„თავს დამნაშავედ ვცნობ იმაში, რომ ადამიანი მოვკალი“ - კესარია აბრამიძის მკვლელობის საქმის განხილვა იწყება

37 წლის კესარია აბრამიძე 18 სექტემბერს თავის ბინაში იპოვეს მოკლული. პროკურატურა ამბობს, რომ ბრალდებულმა მას დანით 28 ჭრილობა მიაყენა.

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანი თავს ნაწილობრივ დამნაშავედ ცნობს და ამბობს, რომ 37 წლის ტრანსგენდერი ქალი გენდერისა და გენდერული იდენტობის ნიშნით არ მოუკლავს. ის არ ეთანხმება პროკურატურის არც იმ ბრალდებას, რომ კესარია აბრამიძეს სისტემატურად სცემდა.

23 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ წინასასამართლო სხდომაზე გაირკვა, რომ ბექა ჯაიანს ბრალი დაუმძიმდა.

მას გენდერისა და გენდერული იდენტობის ნიშნებით შეუწყნარებლობის მოტივით, განსაკუთრებული სისასტიკით, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობა ედებოდა ბრალად. ეს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ პუნქტებით ჩადენილი დანაშაულია.

ახლა ამას კიდევ ერთი, 126-ე მუხლის პირველი სეკუნდა ნაწილით ჩადენილი დანაშაული დაემატა.

ანუ, პროკურატურა შეეცდება სასამართლოში დაამტკიცოს, რომ ბექა ჯაიანი კესარია აბრამიძეს გენდერისა და გენდერული იდენტობის ნიშნებით შეუწყნარებლობის მოტივით სისტემატურად სცემდა, რაც ტრანსგენდერი ქალის ფიზიკურ და ფსიქიკურ ტანჯვას იწვევდა.

დანაშაულების დამტკიცების შემთხვევაში ბექა ჯაიანს 16-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ელის.

რა თქვა ბრალდებულმა სასამართლოს დარბაზში?

ბექა ჯაიანი სასამართლო სხდომაზე, 23 დეკემბერი, 2024 წელი

მოსამართლე: ცნობთ თავს დამნაშავედ?

ბექა ჯაიანი: თავს დამნაშავედ ვცნობ.

ადვოკატი: დავაზუსტებ, ბატონო მოსამართლე, ნაწილობრივ ცნობს თავს დამნაშავედ.

მოსამართლე: რას გულისხმობთ?

ბექა ჯაიანი: გენდერს არ ვეთანხმები.

ადვოკატი: და ასევე არ ეთანხმება 126-ე მუხლს.

მოსამართლე: ანუ, სისტემატურ ცემაში არ ცნობთ თავს დამნაშავედ?

ბექა ჯაიანი: არა. მე თავს დამნაშავედ ვცნობ მხოლოდ იმაში, რომ ადამიანი მოვკალი.

ასევე ნახეთ კესარია აბრამიძის მკვლელობა - რა გარემოებები ახლდა და რა უძღოდა წინ

მიუხედავად იმისა, რომ ბექა ჯაიანი და მისი ადვოკატები ამბობდნენ, რომ ბრალდებული თავს მხოლოდ ნაწილობრივ ცნობდა დამნაშავედ, 23 დეკემბრის წინასასამართლო სხდომაზე, ბრალდებულმა და მისმა დაცვამ განაცხადეს, რომ ისინი უდავოდ ცნობდნენ პროკურატურის ყველა მტკიცებულებას.

მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძე დიდხანს ცდილობდა გაერკვია, რატომ ხდიდნენ ისინი უდავოდ პროკურატურის ყველა მტკიცებულებას, თუკი ბრალდებული თავს დამნაშავედ მხოლოდ ნაწილობრივ ცნობდა, თუმცა, ამ კითხვაზე მან სრული პასუხი ვერ მოისმინა.

ამის გამო, მოსამართლემ პროკურატურის მტკიცებულებები სადაო გახადა და ასე ახსნა თავისი გადაწყვეტილება:

ბრალდებული განმარტავს, რომ პირველ ბრალში - განზრახ მკვლელობა გენდერის და გენდერული იდენტობის ნიშნით, თავს ნაწილობრივ ცნობს დამნაშავედ, ხოლო მეორე ეპიზოდში [126-ე მუხლი], თავს საერთოდ არ ცნობს დამნაშავედ.

ეს დანაშაულები ითვალისწინებს არა მარტო ხანგრძლივ, არამედ უვადოდ თავისუფლების აღკვეთასაც. და როდესაც ბრალდებული დანაშაულს მხოლოდ ნაწილობრივ აღიარებს, მტკიცებულებების უდავოდ დამტკიცება წაართმევდა ბრალდებულს შესაძლებლობას, რომ მტკიცებულებები ყოფილიყო გამოკვლეული.

თუნდაც მომავალში, დაცვის მხარემ შესაძლოა განაცხადოს, რომ ბრალდებულს დაერღვა სამართლიანი სასამართლოს უფლება, რადგან სასამართლომ უდავოდ დაამტკიცა ის მტკიცებულებები, რომლებსაც ბრალდებული არ აღიარებდა.

სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არის მიზანშეწონილი და სამართლებრივად სწორი, მტკიცებულებების უდავოდ დამტკიცება“.

23 დეკემბერს გამართულ წინასასამართლო სხდომაზე ბექა ჯაიანმა უარი თქვა განხილვაში ნაფიცი მსაჯულების ჩართვაზე, რის გამოც საქმე განსახილველად თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეს გადაეცა.

კესარია აბრამიძის მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში 6 იანვარს, 14 საათზე დაიწყება.

რას ამბობს დაცვა და რას ამბობს ბრალდება

ბექა ჯაიანის ადვოკატი, სალომე არდოტელი ამბობს, რომ ბრალდებული შემდეგ პროცესებზე იტყვის, თუ რატომ ცნობს თავს დამნაშავედ მხოლოდ ნაწილობრივ:

სალომე არდოტელი, ბექა ჯაიანის ადვოკატი

„არ ვეთანხმებით 126-ე მუხლს, კერძოდ, სისტემატურ ცემას, არ ვეთანხმებით, რომ მკვლელობა ჩადენილია გენდერული ნიშნით. ასევე არ ვეთანხმებით იმას, რომ ეს დანაშაული ჩადენილია განსაკუთრებული სისასტიკით“.

კესარია აბრამიძის მკვლელობის საქმის პროკურორი, გრიგოლ ნიშნიანიძე კი ირწმუნება, რომ საქმეში დევს ფოტოები, აუდიოჩანაწერები, ათობით მოწმის გამოკითხვის ოქმები, რომლებიც ადასტურებენ, რომ ბექა ჯაიანი სცემდა კესარია აბრამიძეს და, რომ მკვლელობა, სწორედ ტრანსგენდერი ქალის იდენტობის შეუწყნარებლობის მოტივითაა ჩადენილი.

გრიგოლ ნიშნიანიძე, პროკურორი

„ჩვენ ამ დანაშაულების დამადასტურებელი არაერთი მტკიცებულება გვაქვს. არა მხოლოდ მოწმეთა ჩვენებების სახით, არამედ ექსპერტიზის დასკვნების, ასევე ნივთიერი და წერილობითი მტკიცებულებების სახით.

რაც შეეხება სისტემატურ ძალადობასთან დაკავშირებით ბრალის დაზუსტებას, ამას ადასტურებს არა მარტო მოწმეთა ჩვენებები, არამედ თავად კესარია აბრამიძის მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილი ინფორმაცია, როგორც ფოტოსურათების, ისე აუდიო-ვიდეოჩანაწერების სახით“.

პროკურორის თქმით, საქმეში დევს ბრალდებულის ოჯახის წევრების მიერ ფარულად ჩაწერილი საუბრებიც, თუ როგორ ამბობს ბექა ჯაიანი, რომ ის კესარია აბრამიძეს სცემდა:

„თამამად ამბობს ოჯახის წევრებთან, რომ მაშინ, როდესაც აწ გარდაცვლილი გააბრაზებდა, მის მიმართ ახორციელებდა ძალადობრივ ქმედებებს.

ამ ჩანაწერზე დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზა ხმის იდენტობის დადგენის მიზნით და ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით, ცალსახად დადასტურებულია, რომ სწორედ ბექა ჯაიანი საუბრობს ამ ჩანაწერებში“.

გრიგოლ ნიშნიანიძე ამბობს, რომ კესარია აბრამიძეს არასდროს მიუმართავს პოლიციისთვის:

„მას შემდეგ, რაც სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო გამოძიება, ყველა უწყებიდან მოხდა ინფორმაციის გამოთხოვა, იყო თუ არა შესული განცხადებები კესარია აბრამიძის მხრიდან მის მიმართ განხორციელებული ძალადობის ან მუქარის შესახებ. მიღებული პასუხებით, მათ შორის, 112-დან მიღებული პასუხით დადასტურებულია, რომ მას ასეთი სახის შეტყობინება არცერთ უწყებაში არ ჰქონდა გაკეთებული“.

კესარია აბრამიძის დედა სასამართლოში, 23 დეკემბერი, 2024 წელი

კესარია აბრამიძის მკვლელობის საქმის წინასასამართლო სხდომას ესწრებოდნენ მისი ოჯახის წევრებიც. მათ სასამართლოს შენობა ისე დატოვეს, რომ ჟურნალისტებს კომენტარი არ მისცეს.

თუმცა, ოჯახის ადვოკატი, ლექსო სვიმონიშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ოჯახი სრულად ეთანხმება ბექა ჯაიანის მიმართ წარდგენილ ბრალს და ამბობს, რომ ყველა ბრალდება დადასტურდება მტკიცებულებებით:

ლექსო სვიმონიშვილი, კესარია აბრამიძის ოჯახის ადვოკატი

„ამ მტკიცებულებების ნაწილის მოპოვებას ჩვენც შევუწყვეთ ხელი. ის, რომ ბექა ჯაიანი მხოლოდ ნაწილობრივ აღიარებს ბრალს, ეს ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ როგორმე დააღწიოს თავი უვადო პატიმრობას.

მართალია, კესარია აბრამიძე სრულად არ საუბრობდა ძალადობის შესახებ, თუმცა, გარკვეული ეპიზოდების შესახებ ოჯახმა იცოდა, იცოდნენ ეს მისმა უახლოესმა მეგობრებმა. ასევე მეზობლებმა, რომლებიც პირადად არიან შემსწრენი ძალადობის და ჩარეულან კიდეც და მათაც გადაურჩენიათ კესარია. ამას თავად ამბობენ მოწმეები. ასე რომ, კესარია აბრამიძის ახლო გარემოცვისთვის ცნობილი იყო ამ ფაქტების შესახებ“.

სრულად შერაცხადი - ექსპერტიზის დასკვნა

ბექა ჯაიანმა ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გაიარა ფსიქოლოგიური და ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რომლის შედეგიც 22 ნოემბერს გახდა ცნობილი. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული კაცი სრულად შერაცხადია და მკვლელობის ჩადენის მომენტში ის „შერაცხად მდგომარეობაში იმყოფებოდა“.

37 წლის კესარია აბრამიძე 18 სექტემბერს თავის ბინაში იპოვეს მოკლული.

როგორც გამოძიება აცხადებს, ბრალდებული კესარია აბრამიძის საცხოვრებელ სახლში 18 სექტემბერს, საღამოს, დაახლოებით 19:10 საათზე მივიდა. საგამოძიებო უწყების ცნობით, შეხვედრის შემდეგ კაცმა ქალს ჯერ ხელი დაარტყა, შემდეგ კი დანით 28 ჭრილობა მიაყენა.

გამოძიების ცნობით, მკვლელობამდე ერთი კვირით ადრე, კესარია აბრამიძესა და ბრალდებულს უთანხმოება მოუვიდათ და დაშორდნენ. მკვლელობის დღეს, 15:50 საათზე კი, ბრალდებულმა გასაშლელი დანა შეიძინა და მასთან შეხვედრა „განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით“ გადაწყვიტა.

მკვლელობაში ბრალდებული 26 წლის კაცი სამართალდამცავებმა 19 სექტემბერს დააკავეს. ბრალდების მხარე ირწმუნება, რომ ბექა ჯაიანი მაშინ დააკავეს, როდესაც ის აფხაზეთში გადასვლას გეგმავდა.

რატომ გაურბიან ტრანსგენდერი ქალები სამართალდამცავებთან ურთიერთობას?

საპატრულო და კრიმინალური პოლიციის სტატისტიკის თანახმად, 2023 წელს გამოძიება დაიწყო გენდერული იდენტობის ნიშნით ჩადენილ 25 დანაშაულზე. ეს არის ტრანსგენდერი ადამიანების მიმართ ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაულების ოფიციალური აღრიცხვა. თუმცა რეალური რიცხვი ამ ტიპის დანაშაულებისა, სავარაუდოდ, უფრო მეტია.

მიმდინარე წლის სტატისტიკური მონაცემები შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯერ არ გამოუქვეყნებია.

ძალიან ხშირად ძალადობის მსხვერპლი ტრანსგენდერი ქალები უარს ამბობენ პოლიციის გამოძახებაზე. ჰყვებიან, რომ პოლიციის განყოფილებებში „აგდებულ და ცინიკურ“ გარემოში გატარებული საათები მათ აიძულებთ, რომ გაჩუმდნენ.

ჰყვებიან იმასაც, რომ განსაკუთრებით რთულ სიტუაციაში ვარდებიან მაშინ, თუკი პოლიციის განყოფილებაში ადვოკატის გარეშე აღმოჩნდებიან.

თამარ ზარქუამ, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ იურისტმა, წლები იმუშავა ტრანსგენდერი ადამიანების უფლებების დამცველად.

„მე მაქვს პასუხი კითხვაზე, რატომ გაურბიან ტრანსგენდერი ქალები პოლიციასთან ურთიერთობას“, - ამბობს თამარი, რომლის ნომერიც ტრანსგენდერ ქალებს ტელეფონებში ასე აქვთ შენახული - „გაჭირვების ტალკვესი“.

„თუკი ტრანსგენდერი ქალი საგამოძიებო ორგანოში მივიდა ადვოკატის გარეშე, ხშირად არის მის მიმართ ბულინგი, რადგან პირადობის მოწმობებში ამ ადამიანებს უწერიათ მამაკაცის სახელი, მამრობითი სქესი და ამის გამო დასცინიან.

ძალიან ხშირად მათ მოცდა უწევთ საერთო სივრცეში და ყველა, გამომძიებელი იქნება ეს, ბრალდებული თუ დაზარალებული, ამ ქალების შესახებ, ფაქტობრივად, ყველა დეტალს იგებს. ყოფილა იძულებითი ქამინგაუთის შემთხვევები, რადგან სხვა ადამიანებმა მოისმინეს მათი საუბარი.

როდესაც ადვოკატები ვერთვებით ხოლმე ამ საქმეში და ვითხოვთ ცალკე ოთახს, მხოლოდ განყოფილების უფროსის ან მოადგილის კეთილი ნების გამოხატვის შემდეგ ხდება მათთვის ცალკე ოთახის დათმობა“.

თამარი იხსენებს შემთხვევას, როდესაც ერთ-ერთი რეგიონის პოლიციის განყოფილებამ ტრანსგენდერი ქალის ვინაობა გათქვა და ოჯახს გააგებინა:

„გამომძიებელს, საქმის მწარმოებელს აქვს ვალდებულება, რომ სექსუალური ორიენტაციის შესახებ ცნობა ან გენდერული იდენტობის შესახებ ინფორმაცია შეინახოს საიდუმლოდ და არ გათქვას.

სამწუხაროდ, პირადად მქონდა გამოცდილება, როდესაც ერთ-ერთი განყოფილებიდან გამოსვლის შემდეგ, ტრანსგენდერ ქალს დაურეკა დამ, რომელსაც პოლიციიდან შეატყობინეს, რომ მისი მოგვარე ტრანსგენდერი ქალი იყო პოლიციაში მისული და ჰკითხეს, შენი ნათესავი ხომ არ არისო. ასე გაიგო ქალმა, რომ მისი და ტრანსგენდერი იყო“.

თამარმა ტრანსგენდერი ადამიანების უფლებების დამცველად ხუთი წელი იმუშავა:

„მქონია შემთხვევები, როდესაც დაურეკავთ ტელეფონზე და მესმოდა არაადამიანური ხმები, კივილი, მიშველე. შუაღამისას წავსულვარ ცირკთან, მიძებნია ეს ქალები, დამხვედრია სისხლის გუბე და დაზიანებული ადამიანები“.

იხსენებს ერთ საქმეს, როდესაც სასამართლოს ეზოში თავად გახდა ტრანსგენდერი ქალების დასაცავი. მაშინ ის ორსულად იყო:

„ეს იყო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება, სადაც ჩვენს მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, მოსამართლემ ორივე ტრანსგენდერი ქალი გაამართლა და მეორე მხარე, ორი პირი - გაამტყუნა. პროცესიდან გამოსვლის შემდეგ, ამ პირების ახლობლებმა მომაყენეს ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა, შემდეგ დამიწყეს ქვების სროლა და გამომეკიდნენ. დიდი მუცელი მქონდა, გაქცევაც ვერ მოვახერხე.

მახსოვს, როგორ გადამეფარნენ ტრანსგენდერი ქალები, რომ ჩემთვის რაიმე არ დაეშავებინათ. მუშაობა ახალი დაწყებული მქონდა და მაშინ მივხვდი, რომ გარდა იმისა, რომ მე ამ ადამიანებს ვიცავდი, მეც შემეძლო მქონოდა მათი იმედი“, - იხსენებს თამარ ზარქუა.

მოკლული ტრანსგენდერი ქალები

23 წლის საბი ბერიანი - მოკლეს 2014 წლის 10 ნოემბერს, საკუთარ სახლში მოკლეს და შემდეგ დაწვეს. საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა მისი მკვლელი, ლევან კოჭლაშვილი, ორივე ინსტანციაში უდანაშაულოდ ცნეს. საბოლოოდ, უზენაესმა სასამართლომ დამნაშავეს ცნო ლევან კოჭლაშვილი და მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ასევე ნახეთ ლგბტ თემის ყველაზე დაუცველების ხსოვნის დღე

22 წლის ბიანკა შიგუროვა - 2015 წელი - შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბიანკას სახლში გაზმა გაჟონა და მისი სიკვდილის მიზეზი სწორედ მხუთავი აირი გახდა.

ბიანკას გარდაცვალების შემდეგ საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღიძრა. 2014 წელს, საბი ბერიანის მკვლელობამდე, ლევან კოჭლაშვილმა ბიანკას მოკვლაც სცადა. თუმცა მაშინ ბიანკას მეზობლები დაეხმარნენ.

ასევე ნახეთ გენდერული იდენტობა კლავს?!

34 წლის ზიზი შეყილაძე - 2016 წელს, 14 ოქტომბერს ქუჩაში დახვდა გიორგი მურჯიკნელი, პირობითი მსჯავრით ციხიდან გამოშვებული პირი და მძიმე ტრავმები მიაყენა. მას ჭრილობები ყელის არეში ჰქონდა მიღებული, სახის ძვლები კი მოტეხილი ჰქონდა.

საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ ზიზი სიცოცხლისთვის ერთი თვის განმავლობაში იბრძოდა. ის 23 ნოემბერს გარდაიცვალა. ზიზი შეყილაძის მკვლელობაში ბრალდებული სასამართლომ განზრახ მკვლელობაში ცნო დამნაშავედ და 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

ასევე ნახეთ ტრანსგენდერი ზიზი გარდაიცვალა - შეიცვლება თუ არა დანაშაულის კვალიფიკაცია