„ქართული ოცნების“ საპარლამენტო სიის პირველი ნომერი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც გადადგომამდე „საუკეთესო კრიზისმენეჯერი“ და „ქვეყნის ქაოსისგან გადამრჩენელი“ იყო, რამდენიმე თვეში „გუნდისა და სახელმწიფოს მოღალატედ“ იქცა. ირაკლი კობახიძემ მრავალი წლის განმავლობაში ნაქებ გიორგი გახარიას ბრალი დასდო იმაში, რომ ცუდად ორგანიზებული სპეცოპერაციებით არაერთი პრობლემა შეუქმნა ქვეყანასა და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას. ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში სტუმრობისას მმართველი პარტიის თავმჯდომარემ გაიხსენა ფიზიკური დაპირისპირებითა და სავალალო შედეგებით დასრულებული რამდენიმე პოლიციური ოპერაცია: ხაიშში, კლუბ „ბასიანში“, პანკისის ხეობასა და საქართველოს პარლამენტის შენობის წინ 2019 წლის 20 ივნისს.
გახარია გუშინ
5 წლის განმავლობაში, 2016 წლის 27 ნოემბერიდან 2021 წლის 18 თებერვლამდე, ვიდრე გიორგი გახარია საქართველოს მთავრობის ჯერ წევრი, შემდეგ კი თავმჯდომარე იყო, არც ბიძინა ივანიშვილს და არც „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერებს მასზე ცუდი არ დასცდენიათ. 2019 წლის სექტემბერში პრემიერ-მინისტრად წარდგენის დროს ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ გიორგი გახარიამ, როგორც ყოფილმა ბიზნესომბუდსმენმა, ეკონომიკისა და შინაგან საქმეთა მინისტრმა, ღირსეულად დაიმსახურა პრემიერ-მინისტრის პოსტი.
„ქართულმა ოცნებამ“ შს მინისტრი გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე 2019 წლის 20 ივნისის მოვლენების შემდეგ წარადგინა. მმართველი პარტიის არც ერთ წევრს არც კენჭისყრის დროს და არც მომდევნო ორი წლის განმავლობაში ეჭვი არ შეუტანია ბიძინა ივანიშვილის მიერ მოწონებული ლიდერის პროფესიონალიზმსა და ღირსებაში.
- თეა წულუკიანი, იუსტიციის მინისტრი: „მთავარი, რის გამოც გიორგი გახარია ამ პოზიციაზე შეირჩა, ის არის, რომ ჩვენ შორის საუკეთესოა“.
- მამუკა მდინარაძე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე: „გიორგი გახარიას დაუგროვდა ძალიან პოზიტიური გამოცდილება როგორც უფლებების დაცვის, ასევე ეკონომიკის სფეროში, სადაც წარმატებით ართმევდა თავს თავის მოვალეობას“.
2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე გიორგი გახარია მმართველი პარტიის სიის პირველი ნომერი იყო და მას უკიდურესად დადებითად ახასიათებდა პარლამენტის მაშინდელი თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე:
- „ვფიქრობ, ის იმსახურებს იმას, რომ “ქართული ოცნების” სიის პირველი ნომერი იყოს. ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან რთულ მომენტში, როცა ქვეყანა, ფაქტობრივად, ეგზისტენციური გამოწვევის წინაშე იდგა Covid-19-ის გამო, მან პროცესების ეფექტური მართვა უზრუნველყო. მან უზრუნველყო ის, რომ ქვეყანაში ვირუსის გავრცელების შეკავება მოხდა და ქვეყანამ დროულად შეძლო დაბრუნებოდა ისეთ ამოცანებს, როგორიც არის ეკონომიკის სტაბილიზაცია და აღდგენა“.
გიორგი გახარია ასევე სარგებლობდა მმართველი პარტიის უპირობო მხარდაჭერით ოპოზიციასთან დებატების დროს. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, 2020 წლის 27 მაისს პარლამენტში პრემიერ-მინისტრის საანგარიშო გამოსვლის შემდეგ განაცხადა:
- „ეს იყო მასტერკლასი, რომელიც ჩაგიტარათ გოიმურ ოპოზიციას პრემიერ-მინისტრმა“.
- „ბუზი ყველა ბზუის, მაგრამ გახარიასთან ყველა ტყუის“.
გახარია დღეს
გიორგი გახარიასადმი მმართველი პარტიისა და ხელისუფლების დამოკიდებულება მკვეთრად შეიცვალა თანამდებობიდან გადადგომისა და საკუთარი პარტიის დაფუძნების შემდეგ.
7 ივნისს „პოლიტიკიდან წასულმა“ ბიძინა ივანიშვილმა წერილი გამოაქვეყნა და თქვა, რომ 2021 წლის თებერვალში ნიკა მელიას დაკავების გამო გიორგი გახარიას გადადგომა იყო „საკუთარი გუნდისა და საკუთარი სახელმწიფოს პირდაპირი ღალატი“.
„ქართული ოცნების“ დამფუძნებლის წერილში გამოქვეყნებულ ბრალდებებს მალე დაემატა მმართველი პარტიის ხელმძღვანელი პირებისა და რიგითი წევრების ბრალდებები, რომლებიც ეჭვის ქვეშ აყენებენ ყოფილი ლიდერის როგორც პროფესიონალიზმს, ასევე მისი გადაწყვეტილებების კანონთან შესაბამისობას.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, ვინც თავგამოდებით იცავდა ხელისუფლებისა და გიორგი გახარიას პოზიციას 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებში, ტელეკომპანია „მთავარისათვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ გაუჩნდა მთელი რიგი კითხვები სპეცოპერაციის როგორც დაგეგმვასთან, ასევე ჩატარებასთან დაკავშირებით.
„დაშლის ოპერაცია იყო აბსოლუტურად გაუგებრად დაგეგმილი გახარიას მხრიდან, რამაც, საბოლოო ჯამში, სამწუხაროდ, მძიმე შედეგებამდე მიგვიყვანა. ვგულისხმობ მარტივ რაღაცას – ვინც ერკვევა, ამაზე კონსულტაციებიც მაქვს გავლილი და გარკვეული კითხვები მაქვს დასმული: რატომ იდგნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცჯგუფები ჭიშკრის გარეთ და არა ჭიშკრის შიგნით? ამ კითხვაზე პასუხი არ არსებობს. ოპერაციის დაგეგმვაზე თვითონ იყო პასუხისმგებელი [გიორგი გახარია]. ამას აკეთებდა ერთ-ერთ მოადგილესთან ერთად. ეს იყო პირველი ნიშანი. მეორე - რატომ არ იქნა გამოყენებული წყლის ჭავლი და სხვა რბილი საშუალებები?“
თუმცა ირაკლი კობახიძის ბრალდებები მხოლოდ 20 ივნისით არ შემოიფარგლება.
- სპეცოპერაცია მესტიაში - 2018 წლის 26 ივლისი. ზემო-სვანეთში სოფლების ხაიშისა და ჭუბერის რამდენიმე ასეულმა მკვიდრმა მესტიასთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზა გადაკეტა და ხე-ტყის უკანონო ჭრის საქმეზე სვანეთში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესვლა გააპროტესტა. ვითარება მას შემდეგ გამწვავდა, რაც სოფელში შესულმა დამატებითმა საპოლიციო ძალებმა მომიტინგეების წინ კორდონი შექმნეს. ჯოხებითა და ქვებით შეიარაღებულმა ადგილობრივებმა სპეცრაზმზე იერიში მიიტანეს.
- სპეცოპერაცია „ბასიანში“ - 2018 წლის 12 მაისი. სამართალდამცავებმა სპეცოპერაცია ჩაატარეს თბილისში, კლუბებში “გალერისა” და “ბასიანში”, სადაც, შსს-ს მიერ გავრცელებული განცხადებით, ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით 8 პირი დააპატიმრეს, თუმცა ოპერაციის პარალელურად პოლიციამ კლუბების მიმდებარედ შეკრებილი ათეულობით ადამიანიც დააკავა. სპეცოპერაციის წინააღმდეგ პროტესტი პარლამენტის წინ გაგრძელდა, სადაც პოლიციამ დემონსტრანტებს აქციის თავისუფლად ჩატარების უფლება არ მისცა. სამართალდამცავებმა რუსთაველის გამზირზეც დააკავეს რამდენიმე ადამიანი, მათ შორის, „თეთრი ხმაურის მოძრაობის” წევრები.
- სპეცოპერაცია პანკისში - 2019 წლის 21 აპრილი. პანკისის ხეობაში მწვავე დაპირისპირება მოხდა ადგილობრივ მოსახლეობასა და სამართალდამცველებს შორის. ადგილობრივები მცირე ჰესის („ხადორი 3“) მშენებლობის შეჩერებას აპროტესტებდნენ. დაპირისპირების დროს სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს, აქციის მონაწილეები კი ქვებსა და ჯოხებს იყენებდნენ.
ირაკლი კობახიძის თქმით, ყველა ეს ოპერაცია ჩატარდა გიორგი გახარიას შს მინისტრობის დროს და ყველა დასრულდა სავალალო შედეგებით:
„პირველი ოპერაცია იყო მესტიაში, ტყის ჭრას უკავშირდებოდა. იმდენად ცუდად იყო დაგეგმილი, რომ პოლიციას მოუწია გამოსვლა, რაც საკმაოდ უხეში ფორმით მოხდა. შემდეგ იყო „ბასიანი“ და ასევე არასწორად დაგეგმილი სპეცოპერაცია, დასრულებული ბოდიშის მოხდით. პანკისიც იყო აბსოლუტურად მძიმედ დაგეგმლი სპეცოპერაცია და მივიღეთ მძიმე სურათი, რაც ყველას გვახსოვს. მთლიანობაში, რომ გავიხსენოთ, რაც კი პრობლემა დაგროვდა გახარიას მინისტრობის დროს, ყველაფერი უკავშირდებოდა არასწორად დაგეგმილ და შესრულებულ სპეცოპერაციებს. ეს ან უხეში შეცდომები და არაეფექტური მენეჯმენტი იყო, ან გარკვეული გავლენების შედეგი, რაც უკვე დანაშაულამდე მიდის. შეიძლება ეს იყოს სისხლის სამართლის დანაშაული თეორიულად, ან ეს შეიძლება იყოს პოლიტიკური დანაშაული“.
გახარია ხვალ
ირაკლი კობახიძის მიერ სისხლის სამართლის დანაშაულის ხსენება „სიტყვის მასალად“ მიაჩნია ყოფილ დეპუტატსა და კოალიცია „ქართული ოცნების“ ყოფილ წევრს, დავით ჭიჭინაძეს, რომლის თქმითაც, თუ გახარია დასაჭერია, მაშინ დასაჭერია „ქართული ოცნების“ მოქმედ ლიდერებთან შეთანხმებული იმ სქემების გამო, რომლებსაც ის ახორციელებდა შს მინისტრობის დროს და მათი დავალებით.
დავით ჭიჭინაძე ასევე მარტივ ახსნას უძებნის ირაკლი კობახიძის რიტორიკის კომიკურ ტრანსფორმაციას გახარიას შეფასებასთან დაკავშირებით.
„ასეთი წარმოდგენა აქვს ცხოვრებაზე: თვითონ რომ იტყვის ვიღაცაზე ცუდს, ჰგონია, რომ ეს დაკანონდება. ბიძინა ივანიშვილთან ეს გასდის. უბრალოდ, მას ხშირად ერევა ერთმანეთში საზოგადოება და ბიძინა ივანიშვილი. ახლაც, ამ საჯარო გამოსვლებით, ის ხალხს კი არ ელაპარაკება, არამედ ბიძინა ივანიშვილს - მას უმტკიცებს, როგორი ყოჩაღი და ერთგული მსახურია“, - უთხრა დავით ჭიჭინაძემ რადიო თავისუფლებას.
20 ივნისის მოვლენებში გიორგი გახარიას როლის შეფასებაში ირაკლი კობახიძეს თითქმის სრულად ეთანხმება იურისტი გიორგი მშვენიერაძე, რომელიც მოჩვენებითი კმაყოფილებით შენიშნავს, რომ სამოქალაქო სექტორი სწორედაც რომ გიორგი გახარიას, სულ ცოტა, პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვდა 2019 წლის 20 ივნისიდან მოყოლებული, თუმცა ამის ნაცვლად, როგორც გიორგი მშვენიერაძე აზუსტებს, ირაკლი კობახიძემ და „ქართულმა ოცნებამ“ გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დააწინაურეს:
„არა მარტო გახარიას, არამედ მისი, ირაკლი კობახიძის, პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხიც არის ეს, რადგან მისი გუნდი უწყობდა ხელს ამ ადამიანის დაწინაურებასა და წინსვლას. ახლა, როცა ოპოზიციაშია გადასული ბატონი გახარია და ასეთი რიტორიკა ისმის ხელისუფლებისგან, იცვლება მთლიანად მიდგომა და საუბრობენ, შეიძლება დანაშაულს ჰქონდა ადგილიო. ეს, ცხადია, შებრუნებული მართლმსაჯულებაა პოლიტიკური მოტივებით და ასეც იქნება აღქმული საზოგადოების მიერ. როცა დევნა იწყება არა ჩადენილი დანაშაულის გამო, არამედ იწყება პოლიტიკური მოტივებით, ამას ჰქვია პოლიტიკური მართლმსაჯულება. აშკარაა, რომ მოტივი ისაა, რომ ახლა აღარ მოსწონს ბატონ კობახიძეს გახარია“.
გიორგი გახარიას თანაპარტიელები კი დარწმუნებული არიან, რომ მათი ლიდერი პირნათელია კანონისა და ქვეყნის წინაშე და რომ მმართველი პარტიის თავდასხმა მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური კონკურენციით არის მოტივირებული.
„უამრავი ადამიანი გვიერთდება და ჩვენი მხარდაჭერა იზრდება. ეს არის ძალიან მძიმე მმართველი პარტიისთვის“, - განაცხადა პარტია „საქართველოსათვის“ წევრმა, დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა. - „მათი რიტორიკა პოლარიზებითა და რადიკალიზაციით „ნაციონალური მოძრაობის” როტორიკას ძალიან დაემსგავსა. დაველოდოთ. ალბათ, მესამე სერიაში იქნება, რომ გახარია არის მიხეილ სააკაშვილი. ცდილობენ, მათივე გამოგონილი შეთქმულების თეორიებით პარტიის დისკრედიტაცია მოახდინონ, რაც ვერ მოხდება. ჩვენი განვითარება მმართველი გუნდისთვის არის პოლიტიკურად ძალიან მძიმე. გამოგონილი, უცნაური ლოგიკით გაჯერებული ნარატივით პარტიის დისკრედიტაციას ცდილობენ”.
„ქართული ოცნების“ ყოფილი და მოქმედი ლიდერების დაპირისპირებას მშვიდად ადევნებენ თვალს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. სალომე სამადაშვილი, წევრი ფრაქციისა „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“, დარწმუნებულია, რომ კობახიძისა და გახარიას დაპირისპირება სხვა არაფერია, თუ არა შეჯიბრი ბიძინა ივანიშვილის კარზე.
„გახარია ფიქრობს, რომ შესთავაზოს პოლიტიკური პროექტი, რომელიც შეიძლება მისთვის უფრო საინტერესო იყოს, ვიდრე გაკოტრებული „ქართული ოცნება“. ირაკლი კობახიძე იცავს საკუთარ პოზიციებს, როგორც ამ გაკოტრებული პარტიის თავმჯდომარე, და, საბოლოო ჯამში, გადაწყვეტილების მიმღები, ძალაუფლების წყარო და, საერთოდ, ყველანაირი პრობლემის მიზეზი რჩება ისევ ივანიშვილის არაფორმალური მმართველობა. ამიტომ, ივანიშვილის პოლიტიკური პროექტები - გახარია იქნება ეს, კობახიძე თუ სხვა - ხალხისთვის სატყუარა აღარ იქნება. ჩვენ ხელისუფლება აუცილებლად უნდა შევცვალოთ დემოკრატიული ოპოზიციის კოალიციურ ხელისუფლებაში მოყვანის გზით, რაც არის ერთადერთი გზა იმისთვის, რომ ჩვენ დავამარცხოთ ოლიგარქიული რეჟიმი ქვეყანაში“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.