის მოთხოვნით - 25 სექტემბრისთვის იყო დაგეგმილი.
„ამერიკის ხმა“ იტყობინება, რომ პრემიერ-მინისტრ კობახიძესთან შეხვედრაზე უარი თქვა ჯეიკ სალივანმაც, თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა.
ასევე ნახეთ გაეროს ტრიბუნაზე გამოსვლის წინ - კობახიძის ვიზიტი და ინტერესები აშშ-ში„ქართული ოცნება“ ჩაშლილ შეხვედრებზე არ ამახვილებს ყურადღებას; ხოლო 24 სექტემბერს პარლამენტის თავმჯდომარემ მედიასთან უარყო ინფორმაცია, რომ ირაკლი კობახიძე ჯეიკ სალივანთან შეხვედრის ორგანიზებას ისრაელის ხელისუფლების შუამავლობით ცდილობდა.
ეს ინფორმაცია თავდაპირველად ანალიტიკოსმა გია ხუხაშვილმა გაავრცელა და რადიო თავისუფლებას უთხრა - რომ შეხვედრის ორგანიზება „ქართულ ოცნებას“ „კარწინკის“ შესაქმნელად ესაჭიროება - რომ მას კიდევ ხვდებიან და ელაპარაკებიან.
„ამ ვიზიტს გამოვიყენებთ ორმხრივი შეხვედრებისთვის. გვინდა, რომ მაქსიმალურად ვესაუბროთ ჩვენს პარტნიორებს იმ თემებთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის განვითარებას, რომელიც უკავშირდება პოლიტიკურ საკითხებს ჩვენი ქვეყნის გარშემო. ეს ფორუმი იქნება მაქსიმალურად ამ ყველაფრისთვის გამოყენებული“, - უთხრა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ნიუ-იორკში, „მომავლის სამიტზე“ სიტყვით გამოსვლისას.
ამ დრომდე, მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია ირაკლი კობახიძის შეხვედრების შესახებ: გაეროს გენერალურ მდივანთან - ანტონიო გუტერეშთან და ევროპის საბჭოს გენერალურ მდივან ალან ბერსესთან.
ირაკლი კობახიძის დაგეგმილ თუ ჩაშლილ შეხვედრებთან დაკავშირებული ინფორმაციის გარკვევა რადიო თავისუფლებამ ამ დრომდე ვერც საგარეო საქმეთა სამინისტროში შეძლო.
ერთი წლის წინ, ღარიბაშვილის შემთხვევაში სხვაგვარად იყო.
ერთი წლის წინ, ჯეიკ სალივანს სწორედ გაეროს გენერალური ასამბლეის [78-ე] სესიის ფარგლებში შეხვდა მაშინდელი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი. მან ასევე გამართა შეხვედრები აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველ დერეკ შოლესთან, ევროკავშირის ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან, გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან და სხვებთან.
საერთაშორისო პარტნიორებთან თბილისის ურთიერთობები მაშინაც დაძაბული იყო, თუმცა გაცილებით ნაკლებად - ვიდრე ამჟამად. ვითარება მაშინ შედარებით განმუხტა „აგენტების კანონის“ პარლამენტში ჩაგდებამ - მასშტაბური საპროტესტო აქციების შემდეგ. 2024 წელს კი - ხელისუფლებამ ეს კანონი მაინც დაამტკიცა.
ირაკლი ღარიბაშვილი შარშან ასევე დაესწრო ჯო ბაიდენისა და მისი მეუღლის, ჯილ ბაიდენის სახელით მსოფლიო ლიდერების პატივსაცემად გამართულ მიღებას და მათთან ერთად ფოტოც გადაიღო, როგორც ამ ფორმატით არის გათვალისწინებული.
„მადლობელი ვარ თბილი მიღებისთვის და საქართველოს მიმართ შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერისთვის“, - წერდა ღარიბაშვილი შარშან, ტვიტერზე.
აშშ-ის პრეზიდენტის სახელითა და მიწვევით, მსგავსი მიღება ყოველ წელს იმართება. გაეროს გენასამბლეის სხდომის მონაწილე ლიდერებს ერთმანეთთან შეხვედრისა და გლობალურ გამოწვევებზე მოსაზრებების გაცვლის შესაძლებლობა ეძლევათ.
ასევე ნახეთ "არდაპატიჟებისთვის დაპატიჟებული" - რას ამბობს "ოცნება" ბაიდენის მოსაწვევის გაუქმებაზე"ქართული ოცნების" ლიდერების თქმით, აშშ-ის ხელისუფლების გადაწყვეტილებები ოპოზიციის დახმარებას ისახავს მიზნად.
„სულ რომ ბაიდენი ჩამოვიდეს საქართველოში და პირდაპირ ჩაერთოს საარჩევნო კამპანიაში, ამ რადიკალურ ოპოზიციას არაფერი ეშველება“, - უთხრა ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და მიმდინარე მოვლენები ისევ „მეორე ფრონტის“ გახსნის მცდელობას დაუკავშირა.
„უცხოურ ძალებს მცდელობა აქვს, პირდაპირ საელჩოებში იგეგმება სხვადასხვა კამპანიები, თუ რა და როგორ გაკეთდეს, როგორ დაიგეგმოს“, - ესეც კალაძის სიტყვებია.
პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციას სტუმარმასპინძლობა დაუწუნა. ჟურნალისტებთან საუბრისას მან თქვა, რომ ვაშინგტონი საქართველოს წლებია სტრატეგიულ პარტნიორს უწოდებს და შეეძლოთ „სტუმარმასპინძლობა მაინც ესწავლათ ქართველი ხალხისგან“. „როგორც ჩანს, ეს სათანადოდ ვერ გავუზიარეთ“, - ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე.
ბოლო დროს, „ოცნების“ ხელისუფლება აშშ-ს საქართველოს შიდა საქმეებსა და საარჩევნო პროცესებში ჩარევაში უკვე ღიად სდებს ბრალს.
აშშ-ის დემარში
„ეს [მიწვევის გაუქმება - რ.თ.] არის დემარშის ფორმა, რომელსაც თავისი ლოგიკური ახსნა აქვს... ვაშინგტონს სალაპარაკო აღარაფერი აქვთ რუსულ ხელისუფლებასთან - რომელიც რუსული ინტერესების გატარებით აზიანებს საქართველოს სახელმწიფოებრიობას, ხელყოფს სუვერენიტეტს. აქედან გამომდინარე, დიპლომატიური რევერანსების დრო და სივრცე ამოიწურა“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას აშშ-ში დაფუძნებული ორგანიზაციის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი, აშშ-ში საქართველოს ყოფილი ელჩი, ბათუ ქუთელია, რომელიც ამჟამად ნიუ-იორკში იმყოფება.
ქუთელიას თქმით, გაეროს გენასამბლეის სესიის პარალელურად გამართულ ტრადიციულ მიღებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიპატიჟების გაუქმება ნიშანია იმისა, რომ „საქართველო, სამწუხაროდ, მოხვდა ნაკრებში რუსეთთან, ჩრდილოეთ კორეასთან და ირანთან ერთად“, რომლებსაც აშშ-სთან საერთო ფასეულობები აღარ აქვს.
მომხდარს ქუთელია უწოდებს „აისბერგის წვერს“ და განმარტავს, რომ საქართველოსა და აშშ-ის მუდმივად მზარდი ურთიერთობები „ქართულმა ოცნებამ“ 12 წლის განმავლობაში, ნელ-ნელა და ნაბიჯ-ნაბიჯ გაანადგურა.
„ჩემს 30-წლიან კარიერაში ვერ ვიხსენებ მსგავს შემთხვევას, როდესაც [აშშ-ს ანდა რომელიმე დასავლურ ქვეყანას] რომელიმე ქვეყნის ლიდერი ამოეღოს მიწვეულთა სიიდან“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) თანადამფუძნებელი, ყოფილი ელჩი - ვალერი ჩეჩელაშვილი და ვარაუდობს, რომ ეს შედეგი მოიტანა „ამერიკელების მოთმინების ხანგრძლივმა გამოცდამ“ „ოცნების“ ხელისუფლების მიერ - „ანტიამერიკული კერძის მომზადებისას“.
„ეს ამერიკელების ძალიან მკაფიო გზავნილია ქართული საზოგადოებისთვის, რომ მცდარია "ქართული ოცნების" ნარატივი - თითქოს აშშ-სთან დაძაბულობა დროებითი და მოჩვენებითია, ხოლო არჩევნების შემდეგ ყველაფერი ძველებურად კარგად იქნება...
იქ [მიღებაზე] რომ მისულიყო ბატონი კობახიძე, როგორც მინიმუმ, ფოტოს გადაიღებდა პრეზიდენტ ბაიდენთან, რადგან ამას ფორმატი ითვალისწინებს... ვფიქრობ, სწორედ ამ დაშვებასაც მოერიდნენ [ბაიდენის ადმინისტრაციაში - რ.თ.]“, - ვალერი ჩეჩელაშვილი ფიქრობს, რომ ბოლო გადაწყვეტილებებით ვაშინგტონმა მოქმედ მთავრობასთან ურთიერთობებს წერტილი დაუსვა:
- ეს არის ნიშანი, რომ - საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აშშ-სთან საკომუნიკაციო რესურსი ამოწურა;
- ამ ფაქტის შემდეგ წარმოუდგენელია ვაშინგტონის ურთიერთობები მოქმედ მთავრობასთან;
- კომუნიკაციის ერთადერთ სავარაუდო გზად დარჩება საქართველოში მოქმედი აშშ-ის საელჩო.
აშშ-ში გამგზავრებამდე ცოტა ხნით ადრე, პრემიერმა კობახიძემ მედიას უთხრა, რომ აშშ-სთან ექნებოდათ „მაქსიმალურად ჯანსაღი, კონსტრუქციული კომუნიკაცია“, „ჯანსაღი ურთიერთობების“ მომავალი წლიდან აღდგენის მიზნით და ყველაფერი დალაგდება არჩევნების ჩავლისა და უკრაინის ომის დასრულების შემდეგ.
ვალერი ჩეჩელაშვილი ვარაუდობს, რომ ვაშინგტონის მოთმინების ფიალა მას შემდეგ აივსო, რაც ირაკლი კობახიძემ გააფრთხილა აშშ-ის ელჩი რობინ დანიგანი აშშ-სთან ურთიერთობების შესაძლო გადახედვის შესახებ. „ეს მუქარა დიდი შეცდომა იყო“, - გვეუბნება ჩეჩელაშვილი.
17 სექტემბერს, მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრისას, ირაკლი კობახიძემ ელჩს უთხრა, რომ სანქციების დაწესებით აშშ „კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა“ და კიდევ ერთი მსგავსი გადაწყვეტილების მიღებამ, შესაძლოა, ქართულ-ამერიკული ურთიერთობების მიმართ საქართველოს პოზიციის თვისებრივი გადახედვა განაპირობოს. „ამერიკის ხმის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის ხელისუფლება გეგმავს, უახლოეს ხანში სანქციები დაუწესოს „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს - ბიძინა ივანიშვილს.
„მომავალში მოიგებს ის, ვინც სრულად გახსნის საკუთარი ხალხის პოტენციალს: თავისუფლად სუნთქვა. თავისუფლად აზროვნება. ინოვაციები. განათლება. ცხოვრება და სიყვარული დაუფარავად - შიშის გარეშე. ეს არის დემოკრატიის სული. ეს არ ეკუთვნის რომელიმე ერთ ქვეყანას“, - დაწერა პრეზიდენტმა ბაიდენმა X-ზე, 25 სექტემბერს.
24 სექტემბერს, ჯო ბაიდენმა მსოფლიო ლიდერებს გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან მეოთხეჯერ მიმართა და როგორც თავად თქვა - ბოლოჯერ.
აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „პუტინის ომი ჩაიშალა“, რადგან მიზნებს ვერ მიაღწია - „უკრაინა კვლავ თავისუფალი ქვეყანაა“, ხოლო ნატო კიდევ უფრო გაფართოვდა. „ღმერთმა უშველოს მათ, ვინც მშვიდობას ესწრაფვის“, - გამოსვლა ამ სიტყვებით დასრულდა.