"კი არ წავედი, გავიქეცი „გავრილოვის ფაქტორის“ გასაპროტესტებლად" - საპატიმროდან გათავისუფლებული ბესიკ თამლიანი
Your browser doesn’t support HTML5
ბესიკ თამლიანი გაბრაზებულია, რომ საპატიმროდან გაათავისუფლეს - 4 აპრილს წინასწარი პატიმრობის 9-თვიანი ვადა იწურებოდა და გათავისუფლება ისედაც მიწევდა, ხელისუფლებამ ამით ქულების დაწერა სცადა, მაგრამ არ გამოუვაო... 20 ივნისის მოვლენების გამო, ბესიკ თამლიანი 2-ჯერ იყო დაკავებული: პირველად ის 20 ივნისის ღამეს ადმინისტრაციული წესით დააკავეს და ხმაურიანი მიტინგების ფონზე მე-5 დღეს გაათავისუფლეს; მეორედ კი, უკვე სისხლის სამართლის წესით, ჯგუფური ძალადობის ბრალდებით - საპატიმროში მან თითქმის 9 თვე გაატარა. არ უარყოფს, რომ მისი საქციელი იმ ღამეს ზღვარგადასული იყო, თუმცა არავითარ შემთხვევაში ეს არ იყო პარლამენტში შეჭრის მცდელობა და ჯგუფური ძალადობა. რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ბესიკ თამლიანი იხსენებს, რომ 20 ივნისს, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ ის სრულიად მარტო მივიდა - აღშფოთებული იყო იმ ფაქტით, რომ ოკუპირებული საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი ჩასვეს. თამლიანი ამზადებს სარჩელს იმის დასამტკიცებლად, რომ ხელისუფლება ოპოზიციის დისკრედიტაციის მიზნით მოქმედებდა და უდანაშაულო ადამიანებიც ამ მიზნის გამო მოხვდნენ ციხეში.