60 წლის წინ, 1962 წლის 27 ოქტომბერს, როცა კუბის საჰაერო თავდაცვამ ამერიკული სადაზვერვო თვითმფრინავი U-2 ჩამოაგდო, აშშ და საბჭოთა კავშირი უკვე იდგნენ ბირთვული კატასტროფის ზღვარზე, თვითმფრინავის ჩამოგდებამ კი ომის დაწყება თითქმის გარდაუვალი გახადა, თუმცა სულ ბოლო მომენტში ამერიკის 35-ე პრეზიდენტმა, ჯონ კენედიმ უარი თქვა საპასუხო იერიშის მიტანაზე, რასაც მალევე მოჰყვა საბჭოთა კავშირის მაშინდელი ლიდერის, ნიკიტა ხრუშჩოვის შემხვედრი ნაბიჯი, გარკვეული პირობებით, კუბიდან საბჭოთა რაკეტების გატანის თაობაზე.
- რა მოხდა 60 წლის წინ კარიბის ზღვაში?
- როგორ აღმოჩნდა „თავისუფლების კუნძულზე“ საბჭოთა რაკეტები?
- რით განსხვავდება ერთმანეთისგან ახლანდელი და 60 წლის წინანდელი კრიზისები?
კრიზისის ქრონოლგია
1962 წლის 14 ოქტომბერს ამერიკულმა U-2 სადაზვერვო თვითმფრინავმა გადაიღო ფოტოები, საიდანაც გაირკვევა, რომ კუბაში განთავსებულია ბირთვული ქობინებით აღჭურვილი საბჭოთა Р-12 ბალისტიკური რაკეტები. მოულოდნელმა ამბავმა თავზარი დასცა ვაშინგტონსა და მთელ შეერთებულ შტატებს, რადგან კუბაში რუსული რაკეტები იმას ნიშნავდა, რომ აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროს დიდი ნაწილი საბჭოთა რაკეტების მოქმედების არეალში ხვდებოდა, რადგან 1959 წელს შექმნილ Р-12 ტიპის ბალისტიკურ რაკეტებს შეეძლოთ 1600 კგ წონის ბირთვული მუხტის გადატანა 2 ათას კილომეტრზე მეტ მანძილზე.
- 22 ოქტომბერს პრეზიდენტმა ჯონ კენედიმ ტელევიზიით მიმართა ამერიკელებს, შეატყობინა მათ კუბაში საბჭოთა რაკეტების განლაგებისა და თავისი გადაწყვეტილების შესახებ, საჭიროების შემთხვევაში გამოიყენოს სამხედრო ძალა საფრთხის გასანეიტრალებლად. კენედიმ ასევე გამოაცხადა, რომ იწყებდა კუბის საზღვაო ბლოკადას, რათა ბალისტიკური რაკეტებით დატვირთული საბჭოთა გემები კუბის პორტებში არ შესულიყო.
- 24 ოქტომბერს საბჭოთა გემებმა მიაღწიეს ამერიკული ხომალდების მიერ დადგენილი კორდონის სასაზღვრო ზონას
- 26 ოქტომბერს საბჭოთა ლიდერმა ნიკიტა ხრუშჩოვმა ამერიკის პრეზიდენტ ჯონ კენედის გაუგზავნა წერილი შეთავაზებით, თუკი აშშ დადებდა პირობას, რომ არასოდეს შეიჭრებოდა კუბაში, საბჭოთა კავშირი გაიტანდა თავის რაკეტებს კუბიდან
- 27 ოქტომბერს კუბის საჰაერო თავდაცვამ კუნძულის თავზე ჩამოაგდო ამერიკული U-2 სადაზვერვო თვითმფრინავი, რაც, პენტაგონის თვალსაზრისით, ომის ფაქტობრივ გამოცხადებას ნიშნავდა. კენედიმ, სამხედროების რჩევის საწინააღმდეგოდ, უარი თქვა კუბაში განლაგებულ საბჭოთა სარაკეტო დანადგარებზე საჰაერო იერიშის მიტანაზე
- 27 ოქტომბერსვე კენედიმ მოსკოვიდან მიიღო ხრუშჩოვის კიდევ ერთი შეტყობინება, ამჯერად კუბიდან რაკეტების გატანის წინადადებით; საპასუხოდ ამერიკას უნდა მოეხდინა თურქეთში განთავსებული რაკეტების დემონტაჟი. კენედიმ მიიღო ხრუშჩოვის შეთავაზება (პრივატულად დათანხმდა რაკეტების თურქეთიდან გატანასაც)
- 20 ნოემბერს პრეზიდენტმა ჯონ კენედიმ გამოაცხადა, რომ დასრულებულია კუბის ბლოკადა (კარანტინი). მოგვიანებით ამერიკამ მართლა გაიტანა ბირთვული შეიარაღება თურქეთიდან, სადაც 1961 წელს ამერიკული რაკეტები განათავსეს
როგორ დაიწყო
1960 წლის 9 ივლისს საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ლიდერებმა პირველად განაცხადეს ხმამაღლა, რომ კუბა მათი ინტერესების სფეროში შედიოდა. ნიკიტა ხრუშჩოვმაც მასწავლებელთა საკავშირო კონგრესზე გამოსვლისას ჩვეული რიხით თქვა, რომ დაიცავდა კუბას ამერიკის მოსალოდნელი ხელყოფისაგან:
„არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ შეერთებული შტატები აღარ არის საბჭოთა კავშირისგან ისეთ მიუწვდომელ მანძილზე, როგორც ადრე იყო. ფიგურალურად რომ ვთქვათ, საჭიროების შემთხვევაში, საბჭოთა არტილერისტებს შეუძლიათ მხარი დაუჭირონ კუბელ ხალხს სარაკეტო ცეცხლით, თუ პენტაგონის აგრესიული ძალები გაბედავენ კუბაში ინტერვენციას“.
ნიუ-იორკის ნიუ-სქულის უნივერსიტეტის პროფესორისა და საბჭოთა კავშირის ყოფილი ლიდერის, ნიკიტა ხრუშჩოვის შვილიშვილის ნინა ხრუშჩოვას თქმით, 1961 წელს, როცა ამერიკელებმა რაკეტები განათავსეს თურქეთში, ხრუშჩოვი იმყოფებოდა ბულგარეთში, ვარნაში, თავდაცვის მინისტრ, მარშალ მალინოვსკისთან ერთად.
„მალინოვსკიმ უთხრა: „რაკეტები დამიზნებულია კიევზე, ლენინგრადზე, მოსკოვზე, ნატოს ბაზები ალყაში გვაქცევენ“. ხრუშჩოვი აღშფოთდა, როგორც ჩვეულებრივ აღშფოთებოდა ხოლმე, როცა ფიქრობდა, რომ დასავლეთი საბჭოელებს სათანადოდ არ აფასებდა, - ამბობს ნინა ხრუშჩოვა, - ჯერ კიდევ 1959 წელს ხრუშჩოვმა შესთავაზა პრეზიდენტ ეიზენჰაუერს, 50 წლით გაეყინათ ყველა ბირთვული პროექტი. მისი ეს წინადადედბა არ მიიღეს, მალინოვსკიმ კი, რაკეტები დაგვიმიზნესო. პასუხად ხრუშჩოვმა თქვა, ძია სემს ზღარბს ჩავუგდებთ შარვლის უბეშიო. საგარეო საქმეთა მინისტრი გრომიკო ფიქრობდა, რომ ეს ნამეტანი იყო, მიქოიანს შეეშინდა, რომ ამერიკა უპასუხებდა, მაგრამ ხრუშჩოვმა არ დაიშალა. თქვა: ბევრჯერ გავაფრთხილე კენედი, რომ თუ კუბას არ შეეშვებოდა, საკადრის პასუხს გავცემდით“.
„საკადრისი პასუხის" გასაცემად, საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმის 1962 წლის მაისის საიდუმლო სხდომაზე გადაწყდა, რომ კუბაში ბირთვული ქობინების მქონე რაკეტებს განათავსებდნენ. პარალელურად დაიწყო ოპერაცია „ანადირი“ („Анадырь“)-საბჭოთა ჯარისკაცები სატვირთო გემების ტრიუმებით გადაჰყავდათ კუბაში.
ამერიკის ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის პროფესორის, ისტორიკოს სერგეი რადჩენკოს თქმით, XX საუკუნის 60-იანი წლების დასაწყისში საბჭოთა კავშირი 10-15-ჯერ ჩამორჩებოდა ამერიკას კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტების მარაგით, მაგრამ მოსკოვს საკმარისი რაოდენობით ჰქონდა საშუალო რადიუსის რაკეტები, რომლებიც ბევრად უფრო საიმედო იქნებოდნენ, თუკი მათ კუბაში განალაგებდნენ. ასეთ შემთხვევაში ხრუშჩოვს შეეძლო დამუქრებოდა აშშ-ს ბირთვული თავდასხმით და ამით აღედგინა წონასწორობა, რომელიც, საბჭოელების აზრით, დაირღვა, როცა აშშ-მა რაკეტები განათავსა თურქეთსა და იტალიაში.
„საჭიროა ხრუშჩოვის მდგომარეობაში შესვლა და მისი ფსიქოლოგიის გაგება, თუ რატომ არ აძლევდა მოსვენებას თურქეთში განთასებული რაკეტები. მგონია, რომ გამოდიოდა თეზისიდან: თუ შეიძლება ამერიკელებმა თავიანთი სარაკეტო ბაზები ჩვენ ირგვლივ განათავსონ, რატომ არ შეგვიძლია იმავეს გაკეთება ჩვენ? ეს, სხვათა შორის, აშკარად ჩანს იმ პერიოდის მის ბევრ განცხადებაში, მაგრამ ეს არ არის ერთადერთი ახსნა. 90-იან წლებში, როდესაც ხელმისაწვდომი გახდა პირველი საბჭოთა დოკუმენტები კარიბის კრიზისის შესახებ, ანასტას მიქოიანის ვაჟმა, სერგო მიქოიანმა (რომელიც ლათინური ამერიკის სპეციალისტი იყო და თან ახლდა ხოლმე მამას კუბაში ვიზიტების დროს) თქვა, რომ ხრუშჩოვს, რაკეტების განლაგებით სურდა კუბის რევოლუციის გადარჩენა ამერიკის ხელყოფისგანო. ხრუშჩოვს ნამდვილად ეშინოდა, რომ შეერთებული შტატები მორიგ ჯერზე შეეცდებოდა კუბის ხელში ჩაგდებას, მაგრამ, ვფიქრობ, რომ ეს არ იყო ერთადერთი მიზეზი. ჩემს კვლევაში ყურადღებას ვამახვილებ ჩინეთის ფაქტორზე. 1950-იანი წლების ბოლოდან საბჭოთა კავშირისა და ჩინეთის ურთიერთობები გაუარესდა, ხოლო 1960-იანი წლების დასაწყისში განხეთქილება უკიდურესად გაღრმავდა. ჩინელები საბჭოთა კავშირს მესამე სამყაროს ქვეყნების განმათავისუფლებელი მოძრაობების ღალატში ადანაშაულებენ. ამ კონტექსტში, ხრუშჩოვს უნდა ეჩვენებინა, რომ საბჭოთა კავშირი იყო ჭეშმარიტად რევოლუციური ძალა, რომელიც მხარს უჭერდა რევოლუციებს, მათ შორის კუბაში“, - ამბობს სერგეი რადჩენკო.
ავანტიურისტი ბირთვული ხელკეტით
სერგეი რადჩენკოს თქმით, ნიკიტა ხრუშჩოვი ბუნებით ავანტიურისტი იყო და მისი ეს ბუნება ბირთვული იარაღით შანტაჟის დროსაც გამოჩნდა.
1955 წლის ნოემბერში საბჭოთა კავშირმა გამოცადა თერმობირთვული ბომბი და იმავდროულად მიაღწია კარგ შედეგებს სარაკეტო ტექნოლოგიების სფეროში. 1957 წლის ივლისში გამოცადა პირველი კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა. როდესაც ეს ორი ფაქტორი გაერთიანდა, ხრუშჩოვს გაუჩნდა იარაღი - ბირთვული ხელკეტი, რომლითაც შეეძლო დამუქრებოდა შეერთებულ შტატებსა და სხვა ქვეყნებს.
„პირველად ამგვარ მუქარას ვხედავთ სუეცის კრიზისის დროს, როდესაც ხრუშჩოვმა მუქარით სავსე წერილები გაუგზავნა დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის პრემიერ-მინისტრებს, რომლებსაც ბირთვული დარტყმით დაემუქრა (ეგვიპტეზე განხორციელებული აგრესიის გამო). ხრუშჩოვი სწორედ ბირთვული ხელკეტით იმუქრებოდა... და კრიზისი მალე დამთავრდება, ინგლისი გავიდა სუეციდან და საფრანგეთმაც მალე დაიხია უკან. ხრუშჩოვმა დაასკვნა, რომ ბირთვულმა შანტაჟმა იმუშავა. რა თქმა უნდა, ეს ჩვენ ახლა ვიცით ისტორიული დოკუმენტებიდან, რომ სუეცის კრიზისი მოგვარდა მხოლოდ აშშ-ის ზეწოლის, განსაკუთრებით კი დიდ ბრიტანეთზე ფინანსური ზეწოლის წყალობით. 1957 წელს ხრუშჩოვი ბირთვულ მუქარას იყენებს სირიის კრიზისის მოსაგვარებლად, ემუქრება თურქეთს და ეს მუქარა ასევე ჭრის და ხრუშჩოვიც გადაწყვეტს, რომ ყველა პრობლემის გადაჭრა შეუძლია მარტივად, ბირთვული ომის მუქარით“, - ამბობს სერგეი რადჩენკო, რომლიც ასევე იხსენებს ხრუშჩოვის „ბირთვული ხელკეტის“ ტრიალს როგორც 1958 წელს დასავლეთ ბერლინის გარშემო შექმნილი კრიზისის დროს, ასევე ახლო აღმოსავლეთსა და ტაივანის სრუტეში.
ნინა ხრუშჩოვას თქმით, კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ნიკიტა ხრუშჩოვმა კუბაში რაკეტების განთავსება და ამერიკის შანტაჟი გადაწყვიტა, დაკავშირებულია ამერიკის მაშინდელი ლიდერების არასწორ შეფასებასთან.
„აბსოლუტურად არ ელოდა შეერთებული შტატების ასეთ მკვეთრ რეაქციას, რადგან 1961 წელს კენედისთან შეხვედრის შემდეგ თქვა, როგორც ჩანს, შევაშინეთ ეს ახალგაზრდა, ვაჩვენეთ, ვინ ვართო. ხრუშჩოვს რატომღაც ეგონა, რომ ეიზენჰაუერი და კენედი - კენედი ახალგაზრდობის, ხოლო ეიზენჰაუერი კი გარეგნული სირბილის გამო, თვითონ არ მართავდნენ სახელმწიფოს, რომ ამას აკეთებდნენ ძმები დალესები, მრჩევლები და სხვები. ხრუშჩოვმა არასწორად შეაფასა კენედი და თქვა, რომ ის იყო ვიღაც ჟურნალისტი, რომელიც პრეზიდენტი გახდა მხოლოდ იმიტომ, რომ მდიდარი იყო. და საერთოდაც, ეგონა, რომ ვიღაც „ქორები“ მართავდნენ ამერიკას, მაგრამ როგორც შემდეგ გაირკვა, კენედი საკმაოდ კომპეტენტური პრეზიდენტი იყო და მშვენივრადაც შეეწინააღმდეგა თავის "ქორებს", როდესაც კრიზისის მშვიდობიანად განმუხტვის გადაწყვეტილება მიიღო“, - ამბობს ნინა ხრუშჩოვა.
კარიბის კრიზისის განმუხტვაში, რაც შეუძლებელი იქნებოდა ხრუშჩოვის უკან დახევის გარეშე, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ხრუშჩოვის ომთან დაკავშირებულმა პირადმა გამოცდილებამაც. სერგეი რადჩენკოს თქმით, ხრუშჩოვი იყო ადამიანი, რომელმაც მეორე მსოფლიო ომი გამოიარა და რომელმაც ამ ომში შვილი დაკარგა:
„ხრუშჩოვს ესმოდა რა იყო ომი. მგონია, რომ ამიტომ დაიხია უკან, როცა უფსკრულის კიდეს მიუახლოვდა. გააცნობიერა კრიზისის დროს, თუ რამდენად საშიში იყო სიტუაცია, რომელიც შეიძლებოდა საერთოდ გამოსულიყო კონტროლიდან. ფიდელ კასტრომ შესთავაზა ხრუშჩოვს პრევენციული დარტყმების განხორციელება, რამაც ხრუშჩოვი შეაძრწუნა. შემდეგ არაერთხელ თქვა ამის შესახებ, რომ მხოლოდ სრულ შეშლილს შეუძლია გადაწყვიტოს პრევენციული ბირთვული დარტყმაო. კენედიც ასევე არ იყო შეშლილი, ისიც წავიდა გარკვეულ დათმობებზე მოლაპარაკებების დროს, მათ შორის დათანხმდა თურქეთიდან რაკეტების გატანას. კენედიმ ასევე გააკეთა საჯარო განცხადება კუბის შესახებ, რომ არ დაესხმებოდა თავს, რამაც ხრუშჩოვს სახის შენარჩუნების საშუალება მისცა. რა თქმა უნდა, ეს მარცხი იყო, მაგრამ გარკვეული შედეგი მანაც მიიღო და, რაც მთავარია, შეიანარჩუნა მშვიდობა“.
პარალელელბი 1962 და 2022 წლების კრიზისებს შორის
ნიკიტა ხრუშჩოვის შვილიშვილი, ნიუ-იორკის ნიუ-სქულის უნივერსიტეტის პროფესორი ნინა ხრუშჩოვა მიიჩნევს, რომ 60-წლიანი ინტერვალის მიუხედავად, ამ ორ კრიზისს შორის პარალელის გავლება მაინც შესაძლებელია, რადგან ვითარება კვლავ კრიტიკულია (შეიძლება უფრო მეტადაც) და სამყაროც კვლავ ბირთვული კატასტროფის საფრთხის წინაშე დგას:
„რა თქმა უნდა, კენედი იყო პოლიტიკოსი, ხრუშჩოვიც იყო პოლიტიკოსი, პირველი საჯარო პოლიტიკოსი საბჭოთა კავშირში. საჯარო პოლიტიკოსი იმ გაგებით, რომ მას შეეძლო ქცევის ფორმულების მოდელირება პოლიტიკური სიტუაციებიდან გამომდინარე. ჩვენ ამას დღეს ვერ ვხედავთ. მართალია, პუტინი ადრე აჩვენებდა, რომ რაღაცის მოდელირება შეეძლო, მაგრამ ახლა ის იქცევა კგბ-ს ვიცე-პოლკოვნიკივით, რომლიდანაც დაიწყო თავისი კარიერა. მხოლოდ ერთ ხაზს მიუყვება, რომ საჭიროა გამარჯვება ნებისმიერ ფასად, რომ მტერი ჩექმით უნდა გასრისო, რაც აბსოლუტურად გამორიცხავს პოლიტიკურ საუბარს, რადგან პოლიტიკა მაინც კომპრომისია. კენედიმ და ხრუშჩოვმა აჩვენეს, რომ პოლიტიკა კომპრომისია. დღეს ჩვენ ვერ ვხედავთ პოლიტიკას და კომპრომისს, რაც ამ დაპირისპირებას უკიდურესად სახიფათოს ხდის. გამუდმებით მეკითხებიან კარიბის კრიზისის გაკვეთილზე. კლიუჩევსკი ამბობდა: ისტორია არაფერს ასწავლის, ის მხოლოდ სჯის გაკვეთილის არცოდნის გამო. ახლაც ისტორია გვსჯის დაუსწავლელი გაკვეთილებისთვის“.
ამერიკის ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიკოსი სერგეი რადჩენკო ფიქრობს, რომ 2022 წლის კრიზისი შესაძლოა 1962 წლის კრიზისზე უფრო მძიმე იყოს, თუნდაც იმის გამო, რომ კენედისა და ხრუშჩოვს ჰქონდათ საკმარისი სახელმწიფოებრივი სიბრძნე, რისგანაც სრულად არის დაცლილი ვლადიმირ პუტინი.
ასევე ნახეთ პუტინმა მასირებულ ბირთვულ დარტყმებში სტრატეგიული ძალების წვრთნა ჩაატარა„პუტინი თამაშობს "რუსულ რულეტკას", როცა ტყვიას დოლურაში დებენ და იარაღს ერთმანეთს გადასცემენ. გასაგებია, რომ ადამიანმა, რომელსაც მეტი აქვს დასაკარგი ან რომელიც უფრო დარწმუნებულია თავის გამარჯვებაში, შეიძლება ეს გააკეთოს იმ იმედით, რომ მოწინააღმდეგე უბრალოდ არ წავა ასეთ რისკზე და უკან დაიხევს. მგონია, პუტინი ზუსტად რევოლვერით თამაშობს „რუსულ რულეტკას“, მხოლოდ მისი პისტოლეტის დოლურაში არა ერთი, არამედ ექვსივე ტყვია აწყვია. უბრალოდ მას იმედი აქვს, რომ ამერიკელებს არ სურთ პირდაპირ რუსეთთან ბრძოლა და უარს იტყვიან „რუსული რულეტკის“ თამაშზე. კენედისა და ხრუშჩოვს ჰქონდათ საკმარისი სახელმწიფოებრივი სიბრძნე, რომლის წყალობითაც მსოფლიომ მოახერხა ბირთვული კატასტროფის თავიდან აცილება. ძალიან მეეჭვება, რომ პუტინს აქვს საკმარისად სახელმწიფოებრივი სიბრძნე. კრიზისიდან გამოსავლის მოძებნის ნაცვლად, პირიქით, პუტინს შეუძლია თავისი საქციელით კრიზისი აფეთქებამდე მიიყვანოს იმის იმედით, რომ გაიმარჯვებს რევოლვერით ამ თამაშში“, - ამბობს სერგეი რადჩენკო.