„რეალობა ბევრად უფრო საოცარია, ვიდრე პოეტური თხზულება, რადგან პოეტური თხზულება, რეალობისგან განსხვავებით, ალბათობის ფარგლებში უნდა დარჩეს“ - წერდა მარკ ტვენი.
აი, მსოფლიოც მოხვდა ისეთ რეალობაში, რომელსაც მდარე ხარისხის თხზულებაც კი ვერ წარმოიდგენდა.
ასე რომ, კეთილი იყოს ჩვენი მობრძანება ჩვენს სახლში!
„როგორც კი მოუცლელი და აფუსფუსებული ადამიანები კარგავენ იმ თავშესაქცევს, რომელსაც წარმოადგენს მათი ყოველდღიური საქმიანობა, ისინი ვეღარ იტანენ საკუთარ სახლს, საკუთარ იზოლაციას, საკუთარი ოთახის კედლებს. ამ დროს ისინი სასოწარკვეთის ანაბარა რჩებიან. ეს ყველაფერი კი ხდება მიზეზი იმ მოწყენილობისა, იმ საკუთარი თავის ზიზღისა, იმ მშფოთვარე სულისა, რომელიც ვერაფერზე ვერ კონცენტრირდება. აქედან მოდის ის საშინელი მოუთმენლობა, რომელიც ჩვენი უმოქმედობით არის გამოწვეული. (...) ოთხკედელშუა გამოკეტილი, როგორც ციხეში, ჩვენი ვნებები იქ უჰაერობისგან იხრჩობიან. (...) და, აი, მაშინ იწყება წყევლა მშვიდი ცხოვრებისა და ოხვრა მოცალეობის გამო. (...) და ასე, ბედისწერაზე გაღიზიანებული, წუთისოფელზე განრისხებული, ჩვენ უფრო და უფრო ვიჭმუხნებით ერთ პატარა კუთხეში და იქ ვიწყებთ იმედგაცრუებისა და ზიზღის კვერცხების გამოჩეკას“.
ალბათ ფიქრობთ, რომ ეს სიტყვები გუშინ დაწერა ოთხკედელშუა გამოკეტილმა პანდემიის მორიგმა პოტენციურმა მსხვერპლმა. არა, ეს სიტყვები დაახლოებით 2000 წლის წინაა დაწერილი სენეკას მიერ.
თუმცა, სენეკას აზრით, ეს კარჩაკეტილობა დიდი შანსია, რადგან „სიცოცხლე გადის, ვიდრე მისთვის მოვიცლიდეთ“. ჰოდა, დავუშვათ, რომ დადგა ის მომენტი, როცა სიცოცხლისათვის მოვიცალეთ და შევეცადოთ შევხედოთ ჩვენს თვითიზოლაციას დადებითად. დღეს ხომ ისედაც ყველა აღმოჩნდა იმ ყოფაში, რომლისკენაც სენეკა ერთ თავის მეგობარს უბიძგებდა: „თავს მოერიე, დაზოგე და გაუფრთხილდი დროს, აქამდე თვალსა და ხელს შუა რომ გისხლტებოდა, სხვები გართმევდნენ, ანდა ფუჭად იხარჯებოდა. მერწმუნე, სწორედ ასეა, როგორც გწერ: დროის უმეტეს ნაწილს ჩვენ თვითონ ვფლანგავთ, ნაწილს გვპარავენ, ნაწილი კი შეუმჩნევლად ქრება. ყველაზე დასანანი და მიუტევებელი მაინც ის დანაკარგია, დაუდევრობით რომ მოგვდის“.
თუ ყოველდღიურობა ჩვენს დროსა და აზრებს ანიავებდა ყველა მიმართულებით, იქნებ პირველად გვეძლევა საშუალება განიავებული აზრები უკან მოვიკრიბოთ?!
კი, მაგრამ რისთვის?
„დადგება დღე, როდესაც, მატერიალური ცხოვრების საჭიროებებით ნაკლებად დაკავებული ადამიანები თავიდან ისწავლიან კითხვას“ - დაწერს ჯეკ ლონდონი „ალისფერ ჭირში“ (სხვათა შორის, 1912 წელს დაწერილი ეს რომანი აღწერს 2013 წელს გავრცელებული ახალი დაავადების პანდემიას, რომელიც თითქმის მთელ კაცობრიობას გამოასალმებს სიცოცხლეს).
იქნებ ეს დღეც დადგა ზუსტად? - არა, კაცობრიობის დასასრულის, არამედ კითხვის დღე, უანგარო კითხვის დღე!
და რა წავიკითხოთ?
არჩევანი, რა თქმა უნდა, თქვენი გასაკეთებელია. ერთადერთი, რისი დამატებაც შემიძლია, ისაა, რომ ცოტაა ფილოსოფოსი, რომელსაც ასეთი დახვეწილი ლიტერატურული სტილი ახასიათებდეს, რომლის ენაც ასე თანამედროვედ ჟღერდეს, როგორც ეს სენეკას შემთხვევაში გვაქვს. თავისუფალი დოგმებისაგან თუ სქოლასტიკური ცნებებისგან, სენეკას თხზულებები ერთ-ერთია იმ იშვიათ ფილოსოფიურ ტექსტთა რიცხვში, რომლებსაც ყოველდღიური ცხოვრებისათვის უტილიტარული ფუნქცია გააჩნია. ამ თვითიზოლაციის ჟამს კი სენეკას თხზულებები უებარი წამალიც კი შეიძლება გახდეს თქვენთვის.
მოკლედ, მადის მოსაგვრელად, სენეკასეული ერთი-ორი „აპერიტივი“ მე უკვე მოგეცით, დანარჩენი საქმე კი თქვენთვის მომინდვია. მით უმეტეს, რომ ქართულად არაჩვეულებრივად ნათარგმნი და ონლაინ ხელმისაწვდომი არის სენეკას ორი დიდი შედევრი - „სიცოცხლის მსწრაფლწარმავლობისათვის“ (გვ. 258-281) და „მორალური წერილები ლუცილიუსისადმი“ (მხოლოდ ფრაგმენტი გვ. 61-64).