კახოვკის კატასტროფა: რა მოხდა, რატომ და რით დამთავრდება?

ნოვა კახოვკაში კაშხლის ნგრევის შემდეგ გამოთავისუფლებულმა წყალმა რამდენიმე საათში დატბორა ქალაქი

6 ივნისს უკრაინის სამხრეთში, რუსეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, უზარმაზარი კაშხლის, ნოვა კახოვკის განადგურების შედეგად უკვე არაერთი დასახლება დაიტბორა. წყლის დონემ ნოვა კახოვკის რაიონში უკვე მიაღწია 11 მეტრს - და ეს შეიძლება არ იყოს მაქსიმუმი. ევაკუაცია გრძელდება. ვითარება სულ უფრო და უფრო მძიმდება.

უკრაინის ხელისუფლების ცნობით, კაშხალი რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ააფეთქეს. მოსკოვი ამ ბრალდებას უარყოფს და პირიქით, უკრაინელებს სდებს ბრალს „საბოტაჟში“.

პრეზიდენტი ზელენსკი მომხდარს „ევროპაში ბოლო ათწლეულების განმავლობაში ადამიანის მიერ გამოწვეულ ყველაზე დიდ ეკოლოგიურ კატასტროფას“ უწოდებს.

ამ სტატიაში აგიხსნით:

  • რატომაა კახოვკის კაშხალი სტრატეგიული ობიექტი;
  • რა რისკებს შეიცავს მისი დანგრევა;
  • ვის და რატომ აძლევდა ხელს მისი განადგურება;
  • რა ხდება ახლა.

ნოვა-კახოვკის კაშხალი 6 ივნისს

რა არის „კახოვკა“?

„ნოვა კახოვკა“ უკრაინის სამხრეთში, ამავე დასახელების ქალაქის სიახლოვეს, ხერსონიდან 30 კილომეტრში, მდინარე დნიპროზე 1956 წელს აგებული კაშხალია. ერთ-ერთი ექვსიდან.

კაშხალი, ხერსონთან ერთად, ახლა მოქცეულია იმ ტერიტორიებში, რომელიც ამჟამად რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მიერაა ოკუპირებული.

„ნოვა კახოვკა“ ამავე დასახელების ჰიდროელექტროსადგურს, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურსა და, ასევე, ყირიმის მოსახლეობას ამარაგებს წყლით.

რეზერვუარის მოცულობა 18 კუბური კილომეტრია, - იმდენად დიდია, რომ ადგილობრივები „კახოვკის ზღვასაც“ კი უწოდებენ.

კახოვკის კაშხალი ერთი წლის წინ - 2022 წლის თებერვალში

რატომაა მნიშვნელოვანი?

„ნოვა კახოვკის“ კაშხალი უკიდურესად მნიშვნელოვანია რამდენიმე მიზეზის გამო:

  • კაშხალი ზაპოროჟიეს ატომურ სადგურს აწვდის წყალს, - გაგრილების სისტემებისათვის; გაგრილების სისტემის მუშაობის გარეშე კი, ობიექტების მწყობრიდან გამოსვლის რისკი ჩნდება, რაც, თავის მხრივ, გარემოში რადიოაქტიური ნივთიერებების გამოყოფის რისკს ზრდის;
  • „კახოვკა“ არის დიდი რეზერვუარი, რომლითაც მარაგდება არაერთი მიმდებარე დასახლება - ფერმერები მას აუზზე იყვნენ დამოკიდებულნი;
  • იგი წყლით ამარაგებს ყირიმის მოსახლეობასა და კახოვკის ჰესს - ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვან ნაწილს.

უკრაინის მთავრობა ადრეც შიშობდა, რომ კაშხლის ჩამოშლა გამანადგურებელი იქნება მიმდებარე ტერიტორიებისათვის და იქ მცხოვრები მოსახლეობისათვის.

კაშხლის ჩამოშლის შემთხვევაში, არაერთი პროგნოზით, დაიტბორება ხერსონის ოლქი.

შვედური ჰიდრო-საინჟინრო კომპანია Dämningsverket-ის მიერ 2022 წელს შემუშავებული მოდელი, „ყველაზე უარეს შემთხვევაში“ ასეთ სურათს აჩვენებს:

Dämningsverket-ის პროგნოზი

ხერსონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ევაკუაციისკენ მოუწოდა მოსახლეობას და განაცხადა, რომ წყლის დონე კრიტიკულ ზღვარს რამდენიმე საათში მიაღწევდა.

კაშხლის განადგურება დამატებით პრობლემებს უქმნის უკრაინის ენერგეტიკას, რომელიც, რუსეთის კამპანიის გამო, ისედაც კრიტიკულ რეჟიმში მუშაობს.

რა ხდება ახლა?

6 ივნისს გავრცელებული კადრები და ვიდეომასალები აჩვენებს, როგორ გადმოდის წყალი კაშხლიდან და ქალაქ ხერსონისაკენ მიედინება.

ნოვა კახოვკის მერი ვოლოდიმირ კოვალენკო „რადიო თავისუფლებას“ უამბობს, რომ უკვე დაიტბორა ზოოპარკი, კინოთეატრი, მოედნები, ქალაქის სხვა შენობებს წყალი შეუდგა და რამდენიმე დღეში ქალაქი ალბათ, მთლიანად წყალში აღმოჩნდება.

კახოვკის მკვიდრი, ტეტიანა, ცაცასა და ჩუნიას გადარჩენას ცდილობს. 2023 წლის 6 ივნისი

ხერსონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლექსანდრ პროკუდინის ცნობით, ხერსონის რეგიონში, დნიპროს მარჯვენა სანაპიროზე, კრიტიკულ ზონაში 16 000 ადამიანია მოქცეული.

უკრაინის მთავრობის ცნობით, მიმდინარეობს ათიათასობით მოქალაქის ევაკუაცია.

რისკების გათვალისწინებით, განცხადება გააკეთა „საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტომაც“ - უწყების ცნობით, ზაპოროჟიეში „დაუყოვნებლივი ატომური საფრთხე არ არსებობს“, თუმცა ასევე აცხადებს, რომ ვითარებაზე დაკვირვებას აგრძელებს.

დატბორილი ტერიტორია ხერსონის ოლქში 6 ივნისს

BBC-ის რუსული რედაქციის ცნობით, დნეპროს ორივე სანაპირო იტბორება - ევაკუაცია მიმდინარეობს როგორც უკრაინის, ასევე რუსეთის კონტროლირებადი ტერიტორიებიდან.

„უკრჰიდროენერგოს“ გენერალური დირექტორის ვარაუდით, წყალსაცავი, სავარაუდოდ, 3-4 დღეში დაიცლება.

რამ დაანგრია კაშხალი?

დასავლურ მედიაში ამ ეტაპზე წერენ, რომ ჯერ არ არის ცხადი, როდის და რის გამო დაზიანდა კაშხალი.

BBC-ის ცნობით, სატელიტური ფოტოების გადამოწმება აჩვენებს, რომ:

  • 2 ივნისის ფოტოში ჩანს, რომ კაშხალზე საავტომობილო გზა დაზიანებულია, - და ეს დაზიანება წინა დღეს არ ჩანდა;
  • თუმცა 2 ივნისის ფოტოში წყლის ნაკადში დიდი ცვლილება, წინა დღესთან შედარებით, არ არის. ცვლილებები არც მომდევნო დღეებშია შესამჩნევი;
  • წყლის ნაკადი შესამჩნევად ძლიერდება 6 ივნისით დათარიღებულ ფოტოებში - სადაც წყალს უკვე გადალახული აქვს კაშხლის კედელი და მიმდებარე შენობები უკვე ჩამოშლილია.
  • თუმცა BBC ვერ ადგენს კავშირს გზის დაზიანებასა და 6 ივნისს განვითარებულ მოვლენებს შორის.

უკრაინის არმია რუსეთის ფედერაციას კაშხლის გამიზნულად აფეთქებაში ადანაშაულებს.

პრეზიდენტი ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინის ხელთ არსებული ცნობებით, დილის 02:50 საათზე „რუსმა ტერორისტებმა” კახოვკის კაშხლის სტრუქტურა შიგნიდან ააფეთქეს.

„საბოტაჟი“?

თავდაპირველად საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ „არანაირი აფეთქება არ ყოფილა“ და სადგური მრავალთვიანი აფეთქებების შედეგად ჩამოინგრა. თუმცა მოგვიანებით, კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა რუსეთის ბრალეულობა უარყო და, როგორც სჩვევია ხოლმე, პირიქით, უკრაინა დაადანაშაულა „საბოტაჟში“. მისი თქმით, კაშხლის ჩამონგრევის შედეგად ყირიმის ნახევარკუნძული, - რომელიც რუსეთს 2014 წლიდან აქვს ანექსირებული, - წყლის გარეშე დარჩება.

მოგვიანებით პრეზიდენტმა ზელენსკიმ „ბუქარესტის ცხრიანის“ სამიტზე განაცხადა, რომ რუსეთი წელიწადზე მეტია, აკონტროლებს კაშხალსა და მთელ ჰესს, ამიტომ „ფიზიკურად შეუძლებელია მისი როგორმე აფეთქება გარედან - დაბომბვით“:

„იგი დანაღმული იყო. სწორედ რუსი ოკუპანტების მიერ დანაღმული და მათ მიერ აფეთქებული. რუსეთმა ააფეთქა მასობრივი ეკოლოგიური განადგურების ბომბი“, - თქვა მან.

მოგვიანებით უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა, ანტონ გერაშენკომ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც, მისი ცნობით, პირველად გასული წლის 10 დეკემბერს გამოჩნდა და სადაც, სავარაუდოდ, რუსეთის არმიის ჯარისკაცი ამბობს:

„[კახოვკაში] ყველაფერი დავნაღმეთ... საახალწლო საჩუქარი მოვუმზადეთ... პირველ იანვარს ააფეთქებენ და მეორე ნაპირზე მთელ უკრაინულ არმიას წყალი წაიღებს“.

მიზანი - „კონტრშეტევის შეფერხება“

კაშხლის აფეთქება კრემლისგან მოულოდნელი ნაბიჯი არ იქნებოდა, - იმის გათვალისწინებით, რომ:

  • რუსეთმა 2022 წლის თებერვლიდან არაერთი შეტევა მიიტანა უკრაინულ კაშხლებზე, რის შედეგადაც არაერთი დასახლება დაიტბორა და მიმდებარე ტერიტორიებს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდათ;
  • მოსკოვის გადმოსახედიდან, ეს ხელს შეუშლის უკრაინულ კონტრშეტევას, - „მოსალოდნელი იყო უკრაინული კონტშეტევისათვის, უკრაინული ძალების რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასროლისათვის, კაშხალზე გამავალი გზის გამოყენება“.

უკრაინის სამხრეთის სამხედრო სარდლობის პრესსპიკერი, ნატალია ჰუმენიუკი სწორედ ამას ამბობს: „მათ [რუსებმა] იცოდნენ, რომ [უკრაინის] თავდაცვის ძალები გეგმავდნენ ამ მიმართულებით გადაადგილებას და ასე სცადეს თავდაცვის ძალების მიერ მდინარის გადაკვეთაზე ზეგავლენის მოხდენა“.

ზელენსკის ადმინისტრაციის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმაც განაცხადა, რომ რუსეთის ამ ნაბიჯის მიზანია „უკრაინის კონტრშეტევის შეფერხება“.

კაშხალი დაზიანების შემდეგ

მწარე გამოცდილება

პრეზიდენტი ზელენსკი ჯერ კიდევ შემოდგომაზე ადანაშაულებდა რუსეთის არმიას ჰესის აფეთქების დაგეგმვაში. იგი ამბობდა, რომ რუსი ჯარისკაცები „მიზანმიმართულად ამზადებენ ფონს ფართომასშტაბიანი კატასტროფისათვის“.

უკრაინელების ისტორიული გამოცდილება განსაკუთრებულად მტკივნეულს ხდის მათთვის ამ ტაქტიკის პირისპირ დარჩენას.

1941 წელს, როდესაც ნაცისტურმა ძალებმა აღმოსავლეთი უკრაინა დაიკავეს, საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატმა, - არაერთი ისტორიკოსის თანახმად, პირადად იოსებ სტალინის დავალებით, - ააფეთქა ზაპოროჟიეში მდებარე დნეპრის კაშხალი. თან ისე, რომ მოსახლეობა არ გაუფრთხილებია.

აფეთქებამ მიმდებარე დასახლებები დატბორა და იმსხვერპლა როგორც მეტოქის არმია, ასევე მიმდებარე ტერიტორიის მცხოვრებლები და წითელი არმიის ჯარისკაცები. ათიათასობით ადამიანი დაიღუპა.

1941 წელს დანგრეული კაშხალი ქალაქ ზაპოროჟიეში