იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დასრულდა უვადო მოსამართლეობის მსურველ კანდიდატებთან გასაუბრების მორიგი ეტაპი, რომელშიც 78 მოსამართლე მონაწილეობდა. უახლოესი 10 დღის განმავლობაში გახდება ცნობილი, კონკურსში მონაწილე მოსამართლეთაგან ვის მიანიჭებენ უპირატესობას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები და მათგან ვინ დაიკავებს მოსამართლის 43 ვაკანტურ თანამდებობას. მოსამართლეთა შერჩევის მიზნით კონკურსი იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 2018 წლის ოქტომბერში გამოაცხადა. პროცესი გაჭიანურდა და ბოლო გასაუბრება მოსამართლეობის მსურველი კანდიდატების სამკაციან ჯგუფთან 28 იანვარს შედგა. ამ გასაუბრებისადმი ინტერესს ძირითადად ის გარემოება იწვევდა, რომ კანდიდატებს შორის იყო იუსტიციის უმღლესი საბჭოს მდივანი და თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი მიქაუტაძე.
ვინ არის გიორგი მიქაუტაძე - დამოუკიდებელი მოსამართლე, „კლანის“ წევრი თუ „გუნდის კაპიტანი?“
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი და თავმჯდომარეობის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი მიქაუტაძე, უვადო მოსამართლეობის შემთხვევაში, თავისი განაცხადის მიხედვით, პრეტენზიას ყველა ინსტანციის სასამართლოს მოსამართლეობაზე აცხადებს. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე კონკურსში მან განაცხადი საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების მოსამართლეობაზე გააკეთა. იგი შედიოდა ასევე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის იმ 10-კაციან სიაში, რომელმაც ლამის „ქართული ოცნების“ გახლეჩა გამოიწვია. „ათწლიან ვადაშიც დამოუკიდებელი ვიყავი და უვადოდაც დამოუკიდებელი ვიქნები“, - განაცხადა გასაუბრებაზე გიორგი მიქაუტაძემ, იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრებმა ნაზი ჯანეზაშვილმა და ანა დოლიძემ კი სწორედ მისი დამოუკიდებლობის ფაქტი და ხარისხი დააყენეს ეჭვქვეშ.
„რომ არ ჰქონდეს ეგრეთ წოდებული თუ ფორმალურად ჩამოყალიბებული კლანის მხარდაჭერა, რომელზეც კითხვებიც აღარ არსებობს, რომ კლანი არსებობს, ბუნებრივია, იგი ვერც საბჭოს მდივანი გახდებოდა თავის დროზე, ვერც საბჭოს წევრი გახდებოდა და ძალაუფლება არ ექნებოდა სასამართლო სისტემაში. ეს არის ცხადზე ცხადი, რომ მას აქვს ჩინჩალაძის მხარდაჭერა და მაინტერესებს, რა კავშირი აქვს მას ჩინჩალაძესთან“, - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა გასაუბრების დაწყებამდე, გასაუბრებაზე კი ამ კითხვაზე მან გიორგი მიქაუტაძისგან შემდეგი პასუხი მოისმინა:
„მიხეილ ჩინჩალაძეს ვიცნობ. მასთან კოლეგიალური ურთიერთობა მაქვს, როგორც სხვებთან, და პატივს ვცემ, ისევე როგორც თქვენ“.
ასევე ნახეთ ბრძოლის პაუზა „ქართულ ოცნებაში“: ბრაზობს თუ არა ბესელია ივანიშვილზე?ნაზი ჯანეზაშვილმა გიორგი ჩინჩალაძის ეს გულახდილობა არ დაიჯერა, ანა დოლიძე კი მიიჩნევს, რომ გასაუბრებაზე გიორგი მიქაუტაძემ თავადვე აღიარა კლანის არსებობა, როცა არაერთხელ განაცხადა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა 10- კაციანი სია გუნდმა შეადგინა. ანა დოლიძისავე შეფასებით, არ არის გამორიცხული გიორგი მიქაუტაძე მძევალიც იყოს სისხლის სამართლის იმ დაუსრულებელი საქმის ფონზე, რომელიც, ხანდაზმულობის ვადის ამოწურვის მიუხედავად, არ დახურულა:
Your browser doesn’t support HTML5
„ყველა საქმე, რომელიც არის გახსნილი, არის დამოკლეს მახვილი იმ ადამიანების მიმართ, რომელიც კიდია იმ ადამიანების კისერთან, რომელიც შეიძლება ამ საქმეში იყოს ბრალდებული. თაროზე შემოდებული საქმე ჰქვია ამას და, ტრადიციულად, ძალიან დიდი ხანია ჩვენს სახელმწიფოში თაროზე შემოდებული საქმეები გამოიყენებოდა იმისათვის, რომ მომხდარიყო ადამიანებით მანიპულირება, მათი ბედით მანიპულირება. გასაკვირია, რომ საიას ინფორმაციაში მითითებულია, რომ ხანდაზმულობის ვადა გიორგი მიქაუტაძის საქმეზე გასულია, მიუხედავად ამისა, საქმე არ დახურულა და საქართველოს პროკურატურა გამოძიებას არ წყვეტს“, - აღნიშნა იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ გიორგი მიქაუტაძესთან გასაუბრების დასრულების შემდეგ.
Your browser doesn’t support HTML5
თაროზე შემოდებული საქმე და შერჩევითი მართლმსაჯულება
ინციდენტი, რომელიც, იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, ხულიგნობის ნიშნებს შეიცავს და, სულ მცირე, მოსამართლის ეთიკის ნორმების დარღვევაა, 2016 წლის აგვისტოში გონიოში მოხდა. მოქალაქე თამარ ხაჭაპურიძე მოსამართლე გიორგი მიქაუტაძეს, რომელმაც 2015 წელს თამარ ხაჭაპურიძის სამართალდარღვევის საქმე განიხილა, რის შედეგადაც მას მართვის მოწმობა ჩამოართვეს, ზღვის სანაპიროზე შემთხვევით შეხვდა და მათ შორის დაპირისპირება მოხდა. საქმეს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ სწავლობდა. ადვოკატ ეკა ციმაკურიძის განმარტებით, თამარ ხაჭაპურიძე ამბობს, რომ მიქაუტაძემ მას შეაგინა, ხაჭაპურიძის 13 წლის ვაჟმა კი საპასუხოდ დედის დაცვა სცადა. ადვოკატის თქმით, მიქაუტაძემ ბავშვს გაარტყა და, შესაბამისი ვიდეოჩანაწერების გარდა, არსებობს ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ადასტურებს, რომ მოზარდს სახის არეში დაზიანებები აქვს.
ერთ ფაქტზე ორი სხვადასხვა გამოძიება დაიწყო: ხაჭაპურიძე მოსამართლეს ბავშვის ცემის გამო უჩიოდა, თავად მიქაუტაძემ კი ხაჭაპურიძეს მოსამართლეზე თავდასხმის მუხლით უჩივლა, რაც 7-დან 10 წლამდე პატიმრობას გულისხმობს. მოგვიანებით სასამართლომ საქმის კვალიფიკაცია შეცვალა და ხაჭაპურიძეს მოსამართლეზე თავდასხმა ხულიგნობის მუხლით შეუცვალა და 3 000 ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა დააკისრა. ამ საქმეს ორი ინსტანცია უკვე გავლილი აქვს, მაშინ როდესაც მიქაუტაძის წინააღმდეგ საქმე ჯერ ისევ გამოძიების სტადიაზეა. თამარ ხაჭაპურიძის ოჯახის ადვოკატები ამაში შერჩევითი მართლმსაჯულების აშკარა გამოხატულებას ხედავენ, თავად ოჯახმა კი საქართველო დატოვა და ლტოლვილის სტატუსით დიდ ბრიტანეთში ცხოვრობს. გიორგი მიქაუტაძემ სხდომაზე განაცხადა, რომ თავს მას დაესხნენ და მისი მხრიდან ძალადობას ადგილი არ ჰქონია, რომ მას თამარ ხაჭაპურიძემ ლანძღვა-გინება დაუწყო და თავად, სურვილის მიუხედავად, იქაურობას ვერ გაერიდა, რადგან მცირეწლოვანი ბავშვებით იმყოფებოდა ზღვის სანაპიროზე. „10-15 წუთის განმავლობაში დამყვებოდნენ და ვეხვეწებოდი თავი დამანებეთ-თქო,.ბავშვი ფეხებში მირტყამდა, ქალბატონი და მისი მეუღლე კი სიცოცხლის მოსპობით მემუქრებოდნენ“, - აღნიშნა გიორგი მიქაუტაძემ გასაუბრებაზე. ამ საქმიდან გამომდინარე, გიორგი მიქაუტაძის კეთილსინდისიერების საკითხზე მსჯელობისთვის იუსტიციის უმაღლეს საბჭოს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ მიმართა. საკითხი სხდომაზე კვლავ არამოსამართლე წევრებმა დასვეს. ისინი წინასწარ არ ამბობენ, დაუჭერენ თუ არა მხარს გიორგი მიქაუტაძის კანდიდატურას კენჭისყრაზე, თუმცა დაბეჯითებით აცხადებენ, რომ უვადო მოსამართლეების დანიშვნის პროცესი ხარვეზიანად მიმდინარეობს, ვერ აკმაყოფილებს სტანდარტს და ამიტომ უნდა შეწყდეს. გიორგი მიქაუტაძე ამ აზრს არ იზიარებს.
როგორ შედგა უზენაესი სასამართლოს კანდიდატთა 10-კაციანი სია
გიორგი მიქაუტაძეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების შემდეგ უკვე მედიასთანაც მოუხდა იმის განმარტება, მის მიერ ნახსენებმა რომელმა „გუნდმა“ და რა უფლებამოსილებით შეადგინა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა 10-კაციანი სია და რამდენად ლეგიტიმური იყო გადაწყვეტილების მიღება არამოსამართლე წევრების გარეშე:
Your browser doesn’t support HTML5
„საბჭოს მოსამართლე წევრებმა გავიარეთ კონსულტაციები ერთმანეთში საწყის ეტაპზე, შემდეგ უკვე იმ კანდიდატურებთან, რომლის დასახელებასაც ვფიქრობდით და ვგეგმავდით და ამის შემდეგ მოხდა ნომინირება საბჭოს სხდომაზე და შემდეგ სხდომაზე იქნა ამ საკითხზე მიღებული გადაწყვეტილება. როგორც ქალბატონ ანასა და ნაზის აქვთ აზრთა თანხვედრა და კონსულტაციები სხდომაზე და სხდომის გარეთ, ჩვენც, მოსამართლე წევრებსაც, რომლებსაც რაღაც საკითხებზე გვაქვს აზრთა თანხვედრა, ბუნებრივია, საკითხის მოცულობიდან გამომდინარე, ეს ყველაფერი სხდომაზე არ იხილება და შესაძლებელია, რომ ნაწილთან ან სრულად ყველა მოსამართლე წევრთან ერთად იყოს კონსულტაციები საკითხის ინიცირებამდე. კონულტაციები გვქონდა მათთან, ვისაც მოვიაზრებთ მეტ-ნაკლებად თანამოაზრედ გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ზუსტად ვიცი, რომ ამ საკითხზე ქალბატონ ნაზის და ანას განსხვავებული პოზიცია აქვთ და მათთან მჭიდრო კონსულტაცია არ გაიმართებოდა“.
გიორგი მიქაუტაძემ, გამორიცხა რა კონსულტაციების არსებობა გავლენიან პირებთან იუსტიციის საბჭოს გარეთ, დააზუსტა, რომ საბჭოს არამოსამართლე წევრების წინასწარი მოლაპარაკებების პროცესიდან გარიყვით კანონი არ დარღვეულა და გადაწყვეტილებაც ლეგიტიმურია.
იუსტიციის უმაღლესი საბჭო 28 იანვარს უვადო მოსამართლეობის მსურველ 4 კანდიდატს უნდა გასაუბრებოდა. გასაუბრებაზე 3 კანდიდატი გამოცხადდა. კენჭისყრა კანდიდატთა დაჯამებული ქულების შეფასების შემდეგ გაიმართება. 43 ახალი უვადო მოსამართლის ვინაობა ცნობილი თებერვლის პირველ ნახევარში გახდება.