კახეთში საბავშვო ბაღი, სავარაუდოდ, მოზარდებმა დაარბიეს

დარბეული საბავშვო ბაგა-ბაღი შაშიანში

კახეთში პოლიცია ეჭვმიტანილებს ეძებს, რომლებმაც გურჯაანში სოფელ შაშიანის საბავშვო ბაგა-ბაღი დაარბიეს. ბაღში, სადაც 110 აღსაზრდელი ირიცხება, დაახლოებით ორ კვირაში სწავლა უნდა განახლებულიყო, თუმცა ახლა დამტვრეული და განადგურებულია თითქმის ყველაფერი, რაც კი სასწავლო-სააღმზრდელო პროცესისთვის არის აუცილებელი. ბაღების გაერთიანებაში ვარაუდობენ, რომ დამნაშავეები არასრულწლოვნები არიან. განახლდება თუ არა სააღმზრდელო პროცესი 17 სექტემბერს და დადგება თუ არა დარაჯის პასუხისმგებლობის საკითხი?

Your browser doesn’t support HTML5

კახეთში საბავშვო ბაღი, სავარაუდოდ, მოზარდებმა დაარბიეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ შაშიანის საბავშვო ბაღი, რომელიც ამ დრომდე დაუდგენელმა პირებმა დაარბიეს, სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის განახლებისთვის ემზადება. ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი ლელა თევდორაშვილი გვეუბნება, რომ ვანდალებმა თითქმის ყველა საჭირო ინვენტარი და სასწავლო პროგრამა გაანადგურეს. მათ შორის დამტვრეულია სკამები, მაგიდები და ჭურჭელი. თევდორაშვილის თქმით, 17 სექტემბრისთვის შაშიანის ბაღში სწავლა, სავარაუდოდ, განახლდება, რადგან მუნიციპალიტეტის მერიისგან მიიღეს დაპირება, რომ ყველა საჭირო ნივთს შეიძენენ. ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის ინფორმაციით, გურჯაანის პოლიციას სავარაუდო ეჭვმიტანილები უკვე გამოვლენილი ჰყავს და კვალი არასრულწლოვნებამდე მიდის:

„ადგილზე მისულებს დაგვხვდა საშინელი მდგომარეობა. დამტვრეული და განადგურებულია სათამაშოები, ავეჯი, საოფისე ინვენტარი. აბსოლუტურად ყველაფერი დამტვრეული და განადგურებულია ვანდალურად. ჭურჭელიც კი დამტვრეულია. ჩემი ინფორმაციით, დადგენილია დამნაშავეთა ვინაობა. კვალი მიდის არასრულწლოვანებთან, მოზარდებთან და ამ ეტაპზე მათი სახელისა და გვარის დასახელებისგან თავს შევიკავებ. ჩვენ გაკეთებული გვაქვს ჩამონათვალი, რა უნდა შევიძინოთ. გამოიყო თანხა და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ 17 სექტემბერს განახლდეს სასწავლო პროცესი“.

დარბეული საბავშვო ბაგა-ბაღი შაშიანში

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ შაშიანის საბავშვო ბაღში 4 ჯგუფი მუშაობს და 110 ბავშვი ირიცხება. ერთ-ერთი ჯგუფის აღმზრდელი, ბელა ხოტენაშვილი, ამბობს, რომ სათამაშოების, ჭურჭლისა და ინვენტარის გარდა განადგურებულია სასწავლო პროგრამები და ბავშვების მიერ ხელით შექმნილი სხვადასხვა ნივთები. აღმზრდელი ვარაუდობს, რომ ვანდალები შენობას დიდი ხნის განმავლობაში არბევდნენ:

„ისეთ სიტუაციაში ვიყავით, რომ ყველა ვტიროდით. განადგურებულია ყველაფერი, მათ შორის ბავშვების ხელით შექმნილი ნივთები. ასევე, არ არის მეთოდური მასალა, რომლითაც ვმუშაობთ და ვასწავლით. ყველაფერი არის განადგურებული. DVD, როგორც ეტყობა, ფეხით არის დამტვრეული. აქ ძალიან ბევრი სათამაშო და ავეჯია დაზიანებული. სავარაუდოდ, დიდი ხანი იმყოფებოდნენ აქ“.

შაბათს და კვირას დღისით გავდივარ ხოლმე. ღამით მუდმივად აქ ვარ. დაბანა და საჭმელი ხომ მინდა?! მე არ მაქვს არანაირი ვერსია, რა მოხდა, თუმცა ვფიქრობ, რომ ამას დიდი არ გააკეთებდა. სავარაუდოდ, დამნაშავეები არასრულწლოვნები იქნებიან...
თემურ ხოტენაშვილი

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში შეკითხვა აქვთ ბაგა-ბაღის დარაჯის მიმართ. მერის მოადგილე ნიკა გეთიაშვილი ამბობს, რომ დარაჯის პასუხისმგებლობის საკითხიც უნდა დადგეს, რადგან ის შენობის დაცვაზე იყო პასუხისმგებელი. გეთიაშვილის თქმით, მერია მუშაობს, რომ ბაღმა სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი 17 სექტემბრიდან განაახლოს:

„ფაქტიურად, განადგურებულია ყველა ინვენტარი, თუმცა ჩვენ მაქსიმალურად ჩავერთვებით, რომ ეს მდგომარეობა გამოვასწოროთ, და გპირდებით, რომ სასწავლო პროცესამდე ყველაფერი იქნება წესრიგში. რა თქმა უნდა, ვინც დააზიანა ბაღის ინვენტარი, მათი პასუხისმგებლობა დადგება. შეიძლება არასრულწლოვნების გაკეთებული იყოს, თუმცა ამას დაზუსტებით მე ვერ გეტყვით. პოლიციაა ამ საქმეში ჩართული. დაცვის მექანიზმი ამ ობიექტზე იმით არის გამოხატული, რომ ბაღს ჰყავს დარაჯი, თუმცა იმ მომენტში დარაჯი არ იმყოფებოდა თავის სამუშაო ადგილზე და ეს, რა თქმა უნდა, კითხვებს ბადებს და ამ კითხვებზე ექნება მას პასუხი გასაცემი. მისი პასუხისმგებლობის საკითხი აუცილებლად დადგება“.

დარბეული საბავშვო ბაგა-ბაღი შაშიანში

​შაშიანის ბაგა-ბაღის დარაჯი თემურ ხოტენაშვილი ამბობს, რომ დაწესებულება შუადღისას იმ დროს დაარბიეს, როდესაც სახლში საკვებად იყო წასული და ადგილზე დაბრუნებულს ასეთი მდგომარეობა დახვდა. დარაჯი გურჯაანის პოლიციაში უკვე გამოკითხეს.

„შაბათს და კვირას დღისით გავდივარ ხოლმე. ღამით მუდმივად აქ ვარ. დაბანა და საჭმელი ხომ მინდა?! მე არ მაქვს არანაირი ვერსია, რა მოხდა, თუმცა ვფიქრობ, რომ ამას დიდი არ გააკეთებდა. სავარაუდოდ, დამნაშავეები არასრულწლოვნები იქნებიან“.

შს სამინისტროში განაცხადეს, რომ სოფელ შაშიანის საბავშვო ბაღის დარბევის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს. პოლიციას ჯერჯერობით არავინ დაუკავებია. კახეთში ვანდალიზმის ეს პირველი შემთხვევა არ არის. რამდენიმე თვის წინ გურჯაანში, დიდების მემორიალთან, ტურისტული ინფრასტრუქტურა გაანადგურეს. დამტვრეული იყო ხის ჯიხური. თელავში სკამებს ხის ფილები ააცალეს, ლაგოდეხში კი შადრევანი და პატარებისთვის განკუთვნილი ატრაქციონები დაამტვრიეს.