კითხვები საზღვრის ორივე მხარეს - რა ხდება დავით გარეჯში?

დავით გარეჯი

28 მაისს ქართველი აქტივისტები დავით გარეჯის დასაცავად იკრიბებიან. მიზეზი ჩიჩხიტურის მონასტრის მიმდებარედ ბულდოზერების უწყვეტი მუშაობაა. სასულიერო პირები და სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, რომ აზერბაიჯანული მხარე იქ გზას აშენებს. არც საქართველოს და არც აზერბაიჯანის საგარეო უწყება ზუსტ განმარტებებს არ იძლევა. ამ ფონზე მიმდინარეობს ბაქოში ორი ქვეყნის საგარეო უწყებების შეხვედრა, სადაც საზღვრის დელიმიტაციის თემაზე მსჯელობენ.

“დავით ზალკალიანის განცხადება არის აბსურდი”, ამბობს აქტივისტი მიშა ხოკერაშვილი, რომელიც იმ ჯფუფის წევრია, დავით გარეჯში რომ მორიგეობს. მას არ სჯერა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრმა არაფერი იცის ჩიჩხიტურის მიმდებარედ ბულდოზერების მუშაობის შესახებ.

“ვითხოვთ, რომ მიაწოდონ ხალხს ინფორმაცია იმის შესახებ, რაც ხდება. ჩვენ გვაკლია სწორედ ინფორმაცია. გუშინ შევყარეთ ქვეყანა, გავავრცელეთ კადრებიც და ამ დროს საგარეო საქმეთა მინისტრი გვეუბნება, რომ ეს ამბავი ტელევიზიებით გაიგო. აბა, რისთვის დგანან მესაზღვრეები, არ გადასცემენ ისინი ინფორმაციას? მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველამ კარგად იცის, რაც ხდება”, - უთხრა რადიო თავისუფლებას მიშა ხოკერაშვილმა.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიამ 23 მაისს თქვა, რომ აზერბაიჯანული მხარე სამუშაოებს თავის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე აწარმოებდა.

ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ის, რაც არის საქართველოს კონტროლირებადი ან რაც არის სადავო ტერიტორია, აქ საქართველოს თანხმობის გარეშე ვერანაირი სამუშაოები ვერ ჩატარდება”, - თქვა დარსალიამ.

ასევე ნახეთ ლაშა დარსალია: ხვალ გაირკვევა რა სამუშაოებს ატარებს გარეჯის ტერიტორიაზე აზერბაიჯანული მხარე

სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისია, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ბრძანებით, 10 მაისს დამტკიცდა. მასში 20 წევრი შედის.

რას ამბობენ აზერბაიჯანში

აზერბაიჯანის საგარეო უწყებაც ცოტას ლაპარაკობს. ინფორმაცია ვრცელდება მხოლოდ ორმხრივი მოლაპარაკებების პროტოკოლურ დეტალებზე, უწყებათა პასუხები გარეჯის მახლობლად მიმდინარე ღონისძიებებზე კი მხოლოდ ფრაგმენტულ სურათს იძლევა.

ის, რაც დავით გარეჯს აზერბაიჯანის მხრიდან ესაზღვრება, ქეშიქჩიდაღის სახელმწიფო ისტორიულ-კულტურული ნაკრძალის სახელს ატარებს. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანი ლეილა აბაზოვა ამბობს, რომ ქეჩიქჩიდაღში გზის მშენებლობა საგარეო საქმეთა სამინისტროს არ ეხება და ეს ქვეყნის შიდა საკითხია. აზერბაიჯანის გზების სახელმწიფო სააგენტო კი საერთოდ უარყოფს რაიმე გზის შენებას აღნიშნულ არეალში.

ნაკრძალის ფეისბუკგვერდზე გავრცელებული ფოტოს მიხედვით, 28 მაისს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის დღეს, იქ ავტო მსვლელობა იგეგმება.

თუმცა რადიო თავისუფლებას ნაკრძალის ადმინისტრაციაში უთხრეს, რომ ღონისძიება ავტოკოლონების მონაწილეობით 18 აპრილს უკვე ჩაატარეს და 28 მაისს აღარაფერი მოხდება. უკვე ჩატარებულ ღონისძიებაზე აზერბაიჯანის კულტურის სამინისტროს გვერდზეც მოიპოვება ცნობები. მათი თქმით, ნაკრძალში მხოლოდ ექსკურსიები ეწყობა.

აზერბაიჯანული მედიით გავრცელებული ინფორმაციით ქეშიქჩიდაღის ნაკრძალს კულტურის სამინისტრო მალე კონსერვაციას ჩაუტარებს და გააძლიერებს მის დაცვას. აშენდება ადმინისტრაციული შენობა თანამშრომლებისთვს და განახლდება გზები. სამუშაოების შესასრულებელი ადგილები სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა ტელმან ქერიმლიმ მოინახულა. მისი თქმით ნაკრძალში თანამედროვე ინფრასტრუქტურა მოეწყობა დამთვალიერებლებისთვის.

საქართველოში პასუხს ითხოვენ

დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტი, კირიონი (ონიანი), ამბობს, რომ რაც გარეჯში ხდება, “ვანდალიზმია”, ხოლო საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ გაკეთებული უკანასკნელი განცხადება - “სპექტაკლი”.

“სამი უზარმაზარი ბულდოზერი მუშაობს, იმხელა გზა გაჰყავთ, რომ ორი მანქანა თავისუფლად აუქცევს ერთმანეთს გვერდს. მათი კონტროლირებადი ტერიტორიიდან იწყებენ ამოსვლას და გზა ამოჰყავთ ჩიჩხიტურის კოშკის მიმართულებით ,“ - ამბობს არქიმანდრიტი.

აქტივისტები, რომლებიც ყოველდღე ადიან დავით გარეჯში, ამბობენ, რომ ბულდოზერების მუშაობა მიწის ვიბრაციასაც იწვევს და ამიტომ მათ ისტორიული ნაგებობების მდგომარეობა აღელვებთ.

გარეჯში მიმდინარე მშენებლობის ვიდეოკადრებს ავრცელებს დავით ქაცარავაც, წარმომადგენელი ანტისაოკუპაციო მოძრაობისა “ძალა ერთობაშია”.

“როგორც ჩვენთვის ცნობილია, დელიმიტაციის კომისიას არ დაუსრულებია მუშაობა, არაფერი გარეჯთან რეალურად გარკვეული არ არის. ყოველ შემთხვევაში, ჩვენი სამთავრობო კომისია დუმს. აზერბაიჯანულმა მხარემ კი დაიწყო მუშაობა. სასწრაფოდ ვითხოვთ ჩვენი ხელისუფლებისგან პასუხს”, - წერს დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში.

კითხვები ორივე მხარეს უპასუხოდ რჩება, მოლაპარაკებების პროცესი კი ბაქოში გრძელდება. საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის საკითხზე სამთავრობო კომისია უკვე 23 წელია მუშაობს. დღემდე ტერიტორიის 30 % დასაზუსტებელია, მათ შორის ის მონაკვეთიც, სადაც ისტორიული ძეგლი დავით გარეჯი მდებარეობს.