კახეთში წელს 230 ათასამდე ტონა ყურძნის მოსავალს ელოდებიან

კახეთში რთველი დედოფლისწყაროდან დაიწყო. ამჟამად საფერავის ჯიშის ყურძენი იკრიფება. დღეისთვის 80-მდე ღვინის კომპანიაა ცნობილი, რომელმაც მოსახლეობისგან ყურძნის ჩაბარების სურვილი გამოთქვა.

Your browser doesn’t support HTML5

კახეთში წელს 230 ათას ტონამდე ყურძნის მოსავალს ელოდებიან

ღვინის ერთ-ერთ კომპანიაში დღეს 1 კილოგრამი საფერავი 1.80-დან 1.90 თეთრამდე ღირდა, ხოლო რქაწითელი - 85 თეთრი. რთველი გახსნილად დღეს კახეთში მყოფმა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გამოაცხადა. დღეიდან კახეთში „რთველი 2018“ ოფიციალურად დაიწყო. საფერავის ჯიშის ყურძნის კრეფა მიმდინარეობს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საზღვრისპირა სოფელ სამთაწყაროში. კლიმატური პირობების გამო ყურძენი ყველაზე ადრე ყოველთვის ამ ტერიტორიაზე იწევა. ადგილობრივი მევენახეები ამბობენ, რომ ისინი, ვინც ყურძნის კრეფა დღეს დაიწყო, მოსავალს, სავარაუდოდ, დღის ბოლოს ან გვიან ღამით ჩააბარებენ და ამის შემდეგ გაიგებენ იმასაც, თუ რამდენს გადაიხდის კონkრეტული ღვინის ქარხანა.

„როგორც ამბობენ, წელს საფერავზე მოთხოვნილება გაზრდილია და, ჩვენივე ინფორმაციით, მოსალოდნელია ფასის აწევა. 2 ლარი რომ გადაიხადონ, გლეხისთვის ეს ძალიან მისაღები ფასი იქნება“.

„1.50-დან 2 ლარამდე მაინც უნდა იყოს საფერავის ჩაბარების საფასური, რადგან ხარჯი დიდია. რქაწითელი კი 1 ლარი მაინც არ უნდა ღირდეს?!“

სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსი სოზარ სუბარი რთველში

რთვლის მიმდინარეობის დროს მევენახეებს საკოორდინაციო საკითხების მოგვარებაში სპეციალური შტაბის წევრები უნდა დაეხმარონ. შტაბი თელავში 20 აგვისტოდან ფუნქციონირებს. მისი ხელმძღვანელის, ანდრო ასლანიშვილის თქმით, მათი მთავარი მოვალეობაა, რთველმა მაქსიმალურად ორგანიზებულად ჩაიაროს. აღსანიშნავია, რომ წელს რთველი სუბსიდირების გარეშე ჩაივლის. სახელმწიფო ამ დარგში ფულის დახარჯვას აღარ აპირებს, რადგან თვლის, რომ ამ მიმართულებით მდგომარეობა გაუმჯობესებულია:

„არის მოლოდინი, რომ გადამუშავების კუთხით წელს პრობლემა არ იქნება. რაც შეეხება ფასს, ჩვენ გვეცოდინება იმის შემდეგ, როცა შედგება პირველი ჩაბარება და შეთანხმება მევენახესა და ქარხანას შორის. ჩვენთვისაც ძალიან საინტერესოა და მოუთმენლად ველით, თუ რა ფასები დაფიქსირდება. რაც შეეხება სუბსიდიის მოხსნას, ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ის ფაქტორები, რომლებიც გვაძლევდა ყველანაირ საფუძველს გვეფიქრა, რომ პრობლემა არ იქნებოდა ამ კუთხით. მხედველობაში მაქვს ბაზრების დივერსიფიცირება“.

ფასი მერყევია, რომელიც ბოლო პერიოდში მაღლა და მაღლა მიდიოდა. ახლა გაჩერდა და 1კგ საფერავი 1,80-დან 1,90 თეთრამდე მერყეობს, რქაწითელი კი 80-დან 85 თეთრამდეა. ჩვენ ღვინის რეალიზაციას ვახდენთ რუსეთში, უკრაინაში, ყაზახეთში, ამერიკაში, ტაჯიკეთში, პოლონეთში და ჩინეთში...
რევაზ ლაშხი

ღვინის კომპანიების ნაწილმა მოსახლეობისგან ყურძნის მიღება უკვე დაიწყო. ამ დროისთვის რთვლის საკოორდინაციო შტაბში სულ 80 ქარხანაა დარეგისტრირებული. ერთ-ერთი მათგანია „ვაინმენი“. კომპანიის წარმოების დირექტორი რევაზ ლაშხი ამბობს, რომ ისინი სულ 2 500 ტონამდე მოსავალს ჩაიბარებენ, ამ დროისთვის კი ერთ კილოგრამ საფერავში 180-დან 190- თეთრამდე იხდიან, ხოლო რქაწითლის ჯიშის ყურძენში - 85 თეთრამდე. რევაზ ლაშხი ამბობს, რომ ეს დღევანდელი ფასია და, შესაძლოა, შეიცვალოს:

„ჩვენი საკუთარი ვენახებიც გვაქვს, თუმცა ქარხანა მოსახლეობისგანაც ჩაიბარებს ყურძენს, რადგან ჩვენი მოსავალი არ გვყოფნის. ფასი მერყევია, რომელიც ბოლო პერიოდში მაღლა და მაღლა მიდიოდა. ახლა გაჩერდა და 1კგ საფერავი 1,80-დან 1,90 თეთრამდე მერყეობს, რქაწითელი კი 80-დან 85 თეთრამდეა. ჩვენ ღვინის რეალიზაციას ვახდენთ რუსეთში, უკრაინაში, ყაზახეთში, ამერიკაში, ტაჯიკეთში, პოლონეთში და ჩინეთში“.

კახეთში მოსავლის ნაწილი სხვადასხვა დროს მოსულმა სეტყვამ გაანადგურა, თუმცა, მიუხედავად ამისა, წელს რეგიონში 200-დან 230 ათას ტონამდე მოსავალს ელოდებიან. აღსანიშნავია, რომ რთვლის დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე დაისეტყვა ახმეტის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი. სტიქიამ თითქმის მთლიანად გაანადგურა ყურძენიც. დაზარალებულებს, ვისაც მოსავალი არ ჰქონდა დაზღვეული, სახელმწიფომ ფინანსურ დახმარებაზე უარი უთხრა, დაზიანებული ყურძენი კი 40-50 თეთრად ჩაიბარა ახმეტის ღვინის ქარხანამ. ის მევენახე კი, რომელიც აგროდაზღვევის პროგრამაში იყო ჩართული, ზარალის ანაზღაურებას ამ დრომდე ელოდება.