კახეთში გარემოვაჭრეებს კვლავ უარს ეუბნებიან ქუჩაში პროდუქტი გაყიდონ, რადგან წინასაახალწლოდ თვითმმართველობების მიერ გაცემულ გარევაჭრობის ნებართვას ვადა გაუვიდა. ადგილობრივი ხელისუფლება გარემოვაჭრეებს ალტერნატიულ ფართს სთავაზობს, თუმცა შეთავაზება მიუღებელია გარემოვაჭრეთა ნაწილისთვის. რა სახის სანქციებს გამოიყენებენ კანონდამრღვევთა წინააღმდეგ და როგორია მომხმარებლის პოზიცია ქუჩაში პროდუქტის გაყიდვის აკრძალვასთან დაკავშირებით?
Your browser doesn’t support HTML5
წინასაახალწლოდ კახეთის მუნიციპალიტეტებში გარევაჭრობისთვის გაცემულ დროებით ნებართვას ვადა გაუვიდა და, შესაბამისად, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გარემოვაჭრეები გააფრთხილეს, რომ ქუჩებში ვაჭრობა ისევ იკრძალება და წინააღმდეგობის შემთხვევაში გამოყენებული იქნება სანქციები. გურჯაანის მერიამ გარემოვაჭრეები უკვე გააფრთხილა და მათ ორკვირიანი ვადა მისცა, რომ ქუჩაში გამოტანილი დახლები აიღონ და საქმიანობა აგრარულ ბაზარში გააგრძელონ. როგორც გურჯაანის მერიის იურიდიული სამსახურის ზედამხედველობის განყოფილების უფროსმა რამაზ ქიტიაშვილმა გვითხრა, დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, შესაძლოა, გარემოვაჭრეები დაჯარიმდნენ და პროდუქტი ჩამოერთვათ.
რამდენიმე დღეში გარევაჭრობა აიკრძალება ლაგოდეხშიც. პირებმა, რომლებიც ქუჩებში სხვადასხვა სახის პროდუქტს ყიდიან, მერიისგან გაფრთხილება მიიღეს, რომ პირველი თებერვლიდან დაჯარიმდებიან, თუკი მოთხოვნას არ გაითვალისწინებენ. გარემოვაჭრეები გვუბნებიან, რომ მერია მათ ალტერნატივას სთავაზობს ე.წ. ძველ ბაზარში, სადაც მუშაობისთვის არანაირი ინფრასტრუქტურა არ არსებობს. იმასაც ამბობენ, რომ დახლები ნგრევის პირასაა და, შესაძლოა, ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე შეექმნას.
გარემოვაჭრეები კიდევ ერთ პრობლემად ასახელებენ იმას, რომ თუკი ისინი მერიის შეთავაზებაზე დათანმხდებიან და ალტერნატიულ ფართში გადავლენ, მათ მყიდველი არ ეყოლებათ, რადგან ე. წ. ძველი ბაზარი გარეუბანშია და იქ ხალხი თითქმის არ მოძრაობს.
ლაგოდეხში მერიის შესაბამისი სამსახურისგან გაფრთხლება მიიღეს იმ მაღაზიების მეპატრონეებმაც, ვისაც პროდუქტის ნაწილი, რეკლამირების მოტივით, მაღაზიის წინ აქვს გამოტანილი. ისინი მიიჩნევენ, რომ ასეთი შემთხვევები არ არის გარევაჭრობა და აკძალვა, წესით, მათ არ უნდა შეეხოს.
ლაგოდეხის მერიის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ნინო ბატიაშვილი ამბობს, რომ დღემდე არ არსებობდა დადგენილება, რომელიც ქალაქში გარევაჭრობას მოაწესრიგებდა. ლაგოდეხის საკრებულოს მიერ 4 იანვარს მიღებული დოკუმენტით კი გარევაჭრობა ოფიციალურად პირველი თებერვლიდან იკრძალება. აკძრალვა შეეხება მასაც, ვინც მაღაზიის წინ პროდუქტს ან ტანსაცმელს გამოიტანს გასაყიდად.
გარევაჭრობა საქართველოს კანონით და საკრებულოების დადგენილებებით აკრძალული ქმედებაა, რომელიც ჯარიმით ისჯება, თუმცა, უკვე წლებია, სოციალური გაჭირვების ფონზე კახეთში მოსახლეობის ნაწილი თავს სწორედ გარევაჭრობიდან მიღებული შემოსავლით ირჩენს
კანონდამრღვევი მოქალაქეებისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა - პირველ ჯერზე 20-დან 50 ლარამდე, განმეორების შემთხვევაში კი 50-დან 100 ლარამდე. მერია გარემოვაჭრეებს ურჩევს პირველი თებერვლიდან იმუშაონ მათთვის გამოყოფილ ტეროტირიაზე, რომელიც ლაგოდეხში ე.წ. ძველი ბაზრის სახელით არის ცნობილი. მერიაში ნინო ბატიაშვილს ისიც ვკითხეთ, რამდენად არის მოწყობილი მათ მიერ შერჩეულ ადგილზე შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რაზეც გვიპასუხა, რომ ელემენტარული პირობები არის, თუმცა მომავალში ინფრასტრუქტურის განახლება იგეგმება.
გარევაჭრობის აკძალვას დადებითად აფასებს ჩვენ მიერ გამოკითხული მოსახლეობის დიდი ნაწილი, თუმცა მათ აფიქრებთ იმ ადამიანების ბედი, ვინც, შესაძლოა, ამ აკძალვით დაზარალდეს და შემოსავლის გარეშე დარჩეს.
გარევაჭრობა საქართველოს კანონით და საკრებულოების დადგენილებებით აკრძალული ქმედებაა, რომელიც ჯარიმით ისჯება, თუმცა, უკვე წლებია, სოციალური გაჭირვების ფონზე კახეთში მოსახლეობის ნაწილი თავს სწორედ გარევაჭრობიდან მიღებული შემოსავლით ირჩენს და შესაბამისად, მათ არავინ აჯარიმებს. თუმცა ადგილობრივი თვითმმართველობები ირწმუნებიან, რომ ამიერიდან რეგულაციები გამკაცრდება და კანონდამრღვევები დაჯარიმდებიან.