კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ „მარში კლიმატისთვის“ ქუთაისში გაიმართა

არასამთავრობო ორგანიზაციამ სამეცნიერო - ინტელექტუალური კლუბი „თაობათა დიალოგი“ მოხალისეებისა და აქტივისტების მონაწილეობით ქუთაისში მსვლელობა მოაწყო სახელწოდებით, „მარში კლიმატისთვის“. აქციაში მონაწილეობა მიიღეს ახალგაზრდებმა იმერეთის მუნიციპალიტეტებიდან და ისინი შეუერთდნენ მსოფლიო კამპანიას, რომელიც 160 ქვეყანის 1000-მდე ქალაქში ერთდროულად იმართება 20 სექტემბერს.

როგორც გლობალური მოძრაობის 350.ორგ- ის წარმომადგენელი საქართველოში ნუგზარ კოხრეიძე განმარტავს, აქტივისტები მარშით მსოფლიო ლიდერებს მოუწოდებენ გადადგან ქმედითი ნაბიჯები კლიმატის ცვლილების შესაჩერებლად. ნუგზარ კოხრეიძის განცხადებით, კლიმატური ცვლილებების უარყოფითი გავლენა გარემოზე სულ უფრო გახშირდა და შედეგები გაცილებით სავალალოა, ვიდრე სპეციალისტები ვარაუდობდნენ. ნუგზარ კოხრეიძის განცხადებით, 20 სექტემბერს,160-ზე მეტი სახელმწიფოს მოქალაქეები უერთდებიან 16 წლის შვედი ეკო აქტივისტის, სკოლის მოსწავლის გრეტა ტუნბერგის აქციას, რომელსაც აქტივისტი ყოველ პარასკევს მართავს,ასევე დღეს იწყება გლობალური კლიმატის კვირეული და აღინიშნება გლობალური დასუფთავების დღეც, რომლებსაც უერთდება ქუთაისი.

კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მიმართულ მსვლელობაში მონაწილის სამოქალაქო აქტივისტის გვანცა თოთაძის თქმით, მნიშვნელოვანია საზოგადოებას ქონდეს ინფორმაცია იმ ეკოლოგიური კატასტროფების შესახებ, რომლებსაც კლიმატის ცვლილება იწვევს. როგორც გვანცა თოთაძე ამბობს, აუცილებელია გარემოზე უარყოფითი ზეგავლენის შესამცირებლად ხელისუფლებამ და მოქალაქეებმა ყოველდღიურად იზრუნონ.

ქუთაისში გამართულ მსვლელობაში მონაწილეებს ხელნაკეთ ბანერებზე გამოსახული ქონდათ საკუთარი საპროტესტო ნახატები და სხვადასხვა მოწოდების შემცველი წარწერები.მსვლელობის მონაწილეების თქმით, აუცლებელია ადამიანებმა დედამიწა საკუთარ სახლად მიიჩნიონ.