(კიდევ ერთი) მისკონცეფციის შესახებ

ავტორი: გია ჯანდიერი

კრიზისის პირობებში ადვილია შეცდომის დაშვება და უშეცდომო ვერავინ იქნება. კრიზისის ერთ-ერთი ყველაზე დამახასიათებელი ნიშანია მისი პოლიტიზება. ყველა მხარეს სურს დაამტკიცოს, რომ მას აქვს საუკეთესო პროგრამა და იდეები კრიზისიდან გამოსასვლელად. სინამდვილეში კი ასეთი მოდელირება შეზღუდულია იმ შესაძლებლობებით, რომელიც ქვეყნის ეკონომიკას - მეწარმეებს აქვთ.

ჩინეთიდან ინვესტიციებისა და წარმოების საქართველოში გადმოტანა

კორონავირუსთან დაკავშირებით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის კრიტიკა, ადრე თუ გვიან, შესაძლებელია გლობალური პოლიტიკის ცვლილებებში აისახოს. განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ ჩსრ-მ, რუსეთმა და მათმა მიმდევრებმა გაიგონ, რომ მსოფლიო ამის შემდეგ მათგან აუცილებლად მოელოდება მეტ გამჭვირვალობას, თავისუფლებას და ორმხრივ ღია, პატიოსან თანამშრომლობას.

ძნელია იმის თქმა, თუ როგორ გაგრძელდება და დამთავრდება ეს ეპიზოდი, თუმცა მინდა ჩემი მოსაზრება გამოვთქვა იმის შესახებ, რომ თითქოს ახლა მოსალოდნელია ჩინეთიდან უამრავი ინვესტიცია და წარმოება უკან გაიძახონ ევროპელებმა, ამერიკელებმა, კორეელებმა და იაპონელებმა, ხოლო ჩვენი მცდელობა იქითკენ უნდა მივმართოთ, რომ ეს წარმოებები ჩვენთან გადმოიტანონ. ანუ ერთი - ჩინეთიდან გამოტანა და მეორე - საქართველოში გადმოტანა.

როგორ მოხვდა მასშტაბური წარმოებები და ინვესტიციები ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში?

მნიშვნელოვანია გავიაზროთ, როგორ მოხვდა ეს წარმოებები და ინვესტიციები ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, რა იყო ის ფაქტორები, რომელმაც მიიზიდა ჩამოთვლილი ქვეყნების ინვესტორები, რამ გადააწყვეტინა მათ მთავრობებს ეთანამშრომლათ ჩსრ-სთან. ალბათ, ყველას აქვს გამზადებული პასუხი: იაფი მუშახელი. ზოგი კი, უფრო გამოცდილი, დაამატებს: ქვეყნის დიდი ზომა. ის, რაც შეიძლება დაემატოს, ალბათ, არის ასევე ჩსრ-ს მთავრობის მტკიცე ხელი და გავლენა, რომელმაც უზრუნველყო ინვესტიციების მყარი დაცვა. შესაძლებელია არსებობდეს სხვა ფაქტორებიც, თუმცა ჩსრ იმდენად დიდია, რომ ისინი შესაძლოა არ იყოს ყველგან ერთგვაროვანი.

ცვლილებები ჩინეთში

ვინც ბოლო ხანებში ჩსრ-ში ყოფილა, ყველა ლაპარაკობს იმ საოცარ ცვლილებებზე, რომლებიც ჩვენს თვალწინ ხდებოდა. ეს მით უმეტეს უფრო შესამჩნევია, თუ ზოგიერთ მის მეზობელს შევადარებთ: რუსული ქალაქი ვლადივოსტოკი თითქმის ისეთივეა, როგორიც 30 წლის წინ იყო, მაშინ როდესაც მისი ჩინელი მეზობელი, ჰარბინი, აღარ იცნობა.

გაჩნდა უზარმაზარი უმდიდრესი ქალაქები, სოფლის მოსახლეობა 900 მილიონიდან 400 მილიონამდე შემცირდა, ეკონომიკური ზრდა, 2 დეკადაზე მეტი ხანია, რაც ორნიშნა რიცხვში გამოისახება.

ის, რაც მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს, არის 30 წელი, რომელიც დასჭირდა ჩსრ-ს იმისათვის, რომ მსოფლიოს საუკეთესო ბრენდების ყურადღება და ნდობა დაემსახურებინა. მისი მოსახლეობა, ისევე როგორც ჩვენი, კომუნისტური წარსულიდან მოდის და საბაზრო პირობებში ცხოვრების, შრომისა და ბიზნესის კეთების სწავლის პროცესშია. ეს, მაგალითად, საქართველოში ნიშნავს შრომის კვალიფიკაციისა (განათლების) და კულტურის (დისციპლინის) დაბალ დონეს - გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის 2018 წლის 100 ქართული ბიზნესის გამოკითხვისას გამოკითხულებმა ბიზნესის კეთების სირთულეებს შორის 19 % და 10%-ით სწორედ ეს პრობლემები დაასახელეს. თუ საქართველოში ინვესტიციების ნაკლებობა გვაქვს, მისი ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ უხარისხობაში, დაბალ პროდუქტიულობასა და საქმიანობის არაპროპორციულად გადამეტებულ ღირებულებაშია.

ეს რეალურ ცხოვრებაში ასე შეიძლება დავინახოთ: მოხდა საოცრება და დიდმა კომპანიამ საქართველოში გადაწყვიტა წარმოების გადმოტანა - ვაჯობეთ გლობალურ კონკურენციაში არა მარტო ჩინელებს, არამედ სხვებსაც (ამაზე ქვემოთ წაიკითხავთ - ვის). ჩამოვიდა კომპანიის მმართველი (გავამარტივოთ) საქართველოში და დაიწყო პერსონალის აყვანა - სჭირდება 200 კვალიფიცირებული და მაღალპროდუქტიული მომუშავის ნახვა გლობალური კონკურენციის პირობებში, უმცირეს ვადებში. ილუზიებს თუ არ ავყვებით, ეს ძალიან რთული და, ხშირ შემთხვევაში, შეუძლებელი იქნება - ამდენი კვალიფიცირებული და თავისუფალი ადამიანი საქართველოში ძნელად მოიძებნება; სხვების კვალიფიკაციის ამაღლება ძვირი და გრძელვადიანი შეიძლება აღმოჩნდეს. მომავალში კომპანიის მენეჯერებს მოუწევთ ბევრი უკვე დაქირავებულის სახლში გაშვება და სხვების აყვანაც (რამდენადაც შრომის კანონმდებლობა მისცემს საშუალებას). პროდუქციის ფასისა და გლობალური კონკურენციის თვალსაზრისით, ეს ძალიან ძვირი დაჯდება. კომპანიამ შესაძლოა ჩინეთიდან ან სხვა ადგილებიდან მოიპატიჟოს მუშახელი, რაც კიდევ სხვა ტიპის პოლიტიკურ ხარჯებს გამოიწვევს.

რა ჯდება და რა ხარისხისაა შრომა

ფასი და ხარისხი - რატომ არის ეს ორი კომპონენტი ბიზნესისთვის ასე მნიშვნელოვანი? ეს კომპონენტები განსაზღვრავენ ადამიანური რესურსების რეალურ ღირებულებას - რა წვლილი შეაქვს ფირმაში დასაქმებულს პროდუქციის შექმნაში, ანუ როგორია მისი პროდუქტიულობა. როგორც ნებისმიერი რესურსი, შრომაც ასე ფასდება - რა ჯდება და რა ხარისხისაა ის. ჩინელი მომსახურე პერსონალი - ადამიანური რესურსი - 30 წლის წინ არ იყო მაღალპროდუქტიული და, ამიტომაც, მხოლოდ დიდი ბაზარი არ იყო გადამწყვეტი ფაქტორი ყველაზე მაღალი ხარისხის ბრენდების დასაინტერესებლად. გვახსოვს, რა ამრეზით ვუყურებდით ჩინურ პროდუქციას სულ 10 წლის წინ.

თუმცა წლების განმავლობაში მათი კვალიფიკაცია და პროდუქტიულობა გაიზარდა და ახლა უმაღლესი დონის ტექნოლოგიებშიც კი არავის უკვირს ჩსრ-ს ფირმების ჩართულობა, - მეტიც, უკვე კონკურენციასაც კი უწევს წამყვან ქვეყნებს.

ჩინეთის ბევრი დიდი გამოცდა

დავუბრუნდეთ ჩინეთიდან წარმოებებისა და ინვესტიციების გამოტანას საქართველოში. დასავლეთის მიერ ჩსრ-ს არჩევა ადვილი არ იყო, ჩინეთმა ბევრი და დიდი გამოცდა ჩააბარა, მათ შორის პროდუქტიულობის ზრდის თვალსაზრისით, და იქცა, ამ მხრივ, სანდო პარტნიორად. რაც მთავარია, ამ პროცესმა ასეთი ინდუსტრიების მქონე განვითარებულ ქვეყნებს საშუალება მისცა უფრო საინტერესო, მაღალტექნოლოგიურ და მაღალი ღირებულების სფეროებზე გადართვა მოეხერხებინა და თვითონ ეს პროდუქცია უფრო იაფად ჩსრ-დან შეესყიდა. ანუ დეივიდ რიქარდოს მე-19 საუკუნის დროინდელმა შედარებითი უპირატესობის თეორიამ ზუსტად იმუშავა. ამის უკან გამოწვევა შეუძლებელია.

განვითარებულმა ქვეყნებმა, მათი ფირმების წარმომადგენლებმა ახლა, თუ მათ მართლაც გადაწყვიტეს ჩსრ-ს მიტოვება, უნდა მოძებნონ ადგილები, სადაც იგივე პირობები - მასშტაბი, პროდუქტიულობა და ნდობა - ადვილად მისაღწევი იქნება. მანამდე ამის გაკეთება, უბრალოდ, თვითმკვლელობა იქნებოდა.

იქნება თუ არა ამ ადგილებს შორის საქართველო? ეს პირდაპირ დამოკიდებული იქნება ამ პირობების შესრულებაზე. ასევე, მგონია, რომ გამჭვირვალობა, თავისუფლება, ღიაობა და პატიოსანი თანამშრომლობა ჩვენც მოგვეთხოვება. ასევე არასწორია ვიფიქროთ, რომ ასეთი ინვესტიციების გადმოტანას ამ ქვეყნების მთავრობების პოლიტიკური ნება ეყოფა. მაშინ მათ გარანტიები უნდა მისცენ ამ ფირმებს.

ფაქტია ისიც, რომ ჩსრ-ს ბევრი სხვა მეზობელიც ჰყავს, რომლებსაც თუნდაც ეკონომიკის მასშტაბურობა ჩვენსაზე გაცილებით უკეთესი აქვს. ინდონეზიის მოსახლეობა, მაგალითად, 267 მილიონია, ვიეტნამის - 95 მლნ, ფილიპინების - 109 მლნ, ტაილანდის - 70 მლნ, მალაიზიის - 45 მლნ. და ა.შ. მალაიზიას ასევე კარგი გამოცდილება აქვს იაპონურ და კორეულ ფირმებთან მუშაობის. ასევე, როდესაც კვალიფიკაციასა და პროდუქტიულობაზე ვიფიქრებთ, აუცილებლად უნდა გავიხსენოთ აღმოსავლეთევროპელი ერები, რომელთაც საკმაოდ დიდ წარმატებებს მიაღწიეს და მრავალი საუკეთესო ინდუსტრიული პროექტი განახორციელეს.

ჩვენ არ გაგვაჩნია უპირატესობები?

საქართველოსაც აქვს თავისი უპირატესობები - მაგალითად, განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით, დაბალი გადასახადები და ბიზნესის კეთების ზოგიერთი უპირატესობა. გვაქვს რამდენიმე მნიშვნელოვანი სავაჭრო ხელშეკრულება, რომლის ჩვენთვის სასარგებლოდ გამოყენებაც ასევე ჯერჯერობით ვერ ვისწავლეთ.

ამავდროულად, ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს საკმაოდ ბევრი პრობლემა, რომლის გადაწყვეტა ადვილი არ აღმოჩნდა - მაგალითად, კერძო საკუთრების დაცულობის სფეროში. არსებობს ასევე ჩვენი რეგიონის გეოპოლიტიკური დაძაბულობა, რომელიც, ალბათ, უკეთესობისკენ სწრაფად ვერ შეიცვლება (გეოპოლიტიკურ უპირატესობებზე პარაზიტობამაც არცთუ ისე ბევრი სარგებელი მოიტანა).

ინვესტიციების მოსაზიდად ჩვენ გვჭირდება ჩვენი უპირატესობების გაზრდა ისე, რომმათ ბევრად გადააჭარბონ არსებულ მ.შ. ობიექტურ პრობლემებს, მათ შორის დაბალი კვალიფიკაციისა და პროდუქტიულობის მხრივ. შესაძლებელია ასეთი უპირატესობები შევქმნათ, თუმცა ეს მაინც ვერ იქნება გარანტია, რომ ინვესტიციები და წარმოებები მაინცდადამაინც ჩვენკენ წამოვა და არა, თუნდაც, ზემოთ დასახელებული აზიური ვეფხვების ქვეყნებისკენ.

ვინ ყიდულობს გაფუჭებულ პროდუქტს, რაგინდ იაფიც უჯდებოდეს?

კიდევ ერთხელ: პროდუქტიულობა არის უმნიშვნელოვანესი საკითხი. ეს ნიშნავს, რა ღირებულების შრომას ყიდულობს ბიზნესი განსაზღვრული თანხით. თუ ეს ღირებულება ერთ ქვეყანაში მცირეა, ბიზნესს ტენდენცია აქვს სხვა ქვეყანაში წავიდეს. ამიტომ, საუბარი იმაზე, რომ საქართველოში “მუშახელი” იაფია და წარმოების ზრდის შანსი გვაქვს - ილუზიაა, სანამ, სულ მცირე, პროდუქტიულობა მკვეთრად გაიზრდება. იაფია ის სიკეთე, რომელიც ხარისხიანად მიგვაჩნია და ვფიქრობთ, რომ შედარებით ნაკლებს ვიხდით. გაფუჭებულ პროდუქტს ხომ არ ვყიდულობთ, რაც უნდა ცოტა გვიჯდებოდეს?

ასევე უნდა გაგვახსენდეს, რომ ჩსრ ყველა არსებულ საერთაშორისო შესაძლებლობას გამოიყენებს, რათა მისი დისკრიმინაცია არ მოხდეს. არსებობს დიდი ფინანსური ინტერესებიც, რომელიც ასევე ანგარიშგასაწევი იქნება. თანამედროვე დროში არსებობს ტექნოლოგიური ჯაშუშობა დაჩსრ-სთან სწრაფი “განქორწინება” მას აუცილებლად უბიძგებს ასეთი საქმიანობის გაძლიერებისკენ, რაც განვითარებულ ქვეყნებს ძალიან ძვირი დაუჯდებათ. მათ და საქართველომაც სიტუაცია ამ ეტაპზე საღად უნდა შეაფასონ.

ჩვენი საზრუნავი

ჩვენი საზრუნავი, პირველ რიგში, პროდუქტიულობა და საქმიანობის მაღალი ხარისხია, რათა ინვესტორები დარწმუნდნენ, რომ მათი პროდუქცია საქართველოში იაფი და ხარისხიანი იქნება და გაუძლებს გლობალურ კონკურენციას, ეს მეტ გარანტიას იძლევა ინვესტიციები მივიღოთ, თუმცა ამის შესრულება დროს მოითხოვს.