კახეთში მგზავრობა გაძვირდა

კახეთიდან თბილისისა და რუსთავის მიმართულებით მგზავრობა გაძვირდა. ფასები მომატებულია 2-3 ლარით. სამარშრუტო მიკროავტობუსის მძღოლები ამბობენ, რომ თუ ფასს არ გაზრდიდნენ, მუშაობას ვეღარ გააგრძელებდნენ. როგორ შეხვდნენ მგზავრები პროდუქტის, ბოსტნეულისა და ყოველდღიური მოხმარების სხვა საგნების გაძვირების შემდეგ ახლა უკვე მგზავრობის გაძვირებას?

კახეთის რვავე მუნიციპალიტეტიდან თბილისისკენ მოძრავი ხაზის მიკროავტობუსებით მგზავრობა გაძვირდა. ფასნამატი სხვადასხვა მუნიციპალიტეტში სხვადასხვაა. მაგალითად, ლაგოდეხიდან თბილისში მგზავრობა 8-ის ნაცვლად 10 ლარი გახდა. მძღოლები ამბობენ, რომ თუკი საფასურს არ გაზრდიდნენ, იძულებული იქნებოდნენ, მგზავრთა გადაყვანაზე საერთოდ უარი ეთქვათ, რადგან უკვე წაგებაზე მუშაობდნენ. მგზავრობის საფასურის გაძვირებას, პირველ რიგში, საწვავზე ფასის მატებას უკავშირებენ. იმასაც ამბობენ, რომ ქვეყანაში თითქმის ყველაფერი გაძვირდა და თუკი ფასს ისინიც არ მოუმატებდნენ, ოჯახების რჩენას ვეღარ შეძლებდნენ.

„მგზავრობის საფასური გავაძვირეთ, რადგან გაძვირდა საწვავ-საპოხი და სათადარიგო ნაწილები. თბილისის და რუსთავის მიმართულებით მომატებულია ორი ლარით. ფასი ისევ დაიწევს, თუკი საწვავი გაიაფდება, მაგრამ ამის წინაპირობებს ნამდვილად ვერ ვხედავთ“, - განაცხადა ერთ-ერთმა მძღოლმა.

კახეთიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მოკროავტობუსები თავად მძღოლების საკუთრებაა. კახეთის ქალაქებში მუშაობს მხოლოდ ავტოსადგურები, სადაც ბილეთები იყიდება. ეს უკვე კერძო შპს-ა. ყოველი გაყიდული ბილეთიდან ამ კომპანიას ერთი ლარი ერიცხება. შპს და მძღოლები თავად იღებენ გადაწყვეტილებას ფასის რეგულაციაზე. ლაგოდეხის ავტოსადგურის თანამშრომელი გივი ქადაგიშვილი ამბობს, რომ მგზავრები უკმაყოფილებას არ გამოთქვამენ, რადგან ქვეყანაში არსებული პრობლემები მათთვის ცნობილია:

„ახალი ფასი, 10 ლარი, დადგინდა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე. თბილისიდან ლაგოდეხში და პირიქით მიკროავტობუსს 80 ლარის საწვავი სჭირდება. მძღოლები ხან 3-4 მგზავრით დადიან და რა ქნას მან, როგორ აანაზღაუროს ხარჯი? მგზავრებმა იციან მიზეზები, რატომაც გაძვირდა მგზავრობა, და ისინი აქ პრეტენზიებს არ გამოთქვამენ!“


საწვავის გაძვირების ფონზე მგზავრობის საფასურის გაძვირება ბუნებრივ პროცესად მიაჩნიათ მგზავრებსაც, თუმცა ამბობენ, რომ ეს მათ ეკონომიკურ მდგომარეობას კიდევ უფრო გაართულებს. ჩვენ მიერ გამოკითხულები ამბობენ, რომ მაშინ, როცა ქვეყანაში ყველაფერი ძვირდება, პასუხისმგებელი ხელისუფლებაა. მგზავრები ვარაუდობენ, რომ ფასების მატება კიდევ გაგრძელდება.

თბილისის მიმართულებით მგზავრობა გაძვირდა თელავიდან და სიღნაღიდანაც. სიღნაღში, ადგილობრივების თქმით, უკვე მეორე კვირაა, 6-ის ნაცვლად სამარშრუტო ტაქსით მგზავრობაში 7 ლარს იხდიან, თელავი-თბილისის მიმართულებით კი კერძო ტაქსით მგზავრობამ სამი ლარით მოიმატა. ადგილობრივები თბილისში მგზავრობაში ახლა უკვე 12-ის ნაცვლად 15 ლარს იხდიან. აღსანიშნავია, რომ თელავი-თბილისის მიმართულებით მგზავრობის ღირებულება ბოლო ერთი წლის განმავლობაში მეორედ გაძვირდა. თავდაპირველად 10-ის ნაცვლად 12 ლარი გახდა, ამჟამად კი 15 ლარი ღირს.

მძღოლები მგზავრობის ღირებულების გაზრდას საწვავზე ფასის მატებას უკავშირებენ და არ გამორიცხავენ, რომ თუკი საწვავის ფასი კიდევ მოიმატებს, მგზავრობის საფასურიც ავტომატურად გაიზარდოს. აღსანიშნავია, რომ სადღესასწაულო დღეებში, როცა ადამიანები დედაქალაქიდან რეგიონებში ბრუნდებიან, მგზავრობის საფასურს კერძო ტაქსები ყოველთვის ზრდიან.