სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ცხოველთა უფლებების დამცველის, ლუკა კინწურაშვილის დაკავების საქმეზე გამოძიება დაიწყო სამართალდამცავების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების მუხლით.
ლუკა კინწურაშვილმა 17 ივლისს სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ რამდენიმე დღის წინ ავტობუსის გაჩერებაზე სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პოლიციელებმა დააკავეს და განყოფილებაში გადაყვანის შემდეგ დამამცირებლად მოექცნენ.
ლუკა კინწურაშვილმა გურჯაანის წინასწარი დაკავების იზოლატორში 35 საათი გაატარა. სამართალდამცავები მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა და შეურაცხყოფას ედავებიან.
სასამართლოს სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 22 ივლისს გაიმართება.