კარლო ალვინო: "კვარასთვის მოედანი ტილოა, ბურთი კი ფუნჯი"

"კვარა გადამწყვეტი იყო - აი, მისი წვლილი ამ სეზონში", - ამბობს კარლო ალვინო, ცნობილი ნეაპოლელი სპორტული ჟურნალისტი.

“მარადონა ოლიმპოზე დავტოვოთ, ზეცაში და კვარას ვუსურვოთ, რომ დედამიწაზე, ადამიანებში იყოს საუკეთესო“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას კარლო ალვინო, ცნობილი ნეაპოლელი სპორტული ჟურნალისტი, ტელე და რადიოწამყვანი. ვაჟა თავბერიძე მას "ნაპოლის" ტრიუმფალური სეზონისა და ამ სეზონის ქართველ გმირზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე ესაუბრა.

რადიო თავისუფლება: მოდით დავიწყოთ ყველაზე ცხადი კითხვით - რას ნიშნავს "ნაპოლისთვის" პირველი სკუდეტო 3 ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში? რა მასშტაბის მოვლენასთან გვაქვს საქმე?

კარლო ალვინო: დიდებული რამეა, შეუდარებელი გრძნობაა. ესაა ჟინის, შემართებისა და სიყვარულის ტრიუმფი. მრავალტანჯული და მრავალგზის იმედგაცრუებული ხალხის ზეიმის დრო დადგა - ეს ხომ მშვენიერია?!

რადიო თავისუფლება: კითხვებს რომ ვამზადებდი, ცნობილი ნეაპოლიტანელი რეჟისორის და თავადაც „ნაპოლის“ თავგადაკლული ფანის, პაოლო სორენტინოს ჰიტად ქცეული სერიალი „ახალგაზრდა პაპი“ გამახსენდა - იქ არის პერსონაჟი, კარდინალი, რომელიც "ნაპოლის" ფანია, აღმერთებს მარადონასაც, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. რამდენად რეალურია ეს შტრიხები - მართლა ასე უყვართ ნეაპოლელებს თავიანთი ფეხბურთი? რა მიზეზია?

კარლო ალვინო: დარწმუნებით გეტყვით, დედამიწის ზურგზე ვერ იპოვით მეორე ისეთ ხალხს, რომელთაც ისევე სიგიჟემდე უყვართ ფეხბურთი, როგორც ჩვენთან, ეს მართლაც შეშლილობამდე მისული სიყვარულია. პირადად ვიცნობ ხალხს - თანამდებობის პირებს მთავრობაში, მაღალი რანგის საეკლესიო პირებს, პოლკოვნიკებსა და გენერლებს არმიაში, რომლებიც "ნაპოლის" გიჟი ფანები არიან. რაც შეეხება მიზეზს... ნეაპოლის შვილებს ჩვენი მხარე გვიყვარს, ჩვენი მიწა და ფეხბურთიც ასე აღიქმება - ჩვენია ფეხბურთიც და გვიყვარს.

ნახატი და წარწერა ნეაპოლში, ერთ-ერთი შენობის კედელზე.

რადიო თავისუფლება: "ნაპოლის" სეზონს როგორ შეაფასებდით? როგორი შანსები, მოლოდინები იყო სეზონის დასაწყისში - ელოდით ასეთ ტრიუმფს?

კარლო ალვინო: გულის ამაჩქარებელი, ფანტასტიკური, ექსტრაორდინარული - ასე შევაფასებდი ჩვენს სეზონს. ივლისში ვერავინ წარმოიდგენდა, რომ სკუდეტოს მოვიგებდით, და რაც მთავარია - მოვიგებდით ასე, ამ სტილში - მოწინააღმდეგეებს ბულდოზერივით გადავუარეთ.

რადიო თავისუფლება: კვარაზე კითხვების დროც მოვიდა - რამდენად დიდია მისი წვლილი ამ ჩემპიონობაში?

კარლო ალვინო: კვარა გადამწყვეტი იყო - აი, მისი წვლილი ამ სეზონში. ვიცოდით, რომ კარგი ფეხბურთელი იყო, მაგრამ ვერავინ იფიქრებდა, რომ ჭეშმარიტი ჩემპიონი მოგვევლინებოდა. ბრწყინვალე ფეხბურთელია, უზარმაზარი ნიჭისა და პოტენციალის მქონე.

რადიო თავისუფლება: შედგა მასზე საბოლოო კონსენსუსი ნეაპოლში? განსაკუთრებით ახლა, როდესაც საქართველოშიც კი ბევრმა ის განტევების ვაცად აქცია მილანთან ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გაფუჭებული თერთმეტმეტრიანის გამო...

კარლო ალვინო: მხოლოდ მამაცებს შეუძლიათ, პენალტის დარტყმა თავის თავზე აიღონ - ეს მის სულიერ სიმტკიცეზე მიუთითებს. ნეაპოლში ეს შეცდომა უკვე დავიწყებული და ნაპატიებია.

რადიო თავისუფლება: კვარადონას ეძახიან - დამსახურებულია ეს მეტსახელი თუ ტვირთია ახალგაზრდა გარემარბის მხრებზე? იმის გათვალისწინებით, თუ რამდენი „ახალი მარადონა“ და „ახალი მესი“ ვნახეთ ბოლო დეკადების განმავლობაში?

კარლო ალვინო: ეს მეტსახელი ფანების მიერ მადლიერების გამოხატვაა ახალგაზრდა ჩემპიონისადმი და ვფიქრობ, მას მეტ მოტივაციას შეჰმატებს. არა მგონია, ტვირთი იყოს, თუმცა მაინც აჯობებს მარადონა ოლიმპოზე დავტოვოთ, ზეცაში და კვარას ვუსურვოთ, რომ დედამიწაზე, ადამიანებში იყოს საუკეთესო. მე მისი მეორე მეტსახელიც ძალიან მომწონს - კვარავაჯო - ის მართლაც ხატავს, მოედანი მისთვის ტილოა, ბურთი კი ფუნჯი.

კარლო ალვინო

რადიო თავისუფლება: სად ხედავთ, ასე, 5 წელში? როგორ ფეხბურთელად?

კარლო ალვინო: რაც დრო გავა, მით უფრო და უფრო გარდამტეხი მნიშვნელობის მოთამაშე გახდება, ეს ყველაფერზე ეტყობა. მე მას მხოლოდ "ნაპოლის" მაისურში ვხედავ, სადაც გუნდს წინ მიუძღვის მორიგი სკუდეტოსა და ახალი თავგადასავლისკენ ჩემპიონთა ლიგაში.

რადიო თავისუფლება: რას ფიქრობთ მათზე, ვინც ამბობს, რომ კვარას თამაში პროგნოზირებადი ხდება? რომ „მას კითხულობენ“, როგორც ეს ახლახან ბატონმა არიგო საკიმ განაცხადა?

კარლო ალვინო: საკი თვლის, რომ საფეხბურთო ჭეშმარიტების საცავის ერთადერთი მცველია, არადა, ასე არ არის... ამ შემთხვევაში ვფიქრობ, სასტიკად ცდება. კვარა არაპროგნოზირებადია და ასეთად დარჩება, ბოლომდე ვერასდროს გააჩერებ, ვერასდროს.

რადიო თავისუფლება: უმადურობა იქნებოდა, მწვრთნელი რომ არ ვახსენოთ - რამდენად დიდია სპალეტის წვლილი ამ სკუდეტოში?

კარლო ალვინო: ძალიან დიდი. ლუჩანო სპალეტიმ შეკრა ძალიან კარგი გუნდი, დიდებული ფეხბურთელებით და სტილით, რომელიც მუშაობს.

რადიო თავისუფლება: როგორ ხედავთ "ნაპოლის" მომავალს?

კარლო ალვინო: მომავალი ნათელია, გუნდის გამარჯვებების გზაზე დგება, ფინანსურად არ უჭირს, კარგი ფეხბურთელები გვყავს, დიდებული მწვრთნელი და ფანებიც მათ გვერდში იქნებიან. ყველაფერი ადგილზეა იმისთვის, რომ "ნაპოლიმ" ამ ტრიუმფებს სხვა ტრიუმფებიც მოაყოლოს იტალიასა და ევროპაში.