„ქაჯეთის ციხე“, „პროპაგანდის სამინისტრო“, „მონებო“... - ასეთი პლაკატები ეჭირათ თბილისში, კინოცენტრის შენობასთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს. ისინი ჯერ მეოთხე სართულზე ავიდნენ და კარზე აბრახუნეს, ხოლო, როდესაც არავინ გამოხედა, ეზოში გადაინაცვლეს. ჩართული ჰქონდათ სატირული სიმღერები, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის დახმარებით დაწერეს:
„ცენზურების დედოფალო,
როგორ გშვენის თეთრი ბაჩო“...
„რა უნდათ აქ პარტიული ნიშნით შერჩეულ ადამიანებს? არ არის ცენზურაო, ამბობენ, მაშინ ეს რა არის? ხომ ვიცით, რა მოჰყვა სალომე ჯაშის ფილმს, ხეების გადარგვაზე? კიდევ სხვა ფილმი აბასთუმანზე იყო, სადაც ბიძინა ივანიშვილმა [ტერიტორია] შეისყიდა. მოედავნენ, სცენარში არ გეწერაო. ისიც არ იციან, რომ დოკუმენტური ფილმის სცენარი ძალიან პირობითი რამ არის. პროფანების ხელშია სფერო“, - ამბობს სცენარისტი არჩილ ქიქოძე.
კინომცოდნე ლევან აბდუშელიშვილი ყურადღებას ამახვილებს კანონპროექტზე „ლგბტ პროპაგანდის შესახებ“, რომლის მიღების შემთხვევაში, მისი თქმით, კინო კიდევ უფრო მეტად მოექცევა ცენზურის ქვეშ.
„ფილმებიდან სცენები ამოიჭრებაო, ინტიმური სცენები. ეს არის დეკლარირებული ცენზურა. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ეს მხოლოდ ლგბტ თემატიკას შეეხება, ძალიან ცდება. ბიძინა ივანიშვილზე და თეა წულუკიანზე რომ გადაიღებენ ფილმს, გაუშვებენ? ასეთი კანონებით ჩვენ ევროპაში ვერ შევალთ, - ამბობს ლევან აბდუშელიშვილი, - არანაირი ცოდნა არა აქვთ ამ სფეროში. კინოცენტრის დღევანდელი დირექტორი კობა ხუბუნაია სასჯელაღსრულების ყოფილი თანამშრომელია. ხელოვანებს ერთხელაც არ შეხვედრია, არაფერი აქვს მათთან სათქმელი“.
კინემატოგრაფისტების პროტესტი წელიწადია გრძელდება. იყო შემთხვევები, როდესაც საქმე სასამართლომდეც მივიდა, მაგალითად, როდესაც 2022 წლის აპრილში „პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის დასაფინანსებლად“ გამოცხადებული კონკურსის ჟიური ახალი ჟიურით ჩაანაცვლეს. 4 ივნისს მომჩივნებმა დავა მოიგეს კიდეც.
ამჯერად ასობით კინოხელოვანი კინოცენტრს ბოიკოტს უცხადებს. კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელის გაგა ჩხეიძის თქმით, იმის გამო, რომ ხუთასამდე ადამიანია ბოიკოტში ჩართული, მათ ხელი აღარ მიუწვდებათ ბიუჯეტიდან ფილმის გადასაღებად გამოყოფილ ფინანსებზე.
„ასევე პროტესტის საგანი არის ის დაანონსებული ცენზურა, რომლის შემოღებასაც აპირებენ, ანუ ის, რომ შეიძლება ნაწარმოებიდან, ფილმიდან რაღაცები ამოიღონ. შესაძლოა თავიდანვე შეზღუდონ თემები, მაგალითად, ფილმი, სადაც ინტიმური სცენებია, არ დააფინანსონ, რაღაც ეროვნული მოტივების საბაბით. სინამდვილეში, მათი მიზანი არის კრიტიკული, ოპოზიციური აზრებისგან კულტურის სფეროს გასუფთავება, რომ მმართველი ძალა ხელისუფლებაში 20 წელი დარჩეს“, - ამბობს გაგა ჩხეიძე.
აქციაზე იდგნენ არა მხოლოდ კინოხელოვანები, არამედ სხვებიც, ვისაც მიაჩნიათ, რომ ქვეყანამ დემოკრატიისკენ მიმავალ გზას გადაუხვია.
„რეპრესიებს ვაპროტესტებ, ადამიანებს ქუჩაში ხვდებიან და სცემენ, - ამბობს ცისნამი საყვარლიშვილი, რომელსაც ხელში პლაკატი უჭირავს, წარწერით „ნო, ნო, ნო, თეა“, - ვაპროტესტებ იმას, რომ საქართველოში დემოკრატია, სიტყვის თავისუფლება აღარ არსებობს. მე კინოს წარმომადგენელი არ ვარ, ემიგრანტი ვარ. ამერიკიდან ჩამოვედი, რომ აქ აქციებზე ვიდგე“.
რადიო თავისუფლებამ მიმართა კულტურის სამინისტროსაც საპროტესტო აქციაზე გამოთქმული მოსაზრებების კომენტირებისთვის, თუმცა უშედეგოდ.